Home ახალი ამბები საქართველო საქართველოში ყოველ მეხუთე ადამიანს საკვებისთვის ფული არ ჰყოფნის

საქართველოში ყოველ მეხუთე ადამიანს საკვებისთვის ფული არ ჰყოფნის

მაღალ რეიტინგებს გვიწერენ, მაგრამ წინსვლა და წარმატებები მხოლოდ ფურცელზეა, სინამდვილეში კი არაფერი ხდება ისეთი, რაც მოსახლეობას ყოფას შეუმსუბუქებს

198

ახალი წელი ახლოვდებოდა, როცა ხელისუფლების წარმომადგენლებმა საზეიმოდ გვამცნეს,  სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზე დავიდა და ასევე ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობის დონეო. ჰო, ეს ყველაფერი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, თორემ კომუნისტების პერიოდში  ადამიანი თუ არ მუშაობდა, სჯიდნენ და აიძულებდნენ, ემუშავა. სამსახური ყველას  ჰქონდა და მთავარი იყო ის, რომ ხვალინდელი დღის არავის ეშინოდა, არავის ჰქონდა  განცდა, რომ უმუშევარი დარჩებოდა, ოჯახის გამოსაკვები ფული არ ექნებოდა. მუშაობდა ყველა –  ქალი თუ კაცი და ყველამ იცოდა, სად, როდის და რა უნდა ეკეთებინა.

წინასაახალწლო განცხადება უცხო არაა – აბსოლუტურად ყველა ხელისუფალი ამბობდა, რომ წინ მივიწევთ, რომ ეკონომიკა ვითარდება. ჰო,  წინსვლა  შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც   გვქონდა,ხოლო სააკაშვილის მმართველობის პერიოდში  – არნახული წინსვლა, „ოცნებამ“ კი „ნაციონალების“ შედეგებს გადაასწრო და ეს მარათონი წლიდან წლამდე გრძელდება – რაღაც ინდექსებში წინ მივიწევთ, ვუსწრებთ ევროკავშირის ქვეყნებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში – ლამის ყველას და ყველაფერს, მაგრამ რატომღაც ისე გამოდის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ღარიბულად ჩვენ ვცხოვრობთ, ყველაზე დაბალი ანაზღაურება და პენსია  ჩვენთან არის. მაშ, რით ვუსწრებთ მათ და რატომ არის, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სიებში მაღალ მაჩვენებლებს გვიწერენ? ხომ არ ჰგავს ეს ყველაფერი იმას, რომ წინ მხოლოდ ფურცელზე მივდივართ, რეალურად კი ერთ ადგილს ვტკეპნით და არსადაც არ მივდივართ?!

გასულ კვირას გამოქვეყნდა  მორიგი კვლევის შედეგი, რომლის მიხედვით საქართველოში ყოველ მეხუთე ადამიანს საკვებისთვის ფული არ ჰყოფნის. განსაკუთრებით რეგიონებში 55 წელზე უფროს  ადამიანებს უდგათ ეს პრობლემა და, სიმართლე გითხრათ,  არ გაგვკვირვებია. უფრო ის გვიკვირს, რომ საუბარი ყოველ მეხუთე ადამიანზეა და არა ყოველ მეოთხეზე, მესამეზე ან თუნდაც მეორეზე. სრულფასოვანი კვების პრობლემა საქართველოში, წლებია, აწუხებს  მოსახლეობას და როგორ არ გავიხსენოთ გაეროს კვლევის შედეგები, რომელთა  მიხედვით  საქართველოში 50-დან 70 ათასამდე ბავშვი შიმშილობს. ისიც ითქვა, რომ იმჟამინდელი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის,  თანამდებობა სწორედ ამ კვლევის შედეგებს შეეწირა, მაგრამ  რატომღაც გვგონია, რომ გაეროს იმ კვლევის შედეგებიდან რადიკალურად არაფერი შეცვლილა და შიმშილი კვლავ მთავარი (თუ უმთავრესი არა) გამოწვევაა  ქვეყნისთვის.

სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, ერთ უცნაურ რამეს გეტყვით:  შარშან საქართველოში 47, 5 მლნ დოლარის ბოსტნეული შემოვიდა. ეს მაჩვენებელი  წლიდან წლამდე იმატებს, ანუ ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ბოსტნეული შემოგვაქვს მეზობელი ქვეყნებიდან. ლიდერი ამ მიმართულებით არის თურქეთი, რომლისგანაც  26,6 მლნ დოლარის ბოსტნეული ვიყიდეთ, შემდეგ მოდიან უზბეკეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი... საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა  არ იმატებს, მაგრამ იმატებს  მოთხოვნა ბოსტნეულზე. და როგორ გგონიათ, რატომ? მიზეზი ერთადერთია – ყოველწლიურად  სულ უფრო ნაკლებ ადამიანს აქვს მიწის დამუშავებისა და,  ელემენტარულად, მწვანილის მოყვანის სურვილი, ანუ არ მოგვყავს ადგილზე და ვზრდით იმპორტს. თუნდაც იმავე ოდენობის ბოსტნეული რომ გვეწარმოებინა, რამდენსაც  კომუნისტების პერიოდში ვაწარმოებდით, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს კი არ დავაკმაყოფილებდით, 50 მლნ დოლარის ბოსტნეულს გავყიდდით კიდეც და ეს ფული ქართველი ხალხის ჯიბესა და ქართულ ეკონომიკაში წავიდოდა. ვინმეს ახსოვს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შრომას მიჩვეულ კოლმეურნეობებში კვლავ ძველი ტემპით განაგრძეს  პროდუქციის მოყვანა და, გატანა შეუძლებელი რომ იყო, კილო ხახვი და ბადრიჯანი 5 თეთრი ღირდა, საზამთროს 3 თეთრად იხვეწებოდნენ, იმდენი იყო ჭარბი  პროდუქცია, მწვანილი კი… სამ კონაში 10 თეთრი ეძვირებოდა ხალხს. მწვანილი, რომელიც საქართველოს რეგიონში უპრობლემოდ მოდის, შემოგვაქვს და შემოგვაქვს მილიონობით დოლარის. აღარ არის ის დრო, ბებიები ქაღალდში გამოკრულ მწვანილის თესლს რომ ცვლიდნენ ერთმანეთში, ბოსტანში სასოებით რომ მოაბნევდნენ ხოლმე… ახლა ჰიბრიდული ჯიშებია მოდური, გემოს, სუნის… ყველაფრის გარეშე, მაგრამ არც ეს ჯიშები  მოგვყავს და უცხოეთიდან შემოგვაქვს. სხვა საკითხია, რამდენად ხარისხიანი და სასარგებლო მწვანილი შემოგვაქვს. იმ ადამიანების რაოდენობის  მატების  პარალელურად, რომლებსაც სრულფასოვნად კვების შესაძლებლობა არ აქვთ, რატომღაც იმატებს  ქვეყნიდან  გაქცეულთა რაოდენობაც. ისე არ გაიგოთ, თითქოს მხოლოდ უმუშევარი ადამიანები გარბიან საქართველოდან. არა, მიდიან ისინიც, ვისაც სამსახური აქვს და თანაც არცთუ ურიგო – 2 და 3 ათასი ლარი რომ გაქვს ხელფასი, წესით, წასვლაზე არ უნდა იფიქრო, მაგრამ, როცა ეს თანხა საკმარისი არ არის ნორმალურად  კვებისა  და ცხოვრებისთვის, მიდიხარ. ქვეყნიდან მიდის ძალიან ბევრი სამართალდამცველი და მიდის იმიტომ, რომ ძალოვან უწყებებში არც ხელფასია საკმარისი და არც პენსია, რომელიც 20-წლიანი უმწიკვლო სამსახურის მერე ენიშნებათ და რომლის ოდენობაც არ აჭარბებს…. 400 ლარს. საქართველოდან მიდიან საკრებულოს წევრები, პოლიციის უფროსები, მათი მოადგილეები და ზოგი ევროპაში მუშაობს მშენებლობაზე, ზოგიც მექსიკის გავლით ამერიკაში გადადის და ან ტაქსის მძღოლია, ან  ტრაილერის. ძალიან ბევრი მიდის რუსეთში, ქვეყანაში, რომელიც ომშია და, ამის მიუხედავად, ღირსეული სამსახურის პოვნა იქ უფრო არის შესაძლებელი, ვიდრე ჩვენთან. რა გამოდის? წინსვლა და წარმატებები მხოლოდ ფურცელზეა, სინამდვილეში კი არაფერი ხდება ისეთი, რაც მოსახლეობას ყოფას შეუმსუბუქებს. მეტიც, თუ აქამდე გვეუბნებოდნენ, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ეროვნული ვალუტა გამყარდა, ახლა გვიმტკიცებენ, რუსეთის მოქალაქეები იმ ოდენობით თუ დაიწყებენ ქვეყნიდან გასვლას, რა ოდენობითაც შემოვიდნენ, ჰიპერინფლაცია გვექნებაო და ამას ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ამბობს; ის ხელმძღვანელობა, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნის ვადა გასდის და თავს უფლებას აძლევს, დაფარულ თემებზე ღიად ისაუბროს. სხვა საკითხია, რატომ აძლევს ხელს დასავლეთს ეს ყველაფერი? რისთვის სჭირდება მაღალი რეიტინგების დაწერა საქართველოსთვის და იმის მტკიცება, რომ აქ ყველაფერი კარგად არის? უწინარესად,  იმისთვის, რომ  საქართველოს ხელისუფლება მათ რეკომენდაციებსა და მითითებებს დღემდე  ასრულებს ეკონომიკური წინსვლის მიმართულებით და, რომ თქვას, ამ რჩევებმა არ გაამართლაო, არ სურს. კიდევ იმისთვის სჭირდება, რომ სხვა ქვეყნებს დაანახვოს, აგერ, საქართველო გვიჯერებს და შეხედეთ, როგორ ვითარდებაო. კიდევ იმისთვის, რომ ნებისმიერ დროს ჰქონდეს  შესაძლებლობა, სოციალური აფეთება გამოიწვიოს და არავის სჭირდება ფეხზე დამდგარი, ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც საკვების გარდა სხვა საფიქარალი და მოთხოვნა ექნება. დასავლეთს თუ დავუჯერებთ, 30  წელზე მეტია, გამუდმებით წინ მივიწევთ, ვვითარდებით, მცირდება უმუშევრობა, იკლებს სიღარიბე და რით ვერ მივედით იმ სანუკვარ მიზნამდე, რომელიც დასახულია? თუ მოსეს ხალხივით 40 წელი უნდა გვატარონ უდაბნოში და მერე დავინახავთ ნათელს? ისე, არც ეს 40-წლიანი ციკლის დასასრულია  შორს, მაგრამ ეჭვი გვაქვს, 40 წლის შემდეგაც  აგვიფრიალებენ ფურცლებზე დაწერილ ინდექსებს  და გვეტყვიან, რომ ყველაფერი კარგად არის, რომ წინ მივიწევთ, უბრალოდ, ამ ყველაფერს ვერ ვიგრძნობთ. მხოლოდ ჩვენ გვაქვს იმის განცდა, რომ საქართველოდან გასული მოსახლეობის რაოდენობა  იმაზე მეტია, ვიდრე აქ არის დარჩენილი? და თუ  არ არის, რამდენიმე წელიწადში აუცილებლად ასე იქნება და საქართველოში ადგილობრივზე მეტი უცხოელი  იცხოვრებს? იქნებ მართლა ის არის  საბოლოო მიზანი, რომ უმცირესობაში დავრჩეთ და თანაც ისეთ უმცირესობაში, რომ გადაწყვეტილებების მიღება  ჩვენზე აღარ იყოს დამოკიდებული?!

წელი ახლახან  დაიწყო და სამომავლოდ იმედიანი პროგნოზები კეთდება, როგორც ეკონომიკური ზრდის, ისე ახალი სამუშაო ადგილებისა და უცხოური ინვესტიციების შემოსვლის კუთხით. რეალურად კი, არც უცხოური ინვესტიციები ჩანს, არც სამუშაო ადგილები შეიქმნება იმაზე მეტი, რაც შარშან, შარშანწინ ან იმის წინ იყო, მაგრამ დასავლეთი აუცილებლად ტაშს დაგვიკრავს, ხელისუფლებაც აუცილებლად გვეტყვის, რომ კვლავ წინ წავიწიეთ, რომ ცხოვრების დონე გაუმჯობესდა, რომ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ… ისევ იშიმშილებს ყოველი მეხუთე ადამიანი (რეალურად, უფრო მეტი), ისევ გაიქცევიან ქვეყნიდან მოქალაქეები და შეეცდებიან, ბედი სხვაგან ეძებონ; ჩვენ კი, ვინც აქ ვრჩებით, მოთმინებით დაველოდებით, როდის აღმოვჩნდებით უმცირესობაში და როდის იშოვნიან გაცილებით მეტ ფულს თურქები, ირანელები, აზერბაიჯანელები საქართველოში მწვანილის გაყიდვით.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here