Home ახალი ამბები საქართველო ვიშვიში

ვიშვიში

ახალი გეოპოლიტიკური კონტექსტი

513

გადაიარა 27 სექტემბერმა და ლამისაა,  ნიკანდრო ქილიასავით (“დათა თუთაშხია“) შევძახო: დედა, რა იყო ეს, ჰა?! ნამეტანი პატრიოტიზმი ხომ არ მოგვდის  ქართველებს?! ნამეტანზე ნამეტანი! მთავრობისა და პარლამენტის მთელი შემადგენლობა ხომ მილაგდა გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან;  .. ოპოზიციამაც ხომ სულ ცხარე ცრემლი ღვარა იმავე მემორიალთან. სოციალური ქსელების ბინადარნი ამ მხრივ გაცილებით კომფორტულად გრძნობენ თავს, არსად წასასვლელნი არ არიან, გაჯეტები და მისი ჯანი.  აიღებ ტელეფონს, თითის ერთი შეხებით შედიხარ სოციალურ ქსელებში, რომლებიც ასარჩევად გაქვს, და იწყებ პატრიოტობას: მთავარია, პოსტის სათაური ან დასაწყისი იპოვო, წმინდა ლიტერატურული თვალსაზრისით თუნდაც ისეთი ტრაფარეტული, გულისრევამდე რომ მიჰყავს ადამიანი, მაგალითად: “ოცდაათი წელიწადი გასულა სოხუმის დაცემიდან“; “დღევანდელივით მახსოვს ის ტრაგიკული დღე“; “ჩვენ და აფხაზები ძმები ვართ, მაგრამ მესამე ძალამ ჩაგვყარა ამ დღეში“; “აფხაზეთი მუდამ გვემახსოვრება“; “ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს!”.

ამ სერიიდან აირჩევ რომელიმეს, რომელიც მარტივად მოგივა თავში, და იწყებ პატრიოტობას. საუბრობ, როგორ მოგენატრა ზღვა და თოლიები; იხსენებ,  რა სიხშირით სტუმრობდი რესტორნებს: “ამრას”, “ინტურისტს”, “მერხეულს”, “გაგრიფშს”; რა კარგი დრო გიტარებია ბიჭვინთასა და რიწაზე; რა სასწაულია ახალი ათონის მღვიმე; რამდენჯერ ყოფილხარ ილორის ეკლესიაში და ა.შ. წაკითხული თუ გაქვს, კონსტანტინე გამსახურდიას “მთვარის მოტაცებიდანაც” შეგიძლია ციტატა მოიხმო, ლეო ქიაჩელის “ჰაკი აძბა” ახსენო, გალაკტიონის “ლურჯო მთებო, თეთრო სანატორიაც” მოხერხებულად ჩაურთო ან მის მიერვე ბრწყინვალედ შექებული “რიცა” გაიხსენო და წაუღიღინო: “ზეცა, ვით ზეცა და არა მიწა, მიწა, ვით მიწა და არა ზეცა…” სხვა რა არის პატრიოტობა?! ჰო, პატრიოტობის მთავარი ატრიბუტი არ უნდა გამოგრჩეს –  წყევლა-კრულვა რუსეთის მისამართით. ამასაც როცა მოილევ, პატრიოტული ვალი შეგიძლია მოხდილად ჩათვალო და მოთმინებით დაელოდო ლაიქებსა და კომენტარებს, რომლებშიც ტრაფარეტულად მოაზროვნეთა მთელი არმია მხარსაც დაგიჭერს და პატრიოტიზმსაც შეგიქებს.

ოცდაათი წელიწადი ამ “ფილოსოფიით” გავატარეთ.შევარდნაძემ აფხაზეთის დაკარგვიდან კიდევ ათი წელიწადი იბოგინა ხელისუფლებაში და ყოველი ახალი წლის მოლოცვაში სწორედ იმ წელს გვისახავდა ტერიტორიული გამთლიანების წელიწადად, რომლის დადგომასაც გვილოცავდა. ქართველი ხალხი ამ ზერელე დაპირებებით კმაყოფილდებოდა და არასოდეს უკითხავს მისთვის, როგორ და რა გზით აპირებდა ამის მიღწევას. შემდეგ შევარდნაძის მიერვე დაფრთიანებული ამერიკის სპეცსამსახურების აგენტურის მიერ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალებისა და “მიშა-მიშას” ძახილის დროც დადგა, მაგრამ ქართულ ეროვნულ ცნობიერებას სინათლის სხივი არ მიჰკარებია და, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდხანს ვეპოტინებოდით (დღემდე ვეპოტინებით) ნატოს, ე.წ. ეროვნული მოძრაობიდან გამოყოლილ “შავლეგ, შენი შავი ჩოხას” იდეოლოგიას არ გასცილებია. ასე, შუა საუკუნეების პატრიოტული სულისკვეთებით ვიქნიეთ ხმალი ბირთვული შეიარაღების და ზებგერითი საფრენი აპარატების, ნანოტექნოლოგიებისა და ინტერნეტის ეპოქაში. 1993-ში აფხაზეთში სასტიკად დამარცხებულნი, 2008-ში ცხინვალს ვეკვეთეთ, მაგრამ იქიდანაც ისევე გამოგვაპანღურეს, როგორც აფხაზეთიდან. ყველა ეტაპზე ლოგიკური შეკითხვა უნდა დაგვესვა: რატომ მოხდა ასე? ამ შეკითხვაზე მეცნიერულად დასაბუთებული პასუხიც გაცემული უნდა გვქონდეს, მაგრამ ჩვენ არათუ პასუხი არ გვიძებნია, ჯერ შეკითხვაც არ დაგვისვამს ჯეროვნად; ან რა შეკითხვა უნდა დაგვესვა და რა პასუხი უნდა გვეძებნა, როდესაც თავიდან ბოლომდე სხვისი კარნახით ვცხოვრობდით და სხვისი ბრძანებებით ვმოქმედებდით?! ამერიკულ დირექტივებს და ევროპულ რჩევებს ძველი და ახალი აღთქმის მნიშვნელობას ვანიჭებდით და შეცდომას შეცდომაზე ვუშვებდით:

* აფხაზებს ადვილად მოვათვინიერებთო, –  ვიფიქრეთ და… შევცდით!

*  სამხრეთ ოსეთი ორიოდე სოფელია და როგორ ვერ მოვერევითო, – ვიფიქრეთ და… შევცდით!

* რუსეთი დასუსტებულია და მალე დაიშლებაო, – ვიფიქრეთ და… შევცდით!

* ამერიკა უძლეველიაო, – ვიფიქრეთ და… შევცდით!

* უკრაინასთან ომში რუსეთი დამარცხდებაო, – ვიფიქრეთ და… შევცდით!

* ნატოსა და ევროკავშირში შევალთ და ტერიტორიულ მთლიანობას ისინი აღგვიდგენენო, – ვიფიქრეთ და… შევცდით!

საერთოდ, რამე თუ გვიფიქრია, რაშიც არ შევცდით, და რამე თუ გვიკეთებია, რაშიც არ მოვტყუვდით?!

ყველა მიმართულებით შეგვეშალა, ყველა მიმართულებით დავმარცხდით, ყველა მიმართულებით წავიქეცით!

ახლა რას ვაკეთებთ?

ვდგავართ და ვვიშვიშებთ. ამ ვიშვიშიდან კი არა გამოდის-რა!

ნუ იფიქრებთ,ილიას ვბაძავდე, მის თანამედროვეებს რომ ეუბნებოდა: “ვდგავართ და უღონოდა ვბზუით, მე ვარ და ჩემი ნაბადიო და ამ ბზუილიდამ არა გამოდის-რა”. ღმერთმა დამიფაროს ამგვარი მიბაძვისგან, მაგრამ მაინც იმ სულკურთხეულივით უნდა გითხრათ, ვდგავართ და გაუთავებლად ვვიშვიშებთ: რუსეთი ოკუპანტია, რუსეთმა ტერიტორიები წაგვართვა, რუსეთი დაგვიპყრობს, რუსეთი ამას გვიზამს, რუსეთი იმას გვიპირებს. ამ ვიშვიშით კი არა გამოდის-რა! გეკითხებით: ჩვენ რას ვაკეთებთ რუსეთთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად, ახალი გეოპოლიტიკური კონტექსტის გასაგებად, რეგიონში ჩვენი ადგილისა და ფუნქციის მოსაძებნად? დასავლეთს რომ ჰკითხო, ერთადერთი ფუნქცია, ომელიც  საქართველოს აკისრია, რუსეთთან დაპირისპირება და საკუთარი ხალხის საზარბაზნე ხორცად ქცევაა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ისტორიამ სულ სხვა მისიით აღგვჭურვა. ამ მისიის აღსრულება იყო ერეკლეს ისტორიული ნაბიჯი, ამ მისიის გამოძახილი იყო ილიას ცნობილი ტრიადა – მამული, ენა, სარწმუნოება!

დასავლეთის მიერ თავსმოხვეული მიდგომის შედეგებს ხომ ხედავთ უკრაინაში? ამგვარი მიდგომის შედეგები ჩვენც ხომ ვიწვნიეთ 2008 წლის აგვისტოში. არც სხვისმა მაგალითმა დაგვაფიქროს, არც საკუთარმა მწარე გამოცდილებამ გვასწავლოს რამე, ნეტავი, რა წყევლაა ასეთი, რა უსაშველო ჯადო ადევს ჩვენს ცნობიერებას, რით მოგვნუსხეს ასე საოცრად, რომ არაფრის დანახვა არ გვსურს და არაფრის გაგონება არ შეგვიძლია?!

ვდგავართ და ვვიშვიშებთ  ხან ძმათა სასაფლაოზე, ხან გმირთა მემორიალთან, ხან პარლამენტში, ხან ტელეეკრანებიდან, მაგრამ ამ ვიშვიშით, როგორც ვხედავთ, არც აქამდე გამოსულა და არც მომავალში გამოვა-რა!

ეს არაფრის მაქნისი ვიშვიში ისევე დასაგმობია, როგორც ორი საუკუნის წინათ  ილია გმობდა ერის უღონო ბზუილს, მაგრამ ვიშვიშს ვინ ჩივის, ვიშვიშით ქვეყანა არ დაიქცევა, იმას რა ვუყოთ, საქართველოს უკრაინიზაციის მომხრე პარტია რომ გვყავს უბეშიდასავლეთის მიერ დაფინანსებული და მათ მიერვე ომის პროვოცირებისთვის გაქეზებული?! ვერ ხედავთ, რა ხაფანგს გვიგებენ და რა უბედურებაში გვხვევენ: ომის პარტიას თუ ავყვებით, რუსეთთან ომში ჩავეფლობით; ომის პარტიას თუ არ ავყვებით და რუსეთს პროვოკაცის არ მოვუწყობთ, სახელმწიფო გადატრიალებას მოგიწყობენ და ხელისუფლებაში, ისევე როგორც უკრაინაში ჩაიდინეს, ფაშისტებს მოათრევენ, რომლებიც, როგორც კი სახელისუფლო ბერკეტებს ხელში ჩაიგდებენ, ომს გააჩაღებენ. ომს, ომელიც  რუსეთისთვის მხოლოდ უსიამოვნო ფაქტი იქნება,  საქართველოს კი მთლიანად შეიწირავს. ხედავთ, დასავლეთის მიერ ოცდაათი წლის წინათ შემოთავაზებული ნატოსა და ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა სანამდე დავიდა? – რუსეთთან ომის პერსპექტივამდე! როგორც იმ .. ეროვნულ მოძრაობას არ სურდა და არც შეეძლო დასავლური დირექტივებისგან გადახვევა, არც დღევანდელ .. ოპოზიციას არ სურს და არც შეუძლია ამერიკიდან და ევროპიდან მიღებული ბრძანებებისთვის თავის არიდება, რადგან დასავლურ სპეცსამსახურებს დღესაც ისევე უჭირავთ ხელში ამათი სული, როგორც 1989 წელს ეჭირათ ეროვნული მოძრაობის სული, როდესაც ქართველ ხალხს, თავისუფლების ანკესზე წამოგებით, 9 აპრილის სასაკლაოზე ერეკებოდნენ  მოტყუებით, წაქეზებით, პროვოკაციულად, სულმდაბლურად.

აფხაზეთისა და ცხინვალის ომებიც დასავლური პროვოკაცია იყო, რომელიც იმ შედეგზე იყო გათვლილი, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველაზე გავრცელებული ორი სიტყვით გამოიხატება: რუსეთი ოკუპანტია! ამ ომის მიზანი საქართველოსა და რუსეთს შორის სამუდამო დაპირისპირების გამოწვევა იყო. შედეგი, რომელიც დადგა, მხოლოდ დასავლეთს აძლევს ხელს, საქართველოსთვის და რუსეთისთვის კი, რა თქმა უნდა, მეტნაკლებად, მაგრამ მაინც საზიანოა.  ამ მომენტის გაგებაა რთული. რატომ უნდა აინტერესებდეს დასავლეთს რუსეთის სამხედრო ბაზების არსებობა აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიებზე? ან რუსეთისთვის როგორ და რატომ არის საზიანო ეს ვითარება? – ამ შეკითხვებს სხვა ლოგიკური შეკითხვაც მოსდევს: არსებული მდგომარეობა თუკი საზიანოა რუსეთისთვის, რატომ არ გაიწვევს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და რატომ არ გაჰყავს სამხედრო კონტინგენტი ამ ტერიტორიებიდან? პასუხი ერთია: დასავლეთი, სამწუხაროდ, ახერხებს ისეთი ვითარების შენარჩუნებას, რომ რუსეთს მოქმედების ასე ფართო დიაპაზონი არ დაუტოვოს. რუსეთი იძულებულია, სამხედრო მოქმედებებით დაიცვას საკუთარი არსებობა და სუვერენიტეტი. რუსეთს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დათმობის საშუალება მხოლოდ მაშინ მიეცემა, როდესაც კავკასიიდან ამერიკელებს გააძევებს და საქართველოს საიმედო პარტნიორად დაიგულებს. ეს ვითარება, შესაძლებელია, ფორმულების სახითაც ჩამოვაყალიბოთ:

* სანამ საქართველო რუსეთის მტრების ბანაკში იგულისხმება, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბარი აბსურდია!

* საქართველოსა და რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა არის ის ერთადერთი სწორი გზა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ გამთლიანებამდე მიიყვანს!

* საქართველოსა და რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობა რეალობად თუ იქცევა, აფხაზებიც და ოსებიც შეეგუებიან იმ აზრს, რომ მათი ისტორიული ადგილი რაღაც ფორმით (თუნდაც ყველაზე ნომინალურით) საქართველოს შემადგენლობაშია!

ის, რაც ახლა მოგახსენეთ, სულ ცოტა ხნის წინათ, შესაძლებელია, დამაჯერებლობას მოკლებული ყოფილიყო, მაგრამ ძველი რეალობა ხომ რადიკალურად შეიცვალა და მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესები ჩვენ თვალწინ მთელი სიგრზე-სიგანით გადაიშალა:

* ახლა, უკრაინის მოვლენების შემდეგ მაინც, ნუთუ ნათელი არ არის, რომ რუსეთი ისევე არ დათმობს სამხრეთ კავკასიას, როგორც უკრაინას არ თმობს?!

* ახლა, სპეციალური სამხედრო ოპერაციის შემდეგ მაინც, ნუთუ ნათელი არ არის, რომ რუსეთი ისევე არ დათმობს ცენტრალურ აზიას, როგორც უკრაინას არ თმობს?!

* ახლა, მთიანი ყარაბაღის მოვლენების შემდეგ მაინც, ნუთუ ნათელი არ არის, რომ რუსეთი ისევე არ დათმობს სომხეთს, როგორც უკრაინას არ თმობს?!

* ახლა, მთიანი ყარაბაღის მოვლენების შემდეგ მაინც,  ნუთუ ნათელი არ არის, რომ  ზერბაიჯანი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი უნდა იყოს და არა ნატოს წევრი თურქეთის, რომელსაც რუსეთი კასპიის ზღვამდე არ მიუშვებს, რადგან კასპიის ზღვაში ნატოს შეღწევა საბოლოოდ ანგრევს იმას, რაც ბალანსის სახით, ასე თუ ისე, ჯერ კიდევ არსებობს მსოფლიოში?!

პოსტსაბჭოთა სივრცე უზარმაზარი გეოპოლიტიკური წრეა, რომელიც სირთულით ახლო აღმოსავლეთს თუ არ აღემატება, არც ჩამოუვარდება. გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ იმას, რასაც ახლა ვიტყვი: შესაძლებელია, პოსტსაბჭოთა სივრცე  არამხოლოდ ახლო აღმოსავლეთსა და ავღანეთზე რთულ რეგიონად, არამედ გლობალური დაპირისპირების კერადაც იქცეს, თუკი რაღაც ფორმით საბჭოთა კავშირის რეანიმაცია არ მოხდა.

უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე საბჭოთა კავშირის ყოფილი ტერიტორიების ერთიან გეოპოლიტიკურ სისტემაში მოქცევის გარეშეც შესაძლებელი ჩანდა მსოფლიო მშვიდობის შენარჩუნება, მაგრამ ახლა ეს ვარიანტი მთლიანად გამორიცხულია. დღეს საკითხი ასე დგას: ან საბჭოთა ტერიტორიების ერთიან გეოპოლიტიკურ სივრცეში მოქცევა (რაც საბჭოთა კავშირის რაღაცა ფორმით რეანიმაციას ნიშნავს), ან მესამე მსოფლიო ომი, ომელი ბირთვულ კატასტროფას გამოიწვევს!

პოსტსაბჭოთა სივრცის ერთიან გეოპოლიტიკურ კონტექსტში მოქცევა იმ  სტატუს-კვოს აღდგენას გამოიწვევს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე არსებობდა. ეს შეიძლება აშშ-ისთვის (მათი გაგებით) კატასტროფას ნიშნავდეს, მაგრამ ამით მსოფლიო გადარჩება. ამ იდეის ჩაშლას ამერიკელები თავიანთ გამარჯვებად ჩათვლიან, მაგრამ იგი მსოფლიოსთვის კატასტროფის მომტანი იქნება. აქ  უზარმაზარი წინააღმდეგობა რომ არის, ეს უკრაინის პროცესებმა ნათლად დაგვანახვა. ამიტომაა, რომ დღეს დასავლეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული რუსოფობიური ტენდენციების შენარჩუნება და ამ განწყობის კიდევ უფრო გაღრმავება, რაც, თავის მხრივ, დასავლეთს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოსგან მოწყვეტით შენარჩუნების აუცილებლობის წინაშე აყენებს. დღეს დასავლეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის დაპირისპირებას, ბოლომდე თუ არ მოხსნის, საგრძნობლად შეარბილებს. დასავლეთის ამოცანაა საქართველოს გაბრაზებისა და გამწარების შენარჩუნება და კიდევ უფრო გამწვავება, რათა რუსეთთან სამტროდ ამ პატარა ქვეყნის გამოყენების შინაგანი, გულწრფელი მოტივი მუდმივად არსებობდეს.

ამიტომ მოხდა ის, რომ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებამ სიკვდილ-სიცოცხლის მნიშვნელობა შეიძინა. საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოხუმის დაცემის ოცდამეათე წლისთავზე  რამდენი წინადადებაც თქვა, იმდენჯერ ახსენა მშვიდობა. დააკვირდით: დღეს, როდესაც გაღებულ მსხვერპლს ვიხსენებთ, კვლავ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი; ჩვენი ხელისუფლება მტკიცედ მიჰყვება ამ გზას, რადგან ღრმად გვწამს, მშვიდობა ის საფუძველია, რომელზეც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად უნდა ვაშენოთ ერთიანი, ძლიერი, განვითარებული ქვეყანა. მჯერა, რომ მომავალი აფხაზთა და ქართველთა ერთობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ეკუთვნის“.

საქართველოს აუცილებლად მოუწევს იმ აბსოლუტურად მცდარ და დამანგრეველ საგარეო ვექტორზე უარის თქმა, რომელიც ლამის ბედისწერად გვექცა. ახალი გეოპოლიტიკური კონტექსტი პოლიტიკური, ეკონომიკური და მორალური სიმძიმის ცენტრის დასავლეთიდან აღმოსავლეთში გადმოტანას გულისხმობს. ჩვენც ამ კონტექსტში უნდა ჩავეწეროთ. ჩავეწერებით კიდეც. ამის დასტური ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ოფიციალურად გაფორმებაა. სიმბოლური მგონია ისიც, რომ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის ოცდამეათე წლისთავზე, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიწვეული იყო ჩინეთის საელჩოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 74-ე წლისთავის აღსანიშნავ ოფიციალურ მიღებაზე, სადაც შესანიშნავი და ღრმა ქვეტექსტებით დატვირთული მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა, რომელიც მის მიერ სწორედ იმ ახალი გეოპოლიტიკური კონტექსტის კარგად გააზრების უტყუარ დასტურად მიმაჩნია: ჩინეთის გასაოცარმა ცივილიზაციამ, რომელიც უხვადაა გაჯერებული ტრადიციებითა და სიმბოლიზმით, მოიპოვა საყოველთაო აღფრთოვანება თავისი უსაზღვრო სიღრმით.  ჩინეთის კულტურული სიმდიდრე ცხადყოფს ადამიანის იდენტობის ჩამოყალიბებაში ტრადიციის მატარებელ ძალას და ეფექტს.  ჩინეთის კულტურა, რომელიც ათასწლეულებს მოიცავს, გულისხმობს კონფუციანელობას, ხაზს უსვამს პატივისცემასა და იერარქიას, დაოიზმის ჰარმონიას ბუნებასთან და წონასწორობასთან, ტრაპეზში ჩაის როლს და სტუმართმოყვარეობას. ჩინური კალიგრაფია ხოტბას ასხამს ესთეტიკას, ხოლო ჩინეთის დიდი კედელი ისტორიისა და მიზანდასახულბის სიმბოლოა. მართლაც აღმაფრთოვანებელია, თუ როგორ მოახდინა ჩინეთმა თავისი წინაპრების სიბრძნის საფუძველზე შეუფერხებლად გაერთიანებინა ტრადიციული ღირებულებები უახლეს ტექნოლოგიებსა  და ინოვაციურ სტრატეგიებთან და გადაქცეულიყო გლობალური ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად. ძველისა და ახლის ეს ჰარმონიული შერწყმა ცხადყოფს, რომ ჩინეთის წინსვლა განპირობებულია არა მხოლოდ მისი სამომავლო ამბიციებით,  არამედ ისტორიული მემკვიდრეობის, როგორც ძალისა და შთაგონების წყაროს, მიმღებლობის უნარით“.

ალბათ, შეამჩნევდით,რა ცნებები წამოსწია პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის ამ მოკლე მიმართვაში: ტრადიციები; კულტურული სიმდიდრე; ადამიანის იდენტობა; ბუნებასთან ჰარმონია და წონასწორობა; ესთეტიკა; ისტორია და მიზანდასახულობა; წინაპრების სიბრძნე; ტრადიციებისა და ინოვაციური სტრატეგიის განუყოფლობა; ძველისა და ახლის ჰარმონიული შერწყმა; ისტორიული მემკვიდრეობის მიმღებლობა.

ბრავო! დიდებულია!

ამ ღირებულებებსა და ამ მიმართულებებშია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და არა იმ ყალბ ტრაფარეტებში, რომლებსაც ოცდაათი წელიწადი თუთიყუშებივით ვიმეორებთ და ვვიშვიშებთ, მაგრამ ამ ვიშვიშიდან არა გამოდის-რა!

ვალერი კვარაცხელია

                                                                

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here