გული გიცემთ? სუნთქავთ? რამე ხომ არ დაგემართათ?!

    გული გიცემთ? სუნთქავთ? რამე ხომ არ დაგემართათ?!

    საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკამ“ გაავრცელა საგანგაშო ინფორმაცია: „საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი 15 იანვარს საელჩოში აქტივისტებს შეხვდა. ელჩი პეტერ ფიშერი ოპოზიციის აქტივისტებს უხსნიდა, რომ „დღევანდელი საპროტესტო ღონისძიებები მომავალში შედეგს არ მოიტანს, რის გამოც აუცილებელია, საპროტესტო აქციებს როგორც ირანში მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი, რომელიც გადაიზარდა მასობრივ რადიკალურ პროტესტში, ასეთივე სცენარით განვითარდეს მოვლენები საქართველოში.”

    ოპოზიციასთან ელჩების ეს გაუთავებელი შეხვედრები და კურკური მაინცდამაინც ლამაზად არ გამოიყურება. კი ბატონო, დიპლომატიურ კორპუსს ვერ აუკრძალავ, ოპოზიციურ აზრს იცნობდეს და პოლიტიკურ პროცესებზე საქმის კურსში იყოს, მაგრამ სად გაგონილა, რომ ელჩები ამ პროცესებს გეგმავდნენ?! სად გაგონილა, რომ ელჩები ოპოზიციას ხელმძღვანელობდნენ, აფინანსებდნენ და მიმართულებას აძლევდნენ?! მით უფრო, სად გაგონილა, რომ ელჩები მსხვერპლის გაღებას ითხოვდნენ და სისხლიანი გზის პროპაგანდისტებად და რეკომენდატორებად გვევლინებოდნენ?! ეს კონკრეტული ადამიანის მიერ ჩადენილ შეცდომასაც სცდება და დანაშაულსაც. ეს ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი მძიმე დანაშაულია.

    არაფერია გასაკვირი.

    ეს პირველი შემთხვევა ხომ არ არის?!

    გახსოვთ, ამ ბატონის (გერმანიის ელჩის) ადრინდელ მცდელობებს, ოპოზიციისთვის მხარდაჭერის გზით საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევისა, როგორი მკვახე შეფასებები მოჰყვა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის მხრიდან: მე მგონია, სრულიად ზედმეტია ბატონ ფიშერზე კომანტარების გაკეთება, ამოეწურება, როცა იქნება, საკუთარი უფლებამოსილების ვადა და დატოვებს ქვეყანას, აბსოლუტურად ზედმეტი მგონია ამ კაცზე რაიმე კომენტარის გაკეთება. რაც შეეხება დაბარებას, ეს არის დიპლომატიური ღონისძიება, ზომა, როდესაც საქართველოში მოქმედი ელჩი არღვევს უხეშად ვენის კონვენციის პრონციპებს, ასე ხდება-ხოლმე. მისი დაბარება ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა. თუ მოუნდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დეტალურად კომენტარს გააკეთებს ამასთან დაკავშირებით, ზოგადად შემიძლია შეგახსენოთ, რომ ბატონი ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში, პირდაპირ ცდილობს ზეწოლა მოახდინოს მართლმსაჯულებაზე და ა.შ.“

    გერმანიის ელჩის საკითხი თითქმის დიპლომატიურ სკანდალში გადაიზარდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ გერმანიამ იგი კონსულტაციებისთვის გაიწვია. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა: „მრავალი თვის განმავლობაში საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიის და ასევე პირადად გერმანიის ელჩის, ფიშერის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებს. შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა მიიღო გადაწყვეტილება, გაიწვიოს ელჩი ფიშერი კონსულტაციებისთვის, როგორ გაგრძელდება მუშაობა.”

    არც ევროპული ქვეყნების ოთხი საგარეო საქმეთა მინისტრის (ლიეტუვის, ისლანდიის, ესტონეთის, ლატვიის) რუსთაველის პროსპექტზე დგომა და ოპოზიციისთვის ხმაურიანი მხარდაჭერა დავიწყნია ვინმეს, რასაც პრესა ასე აღწერდა: აქციის მონაწილეები საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს რუსთაველზე ელოდებიან. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს განგაშის სიგნალი აქვთ ჩართული. ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დილიდან თბილისში იმყოფება. მათ განცხადებები გააკეთეს და “ოცნებას” პირდაპირ უთხრეს, რომ ან ევროპა უნდა აირჩიონ, ან რუსეთი.”

    ან თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ დროშის დღის აღნიშვნის საბაბით აშკარად შეურაცხგვყვეს იმით, რომ დროშა თავიანთი აგენტურისა და უხამსი ჟესტის ფონზე წარმოაჩინეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იძულებული იყო, რომ ეს ფაქტი ასე შეეფასებინა: საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ევროკავშირის საელჩოს მხრიდან ვიხილეთ უხამსი, საქართველოს დროშის შეურაცხმყოფელი კადრებით ქართველი ხალხისადმი „მილოცვა“. რა თქმა უნდა, ეს უხამსობა აბსოლუტურად მიუღებელია. თავად ევროკავშირის ელჩის სიტყვები რომ გამოვიყენო, ეს არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი, რაც ვნახეთ ევროკავშირის საელჩოს სოციალური მედიის გვერდზე. ეს უხამსობა უნდა შეწყდეს. მათ ადგილას ამ ვიდეოს საერთოდ ავიღებდი, რადგან ეს უხამსობა, ქართული დროშის, ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, პირველ ყოვლისა, არის თავად ევროპის იდეის შეურაცხყოფა. ეს იყო გარკვეული პოლიტიკური გზავნილიც. ამაზე გასაგებად როგორ უნდა გვითხრან, ვისგან არის სიძულვილი და ძალადობა შთაგონებული, დაფინანსებული და მართული? ჩემი რჩევა იქნებოდა, ეს უხამსი, საქართველოს დროშის, ქართველი ხალხის შეურაცხმყოფელი და ძალადობის წამაქეზებელი „მილოცვა“ აიღონ საკუთარი გვერდიდან.“

    უამრავი ასეთი არადიპლომატიური და შეურაცხმყოფელი ფაქტის გახსენება შეიძლება ევროპელი „დიპლომატების” განცხადებებიდან და ქმედებებიდან, მაგრამ ვფიქრობ რომ უამისოდაც ყველაფერი დღესავით ნათელია. ერთი რომელიმე ელჩის გადაცდენასთან რომ გვქონდეს საქმე, ალბათ, არც ეღირებოდა ამისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა, მაგრამ ხომ ვხედავთ, რომ ეს ევროპული სახელმწიფოებისა და ევროკავშირის ბიუროკრატიის მიზანმიმართული ქმედებაა საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. აქ ელჩები არაფერ შუაში არიან. ისინი იმ სახელმწიფოთა ოფიციალურ დავალებებს ასრულებენ, რომლებსაც წარმოადგენენ. განა ამისი დასტური არ არის გერმანიის ოფიციალური სიტყვები, რომლებითაც ელჩი გაიწვიეს? ეს სიტყვები ზემოთ მქონდა ციტირებული, მაგრამ მისთვის ხაზგასმა ამ კონტექსტში უფრო სწორი მეჩვენება: მრავალი თვის განმავლობაში საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიის და, ასევე პირადად, გერმანიის ელჩის, ფიშერის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებს. შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა მიიღო გადაწყვეტილება, გაიწვიოს ელჩი ფიშერი კონსულტაციებისთვის, როგორ გაგრძელდება მუშაობა.” ელჩი იმ მიზნით კი არ გაიწვიეს, რომ საქმეში გარკვეულიყვნენ. მათ პირდაპირ დადეს დასკვნა, რომ „მრავალი თვის განმავლობაში საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიის და ასევე პირადად გერმანიის ელჩის, ფიშერის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებს.” კი არ შეისწავლეს რამე, თავიანთი ელჩის პოზიცია უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტებად გამოაცხადეს. ისეთ შემთხვევებში, როდესაც ელჩი კონფლიქტში შედის იმ ქვეყნის ხელისუფლებასთან, სადაც წარგზავნილია, ხელისუფლება მას აძევებს ქვეყნიდან. ეს მიღებული პრაქტიკაა და ამისი უფლება ნებისმიერ ქვეყანას აქვს, მაგრამ, როგორც წესი, ასეთ პრაქტიკას ძლიერი სახელმწიფოები მიმართავენ, სუსტები კი ძლიერთა წინაშე ამგვარი დემარშებისგან თავს იკავებენ. ალბათ, ესაა მიზეზი, რომ ეს ორი ხულიგანი დიპლომატი (ფიშერი და ჰერჩინსკი) აქამდე განაგრძობენ მუშაობას საქართველოში.

    მე რომ მკითხონ, ამ საქმეს ელჩის გაძევება ვერ უშველის. ეს თავხედები რომ გააძევონ, უფრო თავხედებს გამოგზავნიან. ამიტომ, საქართველოდან ევროპის ელჩები კი არა, მთლიანად კონტინენტია გასაძევებელი – თავხედი, მოძალადე და გაბითურებული კონტინენტი, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი ხან აფურთხებს, ხან აპანღურებს, ხან ტერიტორიებს ართმევს, ხან გადასახადების უზრდის, მაგრამ სიბრიყვის მდგომარეობიდან ვერ გამოჰყავს, რადგან უსაშველო სჭირს. საოცარია!

    ხელისუფლებას მივმართავ: მათ ვინც შეურაცხგყოფთ, რატომ ელოლიავებით ამდენს, რა საჭიროა ეს გაუთავებელი რევერანსები ამ შეშლილი კონტინენტის წინაშე, რომელიც დიდი ხანია სუიციდის რეჟიმშია გადასული და, რუსოფობიით გაბოროტებული, ჰარაკირს იკეთებს?! ნუთუ, პირდაპირ არ შეგიძლიათ უთხრათ, რომ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა და რუსეთთან ომში ჩვენს ჩასართავად მოწყობილი პროვოკაციების გამო წყვეტთ მათთან ურთიერთობას?!

    არ შემიძლია არ გითხრათ, რომ თქვენც შეშლილობა გჭირთ, რუსოფობიის უმძიმესი პოლიტიკური სენით ხართ შეპყრობილი და, ევროპელებივით ჰარაკირისთვის ემზადებით. საკუთარ ხალხში რეიტინგის ნასახი აღარ შეგრჩათ, დასავლეთმა წიხლი გკრათ, რუსეთისკენ ნაბიჯის გადადგმა არ გინდათ და, ვერ გაგვიგია, სად აპირებთ, რომ მიიდრიკოთ თავი?! „სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი?!” – ბარათაშვილს აწუხებდა ეს პრობლემა და ფიქრობდა ამაზე. ბარათაშვილი კი არა, თვით მაცხოვარს აფიქრებდა ეს პრობლემა: „და უთხრა მას იესომ: მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს ბუდეები; ძეს კაცისას კი არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი!” თქვენ არ გჭირდებათ, რომ ან ფეხქვეშ ან თავქვეშ საყრდენი იგრძნოთ?! დაბნეულობა რა მოსატანია, გამოშტერებულებივით ხართ. თენგიზ აბულაძის დიდებული ფილმისა არ იყოს, ისეთ პოზაში დგახართ თითქოს (საიდანღაც) შემოლაწუნებას ელოდებით. სრული დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ შემოგილაწუნებენ, თანაც მტკივნეულად. მსოფლიო დუღს, თქვენ კი ლოკალურ და დროებით სიმშვიდეში ჩაძირულხართ, რომელიც, შეიძლება ხვალვე კი არა, დღესვე გამოგეცალოთ ხელიდან. ერთმანეთის დაჭერაზე კი გადახვედით, მაგრამ ეგ ხანგრძლივი პროცესია. ემანდ, ეშმაკი არ იყოს ჩასაფრებული, ვიღაცა არ მოვიდეს და ორივე მხარე ერთიანად არ დაგიჭიროთ…

    მინდა, მოვიდე და პულსი გაგისინჯოთ – გული გიცემთ? სუნთქავთ? რამე ხომ არ დაგემართათ?!

    ვალერი კვარაცხელია

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here