ერთ საგანგაშო მოვლენაზე მსურს ყურადღების გამახვილება. ეს არის მოძალადე დაჯგუფებები, რომლებიც, როგორც წესი, პოლიტიკას არიან ამოფარებულნი. ისინი, არც მეტი არც ნაკლები, ქვეყნის სახელით ლაპარაკობენ და მოქმედებენ.
მამულის დაცვა იყო გასული საუკუნის 80-იანი და 90-იანი წლების საქართველოში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფება „მხედრიონის” მთავარი ლოზუნგი. თქვენ წარმოიდგინეთ, საკუთარი სისხლით იცავდნენ კიდეც ქვეყნის ინტერესებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, როგორც არასახელმწიფოებრივი, არალეგალური და არადისციპლინებული დაჯგუფება, გაცილებით მეტი პრობლემის მომტანი აღმოჩნდა ქვეყნისთვის, ვიდრე სიკეთისა. სხვაგვარად შეუძლებელია. სახელმწიფოში ერთადერთი, ვინც უფლებამოსილია, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში ფიზიკური ძალა გამოიყენოს, ეს თვითონ სახელმწიფოა. ყველა დანარჩენი, ვინც უნდა იყოს – პარტია, დაჯგუფება, კუთხე, ავტონომია თუ ნებისმიერი სხვა, ვინც საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ფიზიკურ ძალას გამოიყენებს, ავტომატურად იქცევა საშიშ ძალად, რომლის არსებობაც საფუძველშივე უნდა აღიკვეთოს. ერთადერთი, ვისაც ხალხი შეიარაღებას ანდობს და იარაღის გამოყენების უფლებას ოფიციალურად აძლევს (არმია, პოლიცია, სპეცსამსახურები), სახელმწიფოა.
სახელმწიფო, რომელშიც ჩნდებიან მოძალადე ჯგუფები, რომლებიც საკუთარ თავს სახელმწიფოზე მაღლა აყენებენ და ერთობ საეჭვო პატრიოტული მოტივებით ხალხზე ძალადობას იწყებენ, პრაქტიკულად აღარ არის სახელმწიფო. ჩართავ ტელევიზორს და გესმის აბსოლუტურად მიუღებელი და საგანგაშო ფაქტები. მაგალითად: „ვიქტორ სანიკიძეს, რომელიც ვაკის პარკში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, თავს დაესხნენ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი თამთა შამათავა და “ნაცმოძრაობის” მინისტრ გოკა გაბაშვილის მოადგილე გურამ სულხანიშვილი“. გადართავ სხვა არხზე და იქიდან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ასე გვმოძღვრავს: “არჩევნებამდე მივდივართ ტექნიკური კოალიციური მთავრობით… კოალიციური მთავრობა ნიშნავს დეოლიგარქიზაციას. დღეს ერთადერთი ძალა და პარტია არის “ოცნება”. ერთპარტიული სისტემა არის და, ამდენად, ერთი ოლიგარქია მხოლოდ. კოალიციური მთავრობა თავისთავად ნიშნავს, რომ ერთი გავლენა ვერ იქნება. კოალიციური მთავრობა ასევე ნიშნავს დეპოლარიზაციას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს”.
ეს ქართველ ხალხზე ძალადობა არ არის? რა ტექნიკური და კოალიციური მთავრობა?! ქართველ ხალხს მთავრობაც ჰყავს, პარლამენტიც და მმართველი პარტიაც. რა უფლებით გვახვევს ქალბატონი პრეზიდენტი იმ იდეას, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასია?! ძალადობის მაგალითი უამრავია. დასავლეთის „მეხუთე კოლონა“, რომელმაც პოლიტიკაში ზედიზედ იწვნია კრახი, ძალადობაზე, ხალხის ნების დათრგუნვასა და საზოგადოების შეშინებაზე გადავიდა. მოთარეშე ჯგუფები მოედო ქვეყანას. პოლიტიკური მოტივით ცემა-ტყეპა ყოველდღიურ მოვლენად იქცა. ძალადობის გამართლება, რომელსაც დასავლეთის „მეხუთე კოლონის” კუთვნილი ტელეარხები ეწევიან, ძალადობის წახალისებაა. ასეთი ქმედებები კანონით იკრძალება, მაგრამ რეალურად ნებადართულია, ვინაიდან ვითარების გამწვავების თავიდან ასაცილებლად სახელმწიფო უკან იხევს. ვითარების გამწვავებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამაში მხოლოდ საშინაო საკითხები არ იგულისხმება. ამ ბოროტ ძალას „მეხუთე კოლონა” იმიტომ ჰქვია, რომ მათ უკან სხვა სახელმწიფოები დგანან, დასავლეთი დგას. ძალადობა, რომელსაც ისინი პოლიტიკურ ცხოვრებაში საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმად იყენებენ, იქიდან არის რეკომენდებული, წახალისებული და დაფინანსებული. ე.წ. ფერადი რევოლუციის (სახელმწიფო გადატრიალების) სცენარი, რომლის მიხედვითაც ესენი მოქმედებენ, დასავლეთში დაიწერა.
ყოველივე ამის გათვალისწინებით უკვე გასაგებია საქართველოს ხელისუფლების ზედმეტად რბილი და თავშეკავებული მიდგომის მოტივები. შიგნით ვითარების გამწვავების პარალელურად, ისედაც დაძაბული საგარეო ურთიერთობების კიდევ უფრო გართულებას მთავრობა, ცხადია, უნდა მოერიდოს, მაგრამ ისიც საკითხავია, ამ მორიდებითა და თავშეკავებით მტრის წისქვილზე ხომ არ ვასხამთ წყალს, რადგან მათაც ეს უნდათ. სანამ საქართველოს მთავრობა და სამართალდამცავი სტრუქტურები აშკარა დანაშაულის ფაქტებზე თვალს ხუჭავენ, ისინი თავიანთ საწადელს აღწევენ და საზოგადოებაში შიშის სინდრომს ნერგავენ.
ფსიქოლოგები ერთმანეთისგან განასხვავებენ შიშისა და განგაშის ცნებებს. შიში ყოველთვის რაღაც კონკრეტულთან არის დაკავშირებული, ანუ მას გააჩნია მისამართი; განგაში კი ზოგადია და უფრო შიგნით არის მიმართული, ვიდრე გარეთ. ცნობილი დანიელი ფილოსოფოსი და თეოლოგი სერენ კიერკეგორი თავის დროზე წუხდა იმის გამო, რომ ფსიქოლოგიაში არ არის დაზუსტებული შიშის ცნება, სადაც ერთმანეთისგან განსხვავებით იქნებოდა წარმოდგენილი კონკრეტული შიში და ზოგადი შიში. გერმანელი ფილოსოფოსისა და ფსიქიატრის კარლ იასპერსის მიხედვით, განგაში ადამიანის ემოციური მდგომარეობაა, რომელიც რომელიმე კონკრეტულ ობიექტთან არ არის დაკავშირებული. იგი ამ მდგომარეობას შემდეგი სიტყვებით აღწერს: „ადამიანში თავისუფლად მცურავი შიში”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, განგაში არის შიში, რომელიც ადამიანის ყურადღების კონცენტრაციას კი არ ახდენს და მას კონკრეტული მიმართულებით კი არ უბიძგებს, პირიქით, მის შიგნით ყველა კუთხე-კუნჭულს მოიცავს და ღობე-ყორეს აწყდება. იასპერსი სხვა განმარტებასაც იყენებს: „უსაგნო გრძნობათა ფორიაქი”.
შიშისგან განსხვავებით, რომელიც ყოველთვის რაღაც გარკვეულს უკავშირდება, განგაში არაფერ კონკრეტულთან არ არის დაკავშირებული, ამიტომაც განგაში უფრო რთული (საშიში) მოვლენაა, ვიდრე შიში. კონკრეტულ ადამიანებში დანერგილი შიში შესაძლებელია საზოგადოებრივ განგაშში გადაიზარდოს, რაც სახიფათო მოვლენაა, ამიტომ (რა გამართლებაც უნდა მოუძებნოთ) გაუმართლებელია ადამიანებზე ძალადობის ფაქტების სათანადო რეაგირების გარეშე დატოვება. სახელმწიფომ თითოეული ადამიანი უნდა დაიცვას ნებისმიერი ჯურის მოძალადისგან. პოლიტიკური მოტივით აღძრული მოძალადე უფრო საშიშია საზოგადოებისთვის, ვიდრე კრიმინალური მოძალადე, ვინაიდან მას, ერთი მხრივ, პასუხისგებისგან თავის დაძვრენის მეტი საშუალება გამოუჩნდება, მეორე მხრივ კი, მუდმივად ჰყავს მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობა, რაც სამართალდამცავ ორგანოებს საქმეს ურთულებს.
უფრო მეტ თეორიულ სიღრმეებში აღარ წავალ, ვინაიდან მთავრობასთან სრულიად კონკრეტული სათხოვარი მაქვს: პოლიტიკას ამოფარებულ ამ ნაძირალებში იქამდე უნდა დაინერგოს შიშის სინდრომი, სანამ ისინი მთელ საზოგადოებას დააავადებენ ამ საშინელებით, რაც შემდეგ შესაძლებელია საზოგადოებრივ განგაშში გადაიზარდოს. თქვენ ვალდებულნი ხართ ქვეყანაში, ერთი მხრივ, შექმნათ აზრის თავისუფლად გამოთქმის პირობები, მეორე მხრივ კი, დაიცვათ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. საზოგადოებას კი არ უნდა ეშინოდეს მოძალადეების, მოძალადეებს უნდა თრგუნავდეს სახელმწიფოს, კანონის, საზოგადოების წინაშე შიში. პირველ რიგში, თქვენ, ხელისუფლებამ, უნდა დაძლიოთ შიში იმისა, რომ დასავლეთი და მისი „მეხუთე კოლონა” მოგერევათ. თქვენ შეიძლება მხოლოდ საკუთარმა შიშმა და ზედმეტმა სიფრთხილემ დაგამარცხოთ. შეგახსენებთ, რას გვასწავლის ჩვენი დიდი და ბრძენი წინაპარი: „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა!” თავისუფლების მიმართულებით რაკი თქვენ უკვე გადადგით მძლავრი ნაბიჯი, ახლა კეთილი ინებეთ და საბოლოოდ დათრგუნეთ თქვენში შიშის ყველა უჯრედი, თამამად იმოქმედეთ და სრულად განახორციელეთ თქვენი კონსტიტუციური მოვალეობა!
ვალერი კვარაცხელია