Home ახალი ამბები საქართველო სახედაკარგული ადამიანები ქართულ ჟურნალისტიკაში

სახედაკარგული ადამიანები ქართულ ჟურნალისტიკაში

რატომ არ მოუწოდა „ადამიაანის უფლებათა ცენტრმა“ არც ერთ ჟურნალისტს, კალაძეს ბავშვების განზრახ მკვლელობაში რომ დასდეთ ბრალი და ვერ დაუმტკიცეთ, ბოდიში მაინც მოუხადეთო?!

421
სახედაკარგული ადამიანები ქართულ ჟურნალისტიკაში

არაერთხელ დაგვიწერია, რომ საქართველოში ოპოზიციის ლიდერები თავს ყველაფრის უფლებას აძლევენ და, როგორც კი პასუხს მოსთხოვ, მაშინვე იწყება საუბრები პოლიტიკურ დევნასა და ადამიანის უფლებების შეზღუდვაზე. მეტიც, ყველაფრის უფლებას თავს არა მხოლოდ ლიდერები აძლევენ, არამედ ოპოზიციური პარტიების რიგითი წევრებიც, მაგრამ ყველაზე შორს მაინც ოპოზიციური არხების ჟურნალისტები მიდიან. ისინი ფიქრობენ, რომ შეუძლიათ, ნებისმიერს შეუვარდნენ შინ, მოსთხოვონ პასუხი ნებისმიერ კითხვაზე და, როგორც კი ვინმე საკუთრების დაცვას გადაწყვეტს ან ხმას აუწევს აბსურდულ ბრალდებაზე, მაშინვე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაზე აპელირებენ და სამართალდამცველებს „მოძალადის“ დაკავებას სთხოვენ.

„პრესის თავისუფლება გამოხატვის თავისუფლების განსაკუთრებული ნაწილია, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არის დაცული. კონვენციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, ჰქონდეს საკუთარი თვალსაზრისი, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, ისჯება ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისგან“, – ეს არის ამონარიდი „ადამიანთა უფლებათა ცენტრის“ მიერ გავრცელებული განცხადებიდან, რომელიც საკმაოდ ვრცელია, მაგრამ, სანამ კონკრეტულად ამ განცხადებაზე გადავალთ, განვიხილოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი, რომელიც აღნიშნულ ცენტრს მაგალითად მოჰყავს.

მუხლი 154: ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა

1. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი, მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსიდან ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე, ან უამისოდ.

ეს არის 154-ე მუხლი და, როგორ გგონიათ, ოპოზიციური არხების ჟურნალისტები საკუთარი ნებით ავრცელებენ აბსურდულ ამბებს, თუ მათ ხელმძღვანელობა სთხოვს ამის გაკეთებას „სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით“? ჩვენ რატომღაც მეორე გვგონია, რადგან გვსურს, გვჯეროდეს, რომ ამდენი სახედაკარგული ადამიანი ქართულ ჟურნალისტიკაში უბრალოდ არ შეიძლება იყოს. ახლავე გეტყვით, რას ვგულისხმობ: შოვის ტრაგედიის შემდეგ, ერთ-ერთმა ტელევიზიამ განაცხადა, რომ მოსალოდნელი ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა თბილისის მერ კახა კალაძეს, რომელმაც ტრაგედიამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე შეძლო საკუთარი ოჯახის ევაკუაცია და არ გაახმაურა ამბავი. ანუ, ჟურნალისტი ამტკიცებდა, რომ კალაძემ ზუსტად იცოდა მოსალოდნელი ტრაგედიის შესახებ და სასიკვდილოდ გაიმეტა ათეულობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები. ამ განცხადებას სხვა ოპოზიციური არხებიც აჰყვნენ და თბილისის მერი თავდაცვაზე გადავიდა, იმის მტკიცება დაიწყო, რომ არაადამიანი არ არის, რომ მკვლელი არ არის, რომ სხვისი ბავშვები სასიკვდილოდ არ გაუწირავს, მაგრამ ოპოზიციური არხები მაინც ჯიუტად ამტკიცებდნენ იმას, რომ კალაძე მოიქცა იმაზე უარესად, ვიდრე იქცეოდნენ ფაშისტური გეტოების ყველაზე სასტიკი ჯალათები.

აბა, დაძაბეთ გონება და გაიხსენეთ, „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ამის თაობაზე ამოიღო ხმა? სადმე თქვეს ამ ცენტრის წარმომადგენლებმა, რომ ცოცხალ კაცს კლავდნენ ტელევიზიები და კლავდნენ ისეთი ბრალდებით, რომლის იქითაც აღარაფერი არსებობს. ამ ბრალდების გამო დედაქალაქის მერს გულის შეტევა რომ მოსვლოდა (რაც არ იქნებოდა გასაკვირი), ვინ აგებდა პასუხს? გეტყვით, ასეთ შემთხვევაში რა მოხდებოდა: იგივე ჟურნალისტები იტყოდნენ, – კახა კალაძე სინდისმა შეაწუხა და გულიც ამიტომ გაუსკდაო. ჰო, მკვდარსაც ამოთხრიდნენ მიწიდან და ისე, რომ ნერვი არ შეუტოკდებოდათ. არასამთავრობო ორგანიზაციას „ადამიანთა უფლებათა ცენტრი“ რომ ჰქვია, ხომ იმას ნიშნავს, რომ ყველა ადამიანის უფლება უნდა დაიცვას? თუ ისინი, ვინც კონკრეტული არასამთავრობოების ან ოპოზიციური პარტიების მხარეს არ არიან, ადამიანებად აღარ ითვლებიან? სხვას რას უნდა მივაწეროთ ის, რასაც არასამთავრობოები, ოპოზიციური პარტიები და სატელევიზიო არხები ერთად აკეთებენ? ან როგორ შეეძლოთ წარმოეგინათ ასეთი რამ, ან ფიქრად როგორ გაივლეს? სავარაუდოდ, თავად იყვნენ ამის გამკეთებლები და ამიტომ ააგეს ასეთი სიბინძურე, თორემ ჭკუათმყოფელი ადამიანი ასეთ რამეს ნამდვილად ვერ მოიფიქრებს.

ამავე განცხადებაში, „ადამიანთა უფლებების ცენტრი“ ტელეარხ „ფორმულის“ თანამშრომლის, მიშა მშვილდაძის, ცემის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება სათანადოდ არ იძიებს, რადგან, თურმე მშვილდაძეს ეჭვი აქვს, მისი ცემის დაგეგმვაში ძალოვანი უწყებები მონაწილეობდნენ. მშვილდაძის ეჭვი საკმარისია იმისთვის, რომ ხელისუფლება დაადანაშაულო უმოქმედობაში. მიშა მშვილდაძე მაშინ არ ფიქრობდა, რომ ვიღაცას შეიძლებოდა ეცემა, როცა იმავე ძალოვანი უწყების თანამშრომლებსა და რიგით ადამიანებს აქციაზე ტრიბუნიდან დედას აგინებდა? რატომ ეგონა და, სავარაუდოდ, დღესაც ჰგონიათ მშვილდაძესაც და სხვებსაც, რომ თავმოყვარეობა არ აქვთ ადამიანებს და დედის გინებას მარტივად გაუტარებენ? თუ იოლია გინება, როცა 200-300 კაცი გახვევია გარს და შენი ცემის უფლებას არ მისცემენ? მაგრამ ხომ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ხომ ქართველები ვართ და ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე შეიძლება გადაეყარო იმ ადამიანს, რომელსაც არ ელოდები და საკუთარ ქმედებაზე პასუხისგება მოგიწიოს.

„ადამიაანის უფლებათა ცენტრმა“ რატომ არ მოუწოდა არც ერთ ჟურნალისტს, კალაძეს ბავშვების განზრახ მკვლელობაში რომ დასდეთ ბრალი და ვერ დაუმტკიცეთ, ბოდიში მაინც მოუხადეთო?! რატომ არ ამბობს იგივე ცენტრი, რომ მშვილდაძეს დედის გინების გამო, როგორც პოლიციელებისთვის, ისე რიგითი ადამიანებისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი? თუ ეს გამოხატვის თავისუფლებაა? მაგრამ, მე რომ შევაგინო მშვილდაძეს, მის საქმიანობას ვზღუდავ და პასუხი უნდა ვაგო? პოლიციელებს რომ დედას აგინებ და მერე, როცა გიჭირს, დახმარებას ისევ პოლიციას სთხოვ, არ „ტეხავს“? თუ პოლიციელს ვალდებულება აქვს, თან დედის გინება აიტანოს, თან დაგიცვას იმისთვის, რომ შემდეგ უფრო უკეთესად აგინო? ან რომელიმე გამწარებულ მშობელს რომ დაეჯერებინა ის, რაც ოპოზიციურმა ტელევიზიებმა თქვეს და კალაძისთვის თოფი ესროლა, ვინ იქნებოდა პასუხისმგებელი? „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ჟურნალისტების უფლებებს რომ იცავს, იმას რატომ არ ამბობს, კერძო საკუთრებაში ღობიდან გადამძვრალ ჟურნალისტს უხეშად რომ ესაუბრება საკუთრების პატრონი, მაშინვე საქმიანობის ხელის შეშლაზე მიდის აპელირება?

ყველაფერს ძალიან მარტივი პასუხი აქვს – ოპოზიციური არხები, პარტიები და არასამთავრობოები, ერთ „ძუძუზე“ არიან ჩამოკიდებული და დასავლეთიდან იკვებებიან. სწორედ მათ მითითებებს ასრულებენ ზედმიწევნით და, რაც უნდა მოხდეს, უფლება არ აქვთ, ერთმანეთის ნამოქმედარი (თუნდაც ყველაზე ბინძური და საზარელი) არ გაამართლონ. ამიტომაც არის, თითოეულ მათგანს თითქოს ერთი სახე რომ აქვს, თითქოს ერთი კაცის დაწერილ ტექსტებს რომ კითხულობს და ითხოვს ყველა მათსავით მოიქცეს. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონის მიღება სწორედ ამის გამო გაპროტესტდა უმძაფრესად, რადგან ზუსტად გაირკვეოდა, რომ ოპოზიციური პარტიების 99%-ს ერთი დონორი ჰყავს, არასამთავრობო ორგანიზაციების 100% ერთი ჯიბიდან იღებს ფულს და ამიტომაცაა, ასეთ დღეში რომ ვართ…

ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ – 2011 წლის 18 ივნისს რიკოთის უღელტეხილის მახლობლად მოვარდნილმა ღვარცოფმა 6 ადამიანი იმსხვერპლა. მაშინ იმჟამინდელ ხელისუფლებას არც საგამოძიებო კომისია შეუქმნია და არც ის უთქვამს ვინმეს, წინასწარ რატომ არ იცოდით, რატომ არ გქონდათ გამაფრთხილებელი აპარატურაო. ეს იმიტომ, რომ მაშინ არასამთავრობოებს არ აინტერესებდათ ხელისუფლების შეცვლა, არც ხმაური აუტეხავთ, ვითომც არაფერი, 6 ადამიანის გარდაცვალება წლიურ სტატისტიკას მიათვალეს და ხელები დაინაბეს. ეს აღარ არის ორმაგი სტანდარტი, ბატონებო, ეს არის იერიში, შტურმი ადამიანებზე, რომლებიც განსახვავებულად აზროვნებენ და არ ეთანხმებიან დასავლეთიდან წამოსულ მითითებებს. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და ზოგადად, ყველა არასამთავრობო, მხოლოდ იმას ფიქრობს, რომ ცნობიერება შეგვიცვალოს, ფსიქოლოგიური წნეხი მოაქციონ და მნიშვნელობა არ აქვს, ამით ქვეყანა დაზარალდება თუ არა. მთავარია, მათმა პატრონებმა დაუკრან ტაში და ტაშს შემდეგ მორიგი „შაბაში“ მოაყოლონ.

ბესო ბარბაქაძე

სახედაკარგული ადამიანები ქართულ ჟურნალისტიკაში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here