Home ახალი ამბები საქართველო ოპოზიციონერთა ფიქრები –  კეზერაშვილი ვიქნები

ოპოზიციონერთა ფიქრები –  კეზერაშვილი ვიქნები

ცდილობენ, გოლიათთან მებრძოლ დავითად წარმოაჩინონ პირი, რომელიც 2008 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო და წაგებული ომის შემდეგ მილიარდერი გახდა

214

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი, რომ „ ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში  ათიათასობით ხმას იღებს, თავისი ბელადის ინტერესების დასაცავად კი ქუჩაში ათასი ადამიანიც არ გამოდის. აგერ, 9 დეკემბერს, ნაციონალების არაერთმა ლიდერმა მოუწოდა მომხრეებს, რომ სასამართლოს ეზოში შეკრებილიყვნენ, მაგრამ, ათასს ვინ ჩივის, ხუთასი კაციც ა რ მივიდა. იმავე დღეს  რუსთაველზე ნაძვის ხის განათების საზეიმო ცერემონიაზე  რამდენიმე ათასი მოქალაქე გამოცხადდა  და  სლოგანი  „მშვიდობის ქალაქი“ ამაყად ანათებდა. ჰო, ამაყად, რადგან, ჯერჯერობით და საბედნიეროდ, „ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალაა, რომლის მმართველობის პერიოდში  საქართველო შეიარაღებულ კონფლიქტში არ ჩართულა. რამდენიც უნდა ვატრიალოთ ეს თემა, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მშვიდობა  სურს. როცა ხელისუფლების წარმომადგენლებმა  თქვეს, ძალიან გვინდა,  გვჯეროდეს, რომ უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცები იდეის გამო იბრძოდნენ, მაგრამ ისიც ყველამ იცის, რომ საკმაოდ სოლიდურ ჯამაგირს უხდიანო, ოპოზიციამ ლამის ტანსაცმელი შემოიხია, თუმცა შემდეგ ოფიციალურად  ჯარისკაცებმაც დაადასტურეს, რომ მათ უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან ოფიციალური კონტრაქტი აქვთ გაფორმებული და კონტრაქტის შესაბამის გრაფაში კონკრეტული ანაზღაურებაცაა მითითებული.  სხვა საკითხია,  კონტრაქტი და ანაზღაურება რომ არა, რამდენი მათგანი დარჩებოდა მხოლოდ იდეის გამო ფრონტის წინა ხაზზე, მაგრამ… არსებობს პროფესიები: ინჟინერი, იურისტი, მემანქანე, ბუღალტერი და… ჯარისკაცი. ჰო, ჯარისკაცობა, როცა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ხარ, არის დროებითი, მაგრამ,  როცა საკუთარი ნებით მიდიხარ და მსახურობ,  ეს უკვე სამუშაო და პროფესიაა. არაფრის მტკიცებას არ ვაპირებთ, მაგრამ კიდევ გავიმეორებთ: საინტერესოა, რამდენი დარჩებოდა ფრონტის წინა ხაზზე და რამდენი მიუშვერდა ტყვიას მკერდს ანაზღაურების გარეშე. ჰო, ისიც ხომ ცხადად გამოჩნდა, რომ ქართველი ოპოზიციონერების უმრავლესობა უკრაინაში ფოტოების გადასაღებად წავიდა და ბრძოლის ველზე მათ, უბრალოდ, არაფერი გაუკეთებიათ, რადგან საბრძოლველად არ  გასულან…

„50 მილიარდი დოლარი – ეს არის თანხა, რომელიც ამერიკამ უკვე გამოუყო უკრაინას და გაჩერებას არ აპირებს. სენატი და წარმომადგენლობითი პალატა  ამტკიცებენ თანხებს და შემდეგ ჩვენი ბიუჯეტიდან  ეს თანხები მიემართება უკრაინაში. დახმარების ზრდის პარალელურად იზრდება ის ქონება, რომელსაც უკრაინელი მაღალჩინოსნები ყიდულობენ შვეიცარიაში. როცა რესპუბლიკელები მოახერხებენ და დაიბრუნებენ როგორც სენატს, ისე წარმომადგენელთა პალატას, ისინი ყოველი დოლარის კვალს გაჰყვებიან და ბევრი ადამიანის პასუხისმგებლობა დადგება“, –  განაცხადა „Fox News“-ის ჟურნალისტმა კენდის ოუენსმა  ანალიტიკურ გადაცემაში.

საუბარია ვოლოდიმირ ზელენსკიზე, დავით არახამიაზე, ოლექსი არესტოვიჩზე, ანუ ადამიანებზე, რომლებიც დღენიადაგ ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ უკრაინისთვის იბრძვიან და ხშირად  საზოგადოების წინაშე  ერთი სამოსით  ჩნდებიან, აქაოდა,  გამოცვლის დროც არ გვაქვსო. რეალურად კი, სწორედ მათი ქონება იზრდება ევროპაში და არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ თანხები  იმ დახმარებიდანაა აღებულ-წაღებული, რომელსაც ამერიკა და ევროკავშირი ვალად აძლევს უკრაინას. ჰო, ვალად და არა საჩუქრად და ის 50 მილიარდიც სწორედ უკრაინელების გადასახდელია და, რამდენ ხანს მოუწევთ ამ თანხის გადახდა, არავინ იცის. ერთი ამდენი უკრაინელებს ევროკავშირის მართებთ; იქვეა ბრიტანეთი, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო სავალუტო ფონდი და აბსოლუტურად ყველა სპეციალისტი თანხმდება, რომ ვალებს  უკრაინა, საუკეთესო შემთხვევაში, ნახევარი საუკუნის შემდეგ თუ გაისტუმრებს.

კენდის ოუენსს, სავარაუდოდ, წარმოდგენაც  არ ჰქონდა, როცა ამ ყველაფერს ამბობდა, როგორ მარტივად ახადა ფარდა ქართული ოპოზიციის ზრახვებს. ერთადერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ოპოზიციას საქართველოს ომში ჩართვა სურს, სწორედ შემდგომ მისაღები დახმარებებია; ის დახმარებები, რომელთა გაფლანგვა და მოპარვა ძალიან ადვილია და რომელთაც ომიანობის დროს არავინ მოიკითხავს, უბრალოდ, ამისთვის არავის სცალია, შემდეგ კი… შემდეგ მათი კვალი ისე იკარგება, თავსა და ბოლოს ვერავინ იპოვის. რაც მთავარია, ამას არც საერთაშორისო ორგანიზაციები აკონტროლებენ;  არც ის ქვეყნები, რომლებმაც ვალი გასცეს, რადგან მათ ფული ასესხეს სახელმწიფოს და სულ არ აინტერესებთ, ვის ჯიბეში ჩაჩხრიალდა; მთავარია, მოვალეა სახელმწიფო და სულაც არ აინტერესებთ, რომ  ეს თანხა მოსახლეობამ საკუთარი ჯიბიდან ათეული წლების განმავლობაში უნდა იხადოს. ის, რაც ახლა ხდება უკრაინაში, ერთი ერთში ემთხვევა 2008 წელს საქართველოში შექმნილ ვითარებას. იმხანად   თავდაცვის მინისტრი  ხელისუფლებაში მართლაც ცალ-ცალი კალოშით მისული დავით კეზერაშვილი იყო და, წესით, ომის შემდეგ, უფრო ზუსტად, წაგებული ომის შემდეგ,  თავდაცვის მინისტრი, საუკეთესო შემთხვევაში, კარგად უნდა დაიმალოს და ხალხს არ დაენახვოს. აი, კეზერაშვილი კი სწორედ აგვისტოს ომით გახდა მილიარდერი. ჰო, მილიონერი კი არა, მილიარდერი და აგერ, 2008 წლიდან მოყოლებული, საქართველოს საგარეო ვალი პირველად წელს, ანუ 14  წლის შემდეგ შემცირდა. სამაგიეროდ, ყოველწლიურად იზრდება კეზერაშვილის  ქონება და ის ამ ყველაფერს სადმე მშვიდად კი არ ჭამს, არამედ საქართველოს საშინაო საქმეებში კვლავ ერევა,  კვლავ ცდილობს გავლენის მოპოვებას პოლიტიკურ პროცესებზე და ხელისუფლებაში დაბრუნებას. ამ ყველაფერს ტაშს უკრავს ოპოზიცია. მას  არ ადარდებს, რომ კეზერაშვილმა ჩვენი და ჩვენი შვილების ფული მიითვისა  და, თუ ადრე რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი ამბობდა, რომ კეზერაშვილი ბიუჯეტის ქურდია, ახლა  ცდილობენ, ის გოლიათთან მებრძოლ დავითად წარმოაჩინონ  და მერე რა, რომ ბრძოლის მთავარ იარაღად ბიუჯეტიდან მოპარულ ასეულობით მილიონი ლარს იყენებს.

ოპოზიციას არც ის უქმნის დისკომფორტს, რომ არსაიდან მოსული კეზერაშვილი დაცვით გადაადგილდება და ცხოვრობს პარიზში, ხარჯავს მილიონებს და  ავსტრიის დედაქალაქის ლამის  ნახევარი იყიდა. ჰო, ვენაში მცხოვრები ქართველები არ მალავენ, რომ კეზერაშვილი იქ უძრავ ქონებას  ყიდულობს და, როცა საქართველოდან ოპოზიციის ლიდერები ჩადიან, ისინი სწორედ „კეზერას“ სასტუმროებსა და სახლებში ჩერდებიან. ეს მათთვის ჩვეულებრივი ამბავია და მერე რა, რომ ზუსტად იციან, საიდან აქვს კეზერაშვილს ეს თანხა. პირიქით  –  ისინი იმაზე ოცნებობენ, რომ თვითონაც გახდნენ კეზერაშვილები და გაყვლიფონ ქვეყანა, მაგრამ საამისოდ ორი რამ არის საჭირო:  ომის დაწყება და ხელისუფლებაში მოსვლა. ჰოდა, ეს ორი რამ კეზერაშვილის ფულის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომაც იცავენ მას კბილებით. არადა, იმავე უკრაინელებიდან სიტყვასიტყვით გადმოწერილი კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ სწორედ კეზერაშვილს მოერგო და „დააკვდა“. სხვათა შორის, აღნიშნული კანონის გადმოღებას დასავლეთი გვთხოვდა და მხოლოდ შემდეგ შემოირტყეს თავში ხელი, როცა მიხვდნენ, რომ კეზერაშვილი ჩავარდებოდა  შავ დღეში. კეზერაშვილის დაცვა დასავლეთმაც კბილებით დაიწყო და ხელისუფლება აიძულეს (ჰო, აიძულეს), რომ უკრაინაში მიღებულ-დამტკიცებული, ევროპა-ამერიკის მიერ მოწონებული კანონი ვენეციის კომისიაში გადაეგზავნათ.  ისე გამოვიდა, რომ დასავლეთისთვის ოლიგარქს ეროვნება აქვს.

„უკრაინელი ხალხი ჭკვიანი არაა, ის ძალიან უვარგისი და ისტერიკულია და ამის გამოყენება ძალიან ადვილად შეიძლება. უკრაინის ხელისუფლებაც არაა მოწოდების სიმაღლეზე, მას ხალხი ეზიზღება. გარწმუნებთ ამაში, ადამიანებადაც კი არ თვლიან ბოლომდე და ამის ყველა პრაქტიკული საფუძველი გააჩნიათ გარდა ერთადერთისა – ისინი მაინც ადამიანები არიან. უკრაინელი ხალხი, მისი აქტივისტები, საზოგადოება, ბიზნესმენები –  მთელი ეს პატრიოტული მდუღარება… ისინი ჩლუნგები, უვარგისები, ტვინგამორეცხილები, მართულები, ემოციურები, სულით ღატაკები, მაგრამ მაინც ადამიანები არიან. ამას ვამბობ ყველაზე –  აქტივისტებზე, ხალხზე… ამ ქვეყანაში ნორმალური  ადამიანები , რომლებთანაც შეიძლება საუბარი იმაზე, რაც აქ ხდება, ორი ხელის თითებზეა  ჩამოსათვლელი, დანარჩენები კი იმ უბედურებას წარმოადგენენ, რა უბედურებაშიც საზრდოობენ. გაუნათლებლები, გონებაჩლუნგები, სამოქალაქო ცხოვრებისა და სახელმწიფო მართვის გამოცდილების არმქონე. მადლობა ღმერთს, რომ მსგავსი ხალხის ხელში არაა ქვეყანა. თუ ეს ხალხი მოვა ხელისუფლებაში, მე ამ ქვეყნიდან გავიქცევი“, – ეს  უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა 2019 წელს განაცხადა, მანამ, სანამ არჩევნებში ვოლოდიმირ ზელენსკი გაიმარჯვებდა და ამის შემდეგ ის ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი გახდა. მისი ქონებაც ევროპულ ქვეყნებში ყოველდღიურად იზრდება.

„გაუნათლებლები, გონებაჩლუნგები, სამოქალაქო ცხოვრებისა და სახელმწიფო მართვის გამოცდილების არმქონე…“ – ზუსტად ამ სიტყვებით ახასიათებდნენ საქართველოს მოსახლეობას ნაციონალები ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და მარტივი მისახვედრია, რომ ამ ადამიანებს ერთი და იგივე მასწავლებელი ჰყავდათ – ამერიკა და ევროკავშირი.

ლევან გაბაშვილი                                                                                                                          

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here