Home ახალი ამბები საქართველო ლევან ჩაჩუა: USAID-ის გამოისობით აფხაზეთსა და ყოფ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს და ქართველებს...

ლევან ჩაჩუა: USAID-ის გამოისობით აფხაზეთსა და ყოფ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს და ქართველებს ლგბტ ქცევის მხარდამჭერებად და გამავრცელებლებად აღგვიქვამენ. ვის მოუნდება ასეთ ფონზე ჩვენთან დაახლოება?

374
ლევან ჩაჩუა: კავკასიაში ისეთ ვირეშმაკულ პოლიტიკას, როგორსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს, არავინ გვაპატიებს, ამიტომ დროა, გონს მოეგონ

რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას განცხადება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID- ს) აფხაზეთიდან გაძევებისა და მისი ხელმძღვანელის, ჯონ პენელის, პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ. არძინბა ამბობს, რომ აუქმებს აღნიშნული ორგანიზაციის ყველა პროექტს აფხაზეთში.

USAID-ი არ მოსწონს ქართველი საზოგადოების დიდ ნაწილსაც. ამ თემაზე გვესაუბრება პოლიტიკოსი ლევან ჩაჩუა:

_ ზუსტად ვიცოდი, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დირექტივით ღარიბაშვილის პრემიერობისას მოხდა, აფხაზებსა და ოსებთან დაშორების მიზეზი იქნებოდა და დაარტყამდა საქართველოს გამთლიანების პროცესს.

ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები მკვეთრად გამოხატული კავკასიური მენტალიტეტის არიან. ისინი არასოდეს არ მოისურვებენ ისეთ სივრცეში დაბრუნებას, რომელშიც ანტიდისკრიმინაციული კანონის მსგავსი კანონები იქნება ამოქმედებული.

მოგვიანებით ანტიდისკრიმინაციულ კანონს დაემატა იუვენალური იუსტიციის კანონი. “ოცნებამ” უფრო ოდიოზურად იმოქმედა, ვიდრე “ნაცმოძრაობამ”. ნაცებს ასეთი კანონები არ მიუღიათ. გახრწნილება, მამათმავლობა, ბავშვების _ მშობლებთან, ცოლის ქმართან დაპირისპირება “ოცნების” შემოტანილია. განარკომანებულია მთელი საქართველო, ყველა ოჯახშია ნარკომანიის, ოჯახური კონფლიქტების პრობლემა. საშინელება ხდება და ამ საშინელების თავიდათავია “ოცნება”. საქართველოში მიმდინარე პროცესები კავშირშია ქვეყნის გამთლიანებასთან და ამაზე იმთავითვე ვსაუბრობდი, მაგრამ იმხანად ბევრი მეწინააღმდეგებოდა და აი შედეგიც _ აფხაზების გარკვეულ ნაწილს ჩვენთან ურთიერთობა არ სურს.

აფხაზებმა ზაფხულში ზღვის სანაპიროზე შიშველი სიარული კანონით აკრძალეს. შესაძლოა, ვიღაცას ეს სიგიჟედ მოეჩვენოს, მაგრამ იმ ხალხმა ასე გადაწყვიტა. მათ არ სურთ, თავიანთი შვილების თვალწინ ჩამოსულებმა შიშვლებმა იტანტალონ ქუჩებში, ისე, როგორც დადიან ბათუმისა და ქობულეთის სანაპიროებზე.

ყველა სიბინძურე, ყველა ბინძური კანონი, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრე, ამერიკისა და ევროკავშირიდან მოდის და ამის მთავარი გამტარებელი და დამნერგავი, ჩვენთანაც და სხვაგანაც, USAID-ია. USAID-ის გამოისობით აფხაზეთსა და ყოფ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს და ქართველებს ლგბტ ქცევის მხარდამჭერებად და გამავრცელებლებად აღგვიქვამენ. ვის მოუნდება ასეთ ფონზე ჩვენთან დაახლოება?

ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად კიდევ რას მოგვთხოვენ, უფალმა უწყის. ეს სტატუსი რისთვის გვჭირდება, არ ვიცი. სააკაშვილმა მგელს შეაჭამა საქართველო, ამჟამინდელ ხელისუფლებას კი ვითომ ვითარების დაბალანსება სურს, მაგრამ ორ ბატონს ერთად ემსახურება, რაც არ გამოვა და არ გამოსულა არასდროს. “ოცნებამ” არაფერი გააკეთა, რაც დაგვპირდა. ერთი დაპირება იყო ის, რომ სამართლიანობას აღადგენდა; მეორე ის, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე იმუშავებდა, მაგრამ ვხედავთ, რომ არაფერი გაკეთებულა.

_ ეს ხელისუფლება ვითარებას მართლაც აბალანსებს; საქართველო, მიუხედავად დიდი წნეხისა, ომში არ ჩაერთო…

_ ომში არ ჩავერთეთ, მაგის ჭკუა ეყოთ, მაგრამ ომში იმიტომ არ ჩავერთეთ, რომ ხელისუფალნი თავიანთ კეთილდღეობას გაუფრთხილდნენ. ის, რაც თავის დროზე ნაცების ხელში იყო, ახლა ოცნებას აქვს და სწორედ ამას უფრთხილდება. მადა დიდი აქვს ამ ხელისუფლებას, ყველაფრის ფასი გაორმაგებულია, ხალხი ბანკების ვალებში იხრჩობა და ამ მიზეზით ქვეყნიდან გარბის…

_ ჩვენმა ხელისუფლებამ უარი თქვა “3+3” ფორმატში მონაწილეობაზე, 5-6 დეკემბერს ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველოსთან საზღვრების დემარკაცია უნდა დაიწყოს, პარალელურად, აფხაზეთისა და ოსეთის თავდაცვის სისტემა უნდა გაძლიერდეს. ამ შეხვედრას წინ უძღვოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ გალუზინის, განცხადება, რომ საქართველოსთან ერთად საჭიროა საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია, მაგრამ ჩვენებმა არაფერი მოიმოქმედეს. როგორც ჩანს, პროცესები ქართული მხარის ჩართულობის გარეშე განვითარდება. ინალ არძინბას განცხადებაც ამის შემდეგ გავრცელდა…

_ საინფორმაციო სააგენტო “სპუტნიკში” სწორედ ამ საკითხებზე მქონდა პრესკონფერენცია. ხელისუფლებას მოვუწოდე, გონს მოეგოს. მტერთან დალაპარაკებაზე უარის თქმა არანაირი წესი არ არის. “3+3” ფორმატში მონაწილეობაზე უარი გამოსავალი არ არის. საქართველო იქ უნდა იჯდეს და თავის ინტერესებს იცავდეს. ჩვენ გეოპოლიტიკას ვერ შევცვლით, საქართველოს ვერ ავიღებთ და შვეიცარიის გვერდით ვერ ჩავდგამთ. “3+3” ფორმატში ჩვენი მეზობლები მონაწილეობენ და აუცილებელია მათთან ერთად დაჯდომა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის ვიქნებით მცოცავი ოკუპაციის ქვეშ. სანამ საქართველო ვირეშმაკულ პოლიტიკას განაგრძობს და მერკანტილურ პოლიტიკაშია ჩართული, ჩვენზე წნეხი გაძლიერდება და არა მხოლოდ რუსეთიდან, აფხაზეთიდან და ოსეთიდან, არამედ აზერბაიჯანიდან და თურქეთიდანაც. როცა გავიჭედებით, ხელისუფლების წარმომადგენლები აქედან გაიქცევიან. მსგავსი მაგალითები ჩვენი ქვეყნის ისტორიას ახსოვს.

ახლა დროა, ინტელიგენციის ის წარმომადგენლები, რომლებიც ივანიშვილის ბაგაზე არიან გამობმულნი, გონს მოეგონ და ხელისუფლებას უთხრან, რა არის გასაკეთებელი, დაარიგონ, ასწავლონ, კოჭი აღარ გაუგორონ, თორემ განმეორდება ის, რაც 2008 წელს დაგვემართა. პროცესებში უნდა ჩაერთოს საზოგადოება, სასულიერო იერარქია, მეცნიერებათა აკადემია… კონსერვატიული პარტიები უნდა გამოვიდნენ ქუჩაში. ჩვენ, ხალხმა, უნდა ავირჩიოთ დელეგატები, რომლებსაც ვენდობით და გავუშვათ რუსეთში მოსალაპარაკებლად…

_ ინალ არძინბას განცხადების შესახებ, ალბათ, ხელისუფლების წევრებმაც იციან, მაგრამ აქამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ; არ უთქვამთ, რომ USAID-ს თვითონაც გააძევებენ ქვეყნიდან, თუ ამას მოითხოვენ ჩვენი ძმები აფხაზები… ეს ამერიკული ორგანიზაცია ჩვენსა და აფხაზებს შორის უფსკრულს აფართოებს…

_ ამერიკის ყოფილმა ელჩმა კელი დეგნანმა მილიარდები რომ დაგვაყვედრა, მაშინ მას სოციალური ქსელით ვუპასუხე, რომ ამერიკელების მოცემული ფულიდან არც ერთი კაპიკი ხალხს არ მოხმარებია, რომ ქართველი უფლებააყრილი და გაღატაკებულია, გადახვეწილია. და ეს არის ზემოაღნიშნული ორგანიზაციის დამსახურება. გარყვნილებას აკანონებენ, რევოლუციებს აფინანსებენ, მოსპეს ქვეყანა. მენტალობა წაშალეს და ამისთვის მილიონები იხარჯებოდა, ეროვნულის წაშლა სურდათ და გააკეთეს კიდეც. აფხაზები მიხვდნენ ამ ყველაფერს, მაგრამ მათი გარკვეული ნაწილი იმასაც ხვდება, რომ საქართველოს გარეშე გადარჩენა არ უწერიათ, თუმცა ჩვენი ქვეყნის მარიონეტი ხელისუფლების გამო მათთან ურთიერთობა არ აეწყო.

ჩვენ აფხაზ ძმებთან უნდა ჩავიდეთ და კაცურად დაველაპარაკოთ, პირობა დავდოთ, ვაჩვენოთ, რომ ჩვენც კაცები ვართ, კავკასიელები ვართ, სიტყვა მივცეთ და მიცემული სიტყვა შევასრულოთ. ისე კი არა, სააკაშვილი რომ ჩადიოდა რუსეთში და მერე სიტყვას ტეხდა, საბოლოოდ კი ომში ჩაგვრთო. კავკასიაში ისეთ ვირეშმაკულ პოლიტიკას, როგორსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს, არავინ გვაპატიებს, ამიტომ დროა, გონს მოეგონ!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here