Home ახალი ამბები მსოფლიო რომის პაპი ბენედიქტე უარს ამბობდა ქედის მოდრეკაზე

რომის პაპი ბენედიქტე უარს ამბობდა ქედის მოდრეკაზე

„ღვთის როტვეილერი” აცნობიერებდა თავის, როგორც უძველესი სარწმუნოების მცველის, მოვალეობას; სარწმუნოების, რომელმაც შექმნა ევროპა. როგორც უნდა განვითარდეს კათოლიკური ეკლესიის ისტორია, მას მადლიერებით მოიხსენიებენ

146

ახლახან გარდაცვლილი პაპის, ბენედიქტე XVI-ის (იოსებ რატცინგერი, რომელმაც ნებაყოფლობით დატოვა პაპის ტახტი 2013 წელს), დაკრძალვამ კვლავ მიაპყრო საზოგადოების ყურადღება მის პიროვნებას. როგორც მართლმადიდებელი ადამიანი, მე ვერ ვაღიარებ გარდაცვლილ პაპს, როგორც კათოლიკეები მიიჩნევენ, მსოფლიო ეკლესიის თვალსაჩინო წინამძღოლად, მაგრამ არ შემიძლია, არ გამოვხატო ჩემი პატივისცემა, როგორც პიროვნებისა და როგორც ეკლესიური მოღვაწის მიმართ, _ წერს გამოცემა vz.ru გვერდზე მწერალი, ჟურნალისტი და რადიოტეოსისეთერში გადაცემაქრისტიანობისწამყვანი სერგეი ხუდიევი.

ბენედიქტე XVI-ის  გარდაცვალებაზე მსოფლიო პრესის გამოხმაურებებში მუდმივად (და დიდი გაკიცხვით) ახსენებდნენ მის „კონსერვატიზმს“. იმის მაგივრად, რომ გაბედული რეფორმები გაეტარებინა და ეკლესიათანამედროვე სამყაროსთანთანხმობაში ყოფილიყო, რომის პაპი ბენედიქტე XVI ტრადიციებს იცავდა. ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი, აბორტი _ უდანაშაულო ადამიანისთვის სიცოცხლის შეგნებულად წართმევა. და, თუ გარესამყარო ასე აღარ ფიქრობს, მით უარესი ამ სამყაროსთვის. ბენედიქტეს ეძახდნენ „ღვთის როტვეილერს“, „მისტერ არას“ და სხვა მეტსახელებს, რომლებიც ქმნიდა ძალაუფლების მქონე ადამიანის ხატებას, მკაცრსა და უკომპრომისოს, შესაბამისს გერმანელების შესახებ ყველა ნეგატიურ სტერეოტიპთან, მაგრამ, თუ ცოტა ყურადღებით დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ სრულიად სხვა პიროვნებას _ კაბინეტის  მეცნიერს, რომელსაც ურჩევნია, წიგნებზე მუშაობდეს, ვიდრე მართოს მსოფლიოში ყველაზე დიდი რელიგიური თემი; რბილი ხასიათის ადამიანს, რომელიც ამჯობინებდა, კონფლიქტები თავიდან აეცილებინა.

მართვის აუცილებლობა _ მაგალითად, სასულიერო პირთა მიერ მდგომარეობის  ბოროტად გამოყენების შესახებ საქმეების გარჩევა _ მისთვის მძიმე მოვალეობა იყო. ის არასდროს დამტკბარა თავისი პოზიციით; მისი გადადგომა შოკი იყო, რადგან, როგორც წესი, ნებაყოფლობით არავინ ტოვებს უზენაესი ძალაუფლების ადგილს. ადამიანები ხშირად მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ასე მაღლა ავიდნენ. ბენედიქტე XVI- კი ნებაყოფლობით დათმო ეს ადგილი. წამოაყენეს სხვადასხვა თეორია იმის შესახებ, რამ აიძულა პაპს ამის გაკეთება, მაგრამ, ალბათ, ყველაზე მარტივი უნდა მივიღოთ. ძალაუფლება მისთვის ყოველთვის ტვირთი იყო და არა ნარკოტიკი და წლების მატებასთან ერთად დასუსტებულისთვის ეს ტვირთი აუტანელი აღმოჩნდა. სარწმუნოების საკითხებში ის მართლაც უკომპრომისო იყო, მაგრამ ქრისტიანი პასტორისთვის კონსერვატიზმი მხოლოდ ღირსებაა. ეკლესიასა და გარე სამყაროს (როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში) შორის გაუგებრობა განპირობებულია იმით, რომ ეკლესია და სამყარო სრულიად განსხვავებულად ხედავენ ადამიანის ხვედრს. ეკლესია დგას განცხადებაზე, რომ ჩვენ ღმერთმა შეგვქმნა უკვდავი და ნეტარი სიცოცხლისთვის. ჩვენ ცოდვაში ჩავვარდით. ღმერთი მოვიდა დედამიწაზე იესო ქრისტეს სახით, რათა დაგვებრუნებინა ეს ჭეშმარიტი ცხოვრება. ქრისტე, თავისი სიკვდილითა და აღდგომით, მოგვიტევებს ცოდვებს და გვაძლევს მარადიულ სიცოცხლეს, რომელსაც სინანულითა და რწმენით ვიღებთ. ეკლესიის არსებობის აზრი არის ის, რომ ქრისტე მკვიდრობს მასში და მოქმედებს მისი მეშვეობით. ის მიუტევებს ცოდვებს მის მსახურთა ბაგეებით და ასწავლის საიდუმლოებებს მათი ხელებით. ქრისტეს ეკლესიის მეშვეობით ადამიანები ხსნისკენ მიჰყავს. ქრისტიანისთვის სიკვდილი არ არის ყველაფრის დასასრული, პირიქით, შინ მოგზაურობის დასრულებაა. როგორც ქრისტე ეუბნება თავის მოწაფეებს: როცა წავალ და მოგიმზადებთ ადგილს, კვლავ მოვალ და წაგიყვანთ, რათა თქვენც  იქ იყოთ, სადაც მე ვარ (იოანე 14:3).

ეკლესიის მწყემსთა მოვალეობაა, უცვლელად შეინარჩუნონ და ერთგულად ასწავლონ ის, რაც ღმერთმა დაგვიწესა. ამაზეა დამოკიდებული ადამიანთა მარადიული ხსნა.  მართლმადიდებელ ეკლესიაში ეს მისია ეკისრებათ ეპისკოპოსებს. კათოლიციზმში ჩამოყალიბდა ტრადიცია, რწმენის შენარჩუნების საკითხში განსაკუთრებული უფლებამოსილება მიენიჭოს რომის ეპისკოპოსს. იგი ითვლება წმიდა მოციქულ პეტრეს მემკვიდრედ და გამგრძელებლად მისი მისიისა _ განამტკიცოს თავისი ძმების რწმენა (ლუკა 22:32). ეკლესიას სრულიად განსხვავებულად აღიქვამენ გარედან ადამიანები, რომლებიც არ იზიარებენ მის რწმენას. ისინი არ არიან აუცილებლად მტრულად განწყობილნი ქრისტიანობის მიმართ _ ისინი, უბრალოდ, აღიქვამენ მას, როგორც კიდევ ერთ მითოლოგიას უამრავიდან, რომლებსაც ადამიანები საკმაოდ მიწიერი მიზნებისთვის იგონებენ, რათა შეამსუბუქონ სიკვდილის გარდაუვალობით გამოწვეული სტრესი, მოიპოვონ სოციალური ჰარმონია საერთო რწმენასა და რიტუალებში. თანამედროვე პოსტმოდერნისტს არაფერი აქვს საწინააღმდეგო რელიგიის თამაშის მიმართ, მაგრამ ის ხედავს მასში, სახლდობრ, თამაშს, რომ ადამიანები საკუთარ თავს ანუგეშებენ უაზრო სამყაროში გარდაუვალი სიკვდილის მოლოდინში. ეკლესია შეიძლება მისთვის სასარგებლოც კი იყოს, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთი ამქვეყნიური ამოცანის გადასაჭრელად.  ამოცანები, რომლებიც საერო ადამიანებს შეუძლიათ ეკლესიის წინაშე წამოჭრან, სრულიად განსხვავებულია _ გლობალურ დათბობასთან ბრძოლით დაწყებული, სამხედრო-პოლიტიკურ კონფლიქტში საჭირო მხარის მხარდაჭერით დასრულებული. ყოველ შემთხვევაში, მათ საერთო არაფერი აქვთ ღმერთსა და მარადიულ სიცოცხლესთან. ეს ორი თვალსაზრისი ეკლესიაზე _ “ეკლესია არის ღვთაებრივი გამოცხადების მცველი და მარადიული ხსნის კიდობანი” და “ეკლესია არის კიდევ ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც ადაპტირებული უნდა იყოს რამე სასარგებლოსთან” _ ერთმანეთთან კონფლიქტშია. დღეს ეს კონფლიქტი განსაკუთრებით მწვავეა. ეკლესია (როგორც დასავლური, ასევე აღმოსავლური) მხარს უჭერს ღვთის მიერ დამკვიდრებულ ქორწინებას ქალსა და მამაკაცს შორის და აკურთხებს მშობიარობას. დღეს ბევრ ქვეყანაში ჩამოყალიბდა იდეოლოგია, რომელიც მხარს უჭერს უნაყოფო გარყვნილებასა და აბორტებს. კათოლიკური ეკლესია _ და ეს უკვე ასე იყო ბენედიქტ XVI-ის პაპობის პერიოდში _ განიცდის უზარმაზარ წნეხს “ძლიერთა ამა ქვეყნის” მხრიდან, ზოგიერთ ქვეყანაში კი საკუთარი მრევლისგან, რომელსაც სურს, ეკლესიამ შეცვალოს თავისი სწავლება და დაემორჩილოს დღევანდელ დღის წესრიგს, მაგრამ რამდენიმე პროტესტანტული თემის გამოცდილება, რომლებმაც ეს გზა ბოლომდე განვლეს, აჩვენებს, რომ ამას მივყავართ თვითლიკვიდაციამდე. პროგრესული საზოგადოება კი იქით არ წასულა და არც მიდის, ვისაც სერიოზულად სწამს, მიდის იქ, სადაც რწმენა ჯერ კიდევ შენარჩუნებული და დაცულია.

ბენედიქტ XVI უარს ამბობდა რელიგიის საკითხებში რამეს დათმობაზე. არა იმიტომ, რომ ის, პირადად, მკაცრი და მტკიცე იყო _ ეს ასე არ არის. იმიტომ, რომ ის აცნობიერებდა თავის, როგორც უძველესი სარწმუნოების მცველის, მოვალეობას; სარწმუნოების, რომელმაც შექმნა ევროპა. როგორც უნდა განვითარდეს კათოლიკური ეკლესიის ისტორია, მას მადლიერებით მოიხსენიებენ.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ 

https://vz.ru/opinions/2023/1/11/1194197.html                      

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here