Home ახალი ამბები საქართველო თემურ ფიფია: საქართველომ უნდა მოიშოროს სტალინის ძეგლის შეურაცხყოფის სირცხვილი

თემურ ფიფია: საქართველომ უნდა მოიშოროს სტალინის ძეგლის შეურაცხყოფის სირცხვილი

“ჩინეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილს ერთხელაც არ უხსენებია სტალინი, არ უთქვამს, რომ საქართველო სტალინის სამშობლოა”

519

ქობულეთის მერმა ლევან ზოიძემ რამდენიმე დღის წინათ სტალინისა და პუშკინის სახელობის ქუჩებისთვის სახელის გადარქმევა გადაწყვიტა. ზოიძის ამ გადაწყვეტილებას მოსახლების გარკვეული ნაწილის აღშფოთება მოჰყვა აჭარაშიც და დანარჩენ საქართველოშიც. ქართველთა აღშფოთება ვერ გაიგო ევროპარლამენტარმა, ვინმე მირიამ ლექსმანმა, რომელმაც განაცხადა: “კვლავაც მაბნევს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ, კვლავაც ხდება ისტორიაში ყველაზე გამოჩენილი ტირანის, სტალინის, განდიდება”…

ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე სოციალისტური მოძრაობის კოორდინატორი თემურ ფიფია გვესაუბრება:

_ სტალინის ლანძღვა საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად ნიკიტა ხრუშჩოვის ყოფნის პერიოდში დაიწყო. სტალინს უკიდეგანო სახელი და დიდება ჰქონდა მსოფლიოში. დასავლეთმა ცივი ომის დროს დაიწყო მისი სახელის შებღალვა, ამას ხელი შეუწყო ხრუშჩოვმა. გადაწყვიტეს, ხალხი დაეჯერებინათ, რომ სტალინი ტირანი იყო. მოკლედ, ეს ამბავი არახალია…

_ ახლა თქვენ წინ რომ იჯდეს ევროპარლამენტარი, ქალბატონი მირიამ ლექსმანი, რომელიც შეშფოთებააღშფოთებას ვერ მალავს, საქართველოში ტირან სტალინს განადიდებენო, რას ეტყოდით? სტალინი რომ არა, სად იქნებოდა თვითონ და მისი ოჯახი?

 _ რომ არა “ტირანი სტალინი”, ევროპა ვერ გადარჩებოდა, ფაშიზმი გაანადგურებდა. ჰიტლერს ევროპა უკვე დაპყრობილი ჰქონდა… ამ ქალბატონის გვარი გერმანელი ებრაელის გვარს ჰგავს, უმადურია ეს მირიამ ლექსმანი.

_ ქობულეთის მერმა ლევან ზოიძემ სტალინისა და პუშკინის ქუჩებისთვის სახელის გადარქმევა გადაწყვიტა, ამას მოსახლების გარკვეული ნაწილის წინააღმდეგობა მოჰყვა და ამ ფაქტს გამოეხმაურა ეს ევროპარლამენტარი ქალბატონი..

_ ამ ლევან ზოიძესაც, ალბათ, დიდძალი ფული ექნება აღებული ქუჩებისთვის სახელის გადარქმევაში. ეს მიზანმიმართულად ხდება, რათა სტალინის სახელი გაქრეს საქართველოში და არა მხოლოდ აქ.

ეს ყველაფერი საქართველოში დაკავშირებულია წინა რეჟიმთან, რომლის მიერ მიღებული კანონის საფუძველზეც აიკრძალა კომუნისტური იდეოლოგია, სიმბოლიკა  და ა.შ. სწორედ ეს კანონი იძლევა სტალინის სახელის გაქრობის შესაძლებლობას. რაც შეეხება პუშკინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას, ეს უკვე რუსოფობიაა და მეტი არაფერი, რაც იმის ნიშნავს, რომ სურთ, უფრო დავშორდეთ რუსეთს და მტრად ვექცეთ.

_ საქართველოს პრემიერმინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია, იქ საქართველოსა და ჩინეთს შორის მრავალმიმართულებიანი პარტნიორული ხელშეკრულება გაფორმდა. ამ ფაქტით ძალიან ამაყობს ხელისუფლება. საინტერესოა, რას იზამს ქართული მხარე, თუ ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ჩამოვლენ იმ სიმბოლოებით, რომლებიც ჩვენთან აკრძალულია

 _ ჩინეთის გერბი და დროშა არის კომუნისტური და მათი იდეოლოგია არის კომუნისტური. სი ძინ პინი არის კომუნიტური პარტიის ლიდერი და სწორედ მას შეხვდა ჩვენი პრემიერი ღარიბაშვილი. ჩინეთის კომპარტიაში 95 მილიონი წევრია. სი ძინ პინი კომუნისტი და მარქსისტია. რა თქმა უნდა, იდეოლოგია, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია გამეფებული, ეწინააღმდეგება ჩინეთის იდეოლოგიას, რაც აუცილებლად წინ დახვდება საქართველოს და პირადად ირაკლი ღარიბაშვილს. თუ ჩვენ მართლა გვინდა, პარტნიორული ურთიერთობა დავამყაროთ ჩინეთთან, აუცილებლად უნდა შევცვალოთ ის კანონი, რომლითაც კომუნისტური იდეოლოგია და სიმბოლოები აკრძალულია.

_ ძალიან სამარცხვინო იქნება ჩვენთვის და ჩვენი ხელისუფლებისათვის, ჩინელებმა სტალინის ძეგლი პირქვედამხობილი რომ ნახონ

_ მივმართავ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, მიაქციოს ყურადღება ამ ფაქტს, შესთავაზოს საქართველოს ხელისუფლებას მოგვარება სტალინის ძეგლთან დაკავშირებული პრობლემისა, რომელიც აუცილებლად იჩენს თავს ორი ქვეყნის ურთიერთობაში.

 ჩინეთის რესპუბლიკაში არ ყოფილა ისეთი პერიოდი, სტალინი არ დაეფასებინოთ. 80 წელიწადია, საქართველო ვერ ამოვიდა სტალინის სახელის დაკნინების წუმპიდან, ჩინეთში კი არასოდეს შეუბღალავთ სტალინის სახელი. ჩინეთში თვლიდნენ და თვლიან, რომ სტალინი მსოფლიოს უდიდესი პოლიტიკური მოღვაწე იყო. მაო ძედუნი კი სტალინის საქმის გამგრძელებელი გახლდათ,  სი ძინ პინიც სტალინის პოლიტიკას ადგას, ჩინეთის პრეზიდენტი უბრუნდება იმ პოლიტიკას, რომელსაც მაო ძედუნი ატარებდა ჩინეთში, ხოლო სტალინი _ საბჭოთა კავშირში.

ჩვენ მოვისმინეთ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ, ჩინეთის ტელევიზიისთვის მიცემული. მას ერთხელაც არ უხსენებია სტალინი, არ უთქვამს, რომ საქართველო სტალინის სამშობლოა. როგორც ჩანს, შეკითხვები შეთანხმებული იყო და ასეც იქნებოდა, რადგან ჟურნალისტსაც არაფერი უკითხავს. ღვინის გარდა, რითაც პრემიერმა იამაყა, ჩვენ, ქართველებს, გვყავს პროლეტარიატის ბელადი, მსოფლიოში უდიდესი მხედართმთავარი სტალინი, რომლის დამსახურებაც არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კომუნისტური პარტიის ხელისუფლებაში მოსვლა, მაო ძედუნის მეთაურობით. ასეთი ფაქტის ხელიდან გაშვება არ შეიძლება, ასეთი ფაქტებით უნდა იამაყოს საქართველომ. სტალინის სახელი ქართველებს გვაძლევს საშუალებას, ჩინეთთან თანაბარი ურთიერთობები გვქონდეს… დიდი შეცდომაა სტალინის სახელის გამოუყენებლობა.

_ კიდევ რომელ ქვეყანაშია აკრძალული საბჭოთა სიმბოლოები? ამერიკაში, საზოგადოდ, დემოკრატიულ ქვეყნებში ასეთი აკრძალვა არ არის, იქ ვისაც სადაც უნდა, იქ შეუძლია იყოს, სწამდეს და სიმბოლოებიც გამოიყენოს

  _ მართალია, დემოკრატიულ ქვეყნებში არსად არ არის აკრძალული საბჭოთა სიმბოლიკა. ზუსტად ვიცი, რომ საბჭოთა სიმბოლოების გამოყენება აკრძალულია ფაშისტურ უკრაინაში, პოლონეთში, ბალტიისპირების ქვეყნებში. მოლდოვაშიც იყო, მაგრამ შეჩერდა.

 გერმანიაში პირველ მაისს გამოდიან წითელი დროშებით, ნამგალი და უროს სიმბოლოებით, ანალოგიური დროშებით გამოდიან 9 მაისსაც, ასევე გამოდიან საფრანგეთში, პორტუგალიასა და ბევრ ქვეყანაში. პორტუგალიაში სექტემბერში ტარდება კომუნისტური ძალების ფესტივალი დროშებითა და საბჭოთა სიმბოლიკით, მსგავსი რამ იგეგმება საბერძნეთშიც.

_ უკვე დიდი ხანია, რაც ხელისუფლება შეიცვალა. ყველას კარგად ახსოვს, ღარიბაშვილი პირველი პრემიერობის დროს გორში რომ ჩავიდა და დაპჰირდა მოსახლებას სტალინის ძეგლის დაბრუნებას

_ მართალია, სტალინის ძეგლის შეურაცხყოფის სირცხვილი საქართველომ უნდა მოიშოროს.

მთელი იმპერიალისტური სამყარო ებრძვის სტალინს, თავის დროზე ებრძოდა საბჭოთა კავშირს და ახლა უკვე რუსეთს. მათ სძულდათ ის სისტემა, რომელიც სტალინმა შექმნა _ ინდუსტრიული, კოსმოსური, ატომური სახელმწიფო, რომელშიც დამყარდა სოციალური სამართლიანობა და ამ  უმძლავრესი ქვეყნის მეთაური იყო სტალინი. ამას ებრძვიან, ეს უნდა გაქრეს. საქართველოს წინა ხელისუფლება აშშ-ის აგენტურას წარმოადგენდა და სტალინის სახელი მოსპო…მახსოვს ღარიბაშვილის გორში ჩასვლა პირველი პრემიერობისას, როცა ის მოსახლეობას სტალინის ძეგლის ძველ ადგილას დაბრუნებას დაჰპირდა

 ვიცი,  არც ის არის მომხრე სტალინის სახელის შეურახყოფისა; იცის, რომ უდიდესი ქართველი გვყავდა, იმასაც აცნობიერებს, რომ სტალინის დაუფასებლობა და მისი ძეგლის ძირს დაგდება სირცხვილია. 2010 წელს წინა რეჟიმმა საქართველოს დიდი სირცხვილი აჭამა სტალინის ძეგლის ჩამოდგებით და ეს სირცხვილი ღარიბაშვილმა უნდა მოსწმინდოს საქართველოს.

 ჩინეთიდან ჩამოსული ყველა სტუმარი სტალინის მუზეუმსა და სტამბას სტუმრობს, ისინი კითხულობენ ძეგლის ამბავს, ეს პრობლემა სასწრაფოდ არის მოსაგვარებელი და ტურისტების ნაკადიც ერთი-ორად გაიზრდება.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here