Home ახალი ამბები საქართველო იმამი ხომეინი, ირანის სულიერი და პოლიტიკური ლიდერი

იმამი ხომეინი, ირანის სულიერი და პოლიტიკური ლიდერი

289
მაია კაპანაძე
მაია კაპანაძე

ისლამური რევოლუციის 45 წლის შემდეგაც კი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმამ ხომეინის მსოფლმხედველობას იზიარებენ და უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. ის იყო ისლამური რევოლუციის ბელადი და ირანის ისლამური რესპუბლიკის ფუძემდებელი.

სეიდი აიათოლა ალ-უზმა რუჰოლა მუსავი ხომეინი იყო არა მხოლოდ ირანელი შიიტი სასულიერო მოღვაწე და ამ ქვეყნის სულიერი, არამედ პოლიტიკური ლიდერიც, რომელიც ხელმძღვანელობდა 1979 წლის ირანის ისლამურ რევოლუციას. ამ რევოლუციის შედეგად ტახტიდან ჩამოგდებულ იქნა მოჰამად რეზა ფეჰლევი, ირანის ბოლო შაჰი. ამითი ირანში დასრულდა შაჰების 2500 წლიანი პერიოდი.

უნდა აღინიშნოს, რომ ხომეინი სულიერ წინამძღვრადაა მიჩნეული არა მხოლოდ ირანელებისათვის, არამედ მრავალი სხვა მუსლიმისთვისაც. მას ოფიციალურად იმამს უწოდებენ. ბევრი აიათოლა ხომეინის XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად მიიჩნევს. ჟურნალმა „ტაიმ”-მა ის საუკუნის ადამიანად გამოაცხადა.

სეიდი რუჰოლა დაიბადა სამხრეთ აღმოსავლეთ ირანის დაბა ხომეინში, თეირანიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით. მამამისი, სეიდი მუსტაფა იყო მარჯა, რომელიც 1903 წლის მარტში მოკლეს ბანდიტებმა. რუჰოლა კი გაზარდეს დედამ და მამიდამ. დაბა ხომეინის მახლობლად პატარა ქალაქ არაქში 1920 წელს სეიდ რუჰოლამ დაიწყო ფიკჰის შესწავლა, სადაც მისი მასწავლებელი იყო ადგილობრივი მარჯა, აბდულქარიმ ჰაირი. 1922 წელს ხომეინი გაემგზავრა წმინდა ქალაქ ყუმში, სადაც სწავლა დაიწყო დარუშ-შაფას სასწავლებელში. ამ პერიოდში, გარდა ფიკჰისა, ხომეინიმ შეისწავლა ეთიკა, ფილოსოფია, ლოგიკა. ყუმიდან ხომეინი გაემგზავრა ქალაქ ნაჯაფში (ერაყში).

ხომეინი ირანის პოლიტიკურ ასპარეზზე გასული საუკუნის 60-იანი წლების დამდეგიდან გამოჩნდა. ამ პერიოდიდან მიიღო მან აიათოლას წოდება. 1962 წლიდან ხომეინი აშკარად დაუპირისპირდა შაჰის მიერ წამოწყებულ აგრარულ რეფორმებს. ამ პერიოდში შაჰ მოჰამად რეზა ფეჰლევის ენყელაბ-ე სეფიდიმ (თეთრმა რევოლუციამ), რაც მიმართული იყო ქვეყნის სრული სეკულარიზაციისა და ვესტერნიზაციისაკენ, ხალხი და სასულიერო კლასი მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.

1963 წლის იანვარში, როცა შაჰმა ცნო ენყელაბ-ე სეფიდი სახელმწიფოს მოქმედების მთავარ დოქტრინად, სადაც შაჰის გარდა სხვა ავტორიტეტისთვის ადგილი არ რჩებოდა. ასეთ ავტორიტეტებად, უპირველეს ყოვლისა, მოიაზრებოდა სასულიერო პირები და მათ შორის აიათოლა ხომეინი, რომლის გავლენაც იმ დროისათვის უკვე დიდი იყო.

იმავე წელს 24 იანვარს ირანის შეიარაღებული ძალების ორმა ჯავშანსატანკო დივიზიამ ალყაში მოაქცია ქალაქი ყუმი, სადაც მაშინ იმყოფებოდა ხომეინი. ამ ჯავშან-სატანკო დივიზიამ ქალაქში შესვლაზე უარი განაცადა. 1963 წელს, 3 ივნისს აშურას ცერემონიალზე, ფაიზიას მედრესეში გამოსვლისას აიათოლა ხომეინიმ მკაცრად გააკრიტიკა შაჰი და მისი თეთრი რევოლუცია. 5 ივნისს აიათოლა ხომეინი &ქუოტ;საბაკი”-ს თანამშრომლებმა დააპატიმრეს, რის გამოც 5-8 ივნისს ირანს გადაუარა მღელვარებათა ტალღამ. შეტაკებებს არაერთი დემონსტრანტი შეეწირა, 8 ივნისს კი აიათოლა ხომეინიმ მიმართა ხალხს, შეეწყვიტათ წინააღმდეგობა მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით. რვა თვის შემდეგ აიათოლა ხომეინი გაათავისუფლეს, თუმცა მას მალე დაატოვებინეს ირანი.

აიათოლა ხომეინი თავდაპირველად თურქეთის ქალაქ ბურსაში გადავიდა. მან ეს ქალაქი მალევე დატოვა და წავიდა ნაჯაფში (ერაყში), სადაც დაიწყო მისი აქტიური მოღვაწეობა, ხომეინიმ იქ შექმნა თავისი ფუნდამენტური ნაშრომები.

იმამმა ხომეინიმ ემიგრაციის პერიოდში ჩამოაყალიბა მოძღვრება თანამედროვე ეპოქაში სახელმწიფო მმართველობის ისლამური სისტემის შესახებ. 1971 წელს გამოქვეყნდა მისი ნაშრომი „ისლამური რესპუბლიკის მმართველობა&ქუოტ;, სადაც ვრცლადაა მოცემული ისლამური სახელმწიფოს სტრუქტურული მოდელის თეორიული დასაბუთება. ისლამური რესპუბლიკის ხომეინისეული კონცეფცია დამყარებულია სახელმწიფო მოწყობის რესპუბლიკურ ფორმაზე თეოკრატიული შინაარსით, რაც გულისხმობს სასულიერო და საერო ხელისუფლების ისეთ პირობებს, სადაც უპირატესი და განმსაზღვრელი როლი პირველს ეკუთვნის.

მრავალმხრივია იმამი ხომეინის შემოქმედებითი მემკვიდრეობა. მას ეკუთვნის მონოგრაფიები, სტატიები, ტრაქტატები, რომლებიც ეძღვნება მუსლიმურ ღვთისმეტყველებას და ზოგადად რელიგიას, სამართალს, ფილოსოფიას, ეთიკას, ისტორიას, პოლიტიკას, საერთაშორისო ურთიერთობებს. მას ეკუთვნის ასევე სპარსული და არაბული ლიტერატურის საკითხებზე შესრულებული კულტუროლოგიური ნაშრომები და ფილოლოგიური კვლევები. ცნობილია აგრეთვე იმამი ხომეინის პოეტური შემოქმედებაც. მისი ფილოსოფიურ- მისტიკური ლექსების ნაწილი ქარღულადაცაა თარგმნილი და გამოქვეყნებული.

აიათოლა ხომეინი ემიგრაციაში ყოფნის დროს კითხულობდა ლექციებს, რომლებსაც უამრავი მსმენელი ჰყავდა. მისი მტკიცებით, იმამ მაჰდის (XII იმამი) არყოფნის პერიოდში ხელისუფლება უნდა ერწყმოდეს ისლამურ სამართალს, შარიათს. ამის აღსასრულებლად მან შემოიტანა „ველაიათ-ე ფაყიჰ&ქუოტ;-ის მმართველობის ცნება, რომელიც ამ პროცესს უნდა ზედამხედველობდეს.

1978 წელს ერაყის ვიცე-პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა ხომეინის ვაჟის, მუსტაფას მკვლელობის შემდეგ „ურჩია” აიათოლა ხომეინის ერაყის დატოვება. მან მართლაც დატოვა ერაყი და წავიდა საფრანგეთში, სადაც დაჰყო ოთხი თვე.

აიათოლა ხომეინის განდევნილობის პერიოდში ირანში საკმაოდ რთული ვითარება იყო: დიდი კონტრასტი მოსახლეობასა და მმართველ კლანს შორის, კორუფცია, უცხოელებისათვის დიდი პრივილეგიები და ა.შ. ამის გამო ქვეყანაში საპროტესტო ტალღა სულ უფრო იზრდებოდა.

1979 წლის 16 იანვარს შაჰ მიჰამად რეზა ფეჰლევის სამუდამოდ მოუხდა ირანის დატოვება, თუმცა ის იმედოვნებდა, რომ სიტუაცია მოგვარდებოდა. შაჰის გაქცევიდან ორი კვირის თავზე, 14- წლიანი გასახლების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა ისლამური რევოლუციის მთავარი შემოქმედი და ირანის მომავალი უმაღლესი სულიერი ლიდერი აიათოლა ხომეინი. ის დაბრუნდა ირანის განახლების იდეით, ახალი წესრიგისა და ახალი სახელმწიფოს იდეით, რომლის მსგავსიც მსოფლიოს მანამდე არ ენახა. ირანში დაბრუნებისას მას დახვდა მილიონობით მხარდამჭერი – მხოლოდ თეირანის აეროპორტის მახლობლად მას ელოდა 3 მილიონამდე მხარდამჭერი. 1979 წლის 11 თებერვალს (ირანული კალენდრით 22 ბაჰმანს) მომხდარი მოვლენები ისტორიაში შევიდა ირანის ისლამური რევოლუციის სახელით

იმავე წლის პირველი აპრილის რეფერენდუმზე ხომეინის ინიციატივით ირანის ისლამურ სახელმწიფოდ გარდაქმნის საკითხი გამოიტანეს. ამ ინიციატივას მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. ერთ დროს სეკულარული ირანი მსოფლიოში ერთადერთ და უნიკალურ ისლამურ სახელმწიფოდ გარდაიქმნა.

ახალი სახელმწიფო – ირანის ისლამური რესპუბლიკა – მოეწყო ვილაიათ-ე ფაყიჰის მოდელის მიხედვით. ხოლო ქვეყნის პირველი სულიერი ლიდერი და ხელმძღვანელი 1979-1989 წლებში აიათოლა ხომეინი იყო. ირანის პირველ პრეზიდენტად კი აირჩიეს სამოქალაქო იურისტი აბულჰასან ბანისადრი.

ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ ხომეინიმ მთლიანად შეცვალა ირანის პოლიტიკურ-რელიგიური გარემო და შიიტური ისლამი ქვეყნის პოლიტიკური სტრუქტურის განუყოფელ ნაწილად აქცია. რევოლუციის შემდეგ მომხდარმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა ძალაუფლების გამყოფ ტრადიციულ სამ შტოზე მაღლა დიდი აიათოლა ხომეინი დააყენა.

აიათოლა ხომეინის საგარეო პოლიტიკა მიმდინარეობდა ირანის ისლამური რევოლუციის დევიზის — საბჭოთა კავშირი და ამერიკა – ორივე ჩვენი ხალხის მტერია – მიხედვით. არაბულმა სეკულარულმა რეჟიმებმა დიდი საფრთხე დაინახეს ირანის ისლამური რევოლუციის გავრცელებაში, განსაკუთრებით ეს საფრთხე დაემუქრა ერაყის ბაასისტურ რეჟიმს. გარდა ირანის უშუალო მეზობლობისა, ერაყში არის მრავალრიცხოვანი შიიტი მოსახლეობა, რაც საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენდა სადამ ჰუსეინისათვის. 1980 წლის აგვისტოში ერაყმა გააუქმა ალჟირის 1975 წლის შეთანხმება ირანთან, ხოლო სექტემბერში ერაყის არმიამ შეუტია ირანს და დაიკავა ხუზესტანი. დაიწყო ირან-ერაყის რვაწლიანი ომი. ომი გრძელდებოდა 1988 წლამდე, რაც საბოლოოდ ორივე ქვეყნისათვის ომამდელი პოზიციების აღდგენით დასრულდა.

1989 წლის 3 ივნისს იმამი ხომეინი გარდაიცვალა. მის დაკრძალვას დაესწრო მილონობით ადამიანი, რომლებმაც კინაღამ შეიწირეს ხომეინის ხის კუბო – ყველა ცდილობდა მიახლოვებოდა და შეხებოდა იმამს.

ზაჰრა ეშრაყი, აიათოლა ხომეინის შვილიშვილი იხსენებს: ბაბუა საკმაოდ დიდი პატივისცემით ეკიდებოდა მშვენიერ სქესს. მრავალი მისი ფათვა (ფეტვა) ეხება ქალების დაცვას ოჯახური ძალადობისაგან. მას არასდროს არ უთქვამს: რადგან ქალი ხარ, ეს ასე გააკეთე, ან რადგან ქალი ხარ, მამაკაცზე უფრო ნაკლები ხარ.

მაია კაპანაძე,
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here