Home ახალი ამბები საქართველო რუსეთის ფარული რესურსი

რუსეთის ფარული რესურსი

წინა სტატიაში ხაზი გავუსვი იმ გარემოებას, რომ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში (ჩრდილოეთი კორეა) ვიზიტის დროს, რომელიც ახლახან გაიმართა, რუსეთის პრეზიდენტს ასე მოიხსენიებდნენამხანაგი პუტინი. კორეიდან ვლადიმერ პუტინი ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკას ეწვია, სადაც მას ასევე მიმართავდნენამხანაგო პუტინ!

ამ უცნაურმა და ყურისმომჭრელმა ფაქტმა ერთი ძველი ამბავი გამახსენა:

ოცი-ოცდახუთი წლის წინათ ასეთი კამათის მოწმე ვიყავი: აწ განსვენებულ ვახტანგ გოგუაძეს, რომელიც, როგორც ფილოსოფოსი, შესანიშანავად  ერკვეოდა პოლიტიკასა და სოციალურ თეორიებში, ვიღაც  უმტკიცებდა, – სანამ ხელახლა არ მოხდება სოციალისტური რევოლუცია, სოციალური უსამართლობისთვის ვართ  განწირულებიო. ამის მთქმელს ვახტანგმა ისეთი უცნაური პასუხი გასცა, რომ იგი სამუდამოდ შემორჩა ჩემს მეხსიერებას: „სოციალიზმი ახლა რევოლუციის გზით არ მოვა, სხვა გზით მოვა!” ვახტანგი სოციალისტი იყო (ამ მოძღვრების აღიარებამდე იგი საბჭოთა კავშირის ნგრევის შედეგად დამკვიდრებულმა უსამართლობამ და უზნეობამ მიიყვანა), ამიტომ მის მიერ „კომუნისტური პარტიის მანიფესტში” ჩაწერილი იმ მთავარი დებულების ხელაღებით უარყოფა, რომლის მიხედვითაც სოციალიზმი არსებული წეს-წყობილების ძალადობრივი გზით დამხობის შედეგად დამყარდება, გამიკვირდა. საუბარში ჩავერთე და ვახტანგს ვკითხე, სხვა გზაში რას გულისხმობდა. იცოდა, რომ მის პოზიციას არ დავეთანხმებოდი, ამიტომ ხაზგასმული დაბეჯითებით მიპასუხა: სოციალიზმი ახლა ზემოდან მოვა. დაიწყება გაცნობიერება იმისა, რომ ყველა სხვა გზას კაცობრიობა ჩიხში შეჰყავს,  ამიტომ რევოლუციის აუცილებლობა არ დადგება, თანდათანობით, ევოლუციურად განხორციელდება თვისებრივი ცვლილებები“. ახლა არ აქვს აზრი მეხსიერების დაძაბვას და იმის გახსენებას,  როგორ გაგრძელდა და რით დასრულდა ამ საინტერესო საკითხზე მსჯელობა.  ამ ისტორიაში ვახტანგის ის აზრია მთავარი, რომლის ციტირებაც ახლა გავაკეთე. ეს დიდი ხნის წინანდელი  ნათქვამი ახლა იმიტომ წამომიტივტივდა გონებაში, რომ თითქოს მართლაც ისეთ  ვითარებაში შევდივართ, სადაც სოციალიზმი პირდაპირ აკაკუნებს კარზე. უფრო ზუსტად,  სოციალიზმის აუცილებლობა ცდილობს კარის შემოღებას. ეს, რა თქმა უნდა, საქართველოშიც იგრძნობა, მაგრამ რუსეთში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, გაცილებით თვალშისაცემია.

ამ განცხადებაში მხოლოდ იმ ფაქტს კი არ ვგულისხმობ, რომ ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამში რუსეთის პრეზიდენტი რამდენიმეჯერ მოიხსენიეს ასეთი ფორმით – ამხანაგი პუტინი; სხვათა შორის, არც იმას, რომ რუსეთის მოკავშირეთა შორის მოწინავე ადგილებს სოციალისტური სახელმწიფოები (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, კუბის რესპუბლიკა, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა) იკავებენ. ამ მიმართულებით უფრო ზოგადმა ვითარებამ მიბიძგა, კერძოდ იმან, რომ ყველა  პრობლემა, რომთა წინაშეც მთელი პლანეტა აღმოჩნდა, კაპიტალისტური სამყაროს კრიზისისგანაა წარმოშობილი. დასავლური კაპიტალიზმი შევიდა სისტემურ კრიზისში, საიდანაც გამოსვლის შანსს თვითონ  ისტორია არ უტოვებს. საერთო სახალხო დოვლათის გადანაწილების უსამართლო და უზნეო სისტემამ საზოგადოების ანტაგონისტურ კლასებად დაყოფასთან ერთად მისი პოლარიზაცია (უკიდურესად მდიდრები და უკიდურესად ღატაკები) გამოიწვია. დასავლეთის იდეოლოგიური სატყუარა გაცვდა, ვინაიდან სიტყვის თავისუფლება, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა და ადამიანის უფლებების დაცვა ხელოვნური ფასადია, რომლის მიღმა მთელი დასავლური ფსევდოდემოკრატია უდაბნოში ერთბაშად გაჩენილი და ცოტა ხნის განმავლობაში სიზმარივით მოლივლივე მირაჟივით ქრება. ამერიკულმა იმპერიალიზმმა მსოფლიო უნდა ძარცვოს, რადგან თავისუფალი შრომისა და თავისუფალი წარმოებისთვის იგი იმთავითვე ბერწი იყო. მას არც სამართლიანი შრომა შეუძლია, არც სამართლიანი წარმოება და, მით უფრო, არც სამართლიანი გადანაწილება. მას მხოლოდ ექსპლოატაცია, ძარცვა და მითვისება შეუძლია, მაგრამ მისი ამგვარი მოქმედების არეალი თანდათან მცირდება, ერთ დროს მძლავრი ფრთები იკვეცება, ოდესღაც ბასრი კლანჭები ცვდება და მუდამ ავისმომასწავებლად მოკაუჭებული ნისკარტი ბლაგვდება. სიცრუეა, როდესაც ამბობენ, რომ კაპიტალისტური წარმოება სოციალისტურზე ეფექტიანია! კაპიტალისტური წარმოების ეფექტიანობა საწყის სტადიაზე სისტემის არაადამიანურობას ემყარება, მაგრამ  მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი კანონები ამოქმედდება, კრიზისები უკიდურესად  მწვავდება და თავდაპირველი ეფექტიანობაც ეცემა. ეს მხოლოდ აშშ-ისთვის ან ევროპის სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი მოვლენა არ არის, ეს კაპიტალიზმის წესია, ამიტომ კაპიტალიზმის ეს წესი ადრე თუ გვიან რუსეთშიც იჩენს თავს, თუ, რა თქმა უნდა, ცხოვრების წესი არ შეიცვლება.

სპეციალური სამხედრო ოპერაცია თუკი მაინც მიიწევს წინ, ეს მხოლოდ იმის წყალობით, რომ რუსეთი ბოლომდე არ არის ჩაძირული კაპიტალიზმის ჭაობში. მაგალითად, ბუნებრივი მონოპოლიების („გაზპრომი”, „ნავთობკორპორაცია” და მრავალი სხვა) მართვის პაკეტი სახელმწიფოს ხელშია. ეს ავსებს იმ უზარმაზარ ნაკლს, რომელსაც  კაპიტალიზმის პირობებში ვერც ერთი სახელმწიფო თავს ვერ დააღწევს, ამიტომ, მიუხედავად ომისა და დასავლეთის ჯოჯოხეთური სანქციებისა, რუსეთის ეკონომიკა წინ მიდის (რუსეთის ეკონომიკა დღეს მსოფლიოში მეოთხე და ევროპაში პირველია). მიუხედავად ამისა, კაპიტალიზმის კრიზისი დღეს თუ ხვალ რუსეთსაც მიადგება. ჯერ კიდევ 2015 წლის 18 ივნისს პუტინმა განაცხადა: „დღეს „გოსპლანის” აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ ეკონომიკის დაგეგმვის ელემენტების შემოღება აუცილებელია!” ეს ხომ ნიშნავს საბაზრო ეკონომიკასთან შედარებით გეგმიანი ეკონომიკის უპირატესობის აღიარებას?! განა ეს სოციალიზმის უპირატესობის აღიარება და, გნებავთ, სოციალიზმის ნოსტალგია არ არის?! უზარმაზარი სახელმწიფოს მეთაური გრძნობს, რომ კაპიტალიზმი ეფექტიანობით სოციალიზმს ვერ შეედრება, მაგრამ ისტორიის მატარებელი ჩავლილია, კაპიტალისტური მანქანა ამუშავებული და დაძრულია, აქედან კი სოციალიზმისკენ მიბრუნების ერთადერთი თეორიული გზა რჩება – ახალი სოციალისტური რევოლუცია, ომელი სისხლთან, ცრემლთან, ქაოსთან და უბედურებასთან არის დაკავშირებული, თანაც არარეალურია. ხომ არ არსებობს რამე სხვა გზა, გარდა რევოლუციურისა და ძალადობრივისა? მაგალითად, ეკონომიკის მართვაში სახელმწიფოს წილის გაზრდა, „გოსპლანის” აღდგენა (რომელიც პუტინმა ახსენა), სტრატეგიული დარგების ნაციონალიზაცია და მრავალი სხვა. ანუ ის, რის შესახებაც ვახტანგ გოგუაძე მეოთხედი საუკუნის წინათ ფიქრობდა და ლაპარაკობდა: სოციალიზმის ლიანდაგზე გადასვლა არა რევოლუციის გზით, არამედ – რბილად, ევოლუციით, კანონიერი ნებადართულობებით.

შეკითხვას ვსვამ:  რუსეთში ხომ არ მწიფდება სოციალისტური შემობრნების იდეა? არამხოლოდ ხელისუფლებაში, არამედ ხალხშიც და არამხოლოდ ხალხში, არამედ ხელისუფლებაშიც, ანუ ზემოდან, ქვემოდან და ყოველი მხრიდან, რადგან როგორც თავის დროზე ლენინმა თქვა: რევოლუციური ვითარება არის ის, როდესაც ქვემოთ აღარ სურთ ძველებურად ცხოვრება, ზემოთ კი აღარ შეუძლიათ ძველებურად მართვა“.  რუსეთში ჯერ არ მისულა საქმე აქამდე, მაგრამ 1913 წლის ვითარებისგან  განსხვავებით, როდესაც ლენინი ამ სიტყვებს წერდა, დღეს რუსეთის უმაღლეს ხელისუფალსა და რუს ხალხს შორის ერთგვარი კონსენსუსი არსებობს. ხალხის უმრავლესობას აღარ სურს კაპიტალიზმში ცხოვრება, უმაღლესი ხელისუფალი კი აცნობიერებს და არ ემიჯნება ამ რეალობას. არ შემიძლია დაბეჯითებით ვამტკიცო ის, რაც ახლა ვთქვი, მაგრამ რატომღაც ამ აზრისკენ ვიხრები.

უჭირს დღეს რუსეთს და უჭირს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც. ან კი როგორ არ უნდა უჭირდეს, როდესაც სამტროდ აღძრული მთელი დასავლეთი მისკენ მოიწევს, ნატო, დიდი ხანია, ომშია ჩართული, მაგრამ ახლა უკვე ღია ომისა და სრულმასშტაბიანი დაპირისპირებისთვის ემზადება?!  კოლოსალური თანხები და შეიარაღება, ომელსაც დასავლეთი ფაშისტურ უკრაინას აწვდის, განა ამისი ნათელი დადასტურება არ არის?! გუშინ და გუშინწინ განხორციელებული ტერაქტები სევასტოპოლსა და დაღესტანში განა იმაზე არ მეტყველებს, რომ დასავლეთისთვის მიუღებელი მეთოდები არ არსებობს?! რუსეთის რესურსი, როგორც ეკონომიკის, ასევე შეიარაღების თვალსაზრისით უზარმაზარია, მაგრამ ყველაზე დიდი რესურსი მაინც სოციალისტური სისტემა და ცენტრალიზებული მმართველობაა, სადაც ყველა და ყველაფერი ერთ დიდ მიზანს, ამ შემთხვევაში რუსეთის გადარჩენის ისტორიულ და ღვთაებრივ მისიას დაექვემდებარება. სოციალიზმი რუსეთის ფარული რესურსია, რადგან კაპიტალიზმი რუსეთისაქილევსის ქუსლადჩამოყალიბდა,  მტკივნეულ, სუსტ, დაუცველქუსლად“. ძნელია, მიხვდე,  რა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ხილვები ჰქონდა ვახტანგ გოგუაძეს, ასეთი თამამი აზრები რომ  გამოეთქვა, მაგრამ იმას კი ვხედავ, რომ რუსეთში სოციალისტური შემობრუნების კონტურები იკვეთება ზუსტად იმ სცენარით, როგორც იგი წინასწარმეტყველებდა:  ზემოდან, ხალხთან ერთად, თანდათანობით, ევოლუციურად, მაგრამ დაჩქარებულად

ვალერი კვარაცხელია                                                                                                        

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here