Home რუბრიკები ისტორია სტალინი და სახელმწიფო

სტალინი და სახელმწიფო

2884

სტალინური სახელმწიფო სასწაულებრივად ვითარდებოდა. დღითიდღე ნათელი ხდებოდა მისი უპირატესობა მსოფლიო პოლიტიკისა და დიპლომატიის ბაზარზე. სისწრაფე, რომელსაც თანდათან კრეფდა სახელმწიფო სხვადასხვა მანამდე უცნობ დარგში, გამაოგნებლად მოქმედებდა გარეშე ბურჟუაზიულ სახელმწიფოებსა და მათ მეთაურებზე. 

1940-იან წლებში, სტალინის უშუალო მითითებით, ქვეყანაში საფუძველი ჩაეყარა ბევრ ინოვაციურ დარგს, რომლებზეც ფიქრიც კი არ შეეძლოთ სტალინის თანამებრძოლებსა და მეგობრებს. სტალინი ამას ზებუნებრივი ნიჭითა და არაჩვეულებრივი ენერგიით ახერხებდა, რაც, რა თქმა უნდა, მიწიერი არ იყო.

მაშინ, როდესაც საბჭოეთის ცა გადაშავებული იყო გერმანული “მესერშმიტებითა” და ფაშისტური სიკვდილის მანქანა ნელ-ნელა უახლოვდებოდა ქვეყნის დედაქალაქ მოსკოვს, სტალინი კონსულტაციებს მართავდა საბჭოთა კავშირის წამყვან კონსტრუქტორებსა და მეცნიერებთან ისეთი დარგების განვითარების თაობაზე, როგორიც იყო ატომური რაკეტები, გამომთვლელი მანქანები, ელექტრონიკა და სხვ. აღნიშნიულ დარგებში სსრკ არათუ ჩამორჩებოდა, არამედ ზოგიერთ მათგანში აშკარად წინ იყო ევროპის ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაზე.

* მართლია, ამერიკელებმა ოთხი წლით ადრე შეძლეს ატომური ბომბის გამოცდა, სამაგიეროდ, საბჭოთა კავშირმა პირველმა შექმნა კიდევ უფრო მძლავრი ბომბი (РДС-6с _ წყალბადის ბომბი). სსრკ-მა პირველად მსოფლიოში ხალხის სამსახურში ჩააყენა ატომური ენერგია და შექმნა პირველი ატომური ელექტროსადგური, რომელსაც 2 წლის შემდეგ მოჰყვა ამერიკული ატომური ელექტროსადგური, ხოლო 1 წლის შემდეგ _ ინგლისის ატომური ელექტროსადგური, ისიც სსრკ-ის ინოვაციების გამოყენებით.

* საბჭოთა კავშირმა შეძლო პირველი ატომური ყინულმჭრელი ხომალდის შექმნა და ერთ-ერთმა პირველმა ჰაერში გაუშვა თვითმფრინავი ატომური ძრავით.

* 1948 წელს, როდესაც ამერიკისა და ინგლისის სამეცნიერო ლაბორატორიებში დღედაღამ მუშაობდნენ კომპიუტერებზე (იმხანად მსოფლიოში არ არსებობდა კომპიუტერული ტექნიკის არც ერთი ნიმუში), სსრკ-ში, სტალინის განკარგულებით, შეიქმნა ზუსტი მექანიკისა და გამომთვლელი მანქანების ინსტიტუტი სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიასთან და დაარსდა საკონსტრუქტორო ბიურო #245 (“СКБ 245”), როგორც მთავრობის დადგენილებაში იყო აღნიშნული, “თავდაცვითი ობიექტებისათვის გამოთვლითი მანქანების დასამუშავებლად და დასანერგად წარმოებაში”.

* 1951 წელს შეიქმნა პირველი საბჭოთა ციფრული გამომთვლელი მანაქანა (МЭСМ). მას მოჰყვა ჯერ ინგლისის, ხოლო შემდეგ ამერიკის ამავე ტიპის გამომთვლელი მანქანები. 1953 წელს სსრკ-მა სერიული გამოშვება დაიწყო კომპიუტერებისა სახელწოდებით “სტრელა” და M-2, რომელიც განკუთვნილი იყო სამხედრო საჭიროებისთვის და ტოლს არ უდებდა ცნობილ ამერიკულ კომპიუტერებს.

კიდევ უფრო შთამბეჭდავია საბჭოთა კავშირის მიღწევები ეკონომიკის დარგში. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ შეზღუდული იყო საგარეო სესხებისგან და ნავთის მრეწველობიდან ბევრი თანხა არ შემოდიოდა, ხოლო ბუნებრივი აირიდან ფული, საერთოდ, არ არსებობდა, 1947 წელს სრულიად აღდგა საბჭოთა კავშირის სამრეწველო პოტენციალი, ხოლო 1950 წელს მან 2-ჯერ გადააჭარბა ომის წინა, 1940 წლის, მაჩვენებელს. არც ერთ ქვეყანას, რომლებიც ომში მონაწილეობდნენ და მეტ-ნაკლებად დაზარალდნენ, არ მიუღწევია 1940 წლის ეკონომიკური დონისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებს დიდად ეხმარებოდა აშშ.

იაპონია ომის დაწყების წინა, 1940 წლის ეკონომიკურ დონეს მხოლოდ 1955 წელს გაუთანაბრდა. ორი ქალაქის განადგურების გარდა (ჰიროსიმა და ნაგასაკი), იაპონიას დიდი დანაკლისი არ განუცდია მეორე მსოფლიო ომში.

* პროდუქტების ლიმიტირებული გაცემა (ე.წ. კარტოჩკები) სსრკ-ში 1947 წელს მოიხსნა, ინგლისში კი, აშშ-ის უდიდესი დახმარების მიუხედავად, პროდუქტების ლიმიტირებული გაცემა მხოლოდ 1954 წელს გაუქმდა. ინგლისურმა გაზეთმა “ნეიშენელ ბიზნესმა” 1953 წელს გამოაქვეყნა სტატია სათაურით “რუსებმა გაგვასწრეს”.

* სსრკ-ის ეკონომიკის ზრდის ტემპი აღემატებოდა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპს, აშშ-ის ეკონომიკურ ზრდის ტემპს კი 2-ჯერ აღემატებოდა. აშშ-ის პრეზიდენტობის იმჟამინდელი კანდიდატი სტივენსონი ამბობდა: “თუ სტალინურმა რუსეთმა შეინარჩუნა ეკონომიკური ზრდის დღევანდელი ტემპი, 1970 წელს აშშ-ის საერთო შემოსავალს სტალინური რუსეთის შემოსავალი 3-4-ჯერ გადააჭარბებს” (1950-იანი წლების მეორე ნახევრიდან სსრკ-ის ეკონომიკაში სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა. მკვეთრად შემცირდა ეკონომიკის ზრდის ტემპი, ზოგიერთ მხარეში აშკარად შეიმჩნეოდა რყევა).

ზოგიერთი მკვლევარი ეჭვის თვალით უყურებდა საბჭოთა კავშირის სტალინური პერიოდის ამ გამაოგნებელ შედეგებს, მაგრამ ფაქტი ხომ აშკარაა?! ჩვენ, ვინც ომის შემდგომ აღმშენებლობას მოვესწარით, საკუთარი თვალით ვნახეთ, სად და რა პირობებში ვცხოვრობდით, როგორ გარდავიქმენით ომის შემდგომ, როგორი ამაყი და ბედნიერი სტუდენტობა და სიყრმე გამოვიარეთ და როგორც სიბერეს (არა მხოლოდ ფიზიკურს, არამედ მორალურასაც) მოვესწარით. მოდი, ერთად გადავხედოთ, ჩემო მკითხველო, ჩვენს უახლოეს წარსულს, რომელზეც სრულიად ამაოდ ხუჭავთ თვალს. ხელის გულით მზეს ვერ დაფარავ. ხელის გულით მხოლოდ თვალს დაიბნელებ. ისტორია თავის კვალს ტოვებს და საუკუნეების შემდეგ თავის შრეებში მიმალულს მაინც გამოაჩენს.

დნეპროჰესი _ პირველი ჰიდროელექტროსადგური საბჭოთა კავშირში. აშენდა 1932 წელს
დნეპროჰესი _ პირველი ჰიდროელექტროსადგური საბჭოთა კავშირში. აშენდა 1932 წელს

1941_1945 წლებში ომისგან მიყენებული ზარალი

გერმანულმა ფაშიზმმა დიდი სამამულო ომის დასაწყისშივე დაიკავა საბჭოთა კავშირის ტერიტორიის დიდი ნაწილი, რომელზეც ცხოვრობდა 88 მლნ საჭოთა მოქალაქე (ეს 45%-ია იმ პერიოდის სსრკ-ის მოსახლეობის _ გრ. ონიანი.), სადაც იწარმოებოდა სსრკ-ის მიერ გამოშვებული პროდუქციის 53 % და თავმოყრილი იყო მეცხოველეობის 47 %. საბჭოთა მიწა-წყალზე ჰიტლერელებმა დაანგრის 1710 დიდი თუ პატარა ქალაქი, 70 ათასი სოფელი, 32 ათასი სამრეწველო ობიექტი, ააფეთქეს და დატბორეს 1135 შახტი, გაძარცვეს 98 ათასი კოლმეურნეობა, 1876 _ საბჭოთა მეურნეობა, 2890 _ მანქანა-ტრაქტორების სადგური. ქვეყნის სამრეწველო პოტენციალი, 1940 წელთან შედარებით, შემცირდა 70 პროცენტით. ოკუპანტებმა მწყობრიდან გამოიყვანეს 65 ათასი კმ სარკინიგზო ხაზი. სსრკ-ში 1945 წელს სახნავი ფართობი შემცირებული იყო 113 მლნ ჰექტრამდე, ნაცვლად 150 მლნ ჰექტრისა. განუსაზღვრელი იყო ადამიანთა დანაკარგი, რაც აუნაზღაურებელი ზარალი იყო ქვეყნისთვის.

მსოფლიო უყურებდა ამ უკიდეგანო სივრცეს, რომელიც ასე ველურად დაანგრიეს ბარბაროსებმა. ისინიც კი, ვისაც სძულდა საბჭოეთი და საბჭოთა ხალხი, სინანულით შეჰყურებდნენ ნაცარტუტად ქცეულ ქალაქებსა თუ სოფლებს.

ამის ნათელი დადასტურებაა სსრკ-ის არცთუ ისე დიდად მოყვარული ინგლისელი პუბლიცისტის, “ბი-ბი-სი”-სა და “სანდი თაიმსის” კორესპონდენტის, ალექსანდრე ვერტის, ჩანაწერი: “რუსეთი საშინლად დანგრეული იყო ომისგან და პირველი გადაუდებელი ამოცანა იყო ომის ჭრილობების მოშუშება, მაგრამ როდემდე გაგრძელდებოდა ეს: 10-20 თუ 30 წელს?” და თვითონვე პასუხობს: “1940 წლის დონეს სსრკ-მა 3-4 წელიწადში მიაღწია. რამდენიმე ახალი დარგი ომის მიმდინარეობის მძიმე პერიოდში შეიქმნა და განვითარდა; სოფლები რამდენიმე თვეში შენდებოდა, ხოლო დიდი ქალაქები ომის შემდგომ 5-6 წელიწადში აღდგა, უფრო ლამაზი და მშვენიერი”.

ბევრი უცხოელი ისტორიკოსი და მკვლევარი ფანტასტიკად მიიჩნევდა საბჭოთა სასწაულს, რომელსაც გულუბრყვილოდ ზებუნებრივ ძალებს მიაწერდა. უნდა დაუჯეროს ახალგაზრდა მკითხველმა თვითმხილველს, რომ ეს არ იყო ზეციური ძალა, ეს იყო სრულიად ახალი ქვეყნის ახალ გარემოში აღზრდილი საზოგადოების ძალა, რომელსაც არა ვირტუალუად, არამედ ხილულად ყველა ჩვენს წარმატებასა და გამარჯვებას განაგებდა და წინ მიუძღვოდა კრემლში მობინარდე ღმერთკაცი სტალინი.

პირველი ელექტროგამომთვლელი მანქანა სსრკ-ში. 1951 წელი
პირველი ელექტროგამომთვლელი მანქანა სსრკ-ში. 1951 წელი

 

ქვეყნის აღორძინების პროგრამა

1946 წლის თებერვალში ამომრჩევლის წინაშე ტრიბუნაზე ასულმა სტალინმა განაცხადა: “ჩვენ აღვადგენთ ომისგან დაზარალებულ რაიონებს, ომის დაწყების წინა წლის დონეზე, ავაღორძინებთ სოფლის მეურნეობას. ამას ჩვენ უახლოეს პერიოდში შევძლებთ, შემდეგ კი ვნახოთ. ეს უკვე ჩვენს შემართებაზე იქნება დამოკიდებული”.

იქნებ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა სტალინის ამ გამონათქვამის აღსრულებაში, მაგრამ “სტალინის სიტყვა და საქმე ერთი იყო”. დაიწყო ქვეყნის განვითარების სტალინური გეგმის მეტად რთული, მაგრამ ხალისიანი დღეები.

სტალინს მტკიცედ ეჭირა ხელში ქვეყნის მართვის სადავე, განსაზღვრული ჰქონდა მოქმედების გეგმა _ “ან გამარჯვბა, ან სიკვდილი!”. 1946-1950 წლების ხუთწლიანი გეგმის შესრულება საბჭოთა ხალხის უპირველეს მიზნად იქცა. გეგმის ძირითადი მიმართულება იყო ის, რომ 1950 წლისთვის მრეწველობის საერთო პროდუქციის გამოშვება 148%-ით გაზრდილიყო 1940 წელთან შედარებით. სოფლის მეურნეობაში საერთო პროდუქციის ზრდის ტემპი 27 %-ით განისაზღვრა, ნაციონალური შემოსავალი 1940 წელთან შედარებით 1950 წელს 38% -ით უნდა მომატებულიყო.

1945 წელს, 1940 წელთან შედარებით, წარმოება შემცირებული იყო 77%-მდე, სახნავი ფართობები _ 75 %-მდე. მანქანა-ტრაქტორების სადგურებიდან და სხვა სასოფლო-სამეურნეო უწყებებიდან გერმანიაში გაზიდული იყო ტრაქტორები და კომბაინები. სრულ სამხედრო ყაიდაზე გადაყვანილი ფაბრიკები და ქარხნები ისევ დასაბრუნებელი იყო სახალხო მეურნეობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებელ რეჟიმზე. მანქანათმშენებლობა გადაყვანილი იყო 7-8 სახის მანქანების წარმოებაზე. მშვიდობიანობის პერიოდში კი ქვეყნის აღმშენებლობისთვის საჭირო იყო 40 სახეობის მანქანა-დანადგარები.ყოველივე ეს უდიდეს შრომასა და დროს მოითხოვდა. უკვე 1946 წლის ბოლოსთვის აღდგენილი და რეკონსტრუირებული იყო 800 დიდი საწარმო. 1947 წლისთვის რეკონსტრუირებული და ახალაშენებული იყო კიდევ 1100 მსხვილი საწარმო.

ქუთაისის საავტომობილო ქარხნის პროდუქტი _ ავტომობილი "კოლხიდა"
ქუთაისის საავტომობილო ქარხნის პროდუქტი _ ავტომობილი “კოლხიდა”

ინდუსტრიალიზაცია

ქვეყნის ძირითად მიმართულებად აღებული იქნა ინდუსტრიალიზაციის განვითარების კურსის გაგრძელება, განსაკუთრებით, მეტალურგიის. დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული იყო ქარხნების თითქმის 68%, ხოლო თუჯის წარმოების _ 58%, თავგანწირული შრომის შედეგად რკინის ჩამოსხმაში 1940 წლის დონეს 1948 წელს მიაღწიეს, ხოლო თუჯის ჩამოსხმაში _ 1949 წელს. სენსაციური მაჩვენებელი მიიღეს მეტალურგიაში, ამ დარგში არათუ მიაღწიეს ომამდელ დონეს, არამედ 25%-ით გადააჭარბეს გეგმას, რაც იმით იყო განპირობებული, რომ საგრძნობლად ამაღლდა რკინის ხარისხი, ამასთანავე, წარმოებაში დაინერგა 150 სხვადასხვა სახის ლითონის გამოშვება, ამაღლდა შრომისნაყოფიერება.

* თუ მეფის რუსეთს ფერადი ლითონების მოპოვებაში დეფიციტის შევსება სჭირდებოდა, მაგალითად, სპილენძის _ 30-35%-ით, თუთიის _ 70%-ით, ტყვიის _ 98%-ით, ნიკელისა და ალუმინის _ 100%-ით, საბჭოთა ხელისუფლების წლებში გაკეთდა დიდი ნახტომი და ეს დეფიციტი აღმოიფხვრა. ფაშიზმთან ბრძოლის პერიოდში სსრკ-ს კვლავ დასჭირდა დეფიციტის შევსება, მაგრამ 1940 წელთან შედარებით ალუმინის წარმოებამ 44%-ით მოიმატა, მაგნიუმის _ 45%-ით, ნიკელის _ 67%-ით, კალიუმის _ 2-ჯერ მეტით, მოლიბდენის _ 4-ჯერ. სწრაფი ტემპით განვითარდა ჩარხმშენებლობა. აითვისეს 500 სხვადასხვა სახის ლითონსაჭრელი ჩარხები. თუ 1940 წელს გამოშვებული იყო 58 ათასი ჩარხი, 1941 წელს ჩარხების გამოშვებამ 70 ათასს გადააჭარბა, სამჭედლო პრესების რაოდენობამ კი 4 000-დან 7 000-მდე მოიმატა. ომის შემდგომ, მხოლოდ ერთ ხუთწლედში, 1940 წელთან შედარებით, მოიმატა: მეტალურგიული მოწყობილობების რაოდენობამ _ 5-ჯერ, ნავთობის მოსაპოვებლად საჭირო მოწყობილობების _ 3-ჯერ, ქვანახშირის კომბინატების რაოდენობამ _ 15-ჯერ, ორთქლისა და გაზის მილების წარმოებამ _ 2-ჯერ, ტურბოგენერატორების _ 2-ჯერ.

* 1950 წელს 1940 წელთან შედარებით მოიმატა სახაზო ელმავლების რაოდენობამ _ 11-ჯერ, საზახო ორთქლმავლების _ 23-ჯერ, სატვირთო ვაგონების _ 64%-ით, ავტომობილების _ 3-ჯერ, მათ შორის, მსუბუქი ავტომობილების _ 11-ჯერ. 1940 წელს სსრკ-ის მრეწველობა უშვებდა 84 დასახელების სასოფლო-სამეურნეო მისაბმელებს, 1950 წელს კი მათმა რაოდენობამ 200 დასახელებამდე მოიმატა, 5,5-ჯერ _ ტრაქტორების რაოდენობამ. თუ 1940 წელს მშენებლობისთვის იწარმოებოდა მხოლოდ 244 ექსკავატორი, 1950 წელს მათმა რაოდენობამ 3 540 ერთეულამდე მოიმატა, ბულდოზერების _ 118-დან 3 788 ერთეულამდე. ისეთმა მსხვილმა სამეურნეო ობიექტებმა, როგორებიც იყო კალუგის ტურბინებისა და რიაზანის ჩარხმშენებლობის ქარხნები, ქუთაისის ავტოქარხანა და ანდიჟანის სამშენებლო მანქანების ქარხანა, სრული გადაიარაღებისა და რეკონსტრუქციის შედეგად პროდუქციის გამოშვება 3-ჯერ გაზარდეს.

* კვების მრეწველობის ამუშავებით 1950 წელს, 1940 წელთან შედარებით, ხორცის მიწოდებამ მოსახლეობისთვის მოიმატა 4-ჯერ, ზეთის _ 3-ჯერ, საპნის _ 16-ჯერ, შაქრის ფხვნილის _ 2-ჯერ, ზღვის პროდუქტების მიწოდება გაიზარდა 25%-ით, საკონდიტრო ნაწარმის _ 25%-ით, რძის პროდუქტების _ 30-%-ით, კონსერვების _ 40%-ით.

ობნინსკის ატომური ელექტროსადგური
ობნინსკის ატომური ელექტროსადგური

ენერგეტიკა

* რუსეთის იმპერიაში “შავი ოქროს”, ანუ ქვანახშირის მოპოვება შეადგენდა 29 მლნ ტონას, მათ შორის საზღვარგარეთ გაჰქონდათ 8 მლნ ტონა. ომის წინა, 1940 წელს, სსრკ აწარმოებდა 165 მლნ ტონა ქვანახშირს, 1950 წელს კი მოპოვებამ 261 მლნ ტონას მიაღწია.

* 1913 წელს მეფის რუსეთი მოიპოვებდა 10 მლნ ტონა ნავთობს. 1940 წელს სსრკ მოიპოვებდა 31 მლნ ტონას, ხოლო 1950 წელ მოპოვებამ 38 მლნ ტონას გადააჭარბა.

* 1913 წელს რუსეთი 17 მლნ კუბ. მ ბუნებრივ აირს მოიპოვებდა. ეს მოცულობა 1940 წელს სსრკ-მა 3,4 მლრდ კუბ. მ-მდე გაზარდა. ბუნებრივი აირის პირველი მაგისტრალი 1946 წელს გაიყვანეს სარატოვი-მოსკოვი, კოხტლა-იარვე-ლენინგრადი (1948 წელს), შემდეგ იყო სავა-კიევი-მოსკოვის (1951 წელს), კოხტლა-იარვე-ტალინის (1953 წელს). როგორც ჩანს, სტალინისთვის პრიორიტეტი იყო, ბუნებრივ აირი ჯერ საკუთარ ქვეყნისთვის მიეწოდებინა, შემდეგ _ სხვებისთვის.

* თუ ქვეყანაში არ განვითარდება ელექტრო-ენერგეტიკული ბაზა, ოცნებაც კი არ შეიძლება ქვეყნის განვითარებაზე. სწორედ ამისთვის საბჭოეთმა შექმნა ქვეყნის ელექტროფიკაციის პირველი პრეცენდენტი. თუ რუსეთი 1913 წელს 2 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიას აწარმოებდა, 1940 წელს სსრკ-ში იწარმოებოდა 49 მლრდ კვტ/ სთ ელექტროენერგია, 1950 წელს კი მისი წარმოება 91 მლრდ კვტ/ სთ-ით განისაზღვრა.

1949 წლის პლენუმზე სკკპ (ბ) ცენტრალურმა კომიტეტმა დაამტკიცა: “ათწლიანი გეგმა სსრკ-ის ელექრტოფიკაციის” შესახებ, რომელშიც გათვალისწინებული იყო დიდი ელექტროსადგურების მშენებლობა აღმოსავლეთ რეგიონებში.

პირველი ატომური ელექტროსადგურის _ ობნინსკის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 1951 წლის 1 იანვარს დაიწყო და 1954 წლის 27 ივნისს დასრულდა.

სოფელი

დიდმა სამამულო ომმა ყველაზე მეტად სოფელი და სოფლის მეურნეობა დააზარალა. სოფლიდან გავიდა ძირითადი მუშა ძალა, ასევე _ გენოფონდი. სოფელმა დაკარგა ცხენი, ტრაქტორი, მანქანა და ყველა ის საშუალება, რომლებითაც შეეძლო ეშრომა და ეცოცხლა. სტალინმა იცოდა სოფლის მდგომარეობა, რომელშიც ის ომმა ჩააგდო და 1946 წლის საშინელმა გვალვამ, ამიტომ ომის დამთავრების შემდეგ ქვეყნის პრიორიტეტად სოფელი და სოფლის მეურნეობა გამოაცხადა, რისთვისაც კოლოსალური თანხა გაიღო _ საერთო შემოსავლების 11,8 %. დოტაციაზე აიყვანა 8400 მანქანა-ტრაქტორების სადგური (მტს), რომლებიც ტექნიკითა და კადრებით ემსახურებოდა კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებს. მტს-ის დირექტორი ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს ნომენკლატურა იყო, ამასთანავე, რაიკომებს დაემატა რაიკომის მდივნის ერთი საშტატო ერთეული, რომელიც კურატორობას უწევდა მხოლოდ მანქანა-ტრაქტორების სადგურებს. 1946-1950 წლებში სახნავმა ფართობებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 20%-ით მოიმატა. ფაშისტებმა საბჭოთა კოლმეურნეობებიდან და მეურნეობებიდან გარეკეს 17 მლნ მსხვილფეხა პირუტყვი, 20 მლნ _ ღორი, 27 მლნ _ ცხვარი, 110 მლნ _ ქათამი. 1950 წლისთვის ყველა კოლმეურნეობასა და მეურნეობაში მთლიანად იქნა აღდგენილი სულადობა. მთავრობისა და, კერძოდ, სტალინის განსაკუთრებული ყურადღების შედეგი იყო ის, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებამ 1950 წელს, 1940 წელთნ შედარებით, 2-ჯერ მოიმატა.

1940 წელს კოლმეურნეობისა და მეურნეობის ფულადი შემოსავალი 20 მლრდ მანეთს შეადგენდა, 1950 წელს კი შემოსავალმა 40 მლრდ მანეთს გადააჭარბა.

გრიგოლ ონიანი
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here