Home ახალი ამბები საქართველო საქართველოს ისტორია, 1783-1990

საქართველოს ისტორია, 1783-1990

375

ისტორიკოს მამა-შვილის, აკაკი და პაატა სურგულაძეების, წიგნი „საქართველოს ისტორია, 1783-1990“  ჩამივარდა ხელში ამ ათიოდე წლის წინათ ბათუმში დასასვენებლად ყოფნისას. სადაც ჩინებული მასპინძლობა გამიწია ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა, რომლის ვინაობასაც არ გაგიმხელთ, რადგან  დღეს, უკაცრავად  და,  ამ „დედააფეთქებული“ პოლიტიკის გამო „ბარიკადების“ სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდით – მე მიშნაცების რადიკალურ მოწინააღმდეგედ დავრჩი, რადგან, დიდი ჭაბუას რომანის ერთ პერსონაჟს თუ „დავესესხები“, აგერ უკვე 20 წელიწადია, „სხვაგვარად არ ძალმიძს“, ხოლო ჩემი ბათუმელი მეგობარი ერთ მშვენიერ დღეს ახტა-დახტა და შალიკოს ფანჩატურში ჩახტა.

რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ მამა-შვილთა არცთუ მცირე მოცულობის ნაშრომს, თვალი ვერ მოვწყვიტე, მაგრამ მის ბოლომდე წასაკითხად ის ერთი კვირა თუ 10 დღე, რამდენ ხანსაც ვსტუმრობდი ბათუმელ მეგობარს, არ მეყო _  შავი ზღვის ტალღებში „კოტრიალისა“ და საღამოს ჰორიზონტზე  ჩამავალი მზის იგავმიუწვდენელი სილამაზისთვისაც ხომ უნდა მეპოვა დრო? ჰოდა, მეც ვიპოვე გამოსავალი _ წამოსვლისას, მასპინძელისთვის უჩუმრად, ის წიგნი ხელს გამოვაყოლე. ამ „კრიმინალის“ შესახებ მოგვიანებით, უკვე თბილისში გავუმხილე აჭარელ მეგობარს, რის გამოც პოლიცია არ გამოუძახებია _ ცოტა დავლიეთ და ბევრი ვიცინეთ, მაგრამ… ნათქვამია, რაც არ გერგება, არ შეგერგებაო. წინამდებარე  წერილზე მუშაობის დაწყების წინ ის წიგნი მოვიძიე ჩემს მოკრძალებულ ბიბლიოთეკაში, მაგრამ  ვეღარ აღმოვაჩინე. ალბათ, ვინმეს თუ ვათხოვე. ჩვენში ხომ ასეთი წესია _ თუ  არ შეახსენე, ნათხოვარის უკან დაბრუნება ავიწყდებათ ხოლმე. მე რა ვქნა, ვის რა უნდა შევახსენო, როცა თვითონ არ მახსოვს, ვის ვათხოვე… მამა-შვილ აკაკი (1913-1991) და პაატა (1958…) სურგულაძეების წიგნიდან ძირითადი მომენტები ზეპირად მახსოვს. ჰოდა, რადგან 1990 წლის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ჩემ თვალწინ ჩაიარა, მათი ანალიზით შევეცადე წინამდებარე სტატიაზე მუშაობას და მკითხველთან სიმართლის მიტანას…

დავიწყებ იქიდან, რის გამოც შეიძლება მიშნაცების კასტამ და  სხვა, ვითომ პატრიოტებმა შეიძლება ამთავითვე ანათემას გადამცენ, თუ ვიტყვი, რომ  სურგულაძეების წიგნის სათაურს მრავლისმთქმელ, მაგრამ ბევრისთვის საკამათო ფრაზას დავუმატებ (აქვე დამატებით აღვნიშნავ, რომ „ბევრში“ მხოლოდ ნამდვილ პატრიოტებს ვგულისხმობ და არა უსამშობლო, ოკეანის გაღმა-გამოღმიდან დაფინანსებულ, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, „სახალხო დამცველს“ და 1-2 -კაციან პარტიებს, რადგან ისინი ყველა ერთად თუ ცალ-ცალკე, ჩვენი „სტრატეგიული მოკავშირე“ (წაიკითხე, სტრატეგიული მტერი) აშშ-ის ულტრალიბერასტი,  ე.წ. ომის პარტიის მიერ დანიშნულ -„არჩეულები“ არიან და თუნდაც მხოლოდ ამიტომ მათთან კამათს არ ვაპირებ.

რაც შეეხება ბოლო აბზაცში თქმულ „თუნდაც მხოლოდ ამიტომ“-ს, ამ ფრაზას კიდევ ერთი დატვირთვა აქვს… იმის გათვალისწინებით,  პერსონალურად  ვინ „იმალება“ ზემოხსენებული პარტიებისა თუ ორგანიზაციების უკან: „პრაფესორა“ ლევან ბერძენიშვილი, კაპიტანი ეკა გიგაური, ეფრეიტორი ნინო ლომჯარია  თუ „კომსომოლა როჟა“ გიორგი ვაშაძე.. მსგავს არარაობებთან  ჩემი კამათი, ყალბი თავმდაბლობის გარეშე თამამად ვაცხადებ, მათთვის დიდი პატივია… მიუხედავად ამისა, კიდევ ერთ რისკზეც თამამად წავალ: თუ მოხდა სასწაული და ზემოთ დასახელებულ თუ დაუსახელებელ  რომელიმე ნაცთან საჯარო დებატები მეღირსა, თუნდაც მავანმა ტრაბახას იარლიყი მომაწებოს,  მაინც თამამად ვაცხადებ, რომ პოლიტიკური დებატების ნებისმიერ საჯარო ფორმატში ყოველ მათგანს, რომ იტყვიან, ბეჭებზე დავდებ. ახლა დროა, ბოლოს და ბოლოს, გავამხილო ის ფრაზა, რომელსაც სურგულაძეების წიგნის სათაურს (რომელიც წინამდებარე წერილის სათაურად უცვლელად დავტოვე) დავუმატებდი: „ოქროს ხანის დასაწყისი და დასასრული“…

ანუ, წინამდებარე წერილის სათაური ასეთი იქნებოდა: „1883-1990 წლების საქართველოს ისტორია, ანუ ოქროს ხანის დასაწყისი და დასასრული“.

ასეთი „თავხედობის“ უფლება იმიტომ მივეცი თავს, რომ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ,  მხოლოდ მამა-შვილის წიგნის გარშემო არ ვიტრიალებდი, რადგან  საგაზეთო სტატია ხსენებული ნაშრომის რეცენზიას არ დამსგავსებოდა, და ჩემს მოკრძალებულ ცოდნასაც გამოვიყენებდი.

წინამდებარე წერილი სწორედ ის შემთხვევაა, როცა საკუთარი ცოდნისა და ინტერნეტის დახმარებით დავადგინე, რომ მამა-შვილის ისტორიულმა წიგნმა (გურამ ფანჯიკიძისა და ჯუმბერ ოდიშვილის რედაქტორობით) დღის სინათლე სწორედ 1990 წელს იხილა,ანუ „საქართველოს ოქროს ხანის“ ბოლო წელს, როდესაც საბჭოთა „ჯოჯოხეთში“ ქართველი ხალხი ბედნიერად ცხოვრობდა და მამა-შვილის ვრცელი, პოლიტიკურ-ეკონომიკური ნაშრომიც  ამ წლების გადმოსახედიდან იწერებოდა.

აქედან გამომდინარე,  ფრაზა, რომელიც დღეს დავუმატე სათაურს, გუშინ, იმ საშინელი „მონობის“ წლებში, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი იქნებოდა ქართველი საზოგადოების გონიერი ნაწილისთვის, რომელიც უმრავლესობას წარმოადგენდა, ე.წ. ეროვნულ განმათავისუფლებელი (წაიკითხე, ეროვნულ-დამანგრეველი) მოძრაობის აღზევებამდე.

წინამდებარე წერილი სწორედ დღევანდელი დღის გადმოსახედიდან იწერება, როდესაც ქართველმა ერმა ერთმორწმუნე რუსეთის „მონობას“,  როგორც იქნა, თავი დააღწია და ახლა ე.წ. კოლექტიური, სატანისტური დასავლეთის, აშშ-ევროპული ოჯახის „სრულუფლებიანი“ მონაა.

სწორედ ამიტომ მისტირის ქართველი ერის გონიერი ნაწილი რუსეთის „მონობაში“ 2 საუკუნის განმავლობაში ტკბილ-მწარე (ამაზე ქვემოთ და დეტალურად, რადგან  სწორედ რუს-ქართველთა ორასწლიანი თანაცხოვრების პლუს-მინუსების ანალიზი მაქვს ჩაფიქრებული წინამდებარე წერილის მთავარ თემად) უდარდელ ცხოვრებას.

გეორგიევსკის ტრაქტატი, ანუ ხელშეკრულება რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის დაიდო 1783 წლის 24 ივლისს (4 აგვისტოს) რუსულ ციხესიმაგრე გეორგიევსკში (ჩრდილოეთ კავკასია), რომელსაც ხელი მოაწერეს რუსეთის მხრიდან გენერალმა პავლე პოტიომკინმა, ქართლ-კახეთის მხრიდან – იოანე მუხრანბატონმა და გარსევან ჭავჭავაძემ.

სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ უსამშობლო ლევან ბერძენიშვილმა საქართველოს უკანასკნელ დიდ ხელმწიფე  ერეკლე II– ს მოღალატე უწოდა. აქაოდა, გეორგიევსკი ტრაქტატით საქართველო რუსეთს ჩააბარაო.  პატარა კახის „ღალატი“  ერთადერთი სწორი ნაბიჯი რომ იყო იმჟამინდელ  გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, ისტორიამ დაამტკიცა. გეორგიევსკის ტრაქტატის ვალდებულებები არაერთხელ  დაარღვია საქართველოს მფარველმა  ერთმორწმუნე რუსეთის იმპერიამ. განსაკუთრებით მტკივნეულად გვახსოვს კრწანისის ტრაგედია, რომლის აცილება იოლად შეეძლო რუსეთს, მაგრამ ეს არ გააკეთა. ალბათ, იმიტომ, რომ დიდ პოლიტიკაში მხოლოდ ლამაზი თვალებისათვის (ჩვენს შემთხვევაში ერთმორწმუნეობისთვის) არავინ დაგეხმარება. სახელმწიფოები, უწინარესად, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ფიქრობენ და მოქმედებენ. ალბათ, ამიტომ აღმოჩნდა სუსტი საქართველო  აღა-მაჰმად -ხანთან პირისპირ მარტო…

ეკატერინე დიდის სიკვდილის შემდეგ, მისმა მემკვიდრემ, მასონმა პავლე I-მა, საქართველოს თემა, რომ იტყვიან, თაროზე შემოდო და მეფე ერეკლე გეორგიევსკის ტრაქტატით უკმაყოფილო კავკასიის სუნიტი ისლამური ქვეყნების გარემოცვაში კვლავ მარტო აღმოჩნდა.

ერთმორწმუნე რუსეთის იმპერიის ინტერესების სფეროდან საქართველო დროებით ამოვარდა, რადგან რუსეთის იმპერატორმა პავლე პირველმა, რაც, პირველ რიგში გააკეთა, ის იყო, რომ რუსეთის არმიას დედის – ეკატერინე დიდისდროინდელი, რუსეთის სახელოვან გამარჯვებათა სიმბოლო სამხედრო ფორმის ნაცვლად, ბავშვობიდანვე თავისი კერპის, ავსტრიის იმპერატორ ფრიდრიხის არმიის ლურჯ-ყვითელი მუნდირები ჩააცვა. ამან, ბუნებრივია,  რუსი ოფიცრების ჩუმი დრტვინვა გამოიწვია, რაც შეიარაღებულ აჯანყებაში გადაიზარდა და პავლე პირველის მკვლელობით დამთავრდა. რუსეთის იმპერატორი მამის მკვლელი ალექსანდრე პირველი გახდა.

ეს  მცირე ექსკურსი ისტორიაში იმის სათქმელად დამჭირდა, რომ რუსეთის ახალმა იმპერატორმა თაროზე შემოდებული საქართველოს საქმე ჩამოიღო, ანუ რუსეთის საგარეო პოლიტიკაში   საქართველოს თემამ კვლავ აქტუალობა შეიძინა, ხოლო მისმა სახელმწიფოებრიობამ, სამუდამოდ თუ არა, დღემდე მიიძინა.

ყველაფერს „ვერაგ“ რუსეთს ნუ დავაბრალებთ და დავუბრონდეთ  საქართველოს ოქროს ხანის დასაწყისს… გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების ჟამს ამერ-იმიერ საქართველოს მოსახლეობა, სულ რაღაც, 700 ათასს, პავლე ინგოროყვას მონაცემებით, კიდევ უფრო ნაკლებს – 680 ათას კაცს არ აღემატებოდა.  უმრავლესობას ქალები, ბავშვები და მოხუცები შეადგენდნენ და ადვილი წარმოსადგენია,  რამდენი იქნებოდა ის ხალხი, რომელსაც ხმლის ჭერა შეეძლო, ანუ მეომრები.

პატარა კახს 4 ქორწინებიდან 23 თუ 24 კანონიერი შვილი დარჩა, რომელთაგან, სულ ცოტა, 4-ს ტახტზე ასვლის კანონიერი თუ უკანონო პრეტენზიები ჰქონდა. რაც იმის ბრალი იყო, რომ უკვე მოხუცმა ერეკლემ ახალგაზრდა  დარეჯან დედოფლის გავლენით შეცვალა ტახტზე ასვლის ათასწლოვანი წესი, რომლის მიხედვით მეფობა ეკუთვნოდა  გარდაცვლილი მამის უფროს შვილს, შემდეგ მის პირველ შვილს და ა.შ. ასე ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში.

ახალი წესით კი მეფე ჯერ უფროსი შვილი ხდებოდა, შემდეგ – მისი ძმა, ამას დაუმატეთ ისიც, რომ ერეკლემ სიცოცხლეშივე დანარჩენ შვილებს ლამის მთელი ქართლ-კახეთი საუფლისწულო მამულებად დაუნაწილა. ერეკლეს ასეთი ქმედება ღალატი არა, მაგრამ მოხუცი კაცის შეცდომები კი იყო.

რუსეთმა ტრაქტატის ერთი მუხლი ნამდვილად შეასრულა. მან  საქართველოს უკანასკნელ მეფედ გიორგი მე-12  ცნო და ამის დამადასტურებელი სამეფო ნიშნები – ტახტი, სკიპტრა და კვერთხი გამოუგზავნა, მაგრამ ამ ყველაფერმა უკვე მძიმედ ავადმყოფ მეფეს ცოცხალს ვერ მოუსწრო. ჰოდა, დაიწყო მაგრამ რა დაიწყო _ აჯანყებამ იფეთქა მთიულეთში, ხევსურეთსა თუ კახეთში, რომლებიც უკვე რუს-ქართველთა გაერთიანებულმა ჯარმა სასტიკად ჩაახშო. განსაკუთრებული აქტიურობით ალექსანდრე ბატონიშვილი გამოირჩეოდა, რომელიც ომარ-ხანის ირანული ჯარით  საქართველოდან რუსეთის  გაყრას და მამისეულ სამეფო ტახტზე ასვლას ცდილობდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის შეიარაღებული აჯანყების გზით აღდგენის ბოლო მცდელობა 1832 წლის შეთქმულების სახელით არის ცნობილი, რომელიც იასე ფალავანდიშვილის ღალატის გამო ჩანასახშივე ჩაახშეს. უნდა ითქვას, რომ  აჯანყებულები ვერც რუსებს გაყრიდნენ და ვერც ხელისუფლებას შეინარჩუნებდნენ დიდხანს, რადგან მოსახლეობის ფართო მასების მხარდაჭერა არ ექნებოდათ; იმიტომ, რომ  ხალხმა, რუსთა მმართველობის სიავესთან ერთად, სიკეთეც დაინახა. პირველ რიგში, თითქოს ვიღაცამ ჯადოსნური ჯოხი აიქნიაო, რუსეთთან შეერთებისთანავე მყისვე შეწყდა ლეკიანობა და, აქედან გამომდინარე, ტყვეთა მოტაცება-სყიდვა, შედეგად გლეხმა კაცმა შვებით ამოისუნთქა.

დასასრულ,  ყველაზე მთავარი – რაღა დროს აჯანყებები და შფოთი იყო, როდესაც უკვე შექმნილი გახლდათ ქუთაისისა და თბილისის გუბერნიები თავიანთი ინფრასტრუქტურით, პოლიცია-სასამართლოებით. თბილისი იქცა სრულიად კავკასიის ფაქტობრივ დედაქალაქად,  ქუთაისისა და თბილისის გუბერნიები კი, პრაქტიკულად, საქართველოს გაერთიანებას ნიშნავდა, რომელსაც კავკასიის მეფისნაცვალი თბილისიდან მართავდა.

სიტყვამ მოიტანა და კავკასიის ერთ მეფისნაცვალზე, გრაფ ვორონცოვზე, უნდა ვთქვა ორიოდე კეთილი სიტყვა: თბილისის ევროპიზაცია თავისი თეატრითა და იტალიური ოპერით, ვორონცოვის ხსენების გარეშე, სულ ცოტა,  უმადურობაა. ამიტომ მოსკოვში, კიევსა თუ პეტერბურგში სასწავლელად მიმავალი საქართველოს საუკეთესო შვილები სავალდებულოდ  მიიჩნევდნენ უკვე გადამდგარი, მოხუცი გრაფის მონახულებას. ყოველივე ზემოთქმულის გამო ვუწოდებ რუს-ქართველთა 2- საუკუნოვან თანაცხოვრებას, ტკბილ-მწარეს.

მამა-შვილ სურგულაძეების ცნობით, საქართველოში ხელოსნობა თუ ვაჭრობა იმ დონეზე განვითარებულა, რომ 1850 წელს, ანუ რუსეთთან შეერთებიდან, სულ რაღაც, 50 წელიწადში, თბილისელ ვაჭრებს ნოვგოროდის ყოველწლიურ საერთაშორისო ბაზრობაზე, მილიონი ოქროს ღირებულების საქონელი გაუტანიათ, ხოლო  ქართული სიმინდი შორეულ ირლანდიაშიც იყიდებოდა.

იმავე სურგულაძეების ინფორმაციით, 1899 წელს მეფის რუსეთის მიერ ჩატარებული აღწერით, საქართველოში მილიონზე მეტი ეთნიკურად ქართველი ცხოვრობდა. ეს იმ საქართველოზეა ლაპარაკი, რომელიც ამ აღწერამდე ერთი საუკუნით ადრე ფიზიკური განადგურების რეალური საფრთხის წინაშე იდგა.

ეს – ცარისტულ რუსეთში საქართველოს ოქროს ხანაზე. რაც შეეხება „საზიზღარ“ საბჭოეთში საქართველოს ოქროს ხანას, ეს ცალკე თემაა, რომელზეც მომავალში ვისაუბრებთ.

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here