Home ახალი ამბები საქართველო მერამდენედ უნდა გვითხრას  დასავლეთმა, რომ  არ აინტერესებს არც ჩვენი სამომავლო პერსპექტივა და...

მერამდენედ უნდა გვითხრას  დასავლეთმა, რომ  არ აინტერესებს არც ჩვენი სამომავლო პერსპექტივა და  არც განვითარება?  მათ სურთ ერთადერთი რამ – ოფიციალურად ვყავდეთ  მონებად  

სწორედ ახლა, როცა დასავლეთი იერიშზე გადმოვიდა და ევროსაბჭოს დეპუტატები 700 მილიონი ამომრჩევლის სახელით მონებს გვეძახიან, გვეუბნებიან, რომ პოლიტპატიმარი გვყავს და არაფრად აგდებენ არც მართლმსაჯულებას, არც სასამართლო სისტემას და ზოგადად, არაფერს, საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად უნდა მიმართოს რუსეთს და ქვეყნების უმაღლესმა პირებმა გამართონ შეხვედრა

208

ჯერ კიდევ ორი კვირის წინათ ვთქვით, რომ დასავლეთი აქტიურ კამპანიას დაიწყებდა მიხეილ სააკაშვილის  ციხიდან გასათავისუფლებლად. საქართველოს ექსპრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებებს თუ ვენდობით, ის უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე აპირებს ავტომატით დგომას. დასავლეთს მისნაირი ავანტიურისტი ახლა ჰაერივით სჭირდება, რადგან შეიარაღებული დაპირისპირება გადამწყვეტ ფაზაში შედის და, წესით, ამ ზამთარს უნდა გაირკვეს, საით გადაიხრება ბედის სასწორი. დასავლელი „სტრატეგიული მეგობრები“ აქამდე  საჯაროდ არ ამბობდნენ, მიშა უნდა გაათავისუფლოთო, მაგრამ ბოლო ორ კვირაში  ჯერ ექიმი გამოუშვეს (საკუთარი ხარჯით ჩამოვედიო), მერე – ექსპერტი (იმანაც, საკუთარი ხარჯითო) და, თუ ვინმეს სჯერა, რომ ეს ხალხი მართლა საკუთარი ხარჯით დადის და დროსა და ფულს იმეტებს სააკაშვილის მოსანახულებლად, ძალიან ცდება. უბრალოდ, ამერიკასა და ევროპას სურთ,  მიშას გათავისუფლება  ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექსპერტების დასკვნის საფუძველზე მოითხოვონ და  არა პოლიტიკური ნიშნით.

ამერიკამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა (ექსპერტ-ექიმების ჩამოყვანით) და ახლა ევროპის ჯერი დადგა. აი, რაც გააკეთეს, ეს იყო პირდაპირი ლუსტრაცია იმისა, რას ფიქრობს ევროპის საბჭო ჩვენზე, როგორ გვიყურებენ და, საზოგადოდ, რას წარმოადგენს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად უნდა გამოეცხადებინა, თუმცა კენჭისყრამდე დეპუტატებმა დრო ითხოვეს, ზოგმა შესწორებისთვის, ზოგმა კარგად წავიკითხო, ხელი რას უნდა ავუწიოო. ბარემ გეტყვით, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები 47 ქვეყნის ეროვნული პარლამენტების  წევრები არიან. ისინი   წელიწადში ოთხჯერ  იკრიბებიან  ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად და  ევროპის ქვეყნების მთავრობებისგან ინიციატივებსა და გამოხმაურებას მოითხოვენ. პარლამენტარები ამტკიცებენ, რომ ისინი თავიანთი ქვეყნების ამომრჩევლის ნებას ახმიანებენ, რაც მთლიანობაში 700 მილიონი ადამიანია. ანუ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას აქვს პრეტენზია, რომ 700 მილიონი ევროპელის უფლებებსა და ინტერესებს იცავს.

ჰოდა, ეს პატიოსანი გვამები გასულ კვირასაც იყვნენ შეკრებილნი, რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს და… იმავე რეზოლუციაში შავით თეთრზე ჩაწერეს    (შესწორება შეიტანეს), რომ მიხეილ სააკაშვილი არის ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარი და ის სასწრაფოდ  უნდა გათავისუფლდეს. როგორ გგონიათ, რით იმართლა თავი ქართულმა მხარემ?

„ხუთშაბათი დღე, ყველამ იცის,  პასიური დღეა ასამბლეის მუშაობაში. 55 ხმით 600-კაციან ასამბლეაში შეაპარეს რაღაც ცვლილება, სადაც მოხსენიებულია მიხეილ სააკაშვილი. ეს არის, საზოგადოდ, სამწუხარო მოვლენა, თუმცა არაფერი გვიკვირს მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა 300-ზე მეტი ხმით მიიღო სრულიად უსამართლო რეზოლუცია რამდენიმე თვის წინათ. არის ერთი უსამართლო ჩანაწერი, რომელიც მოხვდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისრეზოლუციაში. მთავარია, რომ პარტნიორებმა ყველაფერი იციან  ამ საქმის შესახებ. იციან, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ყველა პირობა არის შექმნილი სამედიცინო მომსახურებისთვის. დანარჩენი არის პოლიტიკური სპეკულაციები“, –  განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

რბილად რომ ვთქვათ, მიმიფურთხებია ისეთი ორგანოსთვის, რომელშიც  ქვეყნებისა და 700 მილიონი ადამიანის ბედი წყდება და რომელშიც  55 კაცი რაღაცას გააპარებს. რაც მთავარია, ამ რაღაცას შემდეგ 600 დეპუტატი მხარს დაუჭერს. თქვენ მართლა იდიოტები ხომ არ გგონიათ მთელი ერი დ ბერი? რას ჰქვია, ხუთშაბათი დღე პასიურია და დანარჩენი დღეები აქტიური? რისი თქმა გინდათ ამით – იქ პასიურ დღეებში შეტანილ ცვლილებებს არ კითხულობენ და  თვალდახუჭული იღებენ? და 55-მა დეპუტატმა რომ მოილაპარაკოს, ხუთშაბათს ცვლილება რომ შეაპაროს და ომი გამოუცხადოს რომელიმე სახელმწიფოს ან რომელიმეს მილიარდობით დაფინანსება გამოუყოს, ან სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა გაუუქმოს, ის 600 დეპუტატი ამ ყველაფერს გაატარებს? რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ, ქართულ მხარეს არ სურს იმის აღიარება, რომ ევროსაბჭოს ასამბლეამ თავზე გადაგვიარა, არ გაითვალისწინა არავინ და არაფერი და სახელმწიფოს პირდაპირ უთხრა: თქვენ რუსეთიდან იმართებით და სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარიაო…

რას ნიშნავს ეს? პირველ რიგში იმას, რასაც ვვარაუდობდით – დასავლეთი არ ერიდება არანაირ ქმედებასა თუ ნაბიჯს სააკაშვილის გასათავისუფლებლად. ეს  ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციითა და თავზე ლაფის დასხმით დადასტურდა. თუ კობახიძე მართალია და 600-მა დეპუტატმა არ იცოდა, რა „გაუჩალიჩეს“ მათ, მერე ხომ მიხვდნენ, ხელი ხომ აუწიეს? ვთქვათ, არც წაიკითხეს ჩასწორება, არც მოისმინეს და ხმა ისე, ბრმად მისცეს (აჰა, დავიჯეროთ ესეც), მერე, ხმაური რომ ატყდა, რატომ არ გამოვიდა ერთი მათგანი მაინც (ერთი 600-დან) და არ თქვა: იმ უსინდისოებმა შეცდომაში შეგვიყვანეს, თორემ არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარი და პუტინის პირადი ტყვეაო? ეს იმიტომ, რომ გადაწყვეტილება იყო ერთსულოვანი; იმიტომ, რომ იყო შეთანხმებული და კიდევ ერთხელ იმიტომ, რომ დასავლეთს სულ ცალ ფეხზე ჰკიდია ჩვენი საერთაშორისო იმიჯი, ის თავისი მიზნების განხორციელებით არის დაკავებული.

რა უნდა მოიმოქმედოს ასეთ შემთხვევაში საქართველომ?  როგორც მივხვდით, ოფიციალურ ახსნა-განმარტებას არავინ მოითხოვს, რადგან ამის დროც გასულია და ეჭვი გვაქვს, არც არავინ მოგვცემს. მეორე ვარიანტია, „ქართულმა ოცნებამ“ ევროსაბჭოს ასამბლეაში თავის მეგობრებს სთხოვოს დახმარება და მიღებული რეზოლუციის უარყოფა, მაგრამ ისე ჩანს, ამ 600-კაციან ასამბლეაშიც კი ხელისუფლებას  არავინ ემეგობრება და იქ მხოლოდ ოპოზიციის მეგობრები არიან. ამ რეზოლუციით 600-მა პარლამენტარმა 700 მილიონი ამომრჩევლის სახელით გვითხრა, რომ ვართ რუსეთის მონები და სააკაშვილი არის პუტინის პირადი პატიმარი. და პასუხი უბრალოდ არ გვქვს, უფრო ზუსტად, არავინ სცემს ამ პასუხს დ მეტიც, ციხიდან სააკაშვილი დანანებით ამბობს: გავიგე, რეზოლუციაში რომ დამასახელეს და ნეტავ არ დავესახელებინე, რა დღეშია ჩემი ქვეყანაო. მიშა ხელისუფლებას ციხიდან „წაეკაიფა“.

ნამდვილად ვერ გეტყვით, მერამდენედ უნდა ჩაგვახედოს დასავლეთმა სარკეში და მერამდენედ უნდა გვითხრას მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, რომ არ აინტერესებს არც ჩვენი სამომავლო პერსპექტივა, არც განვითარება, არც, საერთოდ, არაფერი. მათ სურთ ერთადერთი რამ – ვყავდეთ ოფიციალურ მონებად და, თუ არ ვეყოლებით, მაშინ ამბობენ, რომ სხვისი, ამ შემთხვევაში რუსეთის, მონები ვართ. თანაც, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოაცხადეს და ტერორისტული სახელმწიფოს მონა რა გამოდის? ეს დაცინვაც აღარ არის, ეს  არის მასხრად, აბუჩად აგდება ქვეყნის, რომლის ხელისუფლება ოფიციალურად არის იმავე ასამბლეის წევრი და რომელზეც ამბობენ, რომ, ერთი სული აქვთ, ევროკავშირში მიიღონ. ეს არის მწარე რეალობა, რომელიც პერიოდულად დასავლეთს დასცდება თუ წასცდება ხოლმე და ჩვენ ვცდილობთ, გამართლება ვუპოვოთ იმას, რასაც არანაირი გამართლება არ აქვს. ევროსაბჭოს ასამბლეამ ეს ყველაფერი გარკვევით გვითხრა და…

სწორედ ახლა, როცა დასავლეთი იერიშზე გადმოვიდა და ევროსაბჭოს დეპუტატები 700 მილიონი ამომრჩევლის სახელით მონებს გვეძახიან, გვეუბნებიან, რომ პოლიტპატიმარი გვყავს და არაფრად აგდებენ არც მართლმსაჯულებას, არც სასამართლო სისტემას და ზოგადად, არაფერს, საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად უნდა მიმართოს რუსეთს და ქვეყნების უმაღლესმა პირებმა გამართონ შეხვედრა. ამაზე მეტს მაინც ვერაფერს გვეტყვიან, ამაზე მეტად ვეღარ გაგვსვრიან და ამიტომ დავანახვოთ მსოფლიოს, რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება შეგვიძლია, რომ საუბარი შეგვიძლია ნებისმიერთან და, რაც მთავარია, არავის თანხმობა და თავის დაქნევა არ გვჭირდება გადაწყვეტილების მიღების მომენტში.

სხვაგვარად ისე გამოვა, რომ იგივე ევროკავშირი და ამერიკა ხვალ და ზეგ მეტს გაბედავენ და იმას კი აღარ გვეტყვიან, – სააკაშვილი გაათავისუფლეთო, არამედ შეიძლება მის გასათავისუფლებლად სპეცოპერაციაც დაგეგმონ და მერე იტყვიან: რუსეთის პარტნიორ სახელმწიფოში სპეცოპერაცია ჩავატარეთ, რუსეთი კი ტერორისტულ ორგანიზაციად გვყავს გამოცხადებულიო. წითელი ხაზი ჩვენ არ გადაგვიკვეთავს, დასავლეთმა გადაკვეთა და დროა, შესაბამისი პასუხი გავცეთ, თანაც დღესვე, თორემ ხვალ შეიძლება გვიანი იყოს.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here