Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი ზარქუა – ვერ გავიზიარებდით სააკაშვილის შესახებ ჩანაწერს რეზოლუციაში, რომელსაც 600-კაციან დარბაზში...

ირაკლი ზარქუა – ვერ გავიზიარებდით სააკაშვილის შესახებ ჩანაწერს რეზოლუციაში, რომელსაც 600-კაციან დარბაზში მხოლოდ 55-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი, მათ შორის იყვნენ ხატია დეკანოიძე და მისი შანტრაბა

57

მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, რუსეთი აგრესორია, ოკუპანტია, მაგრამ ჩვენ ვერ გავიზიარებდით სიცრუეს, რაც რეზოლუციის მეოთხე პუნქტში შესწორებაში იყო, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, 600-კაციან დარბაზში მხოლოდ 55-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი რეზოლუციის იმ ნაწილს, სადაც სააკაშვილის შესახებ იყო საუბარი.

„ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი სამარცხვინო მცდელობა იყო ფასიანი ლობისტების მხრიდან. იმდენად უსუსურები იყვნენ როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტები უკრაინის რადაში, მათ შორის ევროსაბჭოში წარმომადგენლები, ვინც ჰყავთ ფასიანი ლობისტები, რომ ჩემი აზრით, ამ სამარცხვინო რეზოლუციის მხარდაჭერა 600-კაციან დარბაზში მხოლოდ 55 ხმით მოხდა. წარმოიდგინეთ, 600-კაციან დარბაზში მხოლოდ 55 ადამიანი გამოიძებნა, მათ შორის ხატია დეკანოიძე და მისი შანტრაბა, ვინც იყო ჩასული ევროსაბჭოში. რატომ სამარცხვინო? რადგან იქ ჩაიწერა მეოთხე პუნქტი, სადაც სააკაშვილი, რომელიც ბრალდებულია და მისჯილი აქვს, თურმე პუტინის პატიმარი ყოფილა. ესე იგი, გირგვლიანის მკვლელობა და შემდეგ მისი ხელის დაფარება თურმე პუტინის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო. ახლა რა თემებიც იხილება, „იმედის“ დარბევა, ჟურნალისტების ცემა-ტყეპა, გალახვა, შევიწროება, თურმე პუტინის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო. ათეულობით მილიონის გაფლანგა, რომელიც მოჰპარა ქართველ ხალხს, გახარჯა და დღემდე იკვლევენ, სად, როგორ დახარჯა – თურმე ეს სააკაშვილის მხრიდან პუტინის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო.

ესაა მათი ხელწერა და ამიტომაც არის, რომ მხოლოდ 55 ადამიანმა დაუჭირა მხარი. ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ. დიახ, რუსეთი არის ოკუპანტი, აგრესორი, რომელმაც დაიპყრო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, რომელიც უტევს უკრაინას. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, რუსეთი აგრესორია, ოკუპანტია, მაგრამ ჩვენ ვერ გავიზიარებდით იმ სიცრუეს, რაც მეოთხე პუნქტში შესწორებაში იყო“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც არის საუბარი. კერძოდ კი, აღნიშნულია:

„ასამბლეა ასევე მოუწოდებს, გადაიხედოს სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეები, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ გამოდიან რუსეთში და სხვა ქვეყნებში და გათავისუფლდნენ ისინი (მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის მოქალაქე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი)“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია 13 ოქტომბერს დაამტკიცა, რომელშიც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად არის გამოცხადებული. ასამბლეა ასევე მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here