Home ახალი ამბები საქართველო უკრაინა იმ კანონის მიღებას აპირებს, რომლის მიღებაც საქართველოს არ დაანებეს

უკრაინა იმ კანონის მიღებას აპირებს, რომლის მიღებაც საქართველოს არ დაანებეს

ქართველების მიერ დაწერილ-შემუშავებული კანონი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ უკრაინელებმა თარგმნეს და ძალიან მალე მიიღებენ კიდეც

379

მიმდინარე წლის გაზაფხულზე  საქართველოს პარლამენტმა უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღება  დააპირა და ლამის სამოქალაქო ომი დაიწყო. ჯერ ოპოზიციამ გააპროტესტა ამ კანონის შნაარსი, შემდეგ – არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ბოლოს კი დასავლელმა ელჩებმა მკაფიოდ თქვეს, აღნიშნული კანონის მიღება სამშობლოს ღალატია, რადგან   ის რუსული კანონიაო. ჰო, რუსული, რადგან თურმე სწორედ რუსეთში მოქმედებდა ანალოგიური კანონი და, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს პარლამენტმა ოფიციალურად დაასაბუთა,  აქ შემუშავებული პროექტი ლამის სიტყვასიტყვით იყო გადმოწერილი ამერიკული  კანონიდან, უკვე აღარავინ ისმენდა.

 აქციის ორგანიზატორებმა ქუჩაში გამოიყვანეს ბავშვები, რომლებიც  ფარად აიფარეს ცალკე ოპოზიციონერებმა, ცალკე არასამთავრობოებმა,  ცალკე ევროპა-ამერიკის ქვეყნების ელჩებმა და სამართალდამცველებს შეატოვეს. დიახ, შეატოვეს, რადგან ასეთი მხარდაჭერით გათამამებულმა ბავშვებმა ჩაიდინეს ის, რაც მანამდე არავის გაუბედავს – „მოლოტოვის“ კოქტეილები ესროლეს პოლიციას, დაწვეს საპატრულოს მანქანა და ამ ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი დღეს ოპოზიციისთვისაც გმირია, არასამთავრობოებისთვისაც და დასავლელი ელჩებიც ამბობენ, ეგებ ეგ ბიჭი ციხიდან გამოუშვათო. ანუ, გვიმტკიცებენ, რომ ბიჭმა (სრულწლოვანმა), რომელმაც მანამდე საკუთარი მამა დუნდულში დაჭრა, მერე პოლიციელების ცოცხლად დაწვა სცადა და, რომ არ გამოუვიდა, პოლიციის ავტომობილს წაუკიდა ცეცხლი, გმირია და პატივი უნდა ვცეთ. გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნა ერთადერთ მიზანს ემსახურება – თუ დასავლეთს ისევ დასჭირდება ქუჩაში ბავშვების გამოყვანა, მათ უნდა იცოდნენ, რომ ნებისმიერი რამის გაკეთების უფლება აქვთ და, თუნდაც მკვლელობის მცდელობის გამო, არავინ დასჯით. მათ ლაზარეს მაგალითი წინ ექნებათ და გვერწმუნეთ, გაცილებით  მეტს გაბედავენ. ცნობისთვის: აფრიკულ ქვეყნებში სამოქალაქო დაპირისპირებისას  შეიარაღებული  დაჯგუფებები  დღემდე  აქტიურად იყენებენ ბავშვებს, რადგან ბავშვი დაუფიქრებლად კლავს… და ეს იცის ყველამ.

სხვათა შორის, მარტში, აქციების მიმდინარეობისას, არავის უთქვამს, რომ ანალოგიური კანონი, რუსეთის გარდა, ამერიკაშიც მუშაობდა, მიღებული იყო რიგ ქვენებში და მათ შორის სახელმწიფო-კონტინენტ ავსტრალიაში. ჰო, იმ ავსტრალიაში, რომელსაც თითქოს არავინ და არაფერი ემუქრება, მაგრამ ეს კანონი მიღებული აქვთ. მარტში საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აქტიურად ადევნებდა თვალს უკრაინის ხელისუფლება და სწორედ მაშინ თქვა უმრავლესობის ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ, თუ ქართველებს დასჭირდება,  მზად ვართ, ჩავერთოთ და საქართველოში ხელისუფლება შევცვალოთო.  არახამიამ იმხანად ხმამაღლა განაცხადა, – საქართველოს პარლამენტი მოსახლეობას თავს რუსულ კანონს ახვევს და მისი მიღება არ შეიძლებაო.

გავიდა შვიდი თვე და იგივე დავით არახამია ინიციატივით გამოვიდა, რომ უკრაინის რადამ მიიღოს … უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონი. არ გეხუმრებით, ეს კანონპროექტი უკვე შეტანილია რადაში კომიტეტებში განსახილველად და მას ახალ წლამდე აუცილებლად „დააჩაქუჩებენ“. უკრაინას არჩევანს უწონებს ევროპაც და ამერიკაც, ევროპელი ელჩები და ამერიკის ელჩიც ადასტურებს, რომ უკრაინელებმა აღნიშნული კანონი რაც შეიძლება მალე უნდა მიიღონ, რადგან ქვეყანაში ბევრი უცხოური გავლენის აგენტია. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ უკრაინული კანონპროექტი ასლია იმ პროექტისა, რომლის მიღებაც საქართველოს პარლამენტს არ დაანებეს, არ მოუწონეს. ჰო, უკრაინულმა მხარემ არ იწვალა, ქართველების მიერ დაწერილ-შემუშავებული კანონი აიღო, უკრაინულად თარგმნა და ძალიან მალე მიიღებს კიდეც. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ  ანალოგიური კანონი საქართველოში განვითარებული მოვლენების შემდეგ მიიღო კანადამ, მისი მიღება დააანონსა რამდენიმე ევროპულმა და სამხრეთამერიკულმა სახელმწიფომ.  აღნიშნული კანონის მიღებით როგორც უკრაინას, ისე ამერიკას, იმედი აქვთ, რომ ქვეყანაში მედია თუ პოლიტიკური თავისუფლების მხრივ  დიქტატურას დაამყარებენ. საქმე ის არის, რომ უკრაინაში არიან  პოლიტიკოსები,  არასამთავრობოები და მედიასაშუალებები, რომლებიც  მოსახლეობას მიმდინარე ომზე სიმართლეს ეუბნებიან, არ მალავენ, რომ დასავლეთის მიერ დაპირებული წარმატება, უბრალოდ, მითია; რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურის ნახევარზე მეტი აღარ არსებობს; რომ დასავლეთმა უკრაინას გენოფონდი, პრაქტიკულად,  გაუნადგურა; რომ ქვეყანა  ვალებში იხრჩობა და საუკეთესო შემთხვევაში 70 წლის განმავლობაში  ამ ვალების გადახდა მოუწევს; რომ ეს, უკვე ევროპის უდიდესი სახელმწიფო კი არა, ამერიკის უდიდესი კოლონიაა და მისი ხელისუფლება მთლიანად შტატებიდან მიღებულ დირექტივებზეა დამოკიდებული; რომ ნებისმიერი ურჩობა დაისჯება იარაღისა და პროდუქტის მიწოდების შეწყვეტით… ჰოდა, სწორედ ეს ამბები არ უნდა იცოდეს მოსახლეობამ, არ უნდა გაიგონ, რა ხდება რეალურად; აღნიშნული კანონით კი არასამთავრობოებსაც და ჟურნალისტებსაც მუშაობას აუკრძალავენ, პოლიტიკოსებს გააჩუმებენ, ყველას რუსეთის აგენტად გამოაცხადებენ და… ძაღლის თავიც აქ არის დამარხული. ქართულ კანონპროექტში უცხოური გავლენის აგენტის გამოაშკარავების შემდეგ  არ დგებოდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ანუ, როცა გავიგებდით, ვინ საიდან ფინანსდებოდა, ეს ინფორმაცია გახდებოდა საჯარო და ყველას ეცოდინებოდა, ვინ ვისი ძუძუთი იკვებებოდა. აი, უკრაინულ კანონპროექტში კი წერია, რომ უცხოური გავლენის აგენტის გამოაშკარავების შემდეგ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე და შესაძლოა, ეს აგენტი 5-წლიანი პატიმრობით დასაჯონ. როგორია? ჩვენ არავის ვიჭერდით და კანონის მიღებაზე უარი გვითხრეს, უკრაინაში კი ციხეში უპირებენ ჩასმას ხალხს, რომელიც დაფინანსებას სხვა ქვეყნიდან (უფრო ზუსტად, რუსეთიდან, თორემ სხვები „ნაკურთხია“) იღებს. საინტერესოა, ჩვენ თუ არავინ უნდა დაგვეჭირა, რატომ არ მოგვცეს უფლება, მიგვეღო ანალოგიური კანონი? აქ მეორე, უფრო დიდი ძაღლის თავია დამარხული: ამ კანონის მიღებით გამოჩნდებოდა, რომ ქართული არასამთავრობოებისა და ქართული ოპოზიციის 99%-ზე მეტი ამერიკიდან და ევროპიდან ფინანსდება. ეს თითქოს ისედაც ყველამ იცის, მაგრამ არავინ იცის დონორი ორგანიზაციების სახელწოდებები; არავინ იცის, კონკრეტულად საიდან მოდის ფული. მერე ხომ გაირკვეოდა, რომ არაერთ ოპოზიციურ პარტიას ევროპიდან ლგბტ ორგანიზაციები აფინანსებენ, მათ წინაშე ქართულ პარტიებს ვალდებულება აქვთ და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ამ ვალდებულებების შესრულების დრო დადგება. ამას რომ გაიგებდა ერი, იმ პარტიებს ისედაც მიზერული მხარდამჭერების რიცხვი ხომ საერთოდ გაუნულდებოდათ? იგივე მოხდებოდა არასამთავრობოების შემთხვევაში და დარჩებოდნენ ისინიც მშრალზე. ეს ყველაფერი მშვენივრად  იცოდა როგორც ევროპამ, ისე ამერიკამ და ამიტომაც იყო, ხმაური რომ ატეხეს, არიქა, კანონი რუსულიაო. მერე რა, რომ  ამერიკის ყოფილმა ელჩმა ზუსტად იცოდა, რომ ქართული კანონპროექტი მის ქვეყანაში მოქმედი კანონის ასლი იყო.

სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის არც ერთ წარმომადგენელს თავში აზრად არ მოსდის, რომელიმე ევროპელ ელჩს ან ამერიკის ელჩს პირდაპირ ეთერში კამერების წინ ჰკითხოს: უკრაინაში რატომ იღებთ იმ კანონს, რომელსაც საქართველოში ეწინააღმდეგებოდით? ამ კითხვაზე პასუხის მოსმენა ძალიან საინტერესო იქნება, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლებს დასავლეთის გაღიზიანება არ სურთ, იმ დასავლეთის, რომელმაც მარტში ლამის რევოლუცია მოაწყო რუსული კანონის ძახილით და ახლა გაჩუმდნენ, ვითომ არ იციან, რა ხდება უკრაინაში და სიჩუმეში სურთ, გაატარონ თუ ჩაატარონ მიმდინარე პროცესი. ეს ის შემთხვევაა, როცა დუმილი დანაშაულია და როცა აუცილებელია კონკრეტული კითხვების დასმა, მაგრამ, რუსული ბაზრის არ იყოს, რომელზეც ქართული ეკონომიკა დგას, ქართული მხარე არც ამ შემთხვევაში აპირებს ხმამაღლა რამის  თქმას…

გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ უკრაინული რადა აღნიშნულ პროექტს მიიღებს და კუდიანებზე ნადირობის სეზონიც დაიწყება. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ისედაც არაერთი ოპონენტი გამოკეტა გისოსებს მიღმა და ახლა, საერთოდ, ყვარყვარეს ციხეს აშენებინებენ დასავლელი პარტნიორები. ზუსტად ისე, როგორც საქართველოში იყო ნაციონალების ზეობის ხანაში –  ყველას, ვინც მათ ეწინააღმდებოდა, ან ქუჩაში ხვრეტდნენ, ან ხანგრძლივად  სვამდნენ ციხეში. როგორ დაასრულა სააკაშვილმა და „ ნაცმომ“ კი უნდა იცოდეს ზელენსკიმ, მაგრამ  მას სხვა გზა, უბრალოდ, აღარ აქვს – ყურებით ჰყავთ დაჭერილი და, როგორც სურთ, ისე ატრიალებენ თუ უტრიალებენ… ყურს. საქართველო კი ჯერჯერობით კვლავ რჩება დასავლეთის ურჩ მოკავშირედ და, ვისაც ჰგონია, რომ ევროპა ან ამერიკა ამ ყველაფერს გადაყლაპავს, ძალიან ცდება. ისინი შესაფერის მომენტს ელიან, რათა საქართველოს ურჩი მთავრობა და უფრო ურჩი ხალხი დასაჯონ.

ლევან გაბაშვილი                                                                                                                      

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here