ტრამპის გადიფსთეითება

    ტრამპის გადიფსთეითება

    მალაიზია, იაპონია, სამხრეთ კორეაასეთი იყო ტრამპის აზიური ტურნე, რომელმაც საბოლოოდ წარმოაჩინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ისევე როგორც „დიფ სთეითი“, ვერ ეგუება მრავალპოლუსიანი მსოფლიოს იდეას, ანუ ამერიკული ჰეგემონიზმის მზის ჩასვენებას. ტრამპი, სადაც უნდა იყოს, ყველგან იმპერატორივით იქცევა, მბრძანებლის პოზაში დგება და მეფურ გამომეტყველებას იღებს. მართალია, ხანდახან წაუცეკვებს, რაც მის სამეფო იერს, ერთი შეხედვით, ეწინააღმდეგება და ლახავს კიდეც, მაგრამ, მეორე მხრივ, პირიქით – ეს ზედმეტი თავისუფლება ხაზს უსვამს მის „ერთადერთობასა და განუმეორებლობას” ამ პლანეტაზე.

    სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტზე (ASEAN) დასწრების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მალაიზია „დიდ და ენერგიულ ქვეყანად” გამოაცხადა, კუალა ლუმპური დატოვა და გეზი ტოკიოს მიმართულებით აიღო. გამოცემა „პოლიტიკო” არცთუ უსაფუძვლოდ აცხადებს, რომ ტრამპი იაპონიაზე ზეწოლას ცდილობს, რათა ქვეყანამ ეროვნული თავდაცვის ხარჯები გაზარდოს და აშშ-იაპონიას შორის სავაჭრო ურთიერთობების რეორიენტაცია მილიარდობით დოლარის ახალი ინვესტიციებით უზრუნველყოს.

    იაპონია ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და წყნარი ოკეანის რეგიონში ურთიერთდაცვითი პაქტის მეშვეობით აშშ-ის გეოსტრატეგიის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რომელიც გულისხმობს იაპონიის უსაფრთხოების დაცვას აშშ-ის ბირთვული ქოლგით. ეს კი განაპირობებს აშშ-ის სამხედრო ბაზებს იაპონიის ტერიტორიაზე.

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და იაპონიის პრემიერმინისტრი სანაე ტაკაიჩი ტოკიოში მოლაპარაკების შედეგად შეთანხმდნენ სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ხელი მოაწერეს დოკუმენტს იშვიათი მინერალების შესახებ და ორი სახელმწიფოს ურთიერთობებში ახალი „ოქროს ხანის“ დაწყება გამოაცხადეს. 28 ოქტომბერს გამართული შეხვედრისას ტრამპმა და ტაკაიჩიმ ერთმანეთის მიმართ კომპლიმენტებიც არ დაიშურეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ სანაე ტაკაიჩი იაპონიის პირველი ქალი პრემიერმინისტრია. მან განაცხადა, რომ ეს დიდი მიღწევაა და ტაკაიჩი ერთ-ერთი უდიდესი პრემიერი გახდება. იაპონიის პრემიერმინისტრმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა ტრამპის მშვიდობისმყოფელობას. თეთრი სახლის პრესმდივნის კეროლაინ ლივიტის ინფორმაციით, სანაე ტაკაიჩიმ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას თქვა, რომ მას ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგენენ.

    დასავლური პრესა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ იაპონიისა და შეერთებული შტატების შეთანხმება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მინერალებისა და იშვიათი ელემენტების მიწოდების შესახებ მიზნად ისახავს ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებას, რაშიც იგი, პრაქტიკულად, მონოპოლისტია.

    ტოკიოში ხელმოწერილი დოკუმენტით უახლოეს ექვს თვეში მხარეები ერთობლივად განსაზღვრავენ პრიორიტეტულ პროექტებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მაგნიტების, აკუმულატორების, კატალიზატორებისა და ოპტიკური მასალების წარმოება და შექმნიან ძირითადი მინერალების სტრატეგიულ მარაგებს. ეს ელემენტები თანამედროვე ტექნიკისა და იარაღის წარმოებას სჭირდება. ტოკიოში მოლაპარაკებისა და სადილის შემდეგ ტრამპი და ტაკაიჩი იმყოფებოდნენ იაპონიის დედაქალაქის მახლობლად მდებარე ამერიკულ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე, სადაც დისლოცირებულია ავიამზიდი „ჯორჯ ვაშინგტონი“. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იაპონიის პრემიერმინისტრთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ავტომწარმოებელი „ტოიოტა“ ამერიკაში ახალი ქარხნების აშენებას აპირებს და ამ მიზნით ათ მილიარდ დოლარზე მეტს დახარჯავს. ტრამპმა ამერიკელ სამხედროებს ურჩია, „ტოიოტას“ ავტომობილები შეიძინონ. ამ წლის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად იაპონური პროდუქციის იმპორტი 15%-ით დაიბეგრება და არა 25%-ით, როგორც ტრამპი გეგმავდა. სანაცვლოდ, იაპონიამ აიღო ამერიკის ეკონომიკაში 550 მილიარდი დოლარის ინვესტირებისა და ამერიკული პროდუქციის იმპორტის გაზრდის ვალდებულება.

    იაპონიის შემდეგ დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეას ეწვია, სადაც გაიმართა მისი შეხვედრა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან. აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთის ლიდერთან შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „ის დიდი ლიდერია“. მისი თქმით, სი ძინპინთან საოცარი შეხვედრა გამართა. „ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის დასრულებამდე მივედით და მალე გაგაცნობთ მათ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა და დასძინა, რომ ვაშინგტონი და პეკინი ბევრ რამეზე შეთანხმდნენ. „აშშ დაუყოვნებლივ შეამცირებს ტარიფებს ყველა ჩინურ საქონელზე, რომლებიც მანამდე დაწესდა ფენტანილის ქიმიური ინგრედიენტების შემოდინების საპასუხოდ”, – განაცხადა მან. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთი დაიწყებს დიდი რაოდენობით სოიოს შესყიდვას. ამასთანავე, დონალდ ტრამპის თქმით, „იშვიათი მინერალების ვაჭრობის საკითხი გადაწყდა”, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტს დეტალებზე არ უსაუბრია. ტრამპმა თქვა, რომ ახლა არის შესაფერისი დრო, აშშ-მა განაახლოს ბირთვული იარაღის ტესტირება, რადგან სხვა მსხვილმა ქვეყნებმა ეს უკვე დაიწყეს.

    უკრაინის საკითხზე საუბრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სი ძინპინთან შეთანხმდა ამ მიმართულებით ერთად მუშაობაზე: „უკრაინის საკითხზე ერთად ვიმუშავებთ, ვთანხმდებით, რომ მხარეები ბრძოლაში არიან ჩართულნი და ვფიქრობ, ზოგჯერ მათ ბრძოლის უფლება უნდა მისცე, თუმცა უკრაინასთან დაკავშირებით ერთად ვიმუშავებთ“. მისივე თქმით, 2026 წლის აპრილში ეწვევა ჩინეთს, ხოლო სი ძინპინი ვაშინგტონს ამ ვიზიტის შემდეგ ეწვევა. ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, ათქულიანი შეფასების შემთხვევაში შეხვედრას როგორ შეაფასებს, რაზეც ტრამპმა თქვა, რომ „დიდი წარმატება“ იყო.

    პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა გამართა იაპონიის იმპერატორმა ნარუხიტომ. დამშვიდობებისას ტრამპმა ჟურნალისტებს იმპერატორზე მიუთითა და ამაყად განაცხადა: „დიდი ადამიანი”. ეს მან საიმპერატორო და სამეფო ჟესტით გააკეთა, რითაც მიანიშა: მსოფლიოს ერთი იმპერატორი, ერთი მეფე და ერთი პრეზიდენტი ჰყავს – დონალდ ტრამპი. მე ვარ მბრძანებელი მსოფლიოსი! – აცხადებდა ტრამპის ყოველი ჟესტი, ყოველი მიმიკა, ყოველი მიხვრა-მოხვრა და ის ტლანქი ცეკვაც კი, რომელსაც ტრამპის ცეკვა უკვე უწოდეს, რაც ქართულ თარგმანში, ალბათ, ასე იქნება – ცეკვა ტრამპული.

    ახლა ის ეპოქაა, რომ ადვილად შეიძლება იმპერატორისა და, თუ გნებავთ, მსოფლიო მბრძანებლის გვირგვინის მორგება, მაგრამ ის ეპოქაცაა, როცა ადვილად შეიძლება ამ გვირგვინით დამშვენებული პიროვნების ეჭვქვეშ დაყენებაც და გაქილიკებაც. სამხრეთ კორეაში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქალაქ კიონჯუში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ათეულმა დემონსტრანტმა პოლიციის ბარიერი გაარღვია და ეროვნული მუზეუმის ტერიტორიაზე შეჭრა სცადა, სადაც დონალდ ტრამპისა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტ ლი ჯე ნის შეხვედრა უნდა გამართულიყო. აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ პლაკატები წარწერით: „არა ტრამპს!“ ამჯერად ეს პლაკატი ნიშნავს – არა ერთპოლუსიან მსოფლიოს! არა ამერიკულ ჰეგემონიზმს! არა „დიფ სთეითს“! არა ტრამპის გადიფსთეითებას! ეს პლაკატი („არა ტრამპს!”) იმიტომ გაჩნდა, რომ ტრამპის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას „დიფ სთეითთან“, სამწუხაროდ, ცუდი პირი უჩანს: იგი ტრამპის გადიფსთეითებით დასრულდება.

    იქიდან შორს კი, სადაც სხვა პოლუსი, სხვა საიმპერატორო, სხვა სამეფო და სხვა საპრეზიდენტოა, შეიარაღების ისეთ სახეობებს ამზადებენ და ააქტიურებენ, რომელთა სახელებიც კი შიშის მომგვრელია ათასი ჯურის ყალბი თუ ნაღდი იმპერატორებისთვის: „ორეშნიკი“, „იარსი“, „სარმატი“, „პოსეიდონი“, „ბურევესტნიკი“… ამ ფონზე მსოფლიო იმპერატორის თუ მსოფლიო მბრძანებლის როლის მორგება ფსიქიატრიის იმდენად აშკარა ელემენტებს შეიცავს, რომ საბოლოოდ ტრაგიკომიკური იერით იმოსება და ერთგვარი სიბრალულის გრძნობასაც აჩენს. დასავლურ პრესაში (Atlantic) უკვე გაჩნდა პირველი შეფასებაც: „ტრამპი საბოლოოდ დაიბნა ბირთვულ საკითხებში”. კაცმა რომ თქვას, მსოფლიოს თვითმარქვია მბრძანებელი არც არაბირთვულ საკითხებში ბრწყინავს, მაგრამ Atlantic-ი ჯერჯერობით მხოლოდ ბირთვულ საკითხებში გამოვლენილ არაკომპეტენტურობას შეეხო.

    ვალერი კვარაცხელია

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here