ევროპის ჩემპიონატზე პირველად გასულმა საქართველოს ნაკრებმა აშკარად ღირსეულად ითამაშა, გულშემატკივარს არ დაუტოვა იმის განცდა, რომ რომელიმე ფეხბურთელმა თავი დაზოგა, ფეხებს გაუფრთხილდა, ან შესაძლებლის მაქსიმუმი არ გაიღო. მერე და მერე უფრო ახლოს გავიცანით ეროვნული გუნდის მოთამაშეები, მათი ოჯახის წევრები. აგერ, გასულ კვირას, უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩეფერინმა, საქართველოს პრემიერს სამადლობელო წერილი მისწერა: გუნდიც კარგი გყოლიათ, გულშემატკივარიც და ეს ახლა მთელმა მსოფლიომ იცისო. ჰოდა, ეფერებოდა ერი და ბერი ნაკრების მოთამაშეებს მანამ, სანამ…
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიდან პლეი-ოფში გავიდა. ეს საგზური გასვლაზე ლიეტუვის დამარცხების შემდეგ მივიღეთ და ვინ იცის, თუ გაგვიმართლებს, ეგებ ბიჭების დარად, ქალთა საფეხბურთო ნაკრებმაც ითამაშოს ევროპირველობაზე. ერთი ეგაა, ქალთა ფეხბურთი ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ამას ზოგი ხმამაღლა ამბობს, ზოგი – ჩუმად, თავისთვის. ის, რომ ქალთა ფეხბურთს ბევრი ქომაგი არც საქართველოში ჰყავს, იქიდანაც ჩანს, რომ ეროვნული ნაკრების თამაშებზე ტრიბუნებს, ძირითადად, ფეხბურთელი გოგონების სამეგობრო-სანათესაო იკავებს და ეს ლოგიკურიცაა – რაც არ მოგწონს, იმას ვიღაცის ან რაღაცის ხათრით მუდმივად ვერ უყურებ. იგივე ითქმის, მაგალითად, ძალოსნობაზე. „შტანგისტ“ ქალებს ბევრი არ სწყალობს, ბევრს არც მოჭიდავე გოგონები მოსწონს და ეგებ ისეთებიც არსებობენ, რომლებსაც არც ქალი და ჩოგბურთი ეხატება გულზე. კაცია და გუნება, ვიღაცას რაღაც მოსწონს, ვიღაცას – არა.
მოკლედ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს, გიორგი გველესიანს, გულწრფელად წამოსცდა: არ მომწონს, ქალები ფეხბურთს რომ თამაშობენ და არასოდეს ვუყურებო. კაცმა თავისი აზრი გამოთქვა, მაგრამ, სავარაუდოდ, იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი ლეგიონერია და ბოლო ათწლეული საქართველოში მხოლოდ შვებულებას ატარებს, არ იცის, რომ აზრი მაშინ უნდა გამოთქვა, თუ დარწმუნებული ხარ, რომ ეს აზრი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციას მოეწონება, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული გოლგოთის გზას ისე გაგიყენებენ, თვალს არ დაახამხამებენ. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით (აზრის გამოთქმას ვგულისხმობ, თორემ ქართული გოლგოთა მართლა არსებობს), მაგრამ, რაღა ხუმრობით, გველესიანი დღემდე ვერ მიხვდა, რა დააშავა ასეთი და რატომ დაესია ყველა არასამთავრობო და ოპოზიციური პარტია სწორედ მას. მიზეზი რამდენიმეა: პირველი ის, რომ გველესიანის კრიტიკის ამსახველ ვიდეომასალასა თუ სოციალურ ქსელში მიძღვნილ სტატუსებს არასამთავრობოები საკუთარ პატრონებს გადაუგზავნიან და დამატებით ფულს მოსთხოვენ, ხომ ხედავთ, ლამის გმირად გამოცხადებულ ფეხბურთელს მიწასთან ვასწორებთო; მეორე ის, რომ ოპოზიციას ეჭვი გაუჩნდა, „ქართული ოცნება“ გველესიანს საარჩევნო სიაში ჩასვამსო, რაც მათ არანაირად არ ალევთ ხელს და ლანძღვა აქედანვე დაიწყეს, სულ უტვინო და ხეპრე ეძახეს კაცს, რომელსაც მანამდე საფეხბურთო აზროვნებასა და დაცვაში თამაშის ტაქტიკურ უნარს ისე უწონებდნენ, ისე აანალიზებდნენ, ალექსანდრე ჩივაძესაც კი შეშურდებოდა. ჰოდა, ეს დაცვაში კარგად მოთამაშე ბიჭი არის თურმე მოძალადე, რომელიც ქალ ფეხბურთელებს აბულინგებს და, ერთი სული აქვს, საქართველოში ქალთა ფეხბურთი აიკრძალოს. ფეხბურთის რა გითხრათ, მაგრამ ქალთა რაგბის, ქალთა ძალოსნობას, ქალთა მკლავჭიდს მართლა ავკრძალავდი და არ დაიწყოთ ახლა, ლეკვი ლომისა სწორიაო, არაა შტანგა ქალის საქმე და არც შერკინებაშია მაინცდამაინც სასიამოვნო სანახავი ქალი. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და არა რედაქციის, ამიტომ მოძალადეებად ყველას ერთად ნუ გამოგვაცხადებთ.
გვერწმუნეთ, გველესიანზე შეტევის ახალი ტალღა მაშინ დაიწყება, თუ მას საარჩევნო სიაში მართლა ჩასვამენ და მერე ნახეთ, ოპოზიცია და არასამთავრობოები მხოლოდ ამ განცხადებას კი არ გაახსენებენ, გზაზე თუ არასწორად გადასულა ან წითელზე გაუვლია, სულ ძმრად ამოადენენ. ზუსტად ისევე გალანძღავენ, როგორც თავის დროზე ხვიჩა კვარაცხელია ლანძღეს, აქაოდა, ხელისუფლების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში გრძელი განცხადება რატომ არ გააკეთა, ჩვენს მხარეს რატომ არ არისო?!
მოდი ახლა ამერიკელ მოცურავე უილიამ ტომასზე ვისაუბროთ. უილიამი კაცად დაიბადა, კაცად გაიზარდა, ცურვაზეც კაცად შევიდა, მაგრამ რაიმე ხელშესახები შედეგისთვის არ მიუღწევია. ჰოდა, ორიოდე წლის წინათ სქესი შეიცვალა და აქაოდა, ახლა ქალი ვარო, გამოსვლა ქალთა შორის განაგრძო. ჰოდა, წელს გამართულ სამ დიდ ტურნირში ოქროს სამი მედალი მოიგო, ოლიმპიადაზეც დიდი იმედით მიდის და ცურვის საერთაშორისო ფედერაცია ახლა ფიქრობს, რომ მას წლის საუკეთესო მოცურავე ქალის ტიტულიც მიანიჭოს.
ტომასი მოცურავე მამაკაცთა მსოფლიო რეიტინგში 462-ე ნომერი იყო, ქალთა შორის კი პირველია და ახლა დანარჩენი მოცურავეები, ნამდვილი ქალები, აპროტესტებენ: ეს მიდგომა არასამართლიანია, პრაქტიკულად კაცს ვეჯიბრებითო, მაგრამ ნურას უკაცრავად, მსოფლიო ცურვის ფედერაცია შეუვალია, რას მიქვია კაცი, უილიამი ახლა ქალიაო. დაახლოებით ისეა, რომელიმე ძალოსანმა კაცმა სქესი რომ გადაიკეთოს, შტანგის აწევაში ქალებს შეეჯიბროს და რეკორდი რეკორდზე მოხსნას. ვის მხარეს არის სიმართლე? თანაც ცურვა ისეთი სახეობაა, ქალსაც რომ უხდება და კაცსაც, მაგრამ, აი, როგორ უხდება უშუალოდ ტომასს, ვერ გეტყვით; ან როგორი საქმეა, მასთან ერთად გასახდელში შესვლა და გაშიშვლება, სქესი კი გამოიცვალა, მაგრამ სხეული და ტვინი ხომ მამაკაცურია და… ვისაც აინტერესებს, უილიამს ახლა საბუთებით ლია ჰქვია და საკუთარი უფლებებისთვის იბრძვის: ქალი ვარ და მაღიარეთო. აი, მისი უფლებების დაცვის გამო კი მსოფლიოში ათასობით მოცურავე ქალი ზარალობს, რადგან ზუსტად იციან, მამაკაცთან შანსი არ აქვთ, მაგრამ ლიბერალური ფრთა ამაზე ხმას არ იღებს, მთავარია ის ერთი, ერთადერთი იყოს კარგად და წარმატებული, მერე ტელევიზიით რომ აჩვენონ და მომავალ თაობას უთხრან: აგერ, ბატონო, სქესშეცვლილი ადამიანი მსოფლიოში საუკეთესო მოცურავე გახდაო. ისიც საინტერესოა, რომ ლია (ან ლიკა) ტომასის მიღწევებს ვერავინ მოხსნის და ეს რეკორდები სამუდამოდ დარჩება მანამ, სანამ კიდევ ვინმე არ გადაიკეთებს სქესს და მის რეკორდებს ისევ მამაკაცი არ შეუტევს.
ლიბერალები იბრძვიან ყველგან, არ ზოგავენ არც ფულს და არც ენერგიას იმისთვის, რომ მსოფლიო დაიმონონ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, და უმცირესობა გაბატონდეს უმრავლესობაზე. მათ სძულთ ყველა ნორმალური ადამიანი, რადგან მასში მტერსა და კონკურენტს ხედავენ. სწორედ ამიტომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც არ მოსწონთ, მაშინვე საჯარო კრიტიკის საფუძველი ხდება და ნებისმიერს უკრძალავენ აზრის გამოთქმას, თუ ეს აზრი მათ თვალსაზრისს არ ემთხვევა.
შესადარებლად: საფრანგეთის 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებში ყველა მოთამაშე და მთავარი მწვრთნელი შავკანიანია. ორმა პარლამენტარმა თქვა, – ეს ფრანგი ერისთვის კარგი არ უნდა იყოსო, და ლამის ჯვარზე გააკრეს: როგორ გაბედე და ეგ თქვიო? არადა, მანამდე ლონდონის „არსენალის“ 19-წლამდელთა გუნდი გააკრიტიკეს, ყველა თეთრკანიანია და სასწრაფო წესით რამდენიმე შავკანიანი უნდა დაიმატონ, სხვანაირად არ გამოვა, ეს რასიზმიაო. კი მაგრამ, თუ თეთრკანიანების შემთხვევაში რასიზმია, შავკანიანების შემთხვევაში რატომ არის ნორმა და რატომ არის ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავი? ისტორიულად ფრანგები შავკანიანები რომ არ ყოფილან, ყველამ იცის, მაგრამ რა დროს ფრანგებია, როცა მაცხოვარზე სურთ ფილმის გადაღება, რომელშიც მაცხოვარიც და ღვთისმშობელიც შავკანიანები იქნებიან, აქაოდა, თანასწორები უნდა ვიყოთო. ახლა, ვინმემ ბარაკ ობამაზე რომ გადაიღოს ფილმი და მისი როლის შემსრულებლად, ტომ კრუზი აირჩიონ, ხომ ატყდება ერთი ამბავი? ეგებ კრუზი ციხეშიც ჩასვან თავის რეჟისორიან-ასისტენტებიანად. ჰოდა, თუ იქ შეიძლება, აქ რატომ არ შეიძლება? ეს არის ლიბერალიზმის მთავარი ხაზი, რომ ყველამ უნდა იფიქროს და იმოქმედოს ისე, როგორც მათ სურთ, და ამ შემთხვევაში გველესიანის ნათქვამი მათ აზრს არ დაემთხვა. მერე რა, რომ გიორგის არ უთქვამს, ქალთა ფეხბურთი უნდა აიკრძალოსო?! უბრალოდ, განაცხადა, რომ არ მომწონს ქალი და ფეხბურთი ერთადო, და ამის გამო ცოცხლად გატყავებას უპირებენ. იცით, ამას რა გაგრძელება მოჰყვება? ნაკრების ნებისმიერი სხვა წევრი, რომელსაც გველესიანის მსგავსად არ მოსწონს ქალთა ფეხბურთი, ხმას აღარ ამოიღებს, არ გააპროტესტებს, რათა უსიამოვნებები აიცილოს თავიდან და სწორედ ასე იმარჯვებს ლიბერალიზმი, საკუთარი აზრის გამოთქმის შიშს ნერგავენ და ისე ჩანს, წარმატებითაც.
ლევან გაბაშვილი
P.S. გადაწყვეტილი ამბავია, რომ პარიზის ოლიმპიადაზე ნიდერლანდების პლაჟის ფრენბურთელთა ნაკრებში სტივენ ვან დერ ვალდეც ითამაშებს. ის ნაკრების წევრია, მაგრამ… 10 წლის წინaთ მან ინტერნეტით 12 წლის ინგლისელი გოგონა გაიცნო, შემდეგ შინ მიიპატიჟა და მასთან ინტიმური კავშირი რამდენიმეჯერ ძალადობრივად დაამყარა. ვან დერ ვალდეს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ციხეში სანიმუშო ქცევის გამო (!) 4 წლის შემდეგ გაათავისუფლეს, ახლა კი ნაკრების წევრია. ნიდერლანდების პლაჟის ფრენბურთის ფედერაცია მომხდარში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს, რადგან თურმე ვან დერ ვალდემ დანაშაულისთვის სასჯელი მოიხადა და მეორე შანსს იმსახურებს.
ვისაც ეს ნორმალური ჰგონია, კი ბატონო, გაგატარებთ.
ლ.გ.