უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება კვლავ გრძელდება და ბოლო კვვირის განმავლობაში, პრაქტიკულად, ყოველდღე უკრაინული მხარე აცხადებს სოფლებისა თუ ქალაქების დათმობის შესახებ. დასავლეთი, რომლის მხარდაჭერის იმედიც ყველაზე მეტად აქვს უკრაინას, პირობას დებს, რომ ზელენსკისა და მის არმიას იარაღს არ მოაკლებს, მაგრამ ამ იარაღს მსროლელიც სჭირდება და, იმის მიუხედავად, რომ უკრაინელები აცხადებენ, სამჯერ მეტი რუსი ჯარისკაცი მოვკალით, ვიდრე ჩვენი ჯარების დანაკარგიაო, ფაქტია _ წინ სწორედ რუსეთი მიიწევს.
დასავლელი ლიდერები უკვე ზამთრისთვის ემზადებიან და, რეალურად, უკრაინა ნაკლებად საინტერესო გახდა. მეტიც, ევროპელი ლიდერების განცხადებებში აშკარად გამოსჭვივის მოლოდინი იმისა, რომ დაპირისპირება უნდა დასრულდეს, რადგან ეს ყველაფერი მათაც ძალიან აზარალებს და ომის გაგრძელება მხოლოდ ამერიკის წისქვილზე ასხამს წყალს. მოვისმინეთ განცხადებები (მაგალითად, ნატოს გენერალური მდივნის), რომ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე შეთანხმება მალე უნდა მოხერხდეს, თუნდაც უკრაინას მოუხდეს გარკვეული ტერიტორიების დროებით დათმობა. თავის მხრივ, უკრაინელებიც მიხვდნენ, რომ ძალიან დიდ შარში არიან და ამიტომ ოფიციალურად დაადასტურეს, _ ნატოსკენ სავალ გზას გადავუხვევთ და არაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რაც ამ სამხედრო ალიანსს დაგვაახლოვებსო. ამით უკრაინამ თქვა ის, რის თქმასაც შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებამდე რუსეთი ითხოვდა. ეს განცხადება ყველაზე მეტად ამერიკას არ მოეწონა, მაგრამ ჯერჯერობით არ გაუპროტესტებია.უკრაინელები მიხვდნენ, რომ ნატო უახლოესი ათწლეულების პერსპექტივა არ არის, და პროექტს, რომელსაც უკრაინის ნატოში გაწევრება ერქვა, ჩაეხსნა.
მართალია, ახლა ზაფხულია, მაგრამ დროს ვერაფერი შეაჩერებს და ევროპა ზამთრისთვის უკვე ემზადება. მათ კარგად იციან, ზამთარში რუსული ბუნებრივი აირის გარეშე გაიყინებიან და იმის გათვალისწინებით, რომ ბუნებრივ აირზე თითქოს უარი თქვეს, ახლა გამოსავალი უნდა მოძებნონ. ჰოდა, ბებერი ევროპა ფიქრობს, რომ ქვანახშირის გამოყენებას უნდა დაუბრუნდეს და ძველი ქარხნები სწორედ ქვანახშირზე აამუშაოს. არადა, ევროპამ ქვანახშირის გამოყენებაზე უარი იმიტომ თქვა, რომ ის თურმე გარემოს აბინძურებს და თან გლობალური დათბობის ხელშემწყობი და მაპროვოცირებელია. ატმოსფეროში გასული ქვანახშირის წვის ნარჩენი დიდი ხნის განმავლობაში არ იშლება და ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა.
რა გამოდის? ევროპას აქვს იმის შანსი, რომ ბუნებრივი აირი ისევ რუსეთისგან მიიღოს, ამის ნაცვლად კი ქვანახშირზე გადადის და არამხოლოდ მოქალაქეების ჯანმრთელობით, არამედ ეკოლოგიური გარემოთი რისკავს?! და ევროკომისიის ხელმძღვანელი, ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი სად არის, დავიანგარიშე და ზამთარში ორი გრადუსით თუ დავუწევთ გამათბობლებს, რუსული ბუნებრივი აირი აღარ დაგვჭირდებაო?! ჰო, გვიან, მაგრამ მაინც მიხვდა ევროპა, რომ ამერიკამ არა მხოლოდ უკრაინა ჩააგდო შავ დღეში, არამედ პრობლემა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანას შეუქმნა. მთავარი ნავთობპროდუქტებიც არ არის, მთავარი საკვებია, რომლის დეფიციტზე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მიანიშნა და კვლავ… უკრაინა გაიმეტა.
„უკრაინა მსოფლიოში ხორბლის ერთ–ერთი უმსხვილესი მწარმოებელია და დღეს იქ შექმნილი ვითარება გვაფიქრებინებს, რომ არა მხოლოდ საერთაშორისო ბაზარზე შეიქმნება ხორბლის დეფიციტი, არამედ პრობლემა ექნება უშუალოდ უკრაინასაც. თუ ასე გაგრძელდება, უკრაინელებს შიმშილი ელოდებათ და ამ გადმოსახედიდან გამოსავალი არ ჩანს“, _ განაცხადა შოლცმა.
ახლა ის გავიხსენოთ, როგორ გვაქეზებდა ევროპაც და ამერიკაც, _ რუსულ ხორბალზე უარი თქვით, ხორბლით ჩვენ მოგამარაგებთო, მაგრამ, როცა ვერაფერი შემოგვთავაზეს, იძულებული შეიქნენ, ეს თემა დაეხურათ და მხოლოდ ხანდახან გვახსენებენ: ეგებ ხორბლის შესყიდვის ალტერნატიული გზები ეძებოთო. ახლა კი ირკვევა, რომ ჩვენ კი არა, გაჭირვებაში მყოფ უკრაინას ელოდება შიმშილი, რამე თუ არ მოიფიქრა. ჰო, უკრაინამ თვითონ უნდა იპოვოს მდგომარეობიდან გამოსავალი, თორემ დასავლეთმა ხელი უკვე დაიბანა: ჩვენ უკრაინელებისთვის გასაყოფი ხორბალი არ გვაქვს, პირიქით, მათგან ვყიდულობდითო.
26 ივნისს, ერთმანეთს ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეხვდნენ; იმ საფრანგეთის, სადაც ცოტა ხნის წინათ დასრულებულ არჩევნებში მაკრონის პარტია დამარცხდა, ანუ პრეზიდენტის მუშაობით მოსახლეობა უკმაყოფილოა. ჰოდა, მხარეები შეთნხმდნენ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში ურთიერთობა გავამყაროთ და, რაც მთავარია, უკრაინას სამხედრო ტექნიკით დავეხმაროთ, რადგან ახლა კრიტიკული მომენტია და უქმად ყოფნა არ შეიძლებაო. არც ერთ მხარეს არ უთქვამს, რომ უკრაინას, იარაღის გარდა, საკვებიც სჭირდება, რომ ზამთარი მოდის და უკრაინაში მოშლილია მთლიანი ინფრასტრუქტურა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდება, მათი არსებობის შემთხვევაშიც კი, შეუძლებელი იქნება. მათ გარეშე საკვების დამზადება წარმოუდგენელია, ხორბალზე უკვე მოგახსენეთ და, მხოლოდ იარაღით უკრაინელები შორს რომ ვერ წავლენ, ყველაზე კარგად სწორედ დასავლეთმა უნდა იცოდეს.
ისევ ქვანახშირს დავუბრუნდეთ. ევროპას ჰქონდა გეგმა, რომ ქვანახშირი სრულად ჩაენაცვლებინა, რადგან ქვანახშირი გარემოსთვის ყველაზე დამაბინძურებელ საწვავად ითვლება. ჰოდა, ეს დეკარბონიზაციის თამამი გეგმა ჩავარდა და თუნდაც საფრანგეთი, რომელიც ერთი წლის წინათ ამტკიცებდა, 2024 წლისთვის ქვანახშირის საწარმოებს სრულად ჩავნაცვლებთო, ახლა იმავეს ვეღარ ამტკიცებს. ევროპული ქვეყნების განცხადებამ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ისე შეაშფოთა, რომ მათ ამ გეგმის განხორციელებაზე თავის შეკავება ურჩია, რადგან დეკარბონიზაციის მთავარი ინიციატორი სწორედ ევროკომისია იყო. ახლა კი გამოდის, რომ ამ ორგანოსაც ტყუილად უშრომია და ვიღაც პასუხს აუცილებლად მოსთხოვს გაფლანგული მილიარდების გამო, თუმცა ქალბატონი ურსულა იმასაც კატეგორიულად იმეორებს, _ რუსულ ბუნებრივ აირზე უარი თქვით, მაგრამ არც ქვანახშირი გამოიყენოთო. დღეს ქვანახშირზე ყველაზე მეტად დამოკიდებული ქვეყანა პოლონეთია და სწორედ პოლონეთმა ბოლო ორ თვეში ქვანახშირის მოხმარება 6,9%-დან 16,9%-მდე გაზარდა. დანარჩენ ევროპასაც სხვა გზა არ ექნება და უკვე შემოდგომისკენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ევროპის თავზე შავი ღრუბელი წარმოიქმნება.
ბოლო მონაცემებით, ევროპის პრაქტიკულად ყველა დიდი ქვეყანა ცდილობს, სანქციებისთვის გვერდის ავლით რუსული პროდუქცია მიიღოს, ანუ რუსულმა პროდუქციამ გაიაროს შუამავალი ქვეყნის საბაჟო, იქ საბუთებში ჩაიწეროს, რომ ეს არ არის რუსული ნაწარმი და ისე შევიდეს ევროკავშირის ქვეყნებში. ამით ევროპელები მსოფლიოს დაანახვებენ, რომ რუსულ პროდუქციას ოფიციალურად არ ყიდულობენ, რეალურად კი რუსული პროდუქცვიის გარეშე არსებობას ვეღარ განაგრძობენ. ის წარმატებული კომპანიები კი, რომლებიც საერთო ფერხულს აჰყვნენ და რუსული ბაზრებიდან გავიდნენ, უკვე ასეული მილიონობით ზარალს ითვლიან და მათ შორის პირველი „კოკა კოლა“ და „ეფლია“. მათი დაანგარიშებით, მხოლოდ სანქტ-პეტერბურგი და მოსკოვი მოიხმარდნენ იმდენ პროდუქციას, რამდენსაც ცალკე აღებული ევროპული ქვეყნები და ახლა ამ ბაზრის გარეშე დარჩენა მათ არამხოლოდ დღევანდელ მდგომარეობას ამძიმებს, არამედ გრძელვადიანი პროექტების განხორციელებაც სერიოზული საფრთხის ქვეშაა. ჯერჯერობით, ხმამაღლა ვერავინ ბედავს იმის თქმას, რომ რუსულ ბაზარზე დაბრუნება სურს, მაგრამ ეს დრო შორს არ არის.
ასეთ პირობებში, საქართველოს ხელისუფლების არა მხოლოდ პოზიცია, არამედ გადაწყვეტილებებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც ჩვენია, და ეკონომიკურად დამოკიდებულება რუსეთზე გვაიძულებს, კარგად დავფიქრდეთ სამომავლო გეგმებზე. რუსეთიდან ხორბლის შემოტანის განულებამ და მხოლოდ პურის ფქვილზე გადასვლამ კარგად დაგვანახვა, რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ: მოსახლეობას მთავარი საკვები პროდუქტი 20%-ით გაუძვირდა, საქართველოში არსებული ყველა წისქვილკომბინატი დაიხურა და, თუ შემოდგომიდან რაიმე არ შეიცვლება, მორიგი გაძვირება გველოდება. საუბარი არ არის მხოლოდ ხორბალზე, რუსეთიდან შემოგვაქვს და იქ გაგვაქვს ყველაფერი. ევროპამ კი ნათლად დაგვანახვა, რომ ჩვენ მიმართ ინტერესი მხოლოდ ტერიტორიასა და… ფრონტის ხაზზე გადის. ჰო, ჩვენ ვისჯებით იმის გამო, რომ რუსეთის მიმართულებით არ გავისროლეთ, რომ სანქციებს არ შევუერთდით, რომ უარს არ ვეუბნებით რუსეთის მოქალაქეებს შემოსვლაზე, რომ რუსი ტურისტების მიერ საქართველოში დახარჯული ფული ეკონომიკასა და რიგით მოქალაქეებს ძალიან ადგებათ. ამიტომ ვამბობთ, რომ, დასავლეთის კი არა, პირველ რიგში, საკუთარ ინტერესებზე უნდა ვიფიქროთ, თორემ დასავლეთმა 45-მილიონიანი უკრაინა გაწირა და საქართველოს გაცილებით მარტივად გაიმეტებს. მით უმეტეს, ჩვენი ქვეყანა არც სურსათის ბაზარზეა დიდი მოთამაშე და არც სხვა ეკონომიკური რესურსების საბადოა.
ბესო ბარბაქაძე