Home ახალი ამბები საქართველო როცა “განათლებას” უსაზღვრო ფანტაზია აქვს…

როცა “განათლებას” უსაზღვრო ფანტაზია აქვს…

212
როცა “განათლებას” უსაზღვრო ფანტაზია აქვს...

პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების ლექსიკა მდიდარია ისეთი გამონათქვამებით, რომლებიც, შესაძლოა, პირველად გესმის და გაოცებული ეკითხები საკუთარ თავს: ერთი ამათ თავებში ჩამახედა და მანახა, როგორ ალაგებს ამგვარად წინადადებებს?

ძალიანაც ნუ გააბუქებთო, იქნებ თქვას ვინმემ _ ვინც ან მათსავით საუბრობს, ან საერთოდ არ უსმენს მათ.

აი, ბატონებო და ქალბატონებო, “პოლიტიკური ტვინების” ნაჟური:

*

ძალიან ბევრი ზარი კეთდება, იმაზე მეტი, ვიდრე მოლოდინი იყო”.

არა, ჩემო მკითხველო, აქ ზარების ჩამოსხმაზე არ არის საუბარი. კი, მართალია, პარლამენტარების უმრავლესობას აქვს თავისი ბიზნესი _ ზოგი რას აკეთებს და ზოგი _ რას, მაგრამ ამ შემთხვევაში, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ამ სიტყვების მთქმელი ბიზნესზე არ საუბრობს. ის თავისი პარტიის რიგებში ახალი წევრების მიღებითაა გართული და თავს იწონებს ტელეეთერიდან, ბევრი მოქალაქე გვირეკავს, იმაზე მეტი, ვიდრე ველოდით და წარმოვიდგენდითო. ეს არის სულ.

* “აქ ძალიან მარტივად არის საქმე. ჩვენ ვერ შევალთ ამაში, თუ შევალთ, გამოდის, რომ რაღაცაზე უნდა ავიღოთ ჩვენი პასუხისმგებლობა და უნდა გავხდეთ იმ განცხადებების თანაავტორი, რომელიც გამოქვეყნდა, ამას ვერ გავაკეთებთ. ვერ შევალთ ამ დეტალებში, ვერ გავაკეთებთ ვერც ერთ დეტალზე კომენტარს, ეს არის ზოგადი პოზიცია”.

ამ სიტყვების ავტორი გვიმტკიცებს, რომ ძალიან მარტივად არის საქმე, მაგრამ სად უნდა შევიდეს თუ არ შევიდეს, მაინც ვერ გაგვაგებინა. დეტალებში ვერ შევალო.

 “მგზავრის წერილებში” ლელთ ღუნიასთან საუბრის შემდეგ ილია ამბობს: “მართალია თუ არა ჩემი მოხევე, მე მაგის გასინჯვაში არ შევალო”. ჰოდა, არც ეს პატივცემული ბატონი შედის დეტალებში. რას ერჩი! ილიას გზით მიდის…

აი არასწორი გამოთქმები, რომლებიც ძალიან ხშირად გვესმის:

შეცდომებზე კი არ ვსწავლობთ”, შეცდომებით ვსწავლობთ”!

მის წიგნებზე გაიზარდნენ თაობები” კი არა, მისი წიგნებით გაიზარდნენ თაობები”!

„შეცდომებზე” და „წიგნებზე” ნუ შედგებით და ნუ შესკუპდებით, ისედაც შეგიძლიათ, ისწავლოთ „შეცდომებით” და „წიგნებით”!

სცადეთ, იქნებ, შეძლოთ;

იქნებ, უკეთესად ისწავლოთ.

არადა, რაოდენ სასიამოვნოა, როცა უკეთესად სწავლობენ და უკეთესად იციან.

* „მრავლობითი ჭრილობებით გადაიყვანეს საავადმყოფოშიო”.

ისე დაუმშვენდეს ცხვირ-პირი ამის მთქმელსა და დამწერს.

ვინ ასწავლათ, ვინ შთააგონათ, ვინ გააბედვინათ ამ სისულელის დაწერა?!

„ჭრილობებით” გადაუყვანიათ საავადმყოფოში!

აქამდე საკაცეზე დაწოლილი გადაჰყავდათ;

„სასწრაფო დახმარების მანქანით” გადაჰყავდათ…

ჩვენს მოქართულეებს კი „ჭრილობებით” გადაჰყავთ.

კაცია და გუნება!

ამათ “განათლებას” უსაზღვრო ფანტაზია აქვს!..

მაგრამ მაინც მინდა, ძალიან მოკრძალებულად შევაპარო მართებული ქართული:

მრავალგან დაჭრილი გადაიყვანეს საავადმყოფოში”!

თურმე რა ადვილი ყოფილა ქართულად წერა და მეტყველება.

თქვენ გგონიათ, მე გამოვიგონე ეს ქართული?!

არა, ბატონებო და ქალბატონებო! ქართულ ენას სწორედ ასეთი და ამაზე უფრო უკეთესი მართებული გამოთქმებიც აქვს, მაგრამ უპასუხისმგებლო მოქართულენი ჰყავს.

ცოდონი არ ვართ ენაც და მსმენელ-წამკითხველნიც?!

* „რწმენაში განვმტკიცდეთ!”

რომ იცოდეთ, ბატონებო და ქალბატონებო, როგორ მერიდება… სამღვდელოების კი არა, რომელიც წამდაუწუმ გაიძახის ამას, არამედ ღვთის, რომლის ენაც არის ჩვენი ტკბილხმოვანი ქართული.

თუმცა რატომ უნდა მერიდებოდეს ღმერთის, როცა მისი მსახური ვარ ერთგვარი, მისი ენის დამცველი და მოყვარე ვარ კეთილი, როცა მგონია, რომ ეს გამოთქმა კალკია, არამართებულია, არაქართულია და ქართული მგონია მხოლოდ ეს:

რწმენა გ-ა-ნ-ვ-ი-მ-ტ-კ-ი-ც-ო-თ”

და არა რწმენაში გ-ა-ნ-ვ-მ-ტ-კ-ი-ც-დ-ე-თ!”

რწმენა რომ გვექნეს და ისიც მტკიცე, „რწმენაში” კი არ უნდა შევიდეთ და იქ „განვმტკიცდეთ”, ეს შეუძლებელია, არამედ რწმენა უნდა შემოვუშვათ ჩვენში და ეს ჩვენში შეშვებული რწმენა გ-ა-ნ-ვ-ი-მ-ტ-კ-ი-ც-ო-თ (გ-ა-ნ-ვ-ა-მ-ტ-კ-ი-ც-ო-თ)!

სამღვდელოებას ტერმინებიც _ „დ-ე-დ-ა-ო-ე-ბ-ი” და „მ-ა-მ-ა-ო-ე-ბ-ი” აქვს მოსაცილებელი და, ამას რომ მოიცილებს, თვითონაც გ-ა-ნ-ი-მ-ტ-კ-ი-ც-ე-ბ-ს და ჩვენც გ-ა-ნ-გ-ვ-ი-მ-ტ-კ-ი-ც-ე-ბ-ი-ნ-ე-ბ-ს რწმენას.

* „მუხლზე დაჩოქილი” კი არა, დ-ა-ჩ-ო-ქ-ი-ლ-ი”!

გამოთქმა მუხლზე დაჩოქილი” არასწორი და არამართებულია!

მისი შინაარსი ამას გვეუბნება:

არის მუხლი და მასზე დაჩოქილია კაცი ან ქალი, ბავშვი ან მოხუცი.

კაცმა რომ თქვას, „მ-უ-ხ-ლ-ზ-ე-ც” შეიძლება დაჩოქება, თუკი ვინმე გამოგიწვდის მუხლს დასაჩოქებლად.

დ-ა-ჩ-ო-ქ-ე-ბ-ა ისედაც ნიშნავს მუხლებით დავარდნას, მუხლების ჩახრას და მიწის ან იატაკის შეხებას.

მუხლებზე დ-ა-ც-ე-მ-ა”-ც არაზუსტი გამოთქმაა, უნდა ვთქვათ და ვწეროთ:

მ-უ-ხ-ლ-ე-ბ-ი-დაცემა”.

* ვალში ვარ შენთან” – კალკია და არაქართული.

ქართულად ითქმის: მოვალე ვარ”, “ვალი მაქვს შენი”!

* კავშირზე არ გამოსულა” რა ქართულია?!

თქვი: არ უცდია (არ მომხდარა) დაკავშირება”!

* არ ზიხართ, ბატონო, ზურგით!

დიახ, ნუ დაიჩემებთ, “ზურგით ვზივარო”. მსგავსი რამ შეიძლება ცირკში კარგად ნავარჯიშებმა აკრობატმა მოახერხოს, თუმცა ჯდომას ამას მაინც ვერ დავარქმევთ.

როგორც ვხედავთ, მეგობრებო,

ზოგი, ნაცვლად საჯდომისა, ზ-უ-რ-გ-ი-თ” ჯდება:

ზ-უ-რ-გ-ი-ვზივარ”!

ზოგი მუხლებზე იჩოქებს”, ნაცვლად იმისა, დაიჩოქოს”!

ზოგიც მუხლებზე ეცემა”, ნაცვლად იმისა, მუხლებით” დაეცეს!

კიდევ კარგი, თავით რომ არ სხდებიან!

კიდევ კარგი, თავით რომ არ ეცემიან!

კიდევ კარგი, თავით რომ არ იჩოქებენ!

მხოლოდ ის არის ამ დროს კარგი, დაჩოქება რომ შეუძლიათ!

შეიძლება, მშობლიური ენის წინაშეც დაიჩოქონ და თაყვანი სცენ მას!

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here