1947 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტის ატომის დარგის სწავლულთა ბიულეტენმა (Bulletin of the Atomic Scientists) პირველი ატომური ბომბის შემქმნელთა ინიციატივით შექმნა პროექტი „განკითხვის დღის საათი” (Doomsday Clock). მისი დანიშნულებაა, კაცობრიობა გააფრთხილოს, რა ახლოსაა იგი საკუთარი თავის განადგურებასთან. საათი, რა თქმა უნდა, სიმბოლურია. შუაღამე მოასწავებს ბირთვულ კატასტროფას. შუაღამესთან ისრის მიახლოება ნობელის პრემიის ლაურეატებისა და ატომის დარგის სახელგანთქმულ მეცნიერთა მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით ხდება. საათის ისრები ბოლოს 2023 წელს გასწორდა. უკრაინის კრიზისის გამო ისინი 10 წამით წინ გადაწიეს და გვითხრეს, რომ ბირთვულ კატასტროფამდე 90 წამი, ანუ წუთ–ნახევარი რჩებოდა. დროის ეს ათვლაც, რა თქმა უნდა, პირობითია და მხოლოდ იმაზე მიგვითითებს, რა ახლოს ვართ აპოკალიფსთან. 2024 წელს განკითხვის საათის ისრები ძველ (2023 წლის) ნიშნულზე დარჩა. თუმცა, ვფიქრობ, კატასტროფამდე დარჩენილი სიმბოლური წუთ–ნახევარი შეიძლება მალე შემცირდეს და მან განკითხვის დღის კიდევ უფრო მოახლოების შესახებ გვაუწყოს. არსებობის 77 წლის განმავლობაში „განკითხვის დღის საათის” ისრების მდგომარეობა ოცდახუთჯერ შეიცვალა, მაგრამ იგი არასოდეს ყოფილა შუაღამესთან (აპოკალიფსთან) ისე ახლოს, როგორც დღეს (2023 წლის შესწორებით) არის.
უკრაინის კრიზისის ანალოგიით ხშირად იხსენებენ კარიბის კრიზისს (1962 წ.) და, ალბათ, სამართლიანადაც, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ იმხანად „განკითხვის დღის საათის” ისრებს შუაღამემდე 12 წუთი აშორებდა. ეს იმიტომ კი არ მოხდა, რომ „განკითხვის დღის საათის” კომისიის წევრებმა ვითარების სიმწვავე ვერ გააცნობიერეს, არამედ იმიტომ, რომ მათი მხრიდან რეაგირებამდე კრიზისი (დაახ. ერთ თვეში) გადაიჭრა.
კარიბის კრიზისი შემთხვევითი მოვლენა არ ყოფილა. მას განაპირობებდა მთელი რიგი ობიექტური მიზეზებისა. მეცნიერები ამ მიზეზთა შორის ასახელებენ საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ დაწყებულ „ცივ ომს”, კუბის სოციალისტურ რევოლუციას, მსოფლიოს დაყოფას ორ დაპირისპირებულ ბანაკად და სხვა ისტორიულ მოვლენებს, მაგრამ მთავარი სხვა რამ იყო – აშშ-ის დაუოკებელი სწრაფვა მსოფლიო ჰეგემონობისკენ და ერთპოლუსიანი მსოფლიოს მშენებლობისკენ, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებელი იყო დიდი მოთამაშეებისთვის, პირველ რიგში კი საბჭოთა კავშირისთვის. აშშ-ის მიერ თურქეთსა და იტალიაში საშუალო რადიუსის რაკეტების (PGM-19 Jupiter) განთავსებას, რაც სერიოზულად არყევდა საბჭოთა კავშირის უსაფრთხოებას, ბუნებრივია, ამ სახელმწიფოსგან ძლიერი რეაქცია მოჰყვა: 1962 წლის 9 სექტემბერს კუბისორიაზე ჩაიტანეს საშუალო რადიუსის პირველი საბჭოთა რაკეტები. ოდნავ მოგვიანებით კუბაზე, რომელიც სულ რაღაც 200 კმ-შია აშშ-ისგან, ჩაიტანეს ბირთვული ბომბები. ოქტომბრის დასაწყისისთვის კი უკვე დაამონტაჟეს 42 რაკეტა, რომლებიც პირდაპირ იყო დამიზნებული აშშ–ის სტრატეგიული ობიექტებისთვის. ეს იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი ხელისუფლების მიერ მოწონებული და დამტკიცებული ოპერაცია სახელწოდებით „ანადირი“.
1962 წლის 14 ოქტომბერს ამერიკულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა (U-2) შეძლო კუბის ტერიტორიის ფოტოგრაფირება, რომლის საფუძველზეც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სპეციალისტებმა კუნძულზე აღმოაჩინეს „P-12″ ტიპის საშუალო რადიუსის საბჭოთა რაკეტები. 16 ოქტომბერს ყველა ეს მონაცემი პრეზიდენტ ჯონ კენედის სამუშაო მაგიდაზე იდო. იმავე დღეს პრეზიდენტი კენედი ამერიკელი ხალხისა და მთელი მსოფლიოს წინაშე წარდგა სპეციალური სიტყვით. მან თქვა: „კუბის მოულოდნელი გარდაქმნა მნიშვნელოვან სტრატეგიულ სამხედრო ბაზად, რასაც მოწმობს იქ მასობრივი განადგურების შეიარაღების გამოჩენა, წარმოადგენს საფრთხეს აშშ–ისა და მსოფლიოსთვის“.
ასე დაიწყო კარიბის კრიზისი.
იმავე დღეს (16 ოქტომბერს) ამერიკის სამხედრო უწყების ხელმძღვანელობამ კრიზისის გადასაჭრელად პრეზიდენტ კენედის ორი ვარიანტი შესთავაზა:
1. კუბაში შეჭრა და სიტუაციის სამხედრო გზით გადაწყვეტა;
2. კუბის ბლოკადა იმ გათვლით, რომ მათ მოითხოვონ საბჭოთა რაკეტების გატანა.
ამ მომენტისთვის კონგრესის ორივე პალატის მიერ პრეზიდენტი კენედი აღჭურვილი იყო უფლებამოსილებით, რომ მას კუბის წინააღმდეგ არმია გამოეყენებინა. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი ჯონ კენედი და სახელმწიფო მდივანი რობერტ მაკნამარა მეორე ვარიანტზე შეჩერდნენ.
18 ოქტომბერს პრეზიდენტი კენედი ვაშინგტონში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი გრომიკოს შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ კუბაზე საბჭოთა რაკეტების განლაგებას მხოლოდ თავდაცვითი ხასიათი ჰქონდა.
24 ოქტომბერს ამერიკელებმა საბჭოთა კავშირისგან მოითხოვეს, რომ კუბიდან რაკეტები გაეტანათ, სანაცვლოდ ფიდელ კასტროს რეჟიმის უსაფრთხოებას დაჰპირდნენ. ამ მომენტში საბჭოთა წყალქვეშა ხომალდები ჯერ კიდევ განაგრძობდნენ კუბის ტერიტორიაზე შესვლას. საბჭოთა არმია სამხედრო მზადყოფნაში იყო. აშშ-ში მზადყოფნა ასწიეს დონემდე, რომელსაც ერქვა „DEFCON 2,” რომლის შემდეგ მზადყოფნის უმაღლესი დონე ცხადდებოდა.
სრულმასშტაბიანი კონფლიქტის შედეგების წინასწარი განჭვრეტა არავის შეეძლო.
26 ოქტომბერს ნიკიტა ხრუშჩოვმა ჯონ კენედის გაუგზავნა ვრცელი წერილი, რომელშიც მშვიდობას სთავაზობდა იმ პირობით, თუ აშშ შეწყვეტდა კუბის ბლოკადას და უარს იტყოდა ფიდელ კასტროს მთავრობის დამხობაზე; აგრეთვე, თურქეთიდან თუ გაიტანდა სარაკეტო კომპლექს „იუპიტერს“. იმავე დღეს კუბაზე საბჭოთა სამხედროებმა ჩამოაგდეს ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი U-2, პილოტი დაიღუპა.
პირდაპირი შეჯახების ალბათობამ პიკს მიაღწია. თუკი უკანასკნელი დიპლომატიური ცდა შედეგს ვერ მოიტანდა, ამერიკელები უახლოეს დღეებში კუბაში შეჭრას გეგმავდნენ.
27-დან 28 ოქტომბრის ღამეს გაიმართა საიდუმლო მოლაპარაკებები აშშ-ის იუსტიციის მინისტრ რობერტ კენედისა და აშშ-ში საბჭოთა კავშირის ელჩ ვიაჩესლავ დობრინინს შორის. მხარეები შეთანხმდნენ: აშშ იღებდა ვალდებულებას, რომ არ შეიჭრებოდა კუბაში. აგრეთვე, თურქეთიდან გაიტანდა „იუპიტერის” ტიპის რაკეტებს. საბჭოთა კავშირმა კი აიღო ვალდებულება, რომ კუნძულიდან გაიტანდა საშუალო რადიუსის რაკეტებს, აგრეთვე, გაიყვანდა თვითმფრინავებს, რომლებიც პატრულირებდნენ კუბის ტერიტორიაზე.
კუბის ბლოკადა გაგრძელდა ნოემბრის ბოლომდე, სანამ საბჭოთა კავშირმა არ გაიყვანა Ил-28 ტიპის ყველა ბომბდამშენი. 1963 წლის აპრილში „იუპიტერის” ტიპის ამერიკული რაკეტები გაიტანეს თურქეთიდან.
კარიბის კრიზისი დასრულდა. ბირთვული აპოკალიფსი არ შედგა. კრიზისის დასრულების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რობერტ მაკნამარამ აღიარა, რომ ვაშინგტონში სრულად ვერ აცნობიერებდნენ რისკს, რომელიც უაღრესად სახიფათო იყო: „ორივეს, როგორც აშშ–ს, ასევე საბჭოთა კავშირს, ძალიან გაგვიმართლა, რომ ბირთვული კატასტროფა ავიცილეთ“, – განაცხადა მან. ამის შემდეგ მაკნამარამ თქვა სიტყვები, რომლებიც ყველას უნდა ახსოვდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, არავის ახსოვს: „ეს ის რისკია, რომელთან ერთად ჩვენ მოგვიწევს ცხოვრება იქამდე, სანამდე შევინარჩუნებთ ჩვენს ძალებს და სტრატეგიას. ეს ის რისკია, რომელიც მე მომავალი თაობებისთვის სრულიად მიუღებლად მიმაჩნია“. პრეზიდენტმა კენედიმ კი წარმოსთქვა სიტყვები, რომლებშიც, ჩემი ღრმა რწმენით, მისი ტრაგიკული აღსასრულის კონტურები გამოიკვეთა: „კარიბის კრიზისმა დამარწმუნა, ცივი ომის ხელახლა გააზრების აუცილებლობაში“.
კარიბის კრიზისისგან მიღებული გამოცდილება დაედო საფუძვლად საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის გაფორმებულ ორმხრივ ხელშეკრულებებს ბირთვული შეიარაღების კონტროლსა და გაუვრცელებლობაზე, ეს უაღრესად დიდი მიღწევა იყო.
ერთი წლის შემდეგ (1963 წლის 22 ნოემბერს) პრეზიდენტი ჯონ კენედი მოკლეს.
აშშ–ში განხორციელებულმა ამ ბარბაროსულმა ტერორისტულმა აქტმა, რომლის უკანაც დიდი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ლანდი იკვეთებოდა, კენედისთან ერთად, ცივი ომის ხელახლა გააზრების ის აუცილებლობაც მოკლა, რომლის შესახებაც პრეზიდენტი ალაპარაკდა. რომ არა ის ვერაგული გასროლა, იქნებ სულ სხვაგვარად წარმართულიყო კაცობრიობის ბედი, თუმცა ისტორია ამგვარ დაშვებებს არ აკეთებს. ისტორიაც ერთია და ის გზაც ერთია, რომლითაც იგი ვითარდება. ისტორია განვითარების ალტერნატიული გზების შესახებ დუმილს ამჯობინებს.
კარიბის კრიზისსა და მის შედეგებზე შედარებით ვრცლად იმიტომ შევჩერდი, რომ ამჟამად უკრაინის კრიზისი გვაქვს, რომელიც სიმწვავით არათუ ჩამორჩება, შეიძლება აღემატება კიდეც სამოცდაორი წლისწინანდელ კრიზისს; აღემატება თუნდაც იმით, რომ კარიბის კრიზისის დროს თუ სისხლი არ დაღვრილა, აქ უკვე დიდი სისხლია დაღვრილი. თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ აშშ-ს იმხანად ისეთი პიროვნებები მართავდნენ, რომელთა გონებრივ და ზნეობრივ მახასიათებლებთან ახლოსაც ვერ მივლენ თანამედროვე ლიდერები. გააანალიზეთ ის სიტყვები, რომლებიც ჯონ კენედისა და რობერტ მაკნამარას ციტატების სახით შემოგთავაზეთ, და ის სიტყვებიც, რომლებსაც ბაიდენი, ბლინკენი, სუნაკი, მაკრონი, შოლცი და თანამედროვე დასავლეთის სხვა ლიდერები როშავენ, მაგალითად: „რუსეთი ბრძოლის ველზე უნდა დავამარცხოთ!” ამ უპასუხისმგებლო სიტყვების ავტორები ჰგვანან კრიზისით შეწუხებულ ადამიანებს და ლიდერებს? არა, ისინი კრიზისის ხელოვნურად გამჩაღებელ ადამიანებს უფრო ჰგვანან, რაც უკრაინის კრიზისის გადაჭრას კარიბის კრიზისის გადაწყვეტაზე უფრო ამძიმებს. ჩამოთვლილი ლიდერები არც ბოროტების ნაკლებობას განიცდიან, მაგრამ მათი უმთავრესი მახასიათებელი მაინც უგუნურებაა. უგუნურება კი, რომელსაც გადაწყვეტილების მიღებისა და სხვა ადამიანების ბედზე გავლენის ბერკეტები ხელთ უპყრია, ბოროტებაზე საშიშია!
სამწუხაროდ, უგუნურებამ და უზნეობამ მოიცვა დასავლეთი. საითაც უნდა გაიხედო და მიაყურადო, საღ აზრს ვერსაიდან გაიგებ. ალაპარაკდებიან თუ არა, სიცრუის, უზნეობისა და სისულელის ნიაღვარი გადმოსდით ბაგეთაგან. დასავლეთში მოჭარბებულ კრიზისთა შორის, რომლებიც სისტემურ ხასიათს ატარებს და გლობალურ მასშტაბს იძენს, უმთავრესი მაინც გონების დეფიციტის კრიზისია, რომელიც საწყისია ყველა უბედურებისა.
ამიტომ ვფიქრობ, რომ რობერტ მაკნამარას ნათქვამი, „ორივეს, როგორც აშშ-ს, ასევე საბჭოთა კავშირს, ძალიან გაგვიმართლა, რომ ბირთვული კატასტროფა ავიცილეთ”, საინტერესოა ერთი სიტყვით – „გაგვიმართლა“. თუკი გონიერ ადამიანებსაც არა აქვთ სრული გარანტია სწორი გადაწყვეტილების მიღებისა და ისინიც გამართლებაზე არიან დამოკიდებულნი, უგუნურთა ხელში რისი იმედი უნდა გვქონდეს? დღევანდელი მსოფლიო კრიზისი, რომელსაც პირობითად უკრაინის კრიზისსაც უწოდებენ, კარიბის კრიზისზე გაცილებით რთულია თუნდაც იმ უგუნურების გამო, რომელიც დასავლეთში საბოლოოდ გაბატონდა.
განკითხვის დღის საათს თუ ვერწმუნებით, აპოკალიფსამდე სიმბოლური წუთ-ნახევარი რჩება, მაგრამ, დასავლეთის უგუნურებას რომ ვაკვირდები, დროის ეს მცირე მონაკვეთიც გაზვიადებული მეჩვენება. სამწუხაროდ, ძალიან სამწუხაროდ…
ვალერი კვარაცხელია
როგორც ჩანს, ქართველების უმეტესობას მობეზრდა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ცარიელი დაპირებების დაჯერება. ყოველი შესრულებული რეფორმის დასრულების შემდეგ, დასავლელი ლიდერები აგრძელებენ სულ ახალი-ახალი პირობების წამოყენებას საქართველოსთვის, „დახურულ კლუბში“ შესვლის ნებართვისათვის. ცხადი ხდება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვს არა მხოლოდ პატიოსან სასამართლოებს და მოუსყიდავ ჩინოვნიკებს. საუბარია ქართველთა ეროვნულ იდენტობაზე. დედასთან და მამასთან ერთად ოჯახის ნაცვლად, საბავშვო ბაღიდან დაწყებული, ლგბტ პროპაგანდას გვახვევენ თავს. იმის ნაცვლად, რომ ეკონომიკა გაზარდოთ წარმოების გაზრდით, ჩვენ ვართ მიჯაჭვული იაფ სესხებზე და მუდმივ სუბსიდიებზე.