Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს ეჭვები სანქციებთან დაკავშირებით, საიდან, როგორ ხდება ეს ყველაფერი,...

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს ეჭვები სანქციებთან დაკავშირებით, საიდან, როგორ ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ არც ამაზე გვსურს საუბარი, რადგან აბსურდია თავისი შინაარსით

104

ეს არის აბსურდული თემა და აბსურდულ თემებზე კომენტარის გაკეთებაც არარელევანტურია. ჩვენ მანამდეც გვახსოვს უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების განცხადებები ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აქ ახალი არაფერია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ერთ-ერთ უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებულ სიასთან დაკავშირებით.

კერძოდ, უკრაინულ ვებგვერდზე – sanctions.nazk.gov.ua, რომელიც ქვეყნის საგარეო უწყების მხარდაჭერითაა შექმნილი, გამოქვეყნებულია ფიზიკური პირების მონაცემები, რომელთაც, ამავე საიტის თანახმად, ჯერ არ შეხებიათ სანქციები. მათ შორის არიან ლევან ვასაძე, ოთარ ფარცხალაძე, სულხან პაპაშვილი, დავით ხიდაშელი, ვანო ჩხარტიშვილი, ტატე მამაცაშვილი, უჩა მამაცაშვილი, გიორგი კაპანაძე, ირაკლი რუხაძე, ქეთევან ხარაიძე, ალექსანდრე ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილი.

კობახიძის თქმით, ამ თემაზე არ სურთ დამატებითი კომენტარების გაკეთება, რადგან თავისი შიინაარსით აბსურდია.

„მათი ერთ-ერთი ლიდერი, იგივე არახამია გამოდიოდა პირდაპირ ამ მოთხოვნით. სიახლე ამაში არაფერია. ჩვენ  გვაქვს ჩვენი ეჭვები იმასთან დაკავშირებით, საიდან, რა, როგორ ხდება, მაგრამ არც ამაზე გვსურს საუბარი. ზოგადად ამ თემაზეც არ გვინდა დამატებითი კომენტარების გაკეთება, რადგან აბსურდია თავისი შინაარსით“, – განაცხადა კობახიძემ.

ამავდროულად, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს დავა შვეიცარიულ ბანკთან და არა პირიქით. კობახიძის განმარტებით, დიდი ხნის წინ დაიწყო საქმე, რომელიც დღეს განიხილება სასამართლო წესით.

„რაც შეეხება სამართლებრივ დავას, საქმე ეხება იმას, რომ თავის დროზე, მარტივად ბანკმა მოიპარა, პირდაპირ მოხსნა ანგარიშიდან ასეულობით მილიონი დოლარი და ამასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს აქვს დავა ბანკთან და არა პირიქით. დღეს ისე იყო წარმოჩენილი, თითქოს ბიძინა ივანიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. რეალურად, ხდება გამოკითხვა იმ საქმესთან დაკავშირებით, სადაც ბიძინა ივანიშვილს აქვს პრეტენზიები ბანკთან და არა პირიქით.

ბანკმა მოიპარა ასეულობით მილიონი დოლარი და როდის დაიწყო ეს ყველაფერი? დაიწყო დაახლოებით 10-15 წლის წინ, რა შუაშია აქ სანქციები და ა.შ. დიდი ხნის წინ დაიწყო ქურდობის ის საქმე, რომელიც დღეს განიხილება სასამართლო წესით, ეს არის რეალობა და ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილს აქვს პრეტენზიები. ყველაფერი უკავშირდება დიდი ხნის წინ დაწყებულ თემას. ყველაფერზე კომენტარებს აკეთებს და გააკეთებს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ჩვენ შემოვიფარგლებით მხოლოდ იმ კომენტარებით, რომელიც პოლიტიკას უკავშირდება, ხდება ამ თემის პოლიტიზება და იმისთვის, რომ არ მოხდეს ამ თემით სპეკულირება, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვიწევს კომენტარების კეთება. მაგრამ რაც შეეხება თვითონ საქმეს, საქმესთან დაკავშირებით კომენტარებს აკეთებდა აქამდეც და გააკეთებს მომავალშიც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here