სხვადასხვა ქვეყნის ელჩები პრაიდის კვირეულის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის მადლობას უხდიან. ისრაელის ელჩი რან გიდორი შსს-ს მიერ განხორციელებულ სამუშაოებს სამაგალითოს უწოდებს.
„ვულოცავ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს, მიმდინარე წლის თბილისის პრაიდის კვირეულზე უსაფრთხოების ზომების სამაგალითოდ გატარებას. საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილი თანასწორობისა და მრავალფეროვნების ღირებულებების ეფექტურად დასაცავად გაერთიანებული იყო საგულდაგულო დაგეგმვა, სენსიტიური დიალოგი და შეუპოვარი ლიდერობა“,- წერს ტვიტერზე რან გიდორი.
გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი, ნიკ ბერესფორდი პოლიციელებს მადლობას უხდის.
„ვუერთდები შინაგან საქმეთა სამინისტროს და მისი პოლიციის მიმართ გამოთქმულ მადლობებს თბილისი პრაიდზე მყოფი ყველა პირის დასაცავად კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისთვის. ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში“,- წერს ბერესფორდი.
„ტვიტერის“ პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს საქართველოსა და სომხეთში ნორვეგიის ელჩი ჰელენე სანდ ანდერსენი და შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა პოლიციელს მადლობას უხდის.
„ვულოცავ „თბილისი პრაიდს“ შესანიშნავ კვირეულს თბილისში! სასიამოვნოა თქვენთან ყოფნა ფესტივალზე საქართველოში. მადლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა პოლიციელს კარგად შესრულებული სამუშაოსთვის, ხალხის უსაფრთხოების დაცვისთვის. ეს ადამიანის უფლებების გამარჯვებაა.“ – წერს ჰელენე სანდ ანდერსენი.
საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი დადებითად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობას.
„ვულოცავ თბილისი პრაიდს დიდებულ კვირეულს, ამაღელვებელს, ღრმა აზროვანს, სადღესასწაულოს. მინდა, შევაქო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაწეული სამუშაოსთვის, ქვეყნის კონსტიტუციისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მედგარი დაცვისთვის. დისკრიმინაციის წინააღმდეგ და ყველას, მათ შორის LGBTQ+ უფლებებისთვის ბრძოლა მთავარია“,- წერს დიეგო კოლასი.
პრაიდის კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებს „ტვიტერის“ გვერდზე ეხმიანება საქართველოში ნიდერლანდების ელჩი მაიკე ვან კოლდამი.
„ვზეიმობთ თანაბარ უფლებებს ყველასთვის, ვზეიმობთ თბილისის პრაიდის ფესტივალს და საქართველოში 2022 წლის პრაიდის კვირეულის წარმატებით დასრულებას. ვულოცავ ღონისძიების ორგანიზატორებსა და თბილისი პრაიდის გუნდს, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და ფუნდამენტური უფლებების დაცვისთვის“, – წერს ნიდერლანდების ელჩი.