Home რუბრიკები პოლიტიკა მეორე ტური: ცუდსა და უარესს შორის

მეორე ტური: ცუდსა და უარესს შორის

ქვეყანას დრომოჭმული სასტიკი რეჟიმის რესტავრაციის საშიშროება დაუდგა

2138
მეორე ტური: ცუდსა და უარესს შორის

გასულ კვირას რამდენიმე უცხოელმა ჟურნალისტმა და ექსპერტმა, სოცქსელებსა და კერძო საუბრებში გამოხატა გაკვირვება იმ ემოციური ამოფრქვევის გამო, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს მოჰყვა. მათთვის ასეთ სიტუაციაში უჩვეულო არაფერია _ ხელისუფლებისა და ოპოზიციის კანდიდატებმა დაახლოებით თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღეს და ახლა ურთიერთობას მეორე ტურში გაარკვევენ; მსგავსი შედეგი განვითარებულ ქვეყნებში სავსებით ნორმალურია. მათ არ ესმით, რატომ ესაუბრებიან ქართველი რესპონდენტები ისე, თითქოს აპოკალიფსის ეპიცენტრში იმყოფებიან.

ამ უცხოელ კომენტატორებს, სავარაუდოდ, ბოლომდე გააზრებული არ აქვთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: ორივე ძალა, რომლებიც ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდება, ანტიდემოკრატიულია, “დაპროგრამებულია” ავტორიტარული რეჟიმის შექმნაზე და ხელისუფლების ყველა შტოს ტოტალურ კონტროლზე. სწორედ ამ მიზანს უქვემდებარებენ ისინი თავის ფუნქციონირებას, მიუხედავად იმისა, რომ მის მიღწევას სწრაფი დაცემა მოჰყვება. ქართველებმა, უცხოელებისგან განსხვავებით, იციან ან, ყოველ შემთხვევაში, გრძნობენ, რომ ნებისმიერი ფორმის ორხელისუფლებიანობა, რომელშიც ჩართულია ორი მსგავსი ძალა, შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებითა და (რთული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე) სახელმწიფოებრიობის კრახით დასრულდეს. ალბათ, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით უნდა ვისაუბროთ არჩევნების დასრულების ორადორ შესაძლებელ ვარიანტზე _ ვაშაძის ან ზურაბიშვილის გამარჯვებაზე.

არაერთი ნაციონალი ვარაუდობს, რომ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში “ქართული ოცნების” რღვევის პროცესი დაიწყება _ “პორტირებული” მედროვეები სააკაშვილის ბანაკს დაუბრუნდებიან და ივანიშვილის პარტია, “მოქალაქეთა კავშირის” მსგავსად, ჩამოიშლება, მით უმეტეს, რომ შემაკავშირებელი იდეოლოგიური ჩარჩო არ გააჩნია. თუ მსგავსი რამ მართლაც მოხდება, განსახილველი არაფერია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ კონტროლი მთავრობასა და პარლამენტზე “ოცნების” ხელში დარჩება, ნაკლებად სავარაუდოა, პოზიციები ზეწოლის გარეშე დათმოს. მნიშვნელოვანია, რა ფორმას მიიღებს ეს ზეწოლა.

რის გაკეთება შეუძლია ვაშაძეს პრეზიდენტის პოსტზე?

დიდი-დიდი, ახალიასა და მერაბიშვილს შეიწყალებს, ხოლო სააკაშვილს, მაგალითად, “ეროვნული გმირის” წოდებას მიანიჭებს. ავლაბრის რეზიდენცია, ალბათ, გადაიქცევა ნაციონალების ერთგვარ კლუბად სამლოცველოს ელემენტებით, მაგრამ მათი პრეზიდენტი, იურიდიული ბარიერებიდან (მადლობა უთხრან მიშას) გამომდინარე, პარლამენტს ვერ დაშლის. ამ დროს “ოცნება”, სავარაუდოდ, მას უარესად მოექცევა, ვიდრე მარგველაშვილს, რათა ის (უფრო სწორად _ მიხეილ სააკაშვილი) პროვოკაციაზე წამოაგოს. ნაციონალებს მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება მოუწევთ:

1.დაელოდონ არჩევნებს 2020 წლამდე;

2.მოაწყონ რევოლუცია “ქუჩიდან”, კონსტიტუციისა და კანონების უგულებელყოფით;

3.შეაგროვონ ხელმოწერები და მოითხოვონ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა ინიციატივის რეფერენდუმზე გატანით ან მის გარეშე.

პირველი ვარიანტი ყველაზე უპრობლემო ჩანს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ სააკაშვილი დაელოდება “ქართული ოცნების” შოკიდან გამოსვლას და ძალების გადაჯგუფებას. ამასთანავე, მოსახლეობა დაინახავს, რომ ვაშაძეს არაფრის გაკეთება არ შეუძლია. მეორე ვარიანტი ძალზე სარისკოა. რაც შეეხება მესამეს, “ქართული ოცნების” ლიდერებს წინააღმდეგობის გაწევა გაუჭირდებათ, რადგან ოპონენტები იტყვიან, რომ ისინი თავის სადეპუტატო სკამებს იცავენ და არჩევნების ეშინიათ. რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა შეიძლება ვერ მოხერხდეს იურიდიული ბარიერების და შედარებით შემჭიდროებული ვადების გამო, მაგრამ აქ მთავარია, რომ სახელისუფლო პარტია თავის მართლების რეჟიმში გადავა, ხოლო საზოგადოებაში გაძლიერდება განცდა, რომქართული ოცნებამიდის, ხოლონაცმოძრაობაბრუნდება.

ამ პერსპექტივის გათვალისწინებით, ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, “ქართულ ოცნებას” (თუ ფარ-ხმალს არ დაყრის და კაპიტულანტურ გარიგებაზე არ წავა) ექნება ძალიან მცირე დრო პარტიის ტოტალური გარდაქმნისთვის მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე (მიუხედავად იმისა, ვადამდელი იქნება თუ არა) დარჩენილ დროში. მისი ძირითადი პრინციპები ყველასთვის ცნობილი და გასაგებია, თუმცა, შესაძლოა, პარტიის შიგნით აღარ არსებობს ინტელექტუალური რესურსი, რომელიც ამ რეფორმას უზრუნველყოფს. ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომქართულმა ოცნებამარა მხოლოდ განსჯის უნარი, არამედ თვითგადარჩენის ინსტინქტიც დაკარგა.

მუშაობა წნეხის პირობებშიოცნებასზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაშიც მოუწევს, რადგან ნაციონალები, რომლებმაც დაიჯერეს, რომ რევანში შესაძლებელია, ძალისხმევას რევოლუციისკენ თუ არა, საპარლამენტო არჩევნებისკენ მიმართავენ, ხოლო საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გადამწყვეტ მომენტში თავისი ხმებითქართულ ოცნებასდაეხმარება, ამის სანაცვლოდ ცვლილებებს აუცილებლად მოითხოვს.

ზოგმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ივანიშვილისთვის უფრო მომგებიანია, პრეზიდენტის პოსტი ნაციონალებს დაუთმოს, რადგან ეს მათ მიერ შეცდომის დაშვების ალბათობას გაზრდის. ამ შემთხვევაში “ოცნების” ზემოთ ნახსენები მხარდამჭერები ბევრ რამეს დათმობენ იმისთვის, რათა პარტია მოასულიერონ, რადგან სხვა რეალური ალტერნატივა, რომელსაც სააკაშვილისთვის გზის გადაღობვა ძალუძს, პოლიტიკურ სპექტრში დღეს არ არსებობს და საპარლამენტო არჩევნებამდე, 99%-იანი ალბათობით, ვერ შეიქმნება. ამასთანავე, პრეზიდენტის პოსტის დათმობა “ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ ბრძოლის იდეას ისევ ზეაქტუალურს გახდის; სხვა ძლიერი გამაერთიანებელი იდეა “ქართული ოცნების” არსენალში, უბრალოდ, არ მოიპოვება. მაგრამ ყოველივე ეს კარგია თეორიაში, ქაღალდზე ან მაშინ, როდესაც პარტია შეკავშირებულ ერთობას წარმოადგენს, ხოლო მის ლიდერებს ადეკვატურობა არ ღალატობს. “ქართული ოცნება” კი შეიძლება მართლა ჩამოიშალოს, თუ მეორე ტურს წააგებს. ფაქტი ერთია: ის პერიოდი, როდესაც მმართველი პარტია თითქოს ვაკუუმში მოქმედებდა და წინააღმდეგობა არ ხვდებოდა, წარსულს სამუდამოდ ჩაბარდა.

თუ გაიმარჯვებს ზურაბიშვილი, ნაციონალები, სავარაუდოდ, გააფთრებით შეუტევენ ხელისუფლებას. თუ მეორე ტურში სხვაობა ძალიან მცირე იქნება, გაყალბების საბაბით შეიძლება “მაიდნის” აგორება სცადონ, და, ალბათ, ნებისმიერ შემთხვევაში მოითხოვენ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, რათა მაქსიმალურად გამოიყენონ ემოციურად დამუხტული ელექტორატის ენერგია. ისინი ვერ დატოვებენ რინგს ისე ჩუმად, როგორც 2016 წლის არჩევნების შემდეგ _ მათ ამომრჩევლებს ეს ძალიან არ მოეწონებათ.

კიდევ ერთი საკითხი, რომლის გატანას შეეცდებიან ნაციონალები და ევრონაციონალები (ის შეიძლება პოსტსაარჩევნო კონსენსუსის ფარგლებში ესკალაციის ალტერნატივად წარმოაჩინონ) 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა. ამით ისინი ხელისუფლებას “მაჟორიტარულ რეზერვს” წაართმევენ და, თუ საპარლამენტო არჩევნები დაახლოებით იმავე შედეგით დასრულდება, როგორითაც საპრეზიდენტოს პირველი ტური, კოალიციური მთავრობის შექმნის იმედი ექნებათ. ეს საკითხი, დიდი ალბათობით, აქტუალური გახდება როგორც ვაშაძის, ისე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, რადგან მისი განხილვა “ოცნებას” ისევ და ისევ “პრივილეგიების დამცველად” წარმოაჩენს.

მაგრამ ოცნებისთვისმთავარი საფრთხე, რომელიც ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას უკავშირდება, არამაიდანიან რიგგარეშე არჩევნებია, არამედ ის, რომ მისი ლიდერები ჩათვლიან, პრობლემაგადავაგორეთოდა ქვეყნის მართვას ისევ ძველ სტილში განაგრძობენ იმ იმედით, რომ მათი ამომრჩეველი მაინც ვერსად წავა. ივანიშვილმა არ შექმნა ძლიერი სატელიტი პარტიები, რომლებიც (მაგალითად) წაართმევდნენ ლიბერალური ელექტორატის ნაწილს “ევროპულ საქართველოს”, ან “ქართულ ოცნებაზე” (თუნდაც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის გამო) განაწყენებული კონსერვატორების ხმების კონსოლიდირებას მოახდენდნენ. მას არ ჰყავსსათადარიგო პარტიები”, რომლებიც, “ქართული ოცნებისკოლაფსის შემთხვევაში, ხელისუფლების შენარჩუნებას უზრუნველყოფენ.

ექვსწლიანი პერიოდი, როდესაც “ქართული ოცნება” უკონკურენტო იყო, დასრულდა. ყველამ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან არჩევნებზე პრობლემები შეექმნებოდა. პოლიტიკაში მარადიული არაფერია, თუმცა “2012 წლის ამომრჩევლები”, ალბათ, ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ 2018-ში მათი თანამემამულეების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის “ნაცმოძრაობა” და სააკაშვილის სადისტური რეჟიმი ისევ აქტუალური იქნებოდა. ამას, რომ იტყვიან, მოხერხება უნდოდა.

მსგავსი რამ 2011 და 2016 წლებში პერუში მოხდა, როდესაც “ყველა თვლიდა”, რომ ალბერტო ფუხიმორისა და მისი მხარდამჭერების საკითხი, მათი ფარდობითი სიმრავლის მიუხედავად, დღის წესრიგიდან მოხსნილი იყო. 2011-ში ყოფილი დიქტატორის ქალიშვილმა კეიკო ფუხიმორიმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში (პერუ საპრეზიდენტო რესპუბლიკაა და იქ ამ პოსტს გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს) ხმების 48,66% მიიღო. ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ მის კონკურენტს კრიტიკულ მომენტში დაეხმარა “ასი მწერლის მიმართვა”, რომელთა შორის იყო ნობელიანტი მარიო ვარგას ლიოსა. მათ ამომრჩევლებს მოუწოდეს, “ნაკლები ბოროტება აირჩიონ” (საქართველოსთვის კარგად ნაცნობი თემაა) და დიქტატურის დაბრუნება არ დაუშვან. 2016 წელს კეიკო ფუხიმორის პარტიამ მიიღო ადგილების უმრავლესობა პარლამენტში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 39,86%-ით მოიგო, ხოლო მეორეში გამარჯვებამდე (შესაბამისად, ძველი რეჟიმის სრულ რევანშამდე) მას ხმათა 0,12% (!) დააკლდა. ეს მთელი რიგი მიზეზების თანხვედრამ განაპირობა, თუმცა უმთავრესი იმ პრინციპებზე უარის თქმა იყო, რომელთა გარშემო თავის დროზე გაერთიანდნენ დიქტატურის მოწინააღმდეგეები. რევანშის იდეა თავისით არასოდეს კვდება და, თუ მას ზნეობრივ უპირატესობას არ დაუპირისპირებ, ისევ დაბრუნდება და ქვეყანას დრომოჭმული სასტიკი რეჟიმის რესტავრაციის საშიშროება დაუდგა.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here