თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის სამიტის წინ რიგი დადგა იმ ქვეყნებისა, რომლებსაც სურთ, სრულუფლებიან წევრებად ან დამკვირვებლებად შემოგვიერთდნენ, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი”.
“სამარყანდში გასამართი სამიტისთვის იკვეთება ძალიან სოლიდური, დატვირთული დღის წესრიგი და, რაც განსაკუთრებით სიმბოლურია, სამარყანდის სამიტის წინ თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციაში სრულუფლებიან წევრად ან დამკვირვებლად შესვლის მსურველთა რიგი დადგა”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიევთან ტაშკენტში შეხვედრის შემდეგ. თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ აღნიშნა, რომ თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაცია საერთაშორისო სამართლიანობის დამცავ ძალად უნდა იქცეს, აგრეთვე _ საერთაშორისო და რეგიონულ ვითარებაში მასტაბილიზებელ ფაქტორად.
თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის სამიტი სამარყანდში სექტემბერში გაიმართება.
თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაცია 2001 წელს დააარსეს რუსეთმა, ჩინეთმა, ყაზახეთმა, ტაჯიკეთმა, ყირგიზეთმა და უზბეკეთმა. მოგვიანებით ორგანიზაციას შეუერთდნენ ინდოეთი და პაკისტანი. დამკვირვებლის სტატუსი აქვთ: ავღანეთს, ირანს, ბელარუსსა და მონღოლეთს.
ორგანიზაციის პარტნიორი სახელმწიფოები არიან: აზერბაიჯანი, სომხეთი, კამბოჯა, ნეპალი, თურქეთი და შრი–ლანკა. 2021 წელს ორგანიზაციაში მიღების პროცედურა დაიწყო ირანის მიმართ, პარტნიორის სტატუსს მიიღებენ ეგვიპტე, ყატარი და საუდის არაბეთი. 2022 წელს ბელარუსმა განაცხადი გააკეთა წევრად მიღებაზე.
გიორგი გაჩეჩილაძე