Home ახალი ამბები საქართველო „სტრატეგიული პარტნიორები“ გვეუბნებიან, რომ ის ტოტი უნდა  მოვჭრათ, რომელზეც ვზივართ

„სტრატეგიული პარტნიორები“ გვეუბნებიან, რომ ის ტოტი უნდა  მოვჭრათ, რომელზეც ვზივართ

ევროკავშირი თავის ბაზარზე არ გვიშვებს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ჯიუტად ვაცხადებთ, რომ ალტერნატივა სწორედ ეს არის… დასავლეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობოებს, ევროპელ პარტნიორებს, ამერიკელებსა და ოპოზიციას სურთ ერთადერთი რამ - ჩავეხსნათ რუსულ ბაზარს და, ეკონომიკა წელში რომ გადატყდება, საქართველოში ეკონომიკური კრიზისი კი არა, შიმშილი დაიწყება. ეს მოსახლეობას აიძულებს, ქუჩაში გამოვიდეს და ეს იქნება ხელისუფლების ცვლილების რეალური საფუძველი; ეს არის მთავარი მიზანი, რომლისკენაც ცდილობენ ხელისუფლების წაყვანას

232

მართალია, საჯაროდ  არავინ ამბობს, მაგრამ  დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ ქართული ეკონომიკა თითქმის მთლიანად არის მიბმული რუსულ ბაზარზე და საქართველო სწორედ რუსეთით სულდგმულობს. აქ საუბარი არ არის მხოლოდ იმაზე, რომ რუსეთიდან შემოგვაქვს პურის გამოსაცხობად საჭირო ხორბლისა თუ ფქვილის 100%, არც იმაზე, რომ რუსული ნავთობპროდუქტები ყველაზე იაფია და ქართულ ბაზარზე მათი ხვედრითი წილი იზრდება. საუბარია იმაზეც, რომ ქართველი გლეხები თუ ფერმერები  ჭარბი პროდუქციის უდიდეს ნაწილს  სწორედ რუსულ ბაზარზე ყიდიან და მხოლოდ მცირე ნაწილი მიდის ევროპაში, ამერიკაში კი…  შტატებში გაგზავნილი პროდუქცია იმაზე ნაკლებია, ვიდრე დეზერტირების  ბაზარში ვაჭრობენ დღეში გლეხები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მორიგი კვლევა გამოაქვეყნა და საზოგადოებას საგანგაშო ფაქტის შესახებ ამცნო: თურმე 2022 წლის პირველ 9 თვეში რუსეთიდან საქართველოში 1 მილიარდ 135 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წლის მთლიან მაჩვენებელზეც კი მეტია.  წლის ბოლომდე ეს რიცხვი უფრო გაიზრდება. ახლა მთავარი ისაა, რას ხედავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ამ ყველაფერში საგანგაშოს. გაგიკვირდებათ და, ძალიან ცუდი ყოფილა, ასე რომ ვართ დამოკიდებული რუსეთზე და ეს როგორმე უნდა გამოვასწოროთ. აღნიშნული ორგანიზაცია არ დაგვზარდა და რეკომენდაციებიც კი გასცა, როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო.

„რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად და საჩქაროდ უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომლებთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხელშეკრულებების რეალური დადებითი ეფექტი გრძელვადიანია, საქართველოს შეუძლია, უფრო აქტიურად მოითხოვოს სტრატეგიული პარტნიორებისგან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაჩქარება“, – წერია დასკვნაში.

როგორია? ხომ ხეთქავს ქვას? და ამ ორგანიზაციას წარმოდგენა თუ აქვს, რას ნიშნავს „სტრატეგიული პარტნიორი“ და დღეს ვინ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი? ევროპის რომელმა ქვეყანამ მოისურვა და გააკეთა საქართველოს ვაჭრობის განვითარებისთვის რამე? რომელმა ქვეყანამ დაუთმო ქართულ პროდუქციას დახლი? არც ერთმა!  და, თუ სადმე რამე იყიდება, სიმბოლურად, მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ სწორედ ეს – „სტრატეგიული პარტნიორობა“ წამოგვაძახონ, თორემ,  ევროპის ქვეყნები ქართულ პროდუქციას  წლის განმავლობაში რამდენსაც ყიდიან, იმაზე მეტს მოსკოვში ერთი სუპერმარკეტი ვაჭრობს.

მეტიც, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იმასაც ურჩევს ხელისუფლებას, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიები (გრანტი, შეღავათიანი კრედიტი და სხვ.) არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის…“ თურმე ასეთი ნაბიჯი საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას აამაღლებს… ესეც გრძელვადიან პერსპექტივაში.

საზოგადოდ, გრძელვადიან პერსპექტივებს ძალიან მიგვაჩვია დასავლეთმა. ევროპა ევროკავშირში მიღებას დაარსების დღიდან გვპირდება, ნატო კი… ნატო, 30 წელია, გვეუბნება: კარი ღია გვაქვს, შემოდითო, მაგრამ კართან მისულებს უკან გვაბრუნებს. რაც მთავარია, როგორც ევროკავშირის, ისე ნატოს წევრობა საქართველოსთვის არარეალურია და ამას პირდაპირ ამბობენ ის ყოფილი ლიდერები და მაღალჩინოსნები, რომლებსაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღარ აკისრიათ. ის, რომ თურმე რუსეთზე დამოკიდებულება ნულამდე უნდა დავიყვანოთ, პირველად ამერიკელებმა გვითხრეს, მერე – ევროპელებმა; მერე სააკაშვილმა სცადა ამის გაკეთება და ევროპის ქვეყნების ლამის ყველა დედაქალაქში სუპერმარკეტებში თავად ჩამოარიგა ქართული პროდუქცია, ჭამა კიდეც ხალხის დასანახავად, მინერალური წყალიც დალია, მაგრამ იმ მხარდაჭერის ფონზეც კი, რომელიც მიშას ჰქონდა, ვერც ამერიკულ და ვერც ევროპულ ბაზარზე ქართულმა პროდუქციამ ფეხი ვერ მოიკიდა. სწორედ სააკაშვილის ხელისუფლებამ გააუქმა ერგნეთის ბაზრობა, ადგილი, სადაც ქართველებსა და ოსებს ურთიერთობა ჰქონდათ და სწორედ ერგნეთიდან იყო შესაძლებელი მოლაპარაკებების დაწყება, პროცესის დაძვრა და სწორედ ამიტომ პირველი ნაბიჯი ამ ბაზრობის გაუქმება გახლდათ.

ახლაც ევროპა და ამერიკა კვლავ ერთ ხმაში მოგვიწოდებენ, რომ რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება შევამციროთ; ოპოზიცია, საერთოდ, სანქციების დაწესებასა და ეკონომიკური ურთიერთობების განულებას ითხოვს. ამ პირობებში, როცა ქვეყანას ასეთი რადიკალური ნაბიჯის გადადგმას სთავაზობ, აუცილებლად უნდა იყოს ალტერნატიული შეთავაზება. ყველაფერს თავი დავანებოთ, აღარ შემოვიტანოთ ხორბალი და ფქვილი რუსეთიდან, სად გვაქვს ალტერნატივა? ევროპა უარს ამბობს მოყიდვაზე, რადგან გრძელვადიანი ხელშეკრულებები აქვს ყველასთან გაფორმებული და ევროპული ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობაც ხორბალს რუსეთისგან ყიდულობს. რჩება ამერიკული ბაზარი, რომელიც მოგვამარაგებს, მაგრამ ტრანსპორტირების გამო, პროდუქტის შეძენა, საუკეთესო შემთხვევაში, სამმაგი დაჯდება. ანუ, ალტერნატივა არ გვაქვს და, ამის მიუხედავად, „სტრატეგიული პარტნიორები“ გვეუბნებიან, რომ ის ტოტი უნდა მოვჭრათ, რომელზეც ვზივართ.

რაც შეეხება გადმორიცხვებს, 1 მილიარდ 135 მილიონი კი არა, რატომ 10 მილიარდი არ გადმოირიცხა ამ ცხრა თვეში, საქართველოს ეკონომიკას ხომ უფრო მეტად დაეტყობოდა? პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში, უბრალოდ, არ გვაქვს და სწორედ ეს გადმორიცხვები ასრულებს უცხოური ინვესტიციების როლს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ რომ ამტკიცებს, ამ ფულს საქართველოში შემოსულ რუსებს ურიცხავენო, თქვენი აზრით, სად მიდის ეს გადმორიცხული თანხები? სად ხარჯავენ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეები ამ თანხას და რომელი ქვეყნის ეკონომიკაში ჩაიდო  მილიარდ დოლარზე მეტი? როგორ გგონიათ, ლარი რატომ გამყარდა? იმიტომ ხომ არა, რომ 1 მილიარდ 135 მილიონი დოლარით სწორედ ქართული ვალუტა შეიძინეს რუსებმა, რათა მაღაზიაში შესულიყვნენ და პროდუქტი ეყიდათ, ტანსაცმელი შეეძინათ… იქნებ სწორედ ამ თანხამ და საქართველოში შემოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა გაზარდეს ლარზე მოთხოვნა და ეროვნული ვალუტა ლამის 70 თეთრით გაამყარეს? ჰო, გაამყარეს ისე,  ექსპერტები ყველაზე თამამ პროგნოზებშიც რომ ვერ წარმოიდგენდნენ და ეს მაშინ, როცა სახელმწიფო 3.00-იან ნიშნულზეც სიამოვნებით მოაწერდა ხელს.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს არსებობის შესახებ იცოდით? არსებობს ასეთი საბჭო და მისმა გენერალურმა მდივანმა, ვინმე ზვიად ჭუმბურიძემ განაცხადა:  „რუსული ბაზარი საქართველოსთვის არის ნული პერსპექტივით და ნული მომავლით“-ო. ბატონმა ზვიადმა ალტერნატიულ ბაზრად ევროკავშირის ბაზარი დაასახელა და… მივდივართ ისევ იქ, საიდანაც დავიწყეთ – ევროკავშირი თავის  ბაზარზე არ გვიშვებს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ჯიუტად ვაცხადებთ, რომ ალტერნატივა სწორედ ეს არის. გავშალოთ თემა და პირდაპირ ვთქვათ, რომ ქართული მინერალური წყლები ევროპის ბაზარზე შვეიცარიულმა, ავსტრიულმა და ფრანგულმა კომპანიებმა არ გააჭაჭანეს; ქართული ღვინო   ფრანგულმა, ესპანურმა და პორტუგალიურმა კომპანიებმა არ შეუშვეს;  ქართული ხილიც პორტუგალიურმა და ფრანგულმა კომპანიებმა გამოაძევეს.  რა გავყიდოთ, აბა, ევროპაში? რა გვაქვს სხვა გასაყიდი? თხილისა და შავი მოცვის გატანა ისედაც ხერხდება და ეს არის პროდუქტი, რომელზეც, უბრალოდ, მოთხოვნაა ძალიან დიდი და მხოლოდ ევროპა ვერ ახერხებს მის დაკმაყოფილებას. თაფლის ბუმი დაიწყო და სწორედ მას შემდეგ, რაც საქართველოდან ევროპაში ათეულობით ტონა თაფლი გაიყიდა, ევროპამ მიიღო რეგულაცია, რომელმაც ქართული თაფლის 95%-ზე მეტი, უბრალოდ, მოკლა – თაფლის შემადგენლობაში არ უნდა იყოს ნივთიერება, რომელსაც ფუტკარი საკუთარი სახლების ეზოებში არსებული საპირფარეშოებიდან, „ჩეჩმიდან“ იღებს, ანუ ყველა სოფელში უნდა გაკეთდეს წყალარინების პროექტი და გაიმართოს საკანალიზაციო სისტემა, რომელსაც საქართველოს ბიუჯეტი არ ეყოფა და ამის გაკეთება, საუკეთესო შემთხვევაში, 20-30 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდება. მაშ, რა ალტერნატივაზეა საუბარი?

რეალურად, არასამთავრობოებს, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდებიან, ევროპელ პარტნიორებს, ამერიკელებსა და ოპოზიციას სურთ ერთადერთი რამ – ჩავეხსნათ რუსულ ბაზარს და, ეკონომიკა წელში რომ გადატყდება, საქართველოში ეკონომიკური კრიზისი კი არა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით,  შიმშილი დაიწყება. შიმშილი კი მოსახლეობას აიძულებს, ქუჩაში გამოვიდეს.  მშიერ ადამიანზე საშიში არაფერია და ეს იქნება ხელისუფლების ცვლილების რეალური საფუძველი. ეს არის მთავარი მიზანი, რომლისკენაც ცდილობენ ხელისუფლების წაყვანას. საბედნიეროდ, ჯერჯერობით მაინც, მოქმედი მთავრობა ხვდება, რომ რუსულ ბაზარს ალტერნატივა არც გასული 30 წლის განმავალობაში ჰქონია და, სავარაუდოდ, არც მომავალი 30 წლის განმავლობაში ექნება. თუ მაინცდამაინც ასეთ დიდგულზეა ევროპა, გვაჩვენოს მაგალითი: მიიღოს და გაყიდოს იმაზე მეტი (მთელმა ევროპამ), ვიდრე ერთი სახელმწიფო, რუსეთი, იღებს და ყიდის და მერე ვილაპარაკოთ ალტერნატივაზე. მაგრამ არა, საქართვლოს გამო თუნდაც 2-3 მილიონის დაკარგვა არც ერთ ევროპულ კომპანიას არ სურს და ამის გაკეთებას არც მომავალში აპირებს.

ლევან გაბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here