Home ახალი ამბები მსოფლიო უსაზღვრებო მშვენიერი მსოფლიოს პროექტი გაკოტრდა

უსაზღვრებო მშვენიერი მსოფლიოს პროექტი გაკოტრდა

122

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინათ ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტებს, რომლებმაც გაამკაცრა უსაფრთხოების სფეროს ნორმები და წესები, _ იუწყება გამოცემა vz.ru

გაფართოვდა ცნება “უცხოეთის აგენტი”. ამიერიდან ამ სტატუსისთვის აუცილებელი აღარ იქნება ფინანსების მიღება უცხოეთიდან, საკმარისია “უცხოეთის გავლენის” ქვეშ ყოფნა.

უცხოეთის აგენტებს ეზღუდებათ საზოგადოებრივი და პროფესიული მოღვაწეობა (კერძოდ, მათ არ აქვთ უფლება, ასწავლონ არასრულწლოვნებს და ჩაატარონ საჯარო ღონისძიებები).

ომის პირობებში რუსეთის მოქალაქის გადასვლა მოწინააღმდეგის მხარეს სახელმწიფო ღალატს უთანაბრდება. სახელმწიფო ღალატად, აგრეთვე, განიხილება უცხო ქვეყნის ან ორგანიზაციის დახმარება საქმიანობაში, რომელიც მიმართული იქნება რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ, დაწესდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა რფ-ის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიწოდებისთვის. რუსეთის მოქალაქეებს ეკრძალებათ არასასურველი ორგანიზაციების მუშაობაში მონაწილეობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

ახალმა კანონმა გარკვეული წრეების შეშფოთება გამოიწვია. მათი აზრით, ინოვაციები არღვევს სიტყვის თავისუფლებას; ფორმულირება სახელმწიფო ღალატის შესახებ ბუნდოვანია; ანალოგიური ვითარებაა უცხოეთის აგენტის სტატუსის მიმართაც, მაგრამ ამ ინოვაციებმა ფრთები შეუკვეცა დასავლეთის ოცნებას, რუსეთში განემტკიცებინა თავისი გავლენა.

დასავლეთის უამრავ პროგრამაში _ სოროსის, NDI-ს, IRI-ს და ა.შ. ჩართულია ამა თუ იმ ქვეყნის უამრავი მოქალაქე, რომლებსაც დემოკრატიის საფარქვეშ უჩლუნგებენ პასუხისმგებლობას იმ ქვეყნის მიმართ, რომლის მოქალაქენიც არიან.

რუსეთის მიერ ეროვნული უსაფრთხოების სფეროში საკანონმდებლო ნორმების გამკაცრება კიდევ ერთი მტკიცებულებაა ისედაც ყველასთვის ცხადი რეალობისა: გლობალიზებული უსაზღვრებო მშვენიერი მსოფლიოს პროექტი გაკოტრების გამო იხურება. პლანეტას გეოპოლიტიკური შტორმი უახლოვდება. კაცობრიობა უბრუნდება პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ტრადიციულ სისტემას, რომელშიც ათვლის წერტილი და მთავარი სუბიექტი სახელმწიფო იქნება.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here