Home ახალი ამბები საქართველო საქართველო მეზობელ ქვეყნებში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე

საქართველო მეზობელ ქვეყნებში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე

როცა მმართველობა ოთხ ქვეყანაშია ხანგრძლივი და ამ ოთხიდან მხოლოდ ერთი ქვეყნის მმართველს უწოდებ დიქტატორს, ადვილი მისახვედრია, რომ სწორედ მის მიმართ გაქვს გარკვეული ინტერესი

273

100  დღეზე ნაკლები რჩება რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე. მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმრ პუტინი ისევ შეეცდება პრეზიდენტის პოსტის მოპოვებას  და, ყველა პროგნოზით, გაიმარჯვებს კიდეც. ამის მიუხედავად, დასავლეთმა უკვე დაიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია ლოზუნგით „რუსეთი პუტინის გარეშე“ და, როგორც დასავლური სააგენტოები წერენ, მოწოდებას ათასობით ადამიანი უერთდება, მაგრამ ამ ათასობით ადამიანის მიერ გამართული საპროტესტო აქციების ამსახველი ვიდეოკადრები არ ვრცელდება. უფრო ზუსტად, დასავლურ მედიაში არ ვრცელდება, თორემ რუსული ტელევიზიები აჩვენებენ, როგორ დგას 8-10 ადამიანი და როგორ იქნევს თაბახის ფურცლებს, რომლებზეც  სწორედ ეს ლოზუნგი წერია და მათ გამვლელები ყურადღებას არ აქცევენ. ეჭვი გვაქვს, ეს ადამიანები იმ რუსული არასამთავრობოების  წარმომადგენლები არიან, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდებიან და, ჩვენი არასამთავრობოების არ იყოს, მოსახლეობიდან  მხარდამჭერი  ხელის  თითებზე ჩამოსათვლელი ჰყავთ.

დასავლეთის მოწოდებას მხარი აუბა ქართულმა ოპოზიციამ და ისინიც გაჰკივიან, –  რუსეთი ვლადიმერ პუტინის გარეშე უნდა დარჩესო.  ვინ ჰკითხავს ამერიკას, ევროპასა და ქართულ ოპოზიციას, როგორ  იცხოვროს რუსეთმა, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ დასავლეთი აქტიურად ჩაერთვება და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს არჩევნები ყველაზე ცუდი კუთხით წარმოაჩინოს. დასავლეთი (შესაბამისად, ქართული ოპოზიციაც) გაჰკივის, რომ პუტინი დიქტატორია და არ შეიძლება, ამდენ ხანს ხელისუფლებაში იყოს. პუტინი რუსეთის პრეზიდენტის პოსტს 2000 წლიდან იკავებს, ანუ 23 წელია, ქვეყნის სათავეშია და 8-წლიანი მმართველობის შემდეგ მას დიქტატორს უწოდებენ. ამაზე განსაკუთრებით ამერიკელები აპელირებენ, აქაოდა, ჩვენთან ზედიზედ ორჯერ არჩევის შემდეგ  თანამდებობაზე არც ერთი პრეზიდენტი არ დარჩენილა და პუტინის საქციელი რას ჰგავსო?!

 ცნობისთვის: ალექსანდრე ლუკაშენკო 1994 წლიდან მართავს ბელარუსს  და პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის მესამე ათეულ წელს მიითვლის მალე. მართალია, დასავლელი პარტნიორები არც მას ამადლიან დიქტატორის იარლიყს, მაგრამ ისე ხშირად არ მოიხსენიებენ მტარვალად, როგორც მის რუს კოლეგას. გავაგრძელოთ: ილჰამ ალიევი 2003 წლიდან არის აზერბაიჯანის პრეზიდენტი და… მას დიქტატორად არც დასავლეთი მოიხსენიებს, არც ქართული ოპოზიცია. რატომ? იმიტომ, რომ ის ორივეს სჭირდება, და ხმას ვერ იღებენ.  ანალოგიური  ვითარებაა რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართაც  – ის თურქეთის პრემიერად 2003 წელს დაინიშნა, 2014 წლიდან კი ქვეყნის პრეზიდენტია და ყოველი არჩევნების წინ ათასობით ოპოზიციონერს ციხეში შერეკავს ხოლმე, სახელმწიფოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიანო, მაგრამ თურქეთი ნატოს წევრია, 25 წელია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს და მას თავზე ხელს უსვამენ. გამოდის, მარტო რუსეთი ყოფილა პრობლემა… უფრო კონკრეტულად კი ერთი პიროვნება – ვლადიმერ პუტინი.

უკრაინასთან  ომის ფონზე, იმავე პუტინს  შეეძლო ეთქვა, – ქვეყანაში არჩევნებს ვერ ჩავატარებთ, სანამ  საომარი მდგომარეობა გვაქვსო, და გამართლებულიც იქნებოდა. ჰო, გამართლებული, რადგან დასავლეთმა ანალოგიური  გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის რადას „გაუპრავა“. რუსეთის პირველმა პირმა  კი ასე არ ისურვა და არჩევნებს დადგებილ ვადაში ატარებს… სხვათა შორის, ალიევმა აზერბაიჯანში ვადამდელი არჩევნები დანიშნა. დიდია შანსი იმისა, რომ კონკრეტულად არჩევნების დღეს რუსეთის რიგი ქალაქების საარჩევნო უბნებზე არა მხოლოდ პროვოკაციები, არამედ ტერორისტული აქტებიც მოაწყონ და შემდეგ  უკრაინელმა ჯარისკაცებმა სოცქსელებში „იბლატაონ“, – აი, ასე გავუსწორდით რუსებსო. და მერე რა, რომ ისინი, ძირითადად, მშვიდობიან მოსახლეობას დახოცავენ. დასავლეთს ხომ ასეთი გეზი აქვს აღებული – თუ უკრაინაში იხოცებიან ჯარისკაცები ან მშვიდობიანი მოსახლეობა ზარალდება, ეს უდიდესი ტრაგედიაა, ხოლო, თუ იგივე რუსეთში ხდება, უბრალო სტატისტიკაა.

 თეორიულად დავუშვათ, რომ პუტინმა აღარ მოისურვა პრეზიდენტობა და რუსმა ხალხმა სხვა ლიდერი აირჩია. რა იცვლება ამით დასავლეთისთვის? რა, ახალი ლიდერი იტყვის,  ჩემი ქვეყნის  საზღვრებთან ნატოს ბაზები განალაგეთ, ჩვენს ახლო-მახლო ზღვებში დასალეთის საბრძოლო ხომალდებმა  და წყალქვეშა ნავებმა იცურონ, პრობლემა არ არისო?! ვინმეს სჯერა, რომ პუტინი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს და  არ ჰყავს მრჩეველთა საბჭო, რომელიც ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგაც არსად წავა და ზუსტად იმას  ურჩევს ახალსაც, რასაც მის წინამორბედს? ეს ყველაფერი დასავლეთმა გადასარევად იცის, მაგრამ, თუ პუტინი არ იქნება პრეზიდენტი, ყიჟინას ატეხენ: აგერ, დიქტატორი დავამარცხეთო. და, სანამ ახალი პრეზიდენტისგან მტრის ახალ ხატს შექმნიან,  დროს მოიგებენ, ილუზიებით აცხოვრებენ სამყაროს, რომ რუსეთი დამარცხებულია. სწორედ ილუზიებით ცხოვრებამ მოუტანა უკრაინას დღევანდელი  ვითარება.  დასავლელი პარტნიორები რომ გაჰკიოდნენ: „პუტინი რუსეთის გარეშე“-ო, ახლა ჩურჩულით ამბობენ, რომ უკრაინის დახმარების აღარც  სურვილი აქვთ და აღარც შესაძლებლობა. ჰო, ევროპის არაერთ ქვეყანას ამოეწურა იარაღის მარაგი, ბიუჯეტი ვეღარ წვდება უკრაინაში გასაგზავნ თანხებს და აგერ, ამერიკის სენატმაც დაბლოკა უკრაინისთვის 106 მილიარდი დოლარის დახმარების გაცემის საკითხი. თუ გახსოვთ, დაახლოებით 3-4 თვის წინათ ზელენსკიმ განაცხადა, დასავლეთი ცუდად იქცევა, იმდენ საკვებს და იარაღს გვაწვდის, 3-4 დღეს რომ გვეყოს, შემდეგ ისევ შემოაქვთ და კარგი იქნება, თუ ერთი ან ორთვიანი მარაგი მაინც გვექნებაო. ზელენსკი, სავარაუდოდ,  იმხანადაც  ხვდებოდა, რომ ადრე თუ გვიან, უბრალოდ, მიატოვებდნენ და ახლა სწორედ ეს ეტაპი უდგას. მისი ყოფილი გუნდის წევრები ამიტომ  აკეთებენ  განაცხადებას, როგორ გააბრიყვეს უკრაინა. არადა, ეს ბიჭები ცოტა ხნის წინათ დასავლეთისთვის,  ქართული ოპოზიციისა  და უკრაინისთვის ნამდვილი ვარსკვლავები იყვნენ, ახლა კი მოღალატეებად  არიან შერაცხილნი. შემოდგომის ბუზები მწარედ იკბინებიანო და დიდია შანსი, სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ზელენსკიმ ისეთი რამის გაკეთება მოინდომოს, რასაც არავინ მოუწონებს, მაგრამ მაინც გააკეთებს და… დასავლეთს ყველაფერზე ხელი აქვს დაბანილი, რადგან, თუ ახლა ეს რუსეთის ომია მსოფლიოსთან, როგორც კი საჭირო იქნება, რუსეთისა და უკრაინის საშინაო საქმედ იქცევა და დასავლეთი მოვლენებს შორიდან დააკვირდება.

როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანში დასავლეთი არჩევნებისთვის ასობით დამკვირვებელს გზავნის. ოდესმე გსმენიათ, რომ ჩვენს მეზობლად არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, რომ გაყალბდა, რომ კარუსელი დატრიალდა? არა და იცით რატომ? დასავლეთი ვერ ბედავს, აზერბაიჯანის წინააღმდეგ ხმა ამოიღოს, იმიტომ, რომ ქომაგად თურქეთი დაუდგება და თანაც აზერბაიჯანის ნავთობკომპანია „სოკარი“ უკვე ევროპაშიც მძლავრად არის ფეხმოკიდებული და ევროპელებსაც საკუთარი ინტერესები აქვთ.  საქართველოს კი არც ნავთობი აქვს, არც თურქეთისნაირი მფარველი ჰყავს და ამიტომ ადვილად ხელწამოსაკრავია; თანაც ჩვენ რუსეთთან სტრატეგიული მდებარეობა გვაქვს, ამერიკისა  და ევროპისთვის საინტერესო და ამიტომაც ცდილობენ, თავს მოგვახვიონ საკუთარი პოლიტიკა  და პოლიტიკოსებიც საკუთარ თარგზე მოჭრან. საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეები არ მალავენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კვვლავ ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს. ისინი იმასაც ამბობენ, რომ ახლა პრეზიდენტის ცვლილება მათ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს და საოცარი, იცით, რა არის? როცა რუსები საკუთარი ქვეყნის მომავალზე ფიქრობენ, ქართული ოპოზიცია ბოლო ხმაზე გაჰკივის, –  შოვინისტები არიანო, ანუ ერი თავისი ქვეყანის წინსვლაზე რომ ფიქრობს, შოვინისტია და… ოპოზიციის გადასახედიდან –  ოღონდ დასავლეთი იყოს კარგად და საქართველოს თუ არ ეშველება, არც არაფერი. ჰო, დასავლელ მეგობრებს ისიც აინტერესებთ, რა პოზიციას დაიკავებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთში გასამართი არჩევნების მიმართ  და… რა პოზიცია უნდა დავიკავოთ,  როცა კონკრეტულ ქვეყანაში ტარდება პრეზიდენტის არჩევნები? რატომ უნდა ჩავერიოთ პირდაპირ ან ირიბად ან რა გავლენის მოხდენა შეუძლია საქართველოს იქ გასამართ არჩევნებზე? უბრალოდ, ამერიკასაც და ევროპასაც სურთ, რომ საქართველოს მთავრობამ კრიტიკული განცხადება გააკეთოს; აჰყვეს მოწოდებას: „რუსეთი პუტინის გარეშე“.  და მერე რა, რომ ამაზე, შესაძლოა, პასუხი მოგვთხოვონ? დასავლეთს შეშფოთება-აღშფოთების უნარი არ დაუკარგავს, სწორედ ამას გააკეთებს და დამთავრდება ყველაფერი… დამთავრდება ჩვენთვის.

როცა ოთხ ქვეყანაშია მმართველობა ხანგრძლივი და ამ ოთხიდან მხოლოდ ერთი ქვეყნის მმართველს  უწოდებ  დიქტატორს, ადვილი მისახვედრია, რომ სწორედ მის  მიმართ გაქვს გარკვეული ინტერესი.სხვა მხრივ, რუსეთის მოსახლეობა ბელარუსებზე, თურქებსა  და აზერბაიჯანელებზე გაცილებით  კარგად ცხოვრობს.

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                            

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here