Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი რუხაძე: ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი საფრთხეები: პირველია, რომ ომში არ ჩაგვითრიონ...

ირაკლი რუხაძე: ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი საფრთხეები: პირველია, რომ ომში არ ჩაგვითრიონ და მეორე – თუ ამერიკამ შეცვალა თავისი მიმართულება, მაშინ, სად დარჩება საქართველო?

131

პირველი საფრთხეა, რომ ომში არ ჩაგვითრიონ, მეორეა – თუ ამერიკამ შეცვალა თავისი მიმართულება (ყველას იმედი გვაქვს, რომ ეს არ მოხდება), მაშინ სად დარჩება საქართველო?! აი, ამ ორი რაღაცის დაბალანსება უწევს დღეს ჩვენს მთავრობას, რაც არის წარმოუდგენლად რთული საქმე, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. მისი თქმით, ამაში ხელისუფლებას ყველა უნდა დაეხმაროს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი საფრთხეები. არის 2 ფუნდამენტური საფრთხე, რომელსაც ჩემზე კარგად ხედავს ჩვენი ხელისუფლება, რომელსაც ქართველმა ხალხმა 2024 წლამდე ჩააბარა ქვეყანა. ეს ხალხი, ჩემზე უკეთ ხედავს ამ საშიშროებებს. პირველია, რომ ომში არ ჩაგვითრიონ. თუ დასავლეთმა გააგრძელა ის კურსი, რომელიც აქვს აღებული და უკრაინას დაეხმარება ბოლომდე, ბოლო-ბოლო დასავლეთი გაიმარჯვებს, როგორც ავღანეთში გაიმარჯვა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. საბჭოთა კავშირი და აშშ 1980 წელს ბევრად უფრო ახლოს იყო ერთმანეთთან, ვიდრე, დღეს რუსეთი და აშშ არიან. დღეს ამერიკასთან არავინ არის ახლოს, ასეთი ძლიერი ქვეყანა კაცობრიობას არ ჰყოლია და ასეთი ძლიერი ამერიკა არასდროს ყოფილა. ამიტომ ამერიკამ თუ გადაწყვიტა, რომ რუსეთს დაუპირისპირდეს (ამერიკა, ევროპა), მაშინ, რა თქმა უნდა, რუსეთს დაამარცხებს, როგორც საბჭოთა კავშირი ავღანეთის ომში დაამარცხა და მერე გადაჰყვა კიდეც ის წყობა. თუ ეს გაგრძელდება, ომში არ უნდა ჩაგვითრიონ, იმიტომ, რომ ცუდი ზავი სჯობია კარგ ომს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა ჩვენი მთავრობის და ჩვენი ქვეყნის. მეორე: თუ, ამერიკამ შეცვალა თავისი მიდგომა იმიტომ, რომ ამერიკა დემოკრატიაა, 4 წელიწადში ერთხელ არჩევნებია, ახლა დიდი ალბათობით კონგრესი და სენატი შეიცვლება და შესაძლოა მოვიდეს ის ხალხი, ვინც ტრამპს უჭერს მხარს (რესპუბლიკელები), ამის შემდეგ შეიძლება 2 წელიწადში თვითონ ტრამპი დაბრუნდეს, ან ვინმე მაგდაგვარი. ამერიკა ძალიან აჭრილი ქვეყანაა და ტრამპმა კი არ არია, ტრამპმა ანახა ის, თუ რამდენად ორპოლუსიანია ამერიკა და თურმე როგორი გახლეჩილია. ეს უბრალოდ ტრამპმა გამოიტანა, კი არ გაუხლეჩავს მას. მეორეა, რომ თუ ამერიკამ შეცვალა თავისი მიმართულება (ყველას იმედი გვაქვს, რომ ეს არ მოხდება), მაშინ სად დარჩება საქართველო?! აი, ამ ორი რაღაცის დაბალანსება უწევს დღეს ჩვენს მთავრობას, რაც არის წარმოუდგენლად რთული საქმე და მგონია, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და განვითარებისთვის, რომ ჩვენ რაღაცნაირად ყველა უნდა დავეხმაროთ ამაში.

აშშ ჩემთვის სამაგალითო ქვეყანაა, რა თქმა უნდა იდეალური ქვეყანა არ არსებობს. როგორც აღვნიშნე, ტრამპმა დაგვანახა, რომ ამერიკა ძალიან გახლეჩილია. ამერიკაშიც არის ის, რომ ერთი ნაწილი ცდილობს თავისი იდეები მეორე ნაწილს მოახვიოს თავს და ეს განსაკუთრებით ჩანს ჩვენი გადმოსახედიდან, რადგან ჩვენ მთლად არ ვართ ამ იდეებისთვის მზად; თუ ამერიკელი არაა მზად ასეთი იდეებისთვის და იქ არის ეს გახლეჩა, წარმოიდგინეთ, ჩვენ, რომლებიც სულ სხვა კულტურიდან მოვდივართ, უცბად ეს იდეები ჩვენზე რომ გადმოდის. ამერიკა ამ რაღაცებს თავს არ უნდა გვახვევდეს. მე, როგორც ამერიკის მოქალაქე, ისე ვამბობ: ამერიკა იცავს ამერიკის ინტერესებს, რაც მაინც და მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ეს საქართველოსთვის ცუდია. ფუნდამენტურად ამერიკა ყველაფერს უყურებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე და ეს ინტერესები იცვლება (იყო ტრამპი და ავღანეთში რაღაც ხდებოდა, მოვიდა ბაიდენი და გამოიყვანეს ჯარები) და შეიძლება იყოს დრამატული ცვლილებები; საქართველო არის ერთი ქვეყანა 190-დან, ამიტომ უნდა შევეცადოთ, რომ ამ ცვლილებების დროს არ გავიჭყლიტოთ“, – განაცხადა რუხაძემ.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here