კასეტური ბომბები ე.წ. არაჰუმანური საბრძოლო მასალის სახეობას განეკუთვნება, რომლის გამოყენების აკრძალვას 100-ზე მეტმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი 2008 წლის კონვენციით ( 2013 წელს 113 -მა ქვეყანამ მოაწერა ხელი). ამ კონვენციას ხელი არ მოაწერა 8 სახელმწიფომ: აშშ-მა, ჩინეთმა, რუსეთმა, ინდოეთმა, პაკისტანმა, ისრაელმა სამხრეთ კორეამ და უკრაინამ.
კასეტური საბრძოლო მასალა ეწოდება „ჰაერი-ჰაერი“ ან „მიწა-მიწა“ მოქმედების შეიარაღებას, რომელიც გამოტყორცნის უფრო მცირე გაბარიტის საბრძოლო მასალებს – კასეტურ ბომბებს, გამიზნულს მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის ან საბრძოლო მანქანების გასანადგურებლად. ეს საბრძოლო მასალა დიდ რისკს უქმნის სამოქალაქო პირებს, როგორც ომის პერიოდში, ასევე მისი დასრულების შემდეგ, რადგან მათი გამოყენების შემდეგ ყოველთვის რჩება აუფეთქებელი ბომბები. მაგალითად, ვიეტნამში კასეტური ბომბებით დღემდე იხოცებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. იქ კასეტურ ბომბებს იყენებდა ამერიკა და ამას არც მალავდა. არსებობს ცეცხლგამჩენი, ქვეითსაწინააღმდეგო, ტანკსაწინააღმდეგო, თვითმფრინავის ასაფრენი ბილიკის საწინააღმდეგო და, ასე განსაჯეთ, ქიმიური კასეტური ბომბებიც კი. ეს უკანასკნელი 1960 წელს ამერიკელებმა გამოიგონეს მომწამლავი აირის გასავრცელებლად.
ჰოდა, ამერიკის სენატმა უკრაინელებისთვის მორიგი საბრძლო მასალის მიწოდებაზე თანხმობა განაცხადა და ისიც დაადასტურა, რომ უკრაინელებს, სხვა რამესთან ერთად, კასეტური ბომბებიც გადაეცემა. ის კასეტური ბომბები, 2013 წელს 113–მა ქვეყანამ რომ აკრძალა და ამერიკელებიც ირწმუნებოდნენ, მათი წარმოება შევაჩერეთო. ახლა თავს იმართლებენ: ჩვენ კი არ ვიყენებთ, უკრაინას ვაძლევთ, რომელსაც კონვენციაზე ხელი მოწერილი არ აქვსო. ისე, ამერიკელებს ატომური ბომბებიც აქვთ და, ვინ იცის, ერთ მშვენიერ დღეს ისიც ჩაუტანონ უკრაინელებს, გამოიყენეთო.
ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, მაგალითად, რუსეთს კასეტური ბომბები სირიისთვის რომ მიეწოდებინა ან იუგოსლავიისათვის იმ დროს, როცა ამერიკული და ნატოს მოიერიშეები ბელგრადში საბავშვო ბაღებსა და სამშობიაროებს მიზანმიმართულად ბომბავდნენ. რაღა თქმა უნდა, ოპოზიციამ ამერიკელებს ტაში დაუკრა, არასამთავრობოებმაც სიხარულის ყიჟინა დასცეს: ახლა კი გაანადგურებენ რუსებს უკრაინელებიო; არავინ ახსენა ის, რომ კასეტური ბომბები ვიეტნამში დღემდე ფეთქდება და ძალიან დიდია შანსი, ანალოგიური რამ მოხდეს უკრაინაშიც – მშვიდობიანი ადამიანები დაიღუპონ უკრაინელების მიერ გამოყენებული კასეტური ბომბებით, მაგრამ როდის იყო, დასავლეთს მშვიდობიანი მოსახლობა ადარდებდა, ახლა უკრაინელებზე რომ ატეხონ ვაი-ვიში?!
ქართულმა ოპოზიციამ და არასამთავრობოებმა კიევიდან ჩვენი ელჩის გამობუნძულება (სხვა სახელს ვერ დავარქმევთ) არ დაგმეს, პირიქით, ხელისუფლებას შეუტიეს: ხედავთ სადამდე მიხვედით, მეგობარი ქვეყანა რას გვიშვრებაო! ვინმე აგვიხსნის, რატომ არის უკრაინა ჩვენი მეგობარი, რაში გამოიხატება მეგობრობა? სისხლის სამართლის დამნაშავე ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნები დღემდე თანამდებობებზე რომ ჰყავს დანიშნული და გადმოცემაზე უარს ამბობს იმიტომ? თუ იმიტომ, რომ ქართული ბატალიონი უკრაინაში იბრძვის, უკრაინელი ჯეელები კი საქართველოში რესტორნებიდან არ გამოდიან და ჭაჭას ხინკალს აყოლებენ? უკრაინელებმა ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება ჩვენგან მიიღეს, მაგრამ მაინც გაჰკივიან: საქართველოს ხელისუფლება უნდა დაამხოთ, სათავეში სააკაშვილი უნდა დააბრუნოთო. რაში გამოიხატება უკრაინელების მეგობრობა? მათი ვალი გვაქვს და არ ვიცით? თუ სამამულო ომის პერიოდში გერმანელი ფაშისტების მხარეს ყველაზე მეტი უკრაინელი რომ იბრძოდა და ქართველების სისხლშიც რომ გაისვარეს ხელი, ეს გვადევს ვალად? ბელარუსი ლამის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოაცხადოს მასხარა ზელენსკიმ, მაგრამ იქიდან კი არ გაიწვია ელჩი, საქართველოდან გაიწვია – არ მოეწონა სისხლის სამართლის დამნაშავე ციხის მაგივრად საავადმყოფოს ხუთვარსკვლავიან პალატაში რატომ გვყავს, – მე გადმომეცით, უკეთესად მივხედავო. ისე, მართლა ღირსია ზელენსკი, მიშა კიევში რომ ჩავუყვანოთ და მერე თვითონ დაიწყევლის თავბედს, ისეთ პროვოკაციებს მოუწყობს. მთავარი ვარსკვლავი სწორედ მიშა იქნება, მთავარსარდალიც, პრეზიდენტიც და „მტერთმმუსვრელიც“. ერთი ეგაა, ხანდახან სუნს აყენებს ხოლმე სააკაშვილი. თავზე თვითმფრინავმა არ უნდა გადაუფრინოს, თორემ გორში ჯერ მიწაზე რომ იხოხა და შემდეგ გაიქცა, ისეთი სიმაღლის ღობეებს ახტებოდა თურმე, უკრაინელი ჭოკით მხტომელი, მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენი სერგეი ბუბკა ვერ მოახერხებდა.
საზოგადოდ, ამერიკა იმ ქვეყნებს ეჭიდავება, რომელთანაც აშკარა უპირატესობა აქვს, თორემ რომლებთანაც უპირატესობა არ გაააჩნია, ცდილობს, სხვების ხელით ებრძოლოს. ზუსტად ამ სტრატეგიას მიჰყვება ევროკავშირიც, რომელსაც ამერიკელებმა საკუთარი თამაში მოახვიეს თავს. სწორედ ამერიკული ხაფანგისგან თავის დასაღწევად გაძვრა ამ კავშირიდან ბრიტანეთი. ისე, თუ ატყობთ, ბრიტანეთის პრემიერის პოსტიდან ბორის ჯონსონის წასვლის შემდეგ ეს ქვეყანა სულ უფრო იშვიათად ცდილობს ამერიკა-რუსეთის გარჩევებში ჩარევას, თავის ეკონომიკაზე ზრუნავს.ამჟამინდელი პრემიერი რიში სუნაკიც ჯონსონივით არ დაცანცარებს ხან კიევში და ხან ევროკავშირის ქვეყნებში.
ის, რომ ევროკავშირის ყოვლისშემძლეობა და უძლეველობა მითია, გასულ კვირას ჩინეთმაც დაამტკიცა, როცა ევროკავშირის კომისარ ჟოზეფ ბორელს ოფიციალური ვიზიტი გაუუქმა. ბორელი პეკინში დიდი იმედით მიდიოდა, მაგრამ ჩინეთის პირველმა პირმა მისთვის დრო ვერ გამონახა. შეგახსენებთ, რომ ბორელი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელია საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში. დაახლოებით მაინც ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, მისთვის ვიზიტი საქართველოს ხელისუფლებას რომ გაეუქმებინა? მართლა ლეიბებს დაყრიდნენ რუსთაველზე და ზოგი შიშველი გაწვებოდა, ზოგი – ჩაცმული: ეგ როგორ გაბედეთო. სინამდვილეში კი, ამაზე მეტიც გვაქვს გასაბედ-გასაკეთებელი, რადგან სხვანირად აღარ გამოდის. თავად განსაჯეთ, ევროკავშირი და ამერიკა კი არა, ომში მყოფი უკრაინაც კი ჩვენთვის იცლის და ჭკუას გვარიგებს, გვემუქრება, ულტიმატუმებს გვიყენებს, ელჩს აგდებს ქვეყნიდან. სხვათა შორის, ბევრი ქვეყნისთვის ელჩის გაძევება ომის გამოცხადების ტოლფასია…
ჰო, შტატებმა ისევ ძველი კასეტა ჩაგვირთო:აგერ, ნატოში გეპატიჟებით და, აბა, თქვენ იცით, უკრაინას არ ჩამორჩეთო. ჰო, მართლა ასე გვითხრეს, უკრაინას არ ჩამორჩეთო, ანუ იმ ქვეყანას, რომელიც ომშია, რომელსაც ვითომ ყველაფრით ეხმარებიან, მაგრამ იქვე გასაგებად აუხსნეს: სანამ ომი არ დასრულდება, ნატოში გაწევრებაზე საუბარიც ზედმეტიაო.
„პრეზიდენტი ბაიდენი მოუთმენლად ელის ივლისში ვილნიუსის სამიტზე ერთიანობის ჩვენებას. საქართველო ნატოს ურყევი პარტნიორია, რომელიც ამერიკისა და ნატოს სხვა ქვეყნების ჯარებთან ერთად მსახურობდა. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას. ამერიკა განაგრძობს საქართველოსთან მუშაობას ნატოსთან მისი თავსებადობის გასამყარებლად და მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს წარმომადგენლებს, წინ წაწიონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ნატოში გაწევრებისთვის“,- ეს განცხადება თეთრი სახლის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
„შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას!“ – ვეღარც კი ვიხსენებთ, მერამდენედ გვესმის ეს ფრაზა და კიდევ ის, რომ თურმე რეფორმები უნდა გავატაროთ. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი რეფორმა გვაქვს გასატარებელ-ჩასატარებელი, ჩვენი ქვეყანა ამერიკისთვის მოსაწონ თარგზე რომ მოიჭრას? 9 წელი ატარებდა სააკაშვილის მთავრობა ყველა რეფორმას, რომლებსაც ამერიკელები ავალებდნენ; ცხრა წელი ფინია ძაღლივით ორ ფეხზე იდგა და ელოდა, რომ, ნატოში წევრობას კი არა, მაპ-ს მაინც აღირსებდნენ და ისიც არ მისცეს; ცხრა წელი აწვალეს იმისთვის, რომ მაპ-ი მიეცათ, ანუ ნატოს გზაზე მიმავალი ქვეყანა ერთი ნაბიჯით წასულიყო წინ, მაგრამ არა. ჰოდა, ახლა გვეუბნებიან: რასაც მიშა ცხრა წლის განმავლობაში ცეცხლითა და მახვილით აკეთებდა, საკმარისი არ იყო, კიდევ ბევრია გასაკეთებელიო… ეგებ, დროა, ხმამაღლა და გამოთქმით განვაცხადოთ: არ გვინდა, ბატონებო, არა!
მანამდე კი, სანამ ვილნიუსის სამიტზე მორიგ ფოჩიან კანფეტს გადმოგვიგდებენ, უკრაინაში ამერიკის მიერ გადაცემულ კასეტურ ბომბებს ჩაიტანენ, იმ ბომბებს, რომლებიც ომის დასრულების შემდეგ მშვიდობიან მოსახლეობას შეიწირავს. ადრეც ვთქვით და ახლაც გავიმეორებთ: დასავლეთს არასოდეს აინტერესებდა მშვიდობიანი მოსახლეობა, არც ერთ ქვეყანაში არ ჰქონდა ამის ინტერესი, მისთვის მთავარი იყო ტერიტორია, რომელსაც სამხედრო პოლიგონად გადააქცევდნენ რუსეთის წინააღმდეგ. არის თუ არა უკრაინა დღეს სამხედრო პოლიგონი? არის! იქნებოდა თუ არა საქართველო სამხედრო პოლიგონი, მეორე ფრონტი რომ გაგვეხსნა? რა თქმა უნდა, იქნებოდა!
ბესო ბარბაქაძე
საქართველო, მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, ისევე როგორც უკრაინა, სამხედრო პოლიგონად გადაიქცევა