მამაჩემმა შემოგითვალათ…

    დონალდ ტრამპი და მისი ვაჟი დონალდ ტრამპი-უმცროსი
    დონალდ ტრამპი და მისი ვაჟი დონალდ ტრამპი-უმცროსი

    დონალდ ტრამპი ამერიკელებმა, ერთი ვადის გამოტოვებით, ხელმეორედ აირჩიეს პრეზიდენტად. იგი ჯერ არ შესულა კანონიერ ძალაუფლებაში, მაგრამ მისმა რამდენიმე განცხადებამ უკვე მოასწრო პლანეტის გაკვირვება:

    * კანადა აშშ-ის 51-ე შტატი უნდა გახდეს!
    * გრენლანდია აშშ-ს უნდა გადაეცეს!
    * პანამის არხი აშშ-ის საკუთრება უნდა იყოს!
    * მექსიკის ყურეს ამერიკის ყურე უნდა დაერქვას!

    დონალდ ტრამპმა თავისი ეს უცნაური განცხადებები მოკლედ ახსნა: ”ეს საჭიროა აშშ-ის უსაფრთხოებისთვის!” მან მეტი თვალსაჩინოებისთვის ჟურნალისტებს აშშ-ისა და კანადის ერთ ფერში შეღებილი რუკაც წარუდგინა.

    რას არ აფიქრებინებს კაცს ეს ოხერი უსაფრთხოება. გარკვეული პერიოდის შემდეგ აშშ-ის უსაფრთხოებამ კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს მიერთება რომ მოითხოვოს?

    ეს შეკითხვა ჯერჯერობით უპასუხოდ დავტოვოთ, რადგან არაფერი გვითქვამს იმის შესახებ, რა რეაქცია გამოიწვია ტრამპის ამ ინიციატივამ მის საბოლოო გაპრეზიდენტებამდე.

    დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედერიკსენი: ”მე ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენ ამ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ. ასეთი სახის გადაწყვეტილებების დროს ადგილობრივი მოსახლეობის აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული.”

    ნორვეგიის პრემიერმინისტრი იონას გარ სტერე: ”ეს განსაკუთრებული განცხადებაა. ასეთი საკითხების წამოჭრა დაუშვებელია იმის მიხედვით, ვის რა სახის საშიშროება ემუქრება.”

    საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ნოელ ბარო: ”არავითარ ეჭვს არ უნდა იწვევდეს ის ამბავი, რომ ევროკავშირი არავის (ვინც უნდა იყოს იგი) არ მისცემს უფლებას, თავს დაესხას მის სუვერენულ საზღვრებს. ჩვენ ძლიერი კონტინენტი ვართ”.

    პანამის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ხავიერ მარტინეს აჩა: ”მხოლოდ პანამის ხელები აკონტროლებენ არხს. ასე გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, ინვესტიციებისთვის და კარგი ურთიერთობებისთვის.”

    რაც შეეხება კანადას, პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ უკვე განაცხადა გადადგომის შესახებ, მაგრამ ესეც თქვა: ”არ არსებობს შანსი, რომ კანადა აშშ-ის შემადგენელ ნაწილად იქცეს.” ტრუდოს ამ ნათქვამს ტრამპის კარზე დაწინაურებული ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი დამამცირებლად გამოეხმაურა: ”გოგონა (ჯასტინ ტრუდო მამაკაცია – ვ.კ.), შენ უკვე აღარ ხარ კანადის მეთაური. ასე რომ, მნიშვნელობა აღარ აქვს, რას ილაპარაკებ.”

    კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჟოლიმ კი განაცხადა: ”კანადა არანაირი საფრთხის გამო უკან არ დაიხევს. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის კომენტარები მეტყველებს სრულ არცოდნაზე იმისა, რა ხდის კანადას ძლიერ სახელმწიფოდ. ჩვენი ეკონომიკაც ძლიერია, ჩვენი ხალხიც ძლიერია!”

    ამ ფონზე ერთობ საინტერესო ჩანს რუსეთის საგარეო საქმეთა ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადება: ”ტრამპის სიტყვებისთვის შეფასების მიცემა ნაადრევია, ვინაიდან მას ჯერ არ დაუკავებია თანამდებობა”.

    ეს – რაც შეეხება საერთაშორისო რეაქციას, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა საშინაო რეაქციები. მაგალითად, ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი (WSJ) წერს: ”აშშ გრენლანდიაზე, კანადაზე ან პანამის არხზე კონტროლს თუ სამხედრო ან ეკონომიკური ძალის გამოყენებით თუ დაამყარებს, ეს იქნება მკვეთრი გადახვევა იმ პოლიტიკისგან, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტები ათეული წლების განმავლობაში ატარებდნენ. ტრამპის რადიკალური შეხედულებები ეფუძნება ძველ და წინააღმდეგობრივ წარმოდგენებს იმის შესახებ, რომ აშშ-ს მოკავშირეებიც კი უსამართლოდ ექცევიან, რომ აშშ-მა პანამის არხი მუქთად გაასხვისა, ჩინეთი კი მოძრაობს დასავლეთი ნახევარსფეროს მიმართულებით, სადაც ამერიკა უნდა დომინირებდეს”.

    ტრამპის იდეებმა აშშ-ის პოლიტიკოსების ერთ ნაწილში სრული გაუგებრობა გამოიწვია. ყოფილი სენატორი და ობამას ადმინისტრაციაში თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი აცხადებს, რომ ”მის სიცოცხლეში ამერიკელი პრეზიდენტებისგან მსგავსი ინიციატივები არასოდეს მოუსმენია. ეს ძალიან ავტოკრატიულია!”

    რაც შეეხება მექსიკის ყურეს და მისთვის სახელის შეცვლას, ტრამპის ამ ინიციატივას მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი ასე გამოეხმაურა: ”სახელი მექსიკის ყურე, დიდი ხანია, რაც საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ არის აღიარებული, მათ შორის არის გაეროც. იქნებ ამერიკის კონტინენტს მექსიკის ამერიკა დავარქვათ, როგორც იგი 1607 წლიდან იწოდებოდა.” მექსიკის პრეზიდენტმა ამ სიტყვების სიმართლის დასტურად ჟურნალიტებს ამერიკის კონტინენტის ისტორიული რუკები წარუდგინა.

    მნიშვნელოვანია ერთი გარემოებაც: ”დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად” (ინფორმაციას „სიენენი” ავრცელებს).

    როგორც ჩანს, დონალდ ტრამპის საერთაშორისო ინიციატივების რეალიზაცია მარტივი არ იქნება, ისევე, როგორც ადვილი შესასრულებელი არ აღმოჩნდა მისი დაპირება უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომზე. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იგი აცხადებდა: ”გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში ომს 24 საათში დავამთავრებ. მე ვიცნობ პუტინს, მე ვიცნობ ზელენსკის, ეს ადვილი იქნება!” ტრამპის გამარჯვებიდან ორ თვეზე (60 X 24 სთ.) მეტი გავიდა, მაგრამ უკრაინაში ომი, არათუ არ შეწყვეტილა, გამძაფრდა.

    აქ მივადექით ურთულეს შეკითხვას: რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

    რუსეთმა 2014 წელს მიიერთა ყირიმის ნახევარკუნძული, რომელიც გაეროს მიერ უკრაინის შემადგენლობაში იყო აღიარებული. ამ ფაქტს წინ უძღოდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ უკრაინის შემადგენლობიდან გასვლისა და რუსეთთან შეერთების მოთხოვნით ჩატარებული სახალხო რეფერენდუმი, რომელშიც უმრავლესობის ნება გამოიხატა, ანუ ყველაფერი იურიდიულად გამართულ ჩარჩოში იყო მოქცეული. გავიხსენოთ ამერიკელთა რეაქცია ამ ისტორიულ ფაქტზე: ”ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მართებულობას.” ეს აშშ-ის იმდროინდელი სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სტივენ ბიგანის, ოფიციალური განცხადებაა. ამავე განცხადებაში ნათქვამი იყო: ”რუსეთის მოქმედება აღმოსავლეთ უკრაინაში არის ეუთოს რეგიონში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მოღაღადე ფაქტები.”

    ახლა კი კანადა, გრენლანდია, პანამის არხი, მექსიკის ყურე უნდა შემოვიერთოთ, რადგან ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას ასე სჭირდებაო. კი მაგრამ, საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მოტივით ამერიკელებს თუ შეუძლიათ მსოფლიოში ფართობით მეორე ადგილზე მყოფი სუვერენული სახელმწიფო კანადა და ყველაზე დიდი კუნძული გრენლანდია ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე მიიერთონ, რუსეთის სრულიად ლეგიტიმურ მოთხოვნას, ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოებულიყო, რატომ არ გაუწიეს ანგარიში? რუსეთის ეს სამართლიანი თხოვნა ყურად რომ ეღოთ, ყირიმი და სევასტოპოლი დღესაც უკრაინის შემადგენლობაში იქნებოდა და, რაც მთავარია, არანაირი ომი უკრაინის ტერიტორიაზე არ იქნებოდა. აი, რატომ არიან ამ ომის წამომწყებნი და მთავარი დამნაშავეები აშშ და მისი სატელიტი ევროკავშირი. ამას ორმაგი სტანდარტი კი არა, პოლიტიკური თავხედობა და საერთაშორისო დანაშაული ჰქვია. ყირიმი რუსეთის ისტორიულად განუყოფელი ნაწილი და მისი უსაფრთხოების ერთ-ერთი უპირველესი პლაცდარმია, რომელიც რეფერენდუმის გზით (საერთო სახალხო ნების იურიდიული გამოხატვით) დაუბრუნდა რუსეთს. გრენლანდიაში კი დონალდ ტრამპის შვილი (დონალდ ტრამპი უმცროსი) ჩაბრძანდა და მოსახლეობას დაახლოებით ეს გზავნილი ჩაუტანა, – მამაჩემმა შემოგითვალათ, რომ ჩვენ უნდა შემოგიერთოთო. აი, განსხვავება რუსეთის მიდგომებსა და აშშ-ის მიდგომებს შორის. პირველი საკითხებს ხალხის ნების გათვალისწინებით, რეფერენდუმითა და დემოკრატიული წესებით წყვეტს, მეორე კი – თავხედობით, ხულიგნობითა და ყველა წესის იგნორირებით, რაც ყველაზე კარგად დონალდ ტრამპი უმცროსის სწორედ იმ ჟესტში გამოიხატა, რომელსაც ასე დავარქვი – მამაჩემმა შემოგითვალათ.

    ვალერი კვარაცხელია

    P. S. ამ უცნაურობებში, რომლებსაც ტრამპის განცხადებები შეიცავს, უმთავრესი მაინც რუსეთთან დაპირისპირებაა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს არის არქტიკის საკითხი, აქ ამერიკელები უპირატესობის მოსაპოვებლად ბრძოლას განაგრძობენ. კუნძული გრენლანდია, რომელსაც დანია აკონტროლებს, ერთგვარი გასაღებია არქტიკისა. კანადის მიერთების შემთხვევაში კი არქტიკაზე უპირატესობა თითქმის გარანტირებულია. არქტიკა კი, მოგეხსენებათ, რა სიმდიდრის სალაროც არის. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: აშშ, სადაც უნდა იბრძოდეს – პოსტსაბჭოთა სივრცეში, ახლო აღმოსავლეთში, კავკასიაში, ახლა უკვე კანადაში, პანამაში, გრენლანდიასა თუ არქტიკაზე, ყველგან რუსეთს ებრძვის. ვნახოთ, რით დამთავრდება ეს ამბავი, მთავარია, საქმე ბირთვულ კატასტროფამდე არ მიიყვანონ.

    ვ.კ.

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here