Home ახალი ამბები საქართველო მოაზროვნე შეშა

მოაზროვნე შეშა

ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება რუსეთის დასავლეთით გაფართოებამ ჩაანაცვლა

355

ისტორიამ იცის ერების, ხალხების, სახელმწიფოებისა და თვით ცივილიზაციათა გაქრობის ტრაგიკული ამბები. მაგალითად: მაიას ცივილიზაცია, ლათინები, ხეთები, შუმერები და სხვები, რომლებიც ყოფილან, მაღალი კულტურაც ჰქონიათ, მაგრამ ჟამთა სიავითა თუ ბედის უკუღმართობით გამქრალან და გადაშენებულან

21-ე საუკუნეში, აგერ, ჩვენ თვალწინ, იღუპება გაეროს დამფუძნებელი ერთ-ერთი სახელმწიფო, ევროპაში ყველაზე დიდი ტერიტორიითა და ორმოცდახუთმილიონიანი მოსახლეობით. ამ პროცესს, როგორც ჩანს, ვერავინ შეაჩერებს, რადგან უკრაინამ გადაკვეთა პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ უფსკრულთან მიახლოების ის დასაშვები ზღვარი, რომლის იქით მხოლოდ კატასტროფაა.

2014 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად ყირიმი და სევასტოპოლი რუსეთს შეუერთდა. თავი დავანებოთ იმას, სწორად იყო  თუ არა ეს ტერიტორიები უკრაინის შემადგენლობაში შესული, ფაქტია, რომ ყირიმი და სევასტოპოლი გაეროს მიერ აღიარებული იყო უკრაინის ტერიტორიებად. ეს ტერიტორიები თვით რუსეთის მიერაც აღიარებული იყო, როგორც უკრაინის შემადგენლობაში კანონიერად არსებული ტერიტორიები. მიუხედავად ამისა, უკრაინამ ეს ტერიტორიები დაკარგა. ახლა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ტერიტორიებზეც ახალი რეფერენდუმები მიმდინარეობს, რომელთა ძალითაც ეს ტერიტორიებიც რუსეთის შემადგენლობაში გადავა. უნდა ვიფიქროთ, რომ მალე სხვა ტერიტორიებზეც, რომლებიც დღეს უკრაინის შემადგენლობაშია, ანალოგიური ვითარება შეიქმნება, ანუ უკრაინა ჩვენ თვალწინ იშლება, ილევა და ქრება.

ჩნდება შეკითხვა – რატომ მოხდა ეს, რას აკეთებს ამ დროს მსოფლიო, რომლის თვალწინ ეს პროცესი მიმდინარეობს და, რაც მთავარია, რას აკეთებს თვითონ უკრაინა?

უკრაინის ხელისუფლება, ნაცვლად მოლაპარაკებისა და პრობლემის დიპლომატიური მეთოდებით გადაჭრისა, სულ უფრო ღრმად ეფლობა ომში, სადაც ამ სახელმწიფოს ნგრევის გარდა სხვა პერსპექტივა არ არსებობს. რატომ იქცევა ასე სულელურად უკრაინის ხელისუფლება? იმიტომ, რომ სინამდვილეში ის უკრაინის ხელისუფლება კი არ არის, აშშის ხელისუფლების გაგრძელებაა, რომელიც დავალებას ასრულებს. უკრაინას ხელისუფლება არ ჰყავს, ეს სახელმწიფო ამერიკიდან იმართება და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რა გვარისაა პიროვნება, რომლის ხელითაც მართვა ხორციელდება – ბაიდენი, ბლინკენი, ნულანდი თუ ზელენსკი. უკრაინელი ხალხის იმ ნაწილს კი, რომელიც ანტირუსულად არის განწყობილი და დასავლური ორიენტაციისაა, ჯერ კიდევ ეჩვენება, რომ დასავლეთი მათ ეხმარება, როდესაც შეიარაღებას აწვდის, საინფორმაციო მხარდაჭერას უცხადებს და რუსეთთან საომრად აქეზებს, მაგრამ ეს დახმარება კი არ არის, ამ ქვეყნის და ხალხის დასაღუპად გაწირვაა.

დასავლეთს, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – რუსეთის დასუსტება. ეს მას მსოფლიო ჰეგემონის როლში დარჩენის საშუალებას მისცემს. ესაა აშშ-ის მიერ რუსეთთან ანგარიშსწორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ხარჯზე. რასაც უკრაინელი ხალხის ის ნაწილი სჩადის, რომელიც ზელენსკის მხარდამჭერად გვევლინება, სრული სისულელეა, რადგან ამან უკვე მოიტანა უკრაინის ნგრევა. ამერიკელი პროპაგანდისტები ამაოდ ცდილობენ, უკრაინული სისულელე გმირობად გაასაღონ, რადგან, რა დონეზეც უნდა დაანგრიონ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ნგრევას შენება ვერ დაერქმევა, სიძულვილი სიყვარულად ვერ გადაკეთდება და სისულელე გმირობად ვერ გასაღდება!

იმის გასაგებად, რას აკეთებს მსოფლიო უკრაინის გადასარჩენად, მოვუსმინოთ დასავლეთის სახელმწიფოთა ლიდერებს, რომლებიც გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე შეიკრიბნენ.

ჯოზეფ ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი: “უკრაინას უკვე დავეხმარეთ ოცდახუთი მილიარდი დოლარით. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. წერტილი”;

ლიზ ტრასი, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი: “კონფლიქტის ამ კრიტიკულ მომენტში  გპირდებით, რომ უკრაინას იმდენ სამხედრო დახმარებას გავუწევთ, რამდენიც საჭირო იქნება. პირდაპირ ამ წუთებში, როდესაც მე ვლაპარაკობ, გაერთიანებული სამეფოდან უკრაინაში ახალი შეიარაღება შედის, მათ შორის, რაკეტები”;

ოლაფ შოლცი, გერმანიის კანცლერი: “ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით უკრაინას: ფინანსურად, ეკონომიკურად, ჰუმანიტარულად, შეიარაღებით. რუსეთის მიერ შემოთავაზებულ არანაირ მშვიდობას არ მივიღებთ!”

მანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი: “ჩვენ გვსურს, რომ უკრაინამ წინააღმდეგობა გასწიოს”.

დააკვირდით აქ სადმე ჩანს უკრაინის გადარჩენის მცდელობა? პირიქით, აქ უკრაინის ამ ომში დიდი ხნით დატოვების სურვილი ჩანს. ეს კი  ამ ქვეყნისთვის სრული კატასტროფის მომტანია, მიუხედავად იმისა, რამდენ შეიარაღებას მიაწვდიან (რაც მეტს, მით უარესი უკრაინისთვის) მას დასავლელი “კეთილისმსურველები”. უკრაინის გადარჩენის სურვილი ვინმეს რომ ჰქონდეს, მაშინ უკრაინის შეიარაღებაზე კი არა, რუსეთთან საერთო ენის გამონახვაზე, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერებასა და უკრაინის ხელისუფლების მიერ დონბასის მოსახლეობის გენოციდის შეწყვეტაზე იქნებოდა საუბარი, რადგან მხოლოდ ეს არის ომის შეჩერების მექანიზმი.

გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე ერთადერთი, ვინც მოლაპარაკების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან იყო. “ახლა მთავარია, დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები”, – განაცხადა ვან იმ, მაგრამ დასავლეთში არაფრის გაგონება არ სურთ. ისინი რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების ნაცვლად, განცხადებას რუსეთის დამარცხებაზე აკეთებენ, თანაც  პირდაპირ ბრძოლის ველზე. რუსეთის დამარცხება უკრაინელების ხელით (ასეთი სასწაული შესაძლებელიც რომ იყოს) ხომ წარმოგიდგენიათ, რისი მომტანი იქნება უკრაინისთვის. ასეთ შემთხვევაში გამარჯვება დასავლეთს დარჩება, უკრაინას კი სრული განადგურების გარანტია ექნება. მოლაპარაკების სურვილის ნაცვლად, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე ვიდეოჩართვით დაკავშირებულმა ზელენსკიმ აი რა განაცხადა: “უკრაინა მოითხოვს რუსეთის დასჯას!” კი ბატონო, დასჯა, გასამართლება, დაშლა, დანგრევა, რაც გინდათ, ის მოითხოვეთ, მაგრამ შედეგად დასჯილ, გასამართლებულ, დაშლილ, დანგრეულ უკრაინას თუ მიიღებთ, ამ შემთხვევაში რას აპირებთ? არადა, ნამდვილად ამას მიიღებთ, სხვა თეორიული ვარიანტიც არ არსებობს იმიტომ, რომ რუსეთი გაცილებით  ძლიერია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, და მეორ,  კიდევ უფრო მნიშვნელოვანი – რუსეთი მართალია. რუსეთი მხოლოდ ახლა კი არ არის მართალი, ისტორიულად ჩამოყალიბდა მართალ სახელმწიფოდ. რუსეთი ყველა ომიდან გამარჯვებული გამოდიოდ. ამას, რა თქმა უნდა, მრავალი ფაქტორი განაპირობებდა, მაგრამ იმ ფაქტორთა შორის უმთავრესი მისი დიდი ისტორიული სიმართლე იყო. «Наше дело правое, враг будет разбит, победа будет за нами!» დიდი სამამულო ომის დაწყების დღეს, 1941 წლის 22 ივნისს, საბჭოთა ხალხისადმი სამთავრობო მიმართვის ტექსტში, რომელიც საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა წაიკითხა, სწორედ ეს სიტყვა „ სიმართლე“ ფიგურირებს. ომის დაწყების გამო  ეს სიტყვები სტალინმა საკუთარი პირითაც წარმოთქვა. გაცილებით ადრე ლენინსაც აქვს ნათქვამი: «Наше дело правое!», იგივე სიტყვები სხვებსაც წარმოუთქვამთ რუსეთში. ამას ის განაპირობებდა, რომ ისტორიული სიმართლე რუსული სახელმწიფოს თანამდევი სუბსტანცია იყო ყოველთვის. რუსეთი, როგორც სახელმწიფო, ამ პოლიტიკური ფილოსოფიით შევიდა მსოფლიო გეოპოლიტიკურ სისტემაში და ამავე პარადიგმით არსებობს დღემდე. რუსეთს კოლექტიური დასავლეთის საპირწონედ ხშირად იმის გამო განიხილავენ, რომ იგი ბირთვული ზესახელმწიფოა, რომელიც სამხედრო ძლიერებით აბალანსებს აშშსაც და ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ბლოკ ნატოსაც, რაც სწორია, მაგრამ სრული არ არის. რუსეთი დასავლეთის საპირწონე, პირველ რიგში, იმით არის, რომ მისი სიმართლის ფილოსოფია დასავლეთის თაღლითურფარისევლური შინაარსის ანტიპოდია.

ახლა ყველასგან დასანგრევად განწირულ უკრაინას ვეღარაფერი იხსნის. ახლა უკრაინას ერთადერთი პერსპექტივა აქვს: მომავალმა ისტორიკოსებმა იკვლიონ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რატომ დაიშალა და განადგურდა ერთ დროს აყვავებული, ყოველმხრივ წარმატებული, მაღალგანვითარებული და მდიდარი საბჭოთა რესპუბლიკა. თუმცა, სანამ მომავლის მკვლევარები და ისტორიკოსები ამ საქმეს ფუნდამენტურად შეისწავლიან, ზოგიერთი დასკვნის გაკეთების უფლება ჩვენც, ამ ისტორიული ფაქტის უშუალო მხილველებსაც, გვაქვს:

* უკრაინის საბედისწერო შეცდომა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლური კურსის აღება და ანტირუსულ ტალღაზე მომართვა იყო, რომელშიც პირველმა პრეზიდენტმა ლეონიდ კრავჩუკმა გადამწყვეტი როლი შეასრულა (ეს სწორედ ის კრავჩუკია, რომელმაც ბორის ელცინთან და სტანისლავ შუშკევიჩთან ერთად ბელოვეჟის ღალატში მიიღო მონაწილეობა და მიხეილ გორბაჩოვის მუხანათური საქმიანობა საბჭოთა კავშირის დაშლით დააგვირგვინა);

* უკრაინა დასავლეთის მიერ სახელმწიფო გადატრიალების გზით მოყვანილმა სხვადასხვა თაობის ხელისუფალთა უმაღლესმა წარმომადგენლებმა (კრავჩუკი, კუჩმა, იუშჩენკო, პოროშენკო, ზელენსკი) საკუთარ ისტორიულ ფესვებს და განვითარების მაგისტრალურ ხაზს მოსწყვიტეს, რამაც ქვეყანაც და ხალხიც სრულ ფიასკომდე მიიყვანა;

* უკრაინა ბრმად მიენდო დასავლეთს, რომელმაც იგი არც ნატოში მიიღო და არც ევროკავშირში. წლების განმავლობაში უსინდისოდ ატყუა და ბოლოს რუსეთთან ომისთვის გაწირა, რამაც უკრაინის დაშლა გამოიწვია.

დასავლეთის სპეცსამსახურებმა ანტირუსული ისტერიკა მეტ-ნაკლებად ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში გააღვივეს, რომელიც ფაშისტურ რუსოფობიაში გადაიზარდა. რუსოფობია  პოსტსაბჭოთა რუსეთის საძირკველში ჩადებული ის ნაღმი იყო,  რომელიც მათთვის ხელსაყრელ დროს უნდა აეფეთქებინათ და ააფეთქეს კიდეც. დღეს უკვე სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამ გათვლაში მძიმე შეცდომა დაუშვეს. იმ ნაღმზე, რომელიც დასავლეთმა რუსეთს დაუდო, თვითონ დასავლეთი აფეთქდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ დასავლეთმა პუტინს დიდი დრო მისცა, უფრო სწორად, პუტინმა მოხერხებულად ატყუა დასავლეთი იმისთვის, რომ დრო მოეგო იმ პერიოდისთვის დაჩოქებული ქვეყნის ფეხზე წამოსაყენებლად და მოსამძლავრებლად, რათა დასავლური აგრესიისგან თავდაცვის საშუალება გასჩენოდა. პუტინის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ეს შეძლო. რუსეთი სტრატეგიული შეიარაღებით დღეს ნატოს აღემატება, ამიტომ პუტინი მათ აუღელვებლად ელაპარაკება: “В Вашингтоне, Лондоне, Брюсселе прямо подталкивают Киев к переносу военных действий на нашу территорию. Уже не таясь, говорят о том, что Россия должна быть всеми средствами разгромлена на поле боя с последующим лишением политического, экономического, культурного, вообще всякого суверенитета, с полным разграблением нашей страны. В ход пошёл и ядерный шантаж.

Тем, кто позволяет себе такие заявления в отношении России, хочу напомнить, что наша страна также располагает различными средствами поражения, а по отдельным компонентам — и более современными, чем у стран НАТО. И при угрозе территориальной целостности нашей страны, для защиты России и нашего народа мы, безусловно, используем все имеющиеся в нашем распоряжении средства. Это не блеф.”

ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება, რომლის ერთადერთ მიზანს რუსეთის შევიწროვება და მისი დაშლა-განადგურება წარმოადგენდა, ჩაფლავდა. ისე გამოვიდა, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება რუსეთის დასავლეთით გაფართოებამ ჩაანაცვლა. არ გამიკვირდება, ეს პროცესი უკრაინის, როგორც სახელმწიფოს, ლიკვიდაციით თუ დასრულდება, რომელმაც 21-ე საუკუნეში ფაშისტური გერმანიის ადგილი დაიკავა. ნეოფაშისტურ უკრაინას კოლექტიური დასავლეთი ისევე შეალეწავს რუსეთს, როგორც მე-20 საუკუნეში ფაშისტური  გერმანია შეალეწა საბჭოთა კავშირს. არც ის გამიკვირდება, უკრაინის ნეოფაშისტური ხელისუფლების გასასამართლებლად გამართულ საერთაშორისო ტრიბუნალზე ამერიკელებმა და ბრიტანელებმა მთავარი პროკურორისა და მოსამართლის მანტიის მორგება ისევე სცადონ, როგორც 1945 წელს ნიურნბერგის პროცესზე გააკეთეს. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ პროცესზე ამერიკელები და ბრიტანელები, გერმანელებთან და ფრანგებთან ერთად, ბრალდებულების როლში ყოფნისგან რაღაც მანქანებით თავს დაიძვრენენ.

ვალერი კვარაცხელია                                                                           

P. S. ყველაფერი, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ხვალ ეიძლება საქართველოში დატრიალდეს, ვინაიდან დასავლეთის პოლიტიკა მიმართულია იქით, რომ რუსეთის ირგვლივ დასანთებ ხანძარს მეზობელი თუ არამეზობელი სახელმწიფოები შეშასავით  შეუკეთოს. ქართველებს უკრაინელებზე მეტი ჭკუის გამოჩენა გვმართებს, ათა პოლიტიკურ შეშად არ გამოგვიყენონ. სამწუხაროდ, საშიშროება რეალურია, რადგან ქართულ პოლიტიკაში შემაშფოთებლად მომრავლდნენ ადამიანები, რომლებიც შეშასავით აზროვნებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here