Home ახალი ამბები საქართველო თვითკმაყოფილი ყეყეჩის აღიარება

თვითკმაყოფილი ყეყეჩის აღიარება

ცხრაპუნქტიანი ბოდვა ანუ ამერიკული "შპარგალკა" ზელენსკისა და ხაზარაძისთვის

789
თვითკმაყოფილი ყეყეჩის აღიარება
მამუკა ხაზარაძე

პარტია “ლელომ” რიგით მეორე ყრილობა გამართა. პარტიის ხელახლა არჩეულმა თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ თეატრალიზებული პოლიტიკური აბსურდი წარმოადგინა, რომელიც ამ ადამიანის სულელური თვითკმაყოფილებით იყო გაჯერებული. რუსულ ლიტერატურაში გვხვდება ასეთი ტერმინი – самодовольный болван. ეს ადამიანის ისეთი უნუგეშო მდგომარეობაა, რომელსაც არაფერი შველის. ამგვარ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის დრამა მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, რომ სულელია, მისი უფრო დიდი უბედურება ის არის, რომ იგი თავისი სისულელით კმაყოფილი და ბედნიერია. რაკი სულელურ და ჭკვიანურ აზრებს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს, საკუთარი სისულელე ჭკუის დემონსტრირება ჰგონია და ამით არამხოლოდ თავს იწონებს, შინაგანადაც ტკბება. ერთი სიტყვით, ზუსტად ისაა, რასაც რუსებმა ასე კარგად მიგნებული სახელი დაარქვეს.

ძნელია, მამუკა ხაზარაძის ამ “პოლიტიკური ნააზრევიდან” რომელიმე ეპიზოდის ამორჩევა, ვინაიდან იგი თავიდან ბოლომდე ერთი დიდი “ბალვანური შედევრია”. მიუხედავად ამისა, მისი მოხსენების დასკვნითი ნაწილი, რომელშიც პარტია ლელოს პოლიტიკური კრედოა გაცხადებული, მაინც გამორჩეული მეჩვენება. აი ისიც (სტილი დაცულია):

“ჩვენმა სადეპუტატო ჯგუფმა წარადგინა კანონპროექტი 9 პუნქტი, რომელსაც ჰქვია საქართველოს დაცვის აქტი. და მე მინდა ჩამოვთვალო და გაგიზიაროთ თითოეული პუნქტი თქვენთან ერთად და გავიგო, რამდენად ეთანხმებით თქვენ მას. ეს კანონპროექტი, რა თქმა უნდა, “ქართულმა ოცნებამ” დაბლოკა და თაროზე შემოდო. არამარტო დაბლოკა ეს, არამედ, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია მათ ლიდერებში, ეს, როგორ შეიძლება ამის გაკეთება?!

პირველი პუნქტი არის შემდეგი: კანონი ხელახლა აწესებს, უწესებს მკაცრ ვიზებს რუსებს, რათა მათ არ წალეკონ საქართველო! მეთანხმებით? (ერთსულოვანი ტაში).

მეორე პუნქტი: საქართველოში რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეზღუდოს მუშაობის უფლება. ჩვენ გვჭირდება მეტი სამუშაო ადგილი ქართველებისთვის! მეთანხმებით? (ტაში).

მესამე პუნქტი: ვერც ერთი რუსი ვერ იყიდის ჩვენს მიწას, სანამ რუსი ოკუპანტია! მეთანხმებით? (ტაში. ოვაციები).

მეოთხე პუნქტი: საქართველოში რუსული ნომრებით მანქანების შემოყვანა-რეგისტრაცია უნდა აიკრძალოს! მეთანხმებით? (ოვაციები).

მეხუთე პუნქტი: ჩვენ ავკრძალავთ რუსული კომპანიების საქართველოს სახელმწიფო კომპანიებში მონაწილეობას! “ქართული ოცნება” ჩვენი გადასახადის გადამხდელებისგან მოსკოვში მილიონებს გზავნის. ეს უნდა შევაჩეროთ! მეთანხმებით? (ტაში. აპლოდისმენტები).

მეექვსე პუნქტი: ჩვენ დავაწესებთ დამატებით გადასახადებს რუსული ბიზნესისთვის და შევუერთდებით ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რათა რუსეთმა გადაიხადოს ფასი სხვა ქვეყნებში შეჭრისთვის (ტაშმა დაასწრო შეკითხვას – მეთანხმებით?).

მეშვიდე პუნქტი: ჩვენ ავკრძალავთ საქართველოში რუსული ფონდების მუშაობას, რომელიც რუსული დეზინფორმაციისა და ოკუპაციის შემადგენელი ნაწილია! მეთანხმებით? (ტაში).

მერვე პუნქტი: ჩვენ ავკრძალავთ საქართველოში რუსული ტელეარხების მაუწყებლობას! “ქართული ოცნება” თვლის, რომ კარგია მივცეთ ჩვენ ოკუპანტებს ჩვენი ხალხის გონების მოწამვლის ლიცენზია. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ძალიან ცუდი და ეს უნდა აიკრძალოს! (მქუხარე ტაში).

და ბოლოს, ჩვენი აქტის მეცხრე პუნქტი: ჩვენ დაუყოვნებლივ შევწყვეტთ პირდაპირ ფრენებს რუსეთთან! (ტაში, ოვაციები).

დიდი მადლობა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ესეთი მხარდაჭერა ექნებოდა ამ ჩვენს ინიციატივას!”

მამუკა ხაზარაძის ეს ნაბოდვარი, მართალია, თავიდან ბოლომდე ერთი დიდი სისულელეა, მაგრამ არამხოლოდ. ამ ნაბოდვარში სისულელეზე მეტი ვერაგობაა – საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დიდი ვერაგობა. ეს ის ვერაგობაა, რომელიც პატრიოტიზმით არის შეფუთული, მაგრამ ქვეყნის დაღუპვის წინაპირობებს შეიცავს. ანალოგიური ვერაგობის მსხვერპლია უკრაინა, რომელიც ქვეყნის დამაქცევარი პრეზიდენტების – იუშჩენკოს, პოროშენკოსა და ზელენსკის ცრუპატრიოტულმა მოღვაწეობამ სისხლისგან დაცალა და მიწასთან გაასწორა.

მამუკა ხაზარაძე

ხაზარაძის მიერ ყრილობაზე გაკეთებული განცხადებები ზუსტი გამეორებაა იმისა, რასაც ფაშისტი ზელენსკი უკრაინაში რუსებისა და რუსეთის შესახებ გაჰყვირის.

შეადარეთ:

მამუკა ხაზარაძე: “კანონი ხელახლა უწესებს მკაცრ ვიზებს რუსებს, რათა მათ არ წალეკონ საქართველო!”

ვლადიმერ ზელენსკი: “საკუთარ მიწაზე რუსული პასპორტის მქონე ადამიანების მიღება, მით უფრო, ფორმალურად თუ არაფორმალურად რუსეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებულებისა, საშიშროების შემცველია”.

მამუკა ხაზარაძე: “ჩვენ ავკრძალავთ რუსული კომპანიების საქართველოს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას!”

ვლადიმერ ზელენსკი: “დაბლოკეთ რუსული უძრავი ქონება – იახტები, კომპანიები!”

მამუკა ხაზარაძე: “ჩვენ ავკრძალავთ საქართველოში რუსული ტელეარხების მაუწყებლობას!”

ვლადიმერ ზელენსკი: “უნდა აიკრძალოს რუსეთის პროპაგანდისტული არხები!”

მამუკა ხაზარაძე: “ვერც ერთი რუსი ვერ იყიდის ჩვენს მიწას, სანამ რუსი ოკუპანტია!”

ვლადიმერ ზელენსკი: “ოკუპანტების მიმართ ვერ გვექნება ისეთივე დამოკიდებულება, როგორიც სხვების მიმართ!”

აშკარაა, რომ ერთი “შპარგალკიდან” გადაწერილი ტექსტებია. “შპარგალკა” ამერიკულია, გადმოწერა კი ერთ შემთხვევაში ქართულია, მეორე შემთხვევაში – უკრაინული. “შპარგალკის” დამწერებიც და გადმომწერებიც ფაშისტები არიან. გადმომწერთა შორის განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ უკრაინელი გადმომწერი (ზელენსკი) ხელისუფლების სათავეშია, ქართველი გადმომწერი (ხაზარაძე) მხოლოდ ემზადება ხელისუფლებაში მოსასვლელად. უკრაინის ხელისუფლებაში ფაშისტ ზელენსკის მოსვლამ უკრაინელ ხალხს რაც მოუტანა, ვხედავთ. ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ხაზარაძის მსგავსი ფაშისტების მოსვლა საქართველოს ხელისუფლებაში აქაც ისეთივე შედეგს მოიტანს, როგორიც უკრაინაში მოიტანა, თუმცა, იმედია, ხაზარაძის პრეზიდენტობა საქართველოს არ ემუქრება, ვინაიდან ამ ყოვლად არასერიოზულ ეპოქაშიც კი ხაზარაძე (მისი ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად) მეტისმეტად არასერიოზულად და შეუფერებლად გამოიყურება სახელმწიფო მოღვაწეობისთვის. ამერიკული “შპარგალკიდან” გადმოწერილი მთელი მისი რიტორიკა ისევ ამერიკელებისკენ არის მიმართული, – ნახეთ, როგორი რუსოფობი და როგორი ამერიკული ვირთხა ვარო. დღევანდელ საქართველოში მე ყველაზე მეტად ვარ ის, ვისაც თქვენ “ჩვენს ძაღლისშვილს” უწოდებთო. აი, ამ მესიჯებს გზავნის იგი საქართველოს ამერიკელი კურატორების მისამართზე, რათა მათ მოწყალე თვალით გადმოხედონ მის “პოლიტიკურ მოღვაწეობას”. იმდენს კი ვერ ფიქრობს ხაზარაძე, რომ მისი ბიოგრაფიისა და ავტორიტეტის მქონე კაცს სახელმწიფოს სათავეში ამერიკელებიც კი ვერ მოიყვანენ, თუნდაც თავიანთი ბინძური მექანიზმები და პოლიტტექნოლოგიები ერთდროულად აამოქმედონ მის სასარგებლოდ.

ხაზარაძეს იმდენიც არ ესმის, რომ მისი “9 პუნქტი”, ამერიკელებს თუნდაც მალამოდ ეცხოთ გულზე, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ქართველი საზოგადოება ახლა ერთი იმედით სუნთქავს – საქართველო, დღეს თუ ხვალ, გაასწორებს ოცდაათწლიან აცდენას ისტორიული კურსიდან, რომელმაც ტერიტორიულ რღვევას დაუდო სათავე, და რუსეთთან ურთიერთობაში დიალოგისა და პარტნიორობის სრულიად ახალ ფორმატზე გადავა, რაც ბოლო ათწლეულში დღევანდელი ხელისუფლების დიდი ძალისხმევით მოპოვებულ მშვიდობას შეგვანარჩუნებინებს და წინსვლის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ეკონომიკური აღორძინების პერსპექტივას გააჩენს. დიდი წვალებისა და ტანჯვის შემდეგ საქართველოში უკვე ყალიბდება ჯანსაღი საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრი, რომ რუსეთთან მტრობისა და კონფრონტაციის გზა დამღუპველია არამხოლოდ პატარა და დაუცველი სახელმწიფოებისთვის, არამედ თვით აშშ-ისა და ევროკავშირისთვისაც. ბოლო ოცდაათწლიანმა ისტორიამ არამხოლოდ ის გვიჩვენა, რომ რუსეთთან დაპირისპირების გზა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული და გამოუსწორებელი ზიანის მომტანია, არამედ ისიც, რომ ამ დაპირისპირებაში დასავლეთის იმედად ყოფნა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის გაწირვას ნიშნავს, ამიტომ ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ ახალი საზოგადოებრივი განწყობის საწინააღმდეგოდ ივლის, ავტომატურად აღმოჩნდება ისტორიისა და პოლიტიკის სანაგვეზე. დასავლური პოლიტიკა უკრაინაში დამარცხებით არა მხოლოდ ამ ერთ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში, არამედ სრულიად მსოფლიოში მარცხდება. ამერიკულმა, ძველმა, ძალმომრეობაზე დამყარებულმა, ერთპოლუსიანმა და ჰეგემონისტურმა პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა. ეჭვგარეშეა, რომ აშშ-ში მომავალ წელს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები ამ კრახის კულმინაცია და ლოგიკური დასასრული იქნება.

ამ პირობებში ქართველ ხალხს საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვას ჰპირდებოდე, იმას ნიშნავს, რომ ამ ეპოქისა არაფერი გესმის და არაფერი გაგეგება. საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენა ქართველი ხალხისთვის ხელოვნურად შექმნილი უზარმაზარი დისკომფორტის მოხსნა და შვების მომტანი გადაწყვეტილება იყო, რომელსაც ამ პროცესში ჩართულმა ადამიანებმა სწორი მოქმედებებით, მოქნილი სახალხო დიპლომატიითა და მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკით მიაღწიეს. ეს ორ ხალხს შორის ბუნებრივი მდგომარეობის აღდგენა იყო, რომელზეც გადის საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისა და მისი ტერიტორიული გამთლიანების გზა. ხაზარაძის მსგავსი პოლიტიკოსები კი ცდილობენ, ხალხი კვლავ აბუჩად აიგდონ და აიძულონ ადამიანები, რომ მოსკოვსა თუ პეტერბურგში მესამე ქვეყნებიდან იფრინონ მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ვაიპოლიტიკოსები საკუთარი მერკანტილური ინტერესების დაკმაყოფილებას ხალხის მდგომარეობის გაუარესებით ცდილობენ.

მართლაც, როგორი თვითკმაყოფილი ყეყეჩი უნდა იყო, ქართველი ხალხისთვის საზიანო ამ ლოზუნგების წამოყრანტალებაზე სახალხო მხარდაჭერის მოპოვების იმედს რომ აფუძნებდე. სასაცილოა, ხაზარაძე ხალხს ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან გაძევებას რომ ჰპირდება. ივანიშვილი მსოფლიო დონის ბიზნესმენი და მსოფლიო დონის ქველმოქმედიცაა. იმას კი, რითაც ხაზარაძეს შეუძლია იამაყოს, ყველა დროში ყველაზე სამარცხვინო სახელი – მევახშეობა ერქვა, რაც საკუთარი კაპიტალით ხალხის ძარცვას ნიშნავს. ივანიშვილისა და მისი გუნდის მიერ გაკვალულმა პოლიტიკურმა გზამ საქართველოს მშვიდობა მოუტანა. ხაზარაძე და მისი გუნდი კი ქვეყანას ზელენსკის გზით წათრევას უპირებენ, რასაც სისხლისა და ცრემლის მდინარეები უნდა მოჰყვეს.

ხაზარაძის პარტიის ყრილობა და მისი ცხრაპუნქტიანი ბოდვა ნათელი დასტური და უნებლიე აღიარება იყო საკუთარი პოლიტიკური სიბეცისა და სიბერწისა, ანუ იმისა, რომ მათგან სასარგებლო ნაყოფს ვერ მივიღებთ. “ეკრძალეთ ცრუ წინასწარმეტყველთ, რომლებიც მოვლენ თქვენთან ცხვრების სამოსით, ხოლო შიგნით არიან მტაცებელი მგლები. თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ; განა ეკალზე კრეფენ ყურძენს, ან ნარზე ლეღვს? ასე, ყველა ვარგის ხეს ვარგისი ნაყოფი გამოაქვს, და ყველა უვარგის ხეს უვარგისი ნაყოფი გამოაქვს. არ შეუძლია ვარგის ხეს უვარგისი ნაყოფის გამოღება და უვარგის ხეს ვარგისი ნაყოფის გამოღება. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს ვარგის ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა” (მათე, 6-7).

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here