Home ახალი ამბები საქართველო ობობას ქსელივით დახლართულ წინადადებებში გაბმული პრეზიდენტი

ობობას ქსელივით დახლართულ წინადადებებში გაბმული პრეზიდენტი

236

ნებისმიერი ეროვნების ადამიანისთვის საამაყოა, თუ ის ღირსეული  წინაპრების შთამომავალია, სახელოვანი ერის შვილია. ქართველებმა კი, რომლებსაც ცხოვრება ერთ ხელში იარაღითა და მეორე ხელში გუთნით უწევდათ, არა მხოლოდ გადაირჩინეს თავი, შექმნეს უნიკალური ანბანი დაღმერთების ენა”, რომლებმაც საუკუნეები გამოიარა და დღემდე მოაღწია. ახლა ჩვენ ვართ ამ განძის პატრონი და უფლება არ გვაქვს მისი დამცრობის, დამახინჯებისა და მით უმეტეს დაკარგვის. მაგალითს ამისას კი ქვეყნის მართვის სადავეებთან მყოფი ადამიანები უნდა იძლეოდნენ, რომლებსაც პრეტენზია აქვთ მამულისადმი გამორჩეული სიყვარულის და ყოველდღე გვიმტკიცებენ, რომ ეროვნულ საქმეს აკეთებენ, რომ მათთვის უპირველესია ილიასეულიმამული, ენა, სარწმუნოება”. 

როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ბევრ მათგანს გამართული ქართულით  საუბარი ეროვნულ საქმედ არ მიაჩნია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მკითხველის ყურადღება ამჯერად ქვეყნის პრეზიდენტზე შეგვეჩერებინაჩვენ არ ვაპირებთ სალომე ზურაბიშვილის ერუდიციასა და განსწავლულობაში ეჭვის შეტანას, არც მისი პოლიტიკური შეხედულებების გაკრიტიკებას (მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, მის აზრს ბევრ საკითხში არ ვიზიარებდეთ), მაგრამ ვერაფრით შევეგუებით მის უდიერ დამოკიდებულებას ქართული ენისადმი.

გამოხტება ახლა ვინმე და იტყვის, რომ ის ევროპაში დაიბადა და გაიზარდა, განათლებაც იქ მიიღო და ამიტომ უჭირს ქართულად საუბარიო. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ რამდენი წელიწადია, რაც საქართველოში ჩამოვიდა? ასეთმა ნიჭიერმა ქალბატონმა  დღესაც ისეთი ქართულით უნდა ილაპარაკოს, როგორც ჩამოსვლის დღეს?..

ბურთი ჩაიჩარეთ პირში და სჯობს, ქართული ენის მასწავლებელი მიუჩინოთ თქვენს ფავორიტს, დაწერილი ტექსტები რომ მაინც გაუსწოროს და პატივცემულმა ქალბატონმა მერე წაიკითხოს, თორემ ზოგჯერ (ზოგჯერ კი არა, ხშირად) თვითონაც იხლართება ობობას ქსელივით დახლართულ წინადადებებში.

 ახლახან წავიკითხე, რომსაქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაგვაოცა მისი ზერელე წარმოდგენებითა და ზედაპირული (თავს ვიკავებ სიტყვაქარაფშუტულისგამოყენებისგან) მიდგომებით იმ მოვლენის მიმართ, რომლებიც  ჩვენი სამშობლოსთვის  შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს”-. დაპირებისამებრ, ჩვენ პოლიტიკაზე არ ვისაუბრებთ, მისი ნათქვამის მხოლოდ გრამატიკულ მხარეზე გავამახვილებთ ყურადღებას და გაოცებისთვის, ვფიქრობ, ესეც საკმარისი იქნება.

გვერდში დგომა კი არა, გვერდით დგომა. აი, მხარში ამოდგომა  _ კი, ბატონო!

 სალომე ზურაბიშვილი: “რუსულ აგრესიასთან ასეთი თავგანწირული ბრძოლა, ჩვენში მხოლოდ პატივისცემას, სოლიდარობასა და გვერდში დგომას იწვევს”.

სადაც გინდათ, იქ იდექით, და როგორც გინდათ, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტს უფლება არ გაქვთ, მშობლიურ ენაზე ასე ისაუბროთ! გინდათ, ასეთი ჩიქორთული ქართულით დაგვარწმუნოთ, რომ “ მამული, ენა, სარწმუნოება” თქვენთვის წინდათაწმიდაა?!

შესაძლოა, რუსულ აგრესიასთან უკრაინელთა ბრძოლა თქვენში პატივისცემისა და სოლიდარობის განცდას აღძრავდეს, მაგრამ გვერდში დგომის გამოწვევა განა შესაძლებელია?! ასე მაინც გეთქვათ: მხარში ამოდგომის ან გვერდით დგომის სურვილი გამიჩნდაო!

სჯობდა, “ჩემდა გასაოცრადგეთქვათ, ვიდრეოხ, საკვირვებავ

„ჩემი ეს გადაწყვეტილება, რომელიც დეპოლარიზაციისთვის უნდა შეეწყო ხელი, ასე არ იქნა მიღებული, რადგანაც დღეს, ოხ, საკვირვებავ, მივიღე 7 წარდგენა, ისე, რომ არც ერთი კონსულტაცია, კონსულტაციების ის საიდუმლო ნაწილი არ ჩატარებულა და დამიდეს მაგიდაზე ეს 7 წარდგენა, რომელიც არის ერთგვარი პასუხი ამ ჩემს გადაწყვეტილებაზე ხელისუფლების მხრიდან”.

ალბათ, შეურაცხყოფას მივაყენებთ, ობობას, თუკი ამ წინადადებას მის ქსელს შევადარებთ, რადგან ობობამ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, იცის თავისი საქმე, ამ წინადადების დამწერმა და წამკითხველმა კი…

ვცადოთ, გავასწოროთ:

ჩემი ეს გადაწყვეტილება, რომელსაც დეპოლარიზაციისთვის უნდა შეეწყო ხელი, არ მიიღეს. ჩემდა გასაოცრად, დღეს მაგიდაზე დამიდეს 7 წარდგენა ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე, რაც ხელისუფლების ერთგვარი პასუხია ამ ჩემს გადაწყვეტილებაზე”.

დედა რა იყო ეს, ?!

 „ძალიან სწორი იქნება, რომ მომავალი წელი იყოს ერთობლივად ნიკოს და ევროპის წელიამისთვის უნდა გავმართოთ, ალბათ, საერთაშორისო კონფერენცია, რამეთუ საჭიროა, რომ ნიკოლაძის საქმიანობის შესწავლასა და მის პოპულარიზაციაში ჩავრთოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები და ასევე, ქვეყანაში სტუდენტებთან, ადგილობრივ მმართველობასთან, ფოთში, დიდ ჯიხაიშში და არამხოლოდ, შევისწავლოთ ის, თუ რა იყო ნიკო ნიკოლაძის ევროპის გზა“.

ამის წაკითხვისას გრჩება შთაბეჭდილება, თითქოს სიტყვები რაღაც ყუთიდან  პეშვით ამოაქვს და ფურცელზე ყრის, რომელი სად მოხვდება, მნიშვნელობა არ აქვს. ამ შემთხვევაში მის გასწორებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, რადგან აზრის გამოტანა შეუძლებელია. სავარაუდოდ, ამისა და ამის თქმა უნდოდაო, რომ ვთქვათ, იქნებ აქეთ შემოგვედავოს: ეგ საიდან მოიტანეთო?!

ამიტომ სჯობს, თავი შევიკავოთ და მხოლოდ ამ ცნობილი ფრაზით შემოვიფარგლოთ: დედა რა იყო ეს, ა?!

მნიშვნელობის გაზიარებასად გაგონილა, ქალბატონო პრეზიდენტო?!

 “მინდა სრულიად საქართველოს გავუზიარო დღევანდელი დღის მნიშვნელობა. არ უნდა ყველაფერი გადავიტანოთ ტრაგიზმში”.

“მნიშვნელობის გაზიარება” სად გაგონილა, ქალბატონო პრეზიდენტო?!

ბოლო წინადადება კი ასე უნდა დაელაგებინა, სანამ იტყოდა:

“ყველაფერი არ უნდა გადავიტანოთ ტრაგიზმში”.

 აფერუმ, პრეზიდენტო!

სალომე ზურაბიშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ რამდენიმე განცხადება გააკეთა:

„მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში. საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების”.

“დიდებული” ქართულია:

“…წავედით ამ საომარ ვითარებაში. საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების”.

რა ევალება პრემიერს?

 „პირველ რიგში, პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა უნდა გაემიჯნონ იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებითა და რიტორიკით გამოდიან. არ შეიძლება, ჩვენ ერთი ხელით ვითხოვდეთ ევროპულ პერსპექტივას და, მეორე მხრივ, ვლანძღავდეთ ჩვენს ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებს, ევროპის კომისიას და ვაბრალებდეთ ევროპელებს თუ სხვა პარტნიორებს, ვითომ მათ უნდათ ჩვენი ჩართვა ომში და ეს არის მათი მიზანი. ეს უნდა იყოს ნათქვამი ძალიან მკაფიოდ (მკაფიოდ უნდა ითქვას), არავის არ (არ ზედმეტია) უნდა ჩვენი ომში ჩართვა და არც არავის სჭირდება. ეს არის ისეთი მოგონილი ტყუილი, როგორიც, მგონი, საბჭოთა პროპაგანდის მანქანის დასრულების შემდეგ არავის სმენია… არ ვიცი, ამით ვინმე თუ ფიქრობს, რომ საზოგადოებას რამენაირად შეუცვლის აზრს”.

ამის შემდეგ იწება, რაც იწყება:

აქ არის საჭირო ყველა ეჭვი, რაც შეიქმნა ამ ყველაფრის გამო, სანქციებზე, ომის თემაზე, რომელიც ძალიან გაუგებარია ყველასთვის, ვინც გარედან გვიყურებს, ეს არის მომენტი, როცა უნდა გაიფანტოს ეს ტყუილები, ეჭვებიყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს რეპუტაციაზე, ნდობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ეს არის, რაც ევალება პრემიერს, როცა ჩავა ბრიუსელში”.

ეჭვი მეპარება, პრემიერმა გაიგო, რა დააბარა ბრიუსელში მიმავალს ქვეყნის პრეზიდენტმა.

შენ როგორ გგონია, მკითხველო?

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here