Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთს თავის მხარეზე გადაჰყავს გლობალური სამხრეთი

რუსეთს თავის მხარეზე გადაჰყავს გლობალური სამხრეთი

172

ამ ომის შედეგი დიდწილად დამოკიდებულია აღმოსავლეთისა და სამხრეთის პოზიციებზე, შედეგი ომისა, რომელშიც დასავლეთი თავისი დომინაციის აღსადგენად იბრძვის, რუსეთი _ გადასარჩენად და დიდი სახელმწიფოს სტატუსის შესანარჩუნებლად”, _ ამ სიტყვებით აფასებენ პოლიტოლოგები გასული კვირის ერთერთ მნიშვნელოვან მოვლენას _ რფის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიერ გაეროს ტრიბუნიდან წარმოთქმულ სიტყვასწერს vz.ru.

“ქალბატონებო და ბატონებო. ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით რთულ, დრამატულ მომენტში”, _ ამ სიტყვებით დაიწყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავისი გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე.

თუ მოუსმენთ მინისტრის სიტყვას, მიხვდებით, რომ ის არ მიმართავდა დარბაზში მსხდომ ყველა “ქალბატონსა და ბატონს”, მაგალითად, დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები სულაც არ ყოფილან მისი ადრესატები.

ამჟამად დასავლეთთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, რამეში მის დარწმუნებას აზრი არ აქვს, გარდა ამჟამინდელი ესკალაციის პოლიტიკის გაგრძელების საფრთხისა, რომელსაც მესამე მსოფლიო ომამდე მივყავართ”, _ ამბობს ეკონომიკის უმაღლესი სკოლის ევროპული და საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის დირექტორის მოადგილე დიმიტრი სუსლოვი. ამჟამად დასავლეთი მზად არ არის, მოუსმინოს რუსეთს, მით უმეტეს, ეძებოს მასთან კომპრომისები. ის არც 2002 წლის თებერვალში იყო მზად ამისთვის და არც 2022 წლის სექტემბერშია (რაც, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმების ჩატარების ერთ-ერთი მიზეზია).

დასავლეთი რუსეთის მოსასმენად და მასთან დასალაპარაკებლად მზად იქნება მხოლოდ რუსეთის ახალი გამარჯვებების, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო აშშ-სა და ევროპაში შიდაეკონომიკური ვითარების გაუარესების შემდეგ, ამიტომ ლავროვი დასავლეთს კი არა, აღმოსავლეთსა და სამხრეთის ქვეყნებს მიმართავდა _ აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის სახელმწიფოებს, რომლებსაც ხშირად გლობალურ სამხრეთს უწოდებენ.

“წარსულს ბარდება მსოფლიო განვითარების ერთპოლუსიანი მოდელი, რომელიც ემსახურებოდა “ოქროს მილიარდის” ინტერესებს. ამ “ოქროს მილიარდის” ზემოთხოვნების შესრულება ასწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფილი იყო აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის რესურსების წყალობით. დღეს ჩამოყალიბდა ჯგუფი  სუვერენული სახელმწიფოებისა, რომლებიც მზად არიან, დაიცვან ეროვნული ინტერესები, ეს კი იწვევს თანაბარუფლებიანი, სოციალურად ორიენტირებული და მდგრადი მრავალპოლუსიანი არქიტექტურის ჩამოყალიბებას, მაგრამ ვაშინგტონი და მას დამორჩილებული დასავლეთის ქვეყნების მმართველი ელიტები ობიექტურ გეოპოლიტიკურ პროცესებს თავიანთი დომინაციური მდგომარეობისთვის საფრთხედ აღიქვამენ”, _ განაცხადა ლავროვმა.

“რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეეცადა, მათთან მიეტანა აზრი, რომ კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის კი არ არის, არამედ ეს არის რუსეთთან დასავლეთის ბრძოლა თავისი გლობალური დომინაციისთვის; რომ კოლექტიური დასავლეთი ცდილობს, აღადგინოს ერთპოლუსიანი დომინაცია და ნეოკოლონიური მსოფლიო ეკონომიკური სისტემა, რომელიც დასავლეთის ინტერესებისთვის მუშაობს და დაფუძნებულია ყველა დანარჩენის  ექსპლუატაციაზე; რომ უკრაინაში კონფლიქტი _ ეს არის მხოლოდ ერთი (მთავარი, ცენტრალური, მაგრამ ერთი) იმ ინსტრუმენტებიდან, რომლებსაც დასავლეთი იყენებს ამ ბრძოლაში”, _ განაცხადა დიმიტრი სუსლოვმა.

მოსკოვის დიდი სურვილია, რომ ამ ომში გლობალურმა სამხრეთმა არა მხოლოდ ჩუმად დაუჭიროს მხარი მას, არამედ დაეხმაროს საერთო გამარჯვების მიღწევაში.

ამასთანავე, ლაპარაკი არ არის რაღაც საჯარო მხარდაჭერაზე _ საერთო ფრონტზე, ერთობლივ განცხადებებსა და ანტიდასავლურ დეკლარაციებზე. მაგალითად, აშკარაა, რომ ჩინეთი მხარს არ დაუჭერს და ოფიციალურად არ ცნობს რეფერენდუმის შედეგებს უკრაინის ოლქების გათავისუფლებულ ტერიტორიებზე. შესაძლოა, დაგმოს კიდეც.

მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ამ ბრძოლაში კოლექტიური დასავლეთის მხარესაა. საქმე ის არის, რომ ჩინეთს სურს, დაიბრუნოს ტაივანი. და თუ ჩინეთი აღიარებს რეფერენდუმის შედეგებს უკრაინის გათავისუფლებულ ოლქებში, ამით ძირს გამოუთხრის თავის პოზიციას ტაივანზე ნებისმიერი რეფერენდუმის შედეგების არაღიარებისა და თვითონ მისი ჩატარების დაუშვებლობის შესახებ.

ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანი იქნება არა სიტყვები, არამედ საქმეები. მაგალითად, ინდოეთის ხელმძღვანელობას არც ერთ პლატფორმაზე არ განუცხადებია, რომ ტოტალურად უგულებელყოფს ამერიკელების მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. მაგრამ ამასთანავე, ნიუდელი მტკიცედ იცავს მოსკოვთან გაფორმებულ კონტრაქტებს. ამას გარდა, ინდოეთის ხელმძღვანელობა მოელაპარაკა რუსეთის მთავრობას რამდენიმე პროექტის განხორციელებაზე, რომლებიც რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, ინდოეთის გავლით მიიღოს მაღალტექნოლოგიური მოწყობილობები და საქონლის მთელი სპექტრი.

ამ ომის შედეგი დიდწილად დამოკიდებულია აღმოსავლეთისა და სამხრეთის პოზიციებზე, შედეგი ომისა, რომელშიც დასავლეთი თავისი დომინაციის აღსადგენად იბრძვის, რუსეთი _ გადასარჩენად და დიდი სახელმწიფოს სტატუსის შესანარჩუნებლად”. _ ამბობს დიმიტრი სუსლოვი.

გლობალური სამხრეთისთვის ბრძოლაში ჯერჯერობით რუსეთი იმარჯვებს, რაზეც რეგულარულად და დიდი დანანებით წერენ დასავლური გამოცემები.

“დასავლეთმა ვერ შეძლო ფართო ანტირუსული კოალიციის შექმნა, რომელიც კოლექტიური დასავლეთის ჩარჩოებს გარეთ გავიდოდა. ეს დიდწილად ხსნის იმას, რომ ზარალი, რომელიც რუსეთმა განიცადა დასავლეთის პოლიტიკის გამო, გაცილებით ნაკლებია იმაზე, რაც დასავლეთს ჰქონდა ჩაფიქრებული. ეს ეხება სანქციებსაც და რუსეთის იზოლაციის მცდელობებსაც მსოფლიო არენაზე, _ ამბობს დიმიტრი სუსლოვი. _ ამას გარდა, აფრიკული, ლათინოამერიკული და აზიური ქვეყნები აძლიერებენ მისწრაფებას  იმისკენ, რომ მსოფლიო პოლიტიკაში იყვნენ სუბიექტები და არა სხვების მეტოქეობის ობიექტები. ისინი იცავენ თავიანთ ეროვნულ ინტერესებს და ესმით, რომ ეს ინტერესები განსხვავდება ამერიკულისგან; ხვდებიან, რას იწვევს ამერიკული მსოფლიო წესრიგი, დაფუძნებული ამერიკულ წესებზე. ასე რომ, ლავროვის სიტყვებმა, ვფიქრობ, ნოყიერი ნიადაგი იპოვა”, _ განაცხადა სუსლოვმა.

მაგრამ სამართალიანობისთვის უნდა ითქვას, რომ აზიამ, აფრიკამ და ლათინურმა ამერიკამ ეს ყველაფერი ადრეც იცოდნენ _ 21-ე საუკუნის 10-იან და ნულოვან წლებშიც კი, მაგრამ მაინც მისდევდნენ ამერიკულ მსოფლიო წესრიგს. რა შეიცვალა?

პირველი _ მაგალითი ყოველთვის მისაბაძია. გლობალური სამხრეთის არც ერთ ქვეყანას (ჩინეთსაც კი თავისი მძლავრი რესურსით) არ სურდა, ყოფილიყო პირველი ქვეყანა, რომელიც დაუპირისპირდებოდა ამერიკულ მსოფლიო წესრიგს. ლაპარაკია არა ქვეყანაზე, რომელიც მსუბუქ ფრონდას (ბუნტს _ გ.გ.) მოაწყობდა (ვენესუელა) ან გავიდოდა ამერიკული მსოფლიო წესრიგიდან (ჩრდილოეთი კორეა), არამედ სახელმწიფოზე, რომელიც დაუპირისპირდებოდა სისტემას. და ახლა ეს სახელმწიფო რუსეთის სახით, როგორც იქნა, გამოჩნდა და, თუ 2014 წელს გამოწვევა პირობითი იყო, 2022 წელს _ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ _ ის აბსოლუტურია.

მეორე _ გლობალური სამხრეთი ხედავს, როგორ სუსტდება კოლექტიური დასავლეთის ლიდერი. დიახ, ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ყველაზე მძლავრ სახელმწიფოდ მსოფლიოში, მაგრამ შიდაპოლიტიკური კრიზისის ეკონომიკური არამდგრადობისა და ანტირუსული სანქციების საკითხში ევროპის შევიწროების გამო მისი პოტენციალი დაქვეითებულია.

უფრო მეტიც, აშშის მცდელობები, მოეხდინა კუნთების დემონსტრაცია რუსეთის საჩვენებელი დასჯით, ფუჭი აღმოჩნდა. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან 7 თვის თავზე რუსეთის ეკონომიკა ნაფლეთებად არ ქცეულა, აშშში კი დაწყებულია ბუნტი ფასების მომატების გამო.

და აქვე ძალაში შედის საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი საკვანძო კანონი: პატივს სცემენ მხოლოდ მათ, ვინც ძლიერია, და ძალა განისაზღვრება არა  პოტენციალებით, არამედ სხვების მხრიდან აღქმით.

როგორც ერთ ცნობილ სერიალში ამბობენ, ძალაუფლება არის იქ, სადაც ათავსებს მას საყოველთაო რწმენა. ეს არის ხრიკი, ჩრდილი კედელზე და ზოგჯერ ძალიან პატარა ადამიანი ძალიან დიდ ჩრდილს ქმნის”.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here