შოთა აფხაიძე: “პეტროკას ენერჯი გრუპში” შემავალი კომპანიები წლების განმავლობაში მოქმედებდნენ გრიგოლ ლილუაშვილის პატრონაჟით

    შოთა აფხაიძე

    ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ, უკვე მეცამეტე წელია, თითქმის ყველა კრიმინალურ ბიზნესთან ახსენებენ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის, გვარს. კეზერაშვილის გვარი ახლაც გახმაურდა, როდესაც სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის, მიერ მითვისებული თანხების საქმე გასკდა. ამბობენ, რომ გრიგოლ ლილუაშვილი და მისი ნათესავი, ამჟამად პატიმარი ანდრია ლილუაშვილი დავით კეზერაშვილთან ერთად მოქმედებდნენ _ ერთ ბიზნესში იყვნენ…

    კეზერაშვილისა და ლილუაშვილის შავბნელ საქმეებზე გვესაუბრება “კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელი შოთა აფხაიძე, რომელმაც ეს საქმეები გამოიკვლია და დეტალებს გაეცნო:

    _ დავით კეზერაშვილის „პეტროკას ენერჯი გრუპში” შემავალი კომპანიები წლების განმავლობაში მოქმედებდნენ სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის, პატრონაჟით. “პეტროკასის” ჯგუფში შემავალი კომპანია შპს სან პეტროლეუმ ჯორჯია თრეიდინგი” უპრობლემოდ განახორციელებდა ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ აწ უკვე სანქცირებული რუსული კომპანია “როსნეფტის”, აგრეთვე, “გაზპრომ ნეფტეხიმისა” და სხვა კომპანიების მიერ მოწოდებული იაფფასიანი საწვავის იმპორტს რუსეთიდან საქართველოში.

    ამ კომპანიებიდან შეძენილი საწვავი იყიდებოდა მნიშვნელოვანი ფასდაკლებით, რადგან ცივილიზებული სამყაროს წარმომადგენლები მათთან არ თანამშრომლობენ, შესაბამისად, მსგავსი სქემით კეთდებოდა მილიონობით დოლარი.

    საქართველოში მოქმედი ნავთობპროდუქტების იმპორტიორები საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან აწყდებოდნენ შეზღუდვებსა და აკრძალვებს სანქცირებული კომპანიებისა და ტვირთების მიმართ, ზემოხსენებული „სან პეტროლეუმ ჯორჯია” და მასთან აფილირებული სხვა კომპანიები კი საწვავის იმპორტის რეჟიმში მოქცევისას სარგებლობდნენ ე.წ. მწვანე დერეფნით, ვინაიდან საბაჟოს მხრიდან მათ მიმართ ვრცელდებოდა გარკვეული პრეფერენციები და სათანადოდ არ ხდებოდა სანქციების აღსრულება აღნიშნული კომპანიების მიერ შემოტანილ ტვირთებზე.

    ამ ყველაფერს ზემოხსენებული კომპანიის ხელმძღვანელები ახერხებდნენ გრიგოლ ლილუაშვილის პატრონაჟითა და მისი მეგობრის, ვლადიმერ ხუნდაძის, მეშვეობით. ხუნდაძე იყო შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, საბაჟო დეპარტამენტის უშუალო კურატორი, ამიტომ მარტივად აგვარებდა საბაჟოზე შეზღუდვების მოხსნის საკითხებს.

    პეტროკას ენერჯი გრუპში” შემავალი კომპანიები გრიგოლ ლილუაშვილის პატრონაჟით წლების განმავლობაში სარგებლობდნენ საწვავის გადაზიდვის ექსკლუზიური უფლებით სომხეთის რესპუბლიკისა და სხვა მიმართულებით, რაც მათ დიდძალი შემოსავლების მიღების საშუალებას აძლევდა.

    სუს-ის აწ უკვე ყოფილმა უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა თავისი ნათესავის, ანდრია (სანდრო) ლილუაშვილის, მეშვეობით დაამყარა მჭიდრო პარტნიორული კავშირები კომპანია „პეტროკას ენერჯი გრუპ”-თან, კერძოდ, კომპანიის ერთ-ერთ მეწილე დავით კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილ პირთან _ ივანე ნაკაიძესთან.

    კომპანია “პეტროკასი” ფოთის პორტში ფლობს ნავთობტერმინალს, დომინანტური პოზიციის მოპოვებისა და ყაზახური “ყაზტრანსოილის” მფლობელობაში არსებულ შპს “ბათუმის ნავთობტერმინალზე” კომპანია “პეტროკასის” მხრიდან კონტროლის დამყარების მიზნით განხორციელდა ღონისძიებები: „პეტროკას ენერჯი გრუპი” ექსკლუზიური პირობებით სარგებლობდა ბათუმის ტერმინალში 2012 წლამდე, მაგრამ კეზერაშვილის გავლენების შესუსტების შემდეგ დაკარგა, ამიტომ კომპანია “პეტროკასისთვის” ექსკლუზიური უფლებების აღსადგენად გრიგოლ ლილუაშვილმა ანდრია ლილუაშვილისა და კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილი ივანე ნაკაიძის თხოვნით შპს “ბათუმის ნავთობტერმინალში” უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ტერმინალის მმართველი ყაზახური კომპანიის ხელმძღვანელობას დაანიშნინა ვინმე გივი ქუთათელაძე, რომელიც ბათუმის ნავთობტერმინალში დღემდე ატარებს კომპანია “პეტროკასის” ინტერესებს. ის ამჟამადაც

    რჩება ბათუმის პორტსა და ტერმინალში, როგორც ლილუაშვილის კადრი, თუმცა ბოლო პერიოდში პოზიციონირებს, როგორც უსაფრთხოების კერძო კომპანიის ხელმძღვანელი.

    _ რა როლი ჰქონდა გრიგოლ ლილუაშვილს ამ ყველაფერში?

    _ გრიგოლ ლილუაშვილი პირადად მონაწილეობდა ზემოაღნიშნული სქემების ორგანიზებაში მისი ნდობით აღჭურვილი პირის, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფდა ტვირთების გაფორმებას.

    რაც შეეხება კომპანია „პეტროკას ენერჯი გრუპს”, გამოქვეყნდა პრესრელიზი, რომ აღნიშნულ კომპანიაში 49%-იან წილს ფლობდა ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ აწ უკვე სანქცირებული რუსული “როსნეფტი”, რომელმაც 2014 წელს 144 მილიონ დოლარად შეიძინა აღნიშნული წილი კომპანიის ერთ-ერთი მეწილე დავით იაკობაშვილისგან, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კომპანია “როსნეფტს” დაუწესდა საერთაშორისო სანქციები, რომლებმაც აიძულა, გაეყიდა კომპანია “პეტროკასის” 49%-იანი წილი.

    პრესრელიზში მოყვანილი ინფორმაციით, აღნიშნული 49%-იანი წილი 2022 წლის 11 მაისს 68 მილიონ დოლარად შეიძინა კომპანია “პეტროკასის” ერთ-ერთმა მეწილე ივანე ნაკაიძემ. ამან კომპანიის მეორე მეწილის, დავით იაკობაშვილის, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. დავით იაკობაშვილმა, რომელიც იმხანად 38%-იან წილს ფლობდა კომპანიაში, პრეტენზია წაუყენა ივანე ნაკაიძეს, რატომ შეიძინა მისგან ფარულად ზემოხსენებული წილი და არ ჩააყენა ის საქმის კურსში. ამ ქმედებით დავით იაკობაშვილმა დაკარგა კომპანიის საკონტროლო პაკეტი, რის გამოც საქმე გაირჩა იაკობაშვილს, კეზერაშვილსა და ნაკაიძეს შორის. ივანე ნაკაიძემ თავი გაიმართლა იმით, რომ აღნიშნული წილი მას არ უყიდია, მისი საფასური არ გადაუხდია და, შესაბამისად, არ ეკუთვნის. მან ის გაიფორმა ფიქტიურად, რათა არ შეფერხებულიყო კომპანიის მუშაობა. ნაკაიძე იძულებული შეიქნა, დაეთმო ეს წილი გრიგოლ ლილუაშვილისთვის.

    მიმდინარე წლის 25 აპრილს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია “პეტროკას ენერჯი გრუპის” 38%-იანი წილი გაფორმდა ივანე ნაკაიძეზე.

    ამრიგად, გრიგოლ ლილუაშვილი, დავით კეზერაშვილსა და ივანე ნაკაიძესთან ერთად, სავარაუდოდ, ფლობს კომპანია “პეტროკასის” მნიშნელოვან წილს, რომელიც ივანე ნაკაიძის სახელზე ფიქტიურად აქვთ გაფორმებული.

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here