საქართველომ 30 წელიწადი სდია ქიმერას _ ხან ნატოს წევრობის, ხან ევროკავშირის. ამ მიზნით თუ მიზეზით სად არ იომეს ქართველმა ახალგაზრდებმა და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ საზარბაზნე ხორცად გამოუყენებიათ აზიასა და აფრიკაში.…თუ ნატოს წევრობაზე იმედი იმ მიზეზით გადაგვიწურეს, რომ რუსეთის ფაქტორი მნიშვნელოვანია, საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის წევრობაზე უარი ჩვენი ქვეყნის ადგილმდებარეობას დაუკავშირა. იმის მოლოდინში, რომ უარს გვეტყოდნენ, საქართველოს პრემიერმინისტრმა მოსახლეობას განუცხადა: უარის შემთხვევაში სიმართლეს ფარდას ავხდიო, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა, რადგან ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მიღების “პერსპექტივა” დაგვიტოვა, რომელსაც 12-პუნქტიანი შესასრულებელი დავალება მოჰყვა. “დავალებას” თუ გადავხედავთ, ნათლად ჩანს ევროკავშირის ჩანაფიქრი _ ქვეყნის სათავეში ნაცების დაბრუნება.
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სამოქალაქო აქტივისტი ლევან ადეიშვილი გვესაუბრება:
_ რკინის ფარდის მიღმა დასავლეთზე გაზვიადებული წარმოდგენა შეგვექმნა, რადგან მასზე ინფორმაცია ჩვენამდე “ამერიკის ხმითა” და სხვა რადიოსადგურებით, კონტრაბანდული ჯინსებით, როკფირფიტებითა და ყურმოკრული ამბებით აღწევდა. გვარწმუნებდნენ, რომ იქ თავისუფლება, თანასწორობა და კეთილდღეობა სუფევდა. ამის დაჯერებას სსრკ-ის იმჟამინდელი პროპაგანდაც ხელს უწყობდა. ასე შევაბიჯეთ დამოუკიდებლობაში და დასავლეთთან ახალ კავშირებში, სადაც თავისი როლი ეროვნულმა მოძრაობამაც ითამაშა, რომელიც დარწმუნებული იყო დასავლეთის აბსოლუტურ სიკარგეში და იმაში, რომ მხოლოდ ჩაითა და ბორჯომით გავიტანდით თავს… რეალობა კი ნელ-ნელა გამოიკვეთა… ერთი მხრივ, დასავლეთმა, უბრალოდ, დაანგრია სსრკ და ყოფილი რესპუბლიკები საკუთარი თავისა და დარღვეული ეკონომიური კავშირების ამარა დატოვა; მეორე მხრივ, ევროპას არაფერი გაუკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველო მან აირჩია იმ მიზნით, რომ სამხრეთ კავკასიაში შემოსულიყო, მერე კი ორი დავალება მისცა: ყოფილიყო რუსეთის გამომწვევ–გამაღიზიანებელი, საჩიჩხინო ჯოხი და რუსეთის საზღვრის პერიმეტრზე დაძაბულობა და ცხელი წერტილები შეექმნა; ასევე, გამხდარიყო “ფერადი რევოლუციის” წარმატებული მაგალითი, რაც გაამართლებდა ასეთივე რევოლუციას სხვაგანაც. რევოლუციებმა არ გაამართლა, რუსეთი ამით არ შეშინდა, ის არ გავიდა აფხაზეთიდან, სამხედრო ბაზებიც კი ჩააყენა, მეტიც, სამაჩაბლო მოწყვიტა დედასამშობლოს და ამით თუნდაც ფიქრიც კი ნატოს ბაზებზე ეფემერული შეიქნა. ძაღლიშვილების სატივტივო რგოლი საზოგადოებისთვის მიუღებელი გახდა, რადგან მათ ვერ შეძლეს რუსეთის ქმედებების აღკვეთა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ნათლად დავინახეთ, რომ ევროპა–ამერიკა რუსეთის წინააღმდეგ არ წავა. ხალხს იმედი გადაეწურა და ევროკავშირიცა და ამერიკაც მოიძულა. დასავლეთმაც დაიწყო საუბარი, რომ მათ რიგებში საქართველოს ყოფნა შორეული პერსპექტივაა. დიდია ჩვენი ქვეყნის ინტელიგენციის დანაშაულიც, რადგან მან ვერ შეძლო, დაედგინა, ვისი ინტერესები ტარდებოდა საქართველოში _ რუსეთის, რომლისთვისაც ნატოს ბაზების აქ განთავსება ამ ფედერაციის დაშლის დასაწყისი იქნებოდა, თუ ამერიკის, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი მხოლოდ ერთია _ საკუთარი ინტერესების გატარება ნებისმიერი მეთოდითა და ნებისმიერი გზით. საბოლოოდ, საქართველო წაგებული აღმოჩნდა _ დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპნენ ახალგაზრდები, განადგურდა ეკონომიკა, განახევრდა ქვეყანა, მილიონობით ადამიანი ემიგრანტად იქცა. ამ ყველაფერს კი მოჰყვა მკვეთრად ანტიდასავლური განწყობა და პრორუსული ძალების გაძლიერების ტენდენცია. შეხედეს ამ ყველაფერს ევროპაშიც და ჩვენთანაც და მიხვდნენ, რომ საჭიროა ახალი სატყუარა _ ევროკავშირის წევრობა, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა ომი რუსეთთან, ანუ ისეთივე საფასური, როგორიც ნატოს ქიმერაში გადავიხადეთ, პლუს, გეიაღლუმი, რომელიც მათი ერთ-ერთი იდეოლოგიური მარცხია, თუმცა გაცხადებული საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულება და, საბედნიეროდ, საქართველოში (და არა მხოლოდ აქ) კრახით დასრულდა. ნატოს წევრობაზე უარი რუსეთის ფაქტორად მონათლეს, უფრო ზუსტად, წამოსცდათ, მაგრამ, ჰოი, საოცრებავ, ევროკავშირის წევრობაში თურმე გეოგრაფიული მდებარეობა გვიშლის ხელს.
საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, რომელმაც საქართველოს ადგილმდებარეობის შესახებ გადმოაფრქვია სიბრძნე, ამბობს: უკრაინა რომ ომობს, იმიტომ ვაძლევთ კანდიდატის სტატუსსო. ვფიქრობ, ამით ყველაფერია ნათქვამი და უნდა გავიგოთ: არ იომეთ? არ გექნებათ კანდიდატობა! ძალიანაც კარგი და მადლობა უფალს!
_ პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, თუ კანდიდატობას არ მოგვცემენ ევროპელები, ყველაფერს ფარდას ავხდიო, მაგრამ ახლა ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ: “პერსპეტქივა” დაგვიტოვეს, ამიტომ აღარაფერს ვიტყვითო. ეს სიმართლე იქნებ ჩვენ ვთქვათ…
_ პრემიერის განცხადებიდან გამოდის, რომ იცის რაღაც. მას ქვედა დინებების შესახებ მისცეს ინფორმაცია და ისიც უთხრეს, რა უნდა გააკეთოს, მაგრამ ხვდება, რომ მათი დავალებები ქვეყნის ინტერესებში არ ჯდება, ამიტომ ღარიბაშვილი ვალდებულია, თქვას სიმართლე. ჩვენ, ხალხმა, სიმართლე ისედაც ვიცით _ ეს იყო ულტიმატუმ: იომეთ, ჩაატარეთ პრაიდი და მოგცემთ კანდიდატობასო. პრემიერი ე.წ. პერსპექტივის, ანუ რეალობაში ახალი ნატოსმაგვარი ეფემერის გამო დადუმდა? დროის გასვლას ელოდება თუ რამე ახალი ვირეშმაკობაა მოფიქრებული? კანდიდატობას რის ფასადაც მოგვცემენ, ისედაც ვიცით.
უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს მიმდინარე პროცესების მიმართ და საერთოდაც, ვეჭვობ, დასავლეთი შეთანხმდება რუსეთთან და საქართველო გაიცვლება, თუკი უკრაინის რაღაც ნაწილს რუსეთი დატოვებს დასავლეთის პროტექტორატის ქვეშ; ან უარესი _ სახის შენარჩუნება უნდათ ევროპელებს, სანამ ამ ტერიტორიიდან რუსეთი გააგდებს და ისე აწყობენ, თითქოს ჩვენ ვაქციეთ ზურგი. კიდევ უარესი, თუ გასვლისას კარის გაჯახუნებას აპირებენ “ნაცმოძრაობის” მობრუნებით და რუსეთთან ახალი ომით…
_ 12-პუნქტიან შეთანხმებაში წერია: “აღმოიფხვარის პოლიტიკური პოლარიზაცია. ამ საკითხებზე უნდა იმუშაოს ყველა პარტიამ “19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების დაცვით”. ამ პუნქტში ნათლად ჩანს, რომ ევროპას სურს ,,ნაცმოძრაობის” უკან დაბრუნება…
_ “აღმოიფხვრას პოლიტიკური პოლარიზაცია” გულისხმობს ერთგვარ სტაბილურობას დასავლეთის ინტერესების სასარგებლოდ, რადგან წამყვან პარტიებს შორის ქიშპობა ჰარამხანის ხასების ინტრიგებს დაემსგავსა, რომლებიც ხელს უშლის აშშ–ს, აქ დაუძაბავად მართოს პროცესები. დღეს ეს ის დასავლთი არ არის, რომელზეც ვოცნებობდით _ ესაა დეკადანსში შესული და ნეოლიბერალურ სიშლეგეში ჩანთქმული სივრცე, რომელსაც კარგი მხოლოდ ფასადები და ცხოვრების მაღალი დონე დარჩა, რომელსაც არ უწერია დიდი დრო, რადგან, როგორც ყველა იმპერია, ფუფუნებაში ჩაფლული სულიერად დეგრადირდება, იზრდება არამწარმოებელ ფინანსურ მაქინატორთა, მევახშე ბანკირებისა და სოცქსელებით თუ სხვა მანიპულაციებით დაგროვილი კაპიტალის წილი. იმის მაგივრად, ხელფასები გაეზარდათ და ასევე, გაეზარდათ მსყიდველუნარიანობა, დაიწყეს დაკრედიტების მავნე პოლიტიკა, ყიდულობ იმას, რისი ფულიც ჯერ არ გამოგიმუშავებია, იხდი მეტ ფულს პროცენტების დამატებით და ხდები კრედიტორების მონა. დადგა დრო, როდესაც ელიტას მიადგებიან და ჰკითხავენ: რატომ არის ასე უსამართლოდ გადანაწილებული შემოსავლები? ასეთ დროს ხდება რევოლუციები ან ელიტა ცვლის სისტემას. დღეს უზარმაზარმა ფინანსებმა, ასევე, მედიამმართველობამ ელიტებს გაუჩინა განცდა, რომ შექმნას ახალი წესრიგი, რომელიც შეინარჩუნებს სიმდიდრეს და უფრო დაიმონებს, მართვადს გახდის მასებს. პანდემიაც ამავე ნარატივიდანაა _ მიმდინარეობს გავლენის სფეროების გადანაწილება და მართვის ახალი მექანიზმების მოსინჯვა. ამავე პარადიგმაშია ნეოლიბერალური იდეოლოგია და ახალი ადამიანის გამოყვანა. ასეთ სამყაროში თუ საცდელ ლაბორატორიაში არაფერი გვესაქმება. თავი შორს უნდა დავიჭიროთ, შევინარჩუნოთ იდენტობა და დაველოდოთ, რით დამთავრდება ყველაფერი.
იქ, სადაც თუნდაც ერთ პუნქტში მაინც გვთხოვენ, ვუღალატოთ ქრისტეს, საქმე არ გვაქვს, რადგან პედარასტიის მიღება მიუტევებელი ცოდვაა. წარღვნის გარდა უფალს ერთი ადამიანისთვის ან ადამიანთა ჯგუფებისთვის ან დასახლებისთვის იმაზე დიდი სასჯელი არ მოუვლენია, როგორიც იყო სოდომ-გომორას გადაწვა. საუკუნეების განმავლობაში სისხლს ღვრიდნენ ჩვენი წინაპრები ქრისტესთვის.
_ არის თუ არა საქართველოს არჩევანი ევროკავშირი?
_ ამის გასაგებად ყველაზე კარგი რეფერენდუმის ჩატარებაა, მაგრამ იმ პირობით, რომ საერთო სახალხო განსჯის საგანი გახდება, რას გვთხოვენ სანაცვლოდ და აქ არ ვგულისხმობ კულუარულ დავალებას _ რუსეთან ომსა და გეიაღლუმის ჩატარებას, ჩვენ სკრუპულოზურად უნდა განვიხილოთ, რა მოთხოვნებია.
ნატოზე ჩატარებული პლებისციტის არგუმენტად მოყვანა არ გამოდგება, რადგან დიდი ხნის წინათ მოხდა ეს და მას შემდეგ გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა.Gგარდა ამისა, ნატომ აშკარად მიგვანიშნა, აქ ნუ აკაკუნებთო! დღეს ჩვენს ქვეყანაში (და არა მხოლოდ აქ) სულ სხვა დამოკიდებულებაა ნატოს მიმართ და დასავლეთის მიმართაც. ყველა მიხვდა, რომ სატყუარაა საქართველოს ომში ჩასართავად გადმოგდებული. ქართველებისთვის უკეთესია, დავიცადოთ, რადგან არ ვიცით, რით დამთავრდება რუსეთ-დასავლეთის ომი უკრაინაში. თუ მოიგო რუსეთმა და ასეთი პირი უჩანს, რუსეთი შემდეგ ნაბიჯებს სამხრეთ-კავკასიაში გადადგამს, ამიტომ პრაგმატული თვალსაზრისით ჯობია, დაველოდოთ გამარჯვებულს.
საქართველო დღეს დაახლოვებით ისეთივე არჩევანის წინაშე დგას, როგორიც ერეკლე მეფის დროს იყო _ საშინელი დემოგრაფიული ვითარება, რჯულის ანუ იდენტობის დაკარგვის საფრთხე მუსლიმური სამყაროს მხრიდან, დღესაც იცლება საქართველო და მომაკვდავ ერებში ვწერივართ.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი