Home რუბრიკები საზოგადოება მამა ათანასე (ხაბეიშვილი): პროვოკაციების სამიზნეა არა მხოლოდ პატრიარქი და ეკლესია, არამედ მრევლიც

მამა ათანასე (ხაბეიშვილი): პროვოკაციების სამიზნეა არა მხოლოდ პატრიარქი და ეკლესია, არამედ მრევლიც

“ლგბტ-ებზე ცუდის თქმა დისკრიმინაციაა და მართლმადიდებლობის შეურაცხყოფა _ სიტყვის თავისუფლება?!”

5110

საქართველოს საპატრიარქოს მიერ რამდენიმე დღის წინათ გავრცელებული განცხადება გარკვეული ძალების მხრიდან ეკლესიის გაყოფისა და დაპირისპირების გაჩენის მცდელობაზე პირდაპირ მინიშნებებს შეიცავდა. ამით საპატრიარქომ მიმდინარე პროცესებს, ფაქტობრივად, უპრეცედენტოდ მწვავე შეფასება მისცა და პატრიარქის ავტორიტეტით შეშფოთებული დასავლური ძალები სამღვდელოების წინააღმდეგ მიმართულ ფარულ ქმედებებში ამხილა. 

როგორც ჩანს, დასავლური “ულტრალიბერალური” პროპაგანდა საქართველოში მართლაც გადამწყვეტი ანტიმართლმადიდებლური შეტევისთვის ემზადება და საბერძნეთის, სერბეთის ან თუნდაც უკრაინის მსგავსად აქაც ეკლესიის გაყოფის ნაცად ხერხს მიმართავს. ამისთვის იგი უკვე აქტიურად იყენებს იმ პროდასავლური სასულიერო პირების მრავალრიცხოვან ბანაკსაც, რომელიც დაუფარავად ამბობს, რომ საქართველოს ნატოს იქით გზა არ აქვს, ხოლო ევროკავშირი, თავისი კულტურული ფასეულობებით, ჩვენი ისტორიული არჩევანია.

ცნობისთვის: პროდასავლურად განწყობილი სასულიერო პირები უკვე დაუფარავად აკრიტიკებენ დასავლეთისადმი სკეპტიკურად განწყობილ მაღალ იერარქებს, რომლებსაც ოდესმე პირდაპირ გამოუთქვამთ კრიტიკული აზრი საქართველოს ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე, დაუგმიათ და მკაცრად შეუფასებიათ დასავლური თანამედროვე “დემოკრატიული” სტანდარტები…

რეალურია დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაყოფისა და გახლეჩვის საფრთხე? რა სახის კამპანიით შეიძლება, ამის განხორციელება სცადოს “ლიბერალურმა” პროპაგანდამ და არის თუ არა მზად თვით სამღვდელოება ან საპატრიარქო ამ პროცესისთვის?

საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება წმინდა თეოდორე ტირონის ეკლესიის წინამძღვარი მამა ათანასე (ხაბეიშვილი).

_ მამაო, საპატრიარქო, ისევე, როგორც სამღვდელოების დიდი ნაწილი, ყოველთვის ერიდება რადიკალურ განცხადებებს, თუმცა ბოლო განცხადებას, რომელიც საზოგადოებას დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გააცნო, კონკრეტული ადრესატები ჰყავდა. განცხადება შეიცავდა მინიშნებებს ეკლესიის გახლეჩვის, მასში განხეთქილების გაჩენის მცდელობაზე…

მამა ათანასე_ სანამ ამ განცხადებასა და საფრთხეებზე ვისაუბრებთ, მინდა, გაგახსენოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც საპატრიარქომ შარშან, პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის იუბილის დღეს, გააკეთა. მასში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ყოველთვის მიდიოდა ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ, მაგრამ 2017 წელს ამ ბრძოლამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 2018 წლის 14 მარტს კი გავრცელდა ძალიან მწვავე მამხილებელი განცხადება და მასში უკვე პირდაპირ დასახელდა კონკრეტული ძალა, რომელიც მუდმივად აპელირებს საპატრიარქოს დაფინანსების, ჯიპებისა და სხვადასხვა სასულიერო პირის ქონების თემით, ანუ იმ სუბიექტების მხილება, იქნება ეს პოლიტიკური პარტია თუ ორგანიზაცია, რომლებსაც ეკლესია ჰყავთ მიზანში ამოღებული, უკვე კარგა ხანია, დაიწყო. შეგახსენებთ, აგრეთვე, საპატრიარქოს განცხადებას “რუსთავი 2”-ის მკრეხელურ სიუჟეტზე, რომელშიც საუბარია მორწმუნე საზოგადოების გრძნობების შეურაცხყოფასა და ღვთის გმობის გამოვლინებაზე, რომელიც თავისი უტიფრობით, სარკაზმითა და ცინიზმით უკვე ღია გამოწვევად იქცა საზოგადოებისთვის. სხვათა შორის, “რუსთავი 2”-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომელიც თავს პატრიარქის მრევლად მოიხსენიებდა, ერთ-ერთ გადაცემაში ვერ დამალა თავისი ღვარძლი ამ განცხადებაზე საუბრისას, ვინაიდან “ნამეტნავისაგან გულისა იტყვის პირი”, და მას სამარცხვინო განცხადება უწოდა. გარდა ამისა, ზოგჯერ ჩვენ ვხედავთ მართლმსაჯულების ორმაგ სტანდარტებს. კონკრეტულად რას ვგულისხმობ: როდესაც ადამიანები გამოხატავენ პროტესტს თავიანთი რელიგიის, რწმენის შეურაცხყოფის გამო, მათ სასამართლო ციხეში უშვებს; ხოლო, როდესაც ნაციონალები ტეხენ ჩხუბს და ხდება თავდასხმა ვიღაცებზე, მართლმსაჯულება, ფაქტობრივად, არ რეაგირებს. ჩნდება შეკითხვა: ხომ არ გვაქვს საქმე მიკერძოებულ, გარკვეული ძალების მიერ მართულ, მარიონეტულ სამართალთან? რომელიმე საელჩოდან ხომ არ რეკავენ და მათი მითითებების შესაბამისად ხომ არ წყდება, ვინ დაიჭირონ, ვინ _ არა? ეს შეკითხვები ლოგიკურად ჩნდება: რა ხდება, შერჩევითი სამართალია? რის მიხედვით უშვებენ ადამიანებს ციხეში _ დანაშაულის სიმძიმის თუ ვინ რა იდეოლოგიისა და მსოფლმხედველობის წარმომადგენელია?

_ დღევანდელი ჩვენი საზოგადოება, მრევლი, სამღვდელოება არის მზად, ადეკვატურად შეაფასოს ეკლესიის გახლეჩვისკენ მიმართული მადისკრედიტებელი კამპანია?

_ დავიწყოთ იმით, რომ ეს კამპანია სიახლე არ არის. სპეცტელევიზია “რუსთავი 2” (ასე ვეძახი მე ამ ტელეკომპანიას), უკვე დიდი ხანია, ამას ცდილობს. მაგალითად, დასავლეთისადმი პოზიტიურად განწყობილ ერთ-ერთ ეპისკოპოსს ის ეპისკოპოსად მოიხსენიებს, ხოლო დასავლეთის ნეგატიური მხარეების მამხილებელ დეკანოზ დავით ისაკაძეს _ უბრალოდ, სახელითა და გვარით. მეტიც _ ამ მათთვის მიუღებელი, დასავლეთის მანკიერი მხარეების მაკრიტიკებელი სასულიერო პირების ქადაგებიდან იღებენ რაღაც მომენტებს, გლეჯენ კონტექსტიდან და ისე აწყობენ, რომ მერე ამაზე ატრიალებენ კამპანიას. ვიღაცას აკერებენ იარლიყს, რომ თითქოს რუსული პროპაგანდის გამტარებელია, ვიღაცას პირდაპირ კრემლის აგენტობაში სდებენ ბრალს და ა.შ. თუმცა ეს კიდევ ყველაფერი არ არის, ისინი ხშირად იწვევენ ხოლმე ეთერში სასულიერო პირებს იმ ნიშნით, ვინ პროდასავლურია, ვინ _ არა და ეკითხებიან, რა აზრის არიან სასულიერო პირებზე, რომლებიც დასავლეთს აკრიტიკებენ, ანუ დაუფარავად ცდილობენ, რომ სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირონ და ამის შემდეგ დისკუსია დაიწყოს არა ეკლესიასა და მასთან დაპირისპირებულ ანტიმართლმადიდებლურ ძალებს შორის, არამედ სასულიერო პირებს შორის.

რაც შეეხება ბრალდებებს ანტიდასავლური განწყობების გაღვივებაზე, დღეს გარკვეულ ძალებს ძალიან უნდათ, ეს “გარემოება” (პროდასავლურობა და ანტიდასავლურობა) ერთგვარი წყალგამყოფი გახდეს სამღვდელოებაში, მაგრამ ფაქტია, თანამედროვე დასავლურ “ლიბერალურ” იდეოლოგიას უსაფუძვლოდ არავინ აკრიტიკებს. აქ საუბარია იმაზე, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, მადლობა ღმერთს, მიუღებელია მორალურ პრინციპებს დაცილებული სტანდარტების დანერგვა. საუბარია იმაზე, რომ მიუღებელია უზნეობის შემოტანისა და ნორმად დამკვიდრების ნებისმიერი მცდელობა, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე. ახლა რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, დასავლეთი მომახვევს ამ უზნეობას თავს, ჩრდილოეთი თუ სამხრეთი? საიდანაც არის საფრთხე სიბინძურის შემოდინების, მის მიმართ კრიტიკულად ვიქნები განწყობილი. ეს ისეა, როგორც ორჯერ ორი ოთხი, და ეკლესია ამხელს ყოველთვის მანკიერ მხარეს. რუსთავი 2” უკვე ზიზღს იწვევს საზოგადოებაში…

_ ზღვარგადასული “ლიბერალური” პროპაგანდა ასევე იწვევდა ზიზღს სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებშიც, მაგალითად, სერბეთში, საბერძნეთში, მაგრამ ანტიმართლმადიდებლურმა ძალებმა მიზანს მაინც მიაღწიეს: ეკლესია გახლიჩეს, მათთვის სასურველი “ლიბერალური” კანონები მიიღეს…

_ სხვათა შორის, საბერძნეთი ახსენეთ და, 1981 წელს, როცა ეს ქვეყანა ევროკავშირში შევიდა, დაახლოებით 700 საწარმო ჰქონდა, დღეს ყველა პრივატიზებულია. ნაწილობრივ ამან გამოიწვია ქვეყნის ეკონომიკის დაცემა და კრიზისი. ახლა _ როგორ მიაღწია იქ პროპაგანდამ თავის მიზანს: ჯერ კიდევ 1994 წელს ბერი პაისი ათონელი ამხელდა იმ უზნეობას, რომელიც მოსალოდნელი იყო დასავლეთიდან, მაგრამ იმხანად საზოგადოება ამას ვერ აღიქვამდა ისე, როგორც საჭირო იყო. მერე და მერე ქვეყანა აღმოჩნდა ფაქტის წინაშე, როცა მიიღეს უზნეობის დამცველი კანონები, როცა დადგა ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინების დაკანონების საკითხი და პირდაპირ, დაუფარავად დაიწყო ღვთის გმობა. ზუსტად იგივე პროცესი მიდის დღეს საქართველოშიც: ჯერ მიიღეს გარკვეული კანონები და საზოგადოებას ამშვიდებდნენ, რომ არანაირი მზაკვრობა, ამორალურობა ამაში არ იყო; შემდეგ ნელ-ნელა ამოქმედდა პროპაგანდა, რომელიც გათვლილია კიდევ სხვა კანონების მიღებისთვის ნიადაგის შესამზადებლად და ახლა უკვე დაუფარავად მიდის პროვოკაციები. პროვოკაციებში ვგულისხმობ იმას, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2” და რესპუბლიკური პარტია, ასევე, გარკვეული ორგანიზაციები ყველანაირად ცდილობენ საზოგადოების გაღიზიანებას. პროვოკაციაა ის, რომ ჟურნალისტი გამოდის და უფალს შეურაცხყოფს, პროვოკაციაა, როცა პრეზერვატივზე გამოსახეს ადამი და ევა, ქართვლის დედა და გააკეთეს წარწერა: “რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია; პროვოკაციაა, როცა წინა ხელისუფლების წარმომადგენელი გამოდის და საპატრიარქოს განცხადებას ცინიკურად უწოდებს ნანა კაკაბაძის დაწერილს. ეს ყველაფერი რაზეა გათვლილი, აშკარაა…

_ რაზეა?

_ ამ პროვოკაციების სამიზნეა არა მხოლოდ ეკლესია, არამედ მისი მრევლიც და გათვლა კეთდება სწორედ მრევლის გაღიზიანებაზე. შემდეგ, როცა ეს გაღიზიანებული, შეურაცხყოფილი მრევლი ქუჩაში გამოვა პროტესტის გამოსახატავად, “რუსთავი 2” იტყვის, რომ ეს ადამიანები მოძალადეები არიან და “სიტყვის თავისუფლებას” ებრძვიან. იმას კი არ იტყვის, რამ გამოიწვია პროტესტი, როგორ შეურაცხყვეს ეს ხალხი და მათი რწმენა…

_ ლიბერალების “არგუმენტი” ამ საკითხზე ასეთია: რელიგიური გრძნობები, როგორც ასეთი, არ არსებობს და არარსებულის შეურაცხყოფა შეუძლებელია…

_ და ვინმემ კესარიაზე რომ თქვას რამე ცუდი, რა მოხდება? თუ ოდესმე კანონი ან კონვენცია მიუღიათ ამ თემაზე, ყველაფერს ერთად ამოგილაგებენ. რა გამოდის? ლგბტ-ებზე ცუდის თქმა დისკრიმინაციაა და მართლმადიდებლობის შეურაცხყოფა _ სიტვის თავისუფლება?! როდესაც ღმერთს გმობს ადამიანი და ამას შეგნებულად აკეთებს, არ უნდა შეფასდეს მისი საქციელი შესაბამისად?! კიდევ ვიმეორებ: ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გარკვეულ ძალებს სურთ, მორწმუნე ადამიანები მოძალადეებად წარმოაჩინონ. ამისთვის შეიძლება ხელოვნურადაც მოაწყონ რაღაც ძალადობა და ამით მათთვის სასურველი პრეცედენტი შექმნან. საერთოდ, დღეს მოსალოდნელია ყველანაირი პროვოკაცია ეკლესიის წინააღმდეგ და ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, საპატრიარქოს განცხადებაშიც აღნიშნულია. ამიტომ უნდა იყოს ფრთხილად მრევლი და არ აჰყვეს არანაირ პროვოკაციას, თორემ თავიანთი პროპაგანდით მიზანს თუ მიაღწიეს, მერე ჩათვალეთ, რომ გზა ხსნილი აქვთ ყველაფრისკენ, მათ შორის, რეპრესიების დაწყებისკენაც, როგორც მრევლის, ისე ეკლესიისა და სრულიად საზოგადოების წინააღმდეგ.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here