რუსეთმა წლის ბოლომდე გაახანგრძლივა ნავთობის მოპოვების ნებაყოფლობითი შემცირების გადაწყვეტილება – 500 ათასი ბარელი დღეში. 2 აპრილს რუსეთის ფედერაციის ინიციატივას მხარი დაუჭირეს OPEC+-ის წამყვანმა ქვეყნებმა.
რუსეთის კვალდაკვალ, საუდის არაბეთმა გადაწყვიტა შეამციროს წარმოება დღეში 500 ათასი ბარელით, ერაყმა – 211 ათასი ბარელით, ქუვეითმა – 128 ათასი ბარელით, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა კი – 144 ათასი ბარელით. გადაწყვეტილებას ასევე შეუერთდნენ ყაზახეთი, ალჟირი და ომანი. მომხდარზე ბაზარმა მაშინვე მოახდინა რეაგირება ფასების ზრდით, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს აშშ-ისა და ევროპის პრობლემებს ინფლაციასთან დაკავშირებით.