რამდენიმე დღე რჩება ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ინაუგურაციამდე. მსოფლიო საზოგადოებრიობა გლობალურ პოლიტიკაში ცვლილებებს ელოდება, ცვლილებების ჩამონათვალი კი დიდია.
ცვლილებებს ელოდება საქართველოც _ ტრამპის იმედი საქართველოს ხელისუფლებასაც აქვს და ე.წ. ოპოზიციასაც…
როგორი იქნება 2025 წლის რეალური პოლიტიკა, რა იქნება მთავარი მოვლენები? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე “ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვესაუბრება:
_ ევრაზიის კონტინენტზე არის ორი მთავარი პრობლება _ უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის, კერძოდ, ისრაელის კონფლიქტები, რომლებიც მოსაგვარებელია. ვფიქრობ, ამ კონფლიქტების მოგვარება ვერ მოხერხდება, მაგრამ შედარებით გრილ ფაზაში გადაიყვანენ. ეს იქნება, ალბათ, მსოფლიო პოლიტიკის მთავარი ღერძი. 2025 წელს კონფლიქტების რეგულირება ვერ მოესწრება, გაგრძელდება, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ მაინც შეძლებენ მათ ჩაცხრობას.
შემდეგი გლობალური პრობლემა არის აშშ–ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე, მნიშვნელოვანია ევროკავშირის მომავალი, რადგან იქ უკვე გაჩნდა ბევრი წინააღმდეგობა მთავრობებს შორის, ლიბერალურ ევროპაში გაძლიერდნენ ახალი ძალები, რომლებიც ახლებურად უყურებენ თავიანთი ხალხებისა და ქვეყნების მდგომარეობას, ევროკავშირსაც ძველებურად აღარ განიხილავენ. ეს წელიწადი შეიძლება ევროპისთვისაც ბიძგებისა და რყევების პერიოდი იქნეს.
ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტის რიტორიკიდან გამომდინარე, რეალური პოლიტიკა კანადის მიმართ, ასევე, ტრამპის სანუკვარი ოცნება, რომ ხელში ჩაიგდოს გრენლანდია. ძალიან საეჭვოა, კანადის ელიტებმა ამერიკის შტატად გადაქცევა მოისურვონ, მაგრამ წნეხი იქნება. წნეხი იქნება პატარა დანიასა და გრენლანდიაზე მცხოვრებ ერთ მუჭა მოსახლეობაზე. ეს კუნძული ძალიან მდიდარია წიაღისეულით. მას, ამასთანავე, დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს _ გრენლანდიის მფლობელ ამა თუ იმ სახელმწიფოს უჩნდება პრეტენზია ჩრდილოყინულოვან ოკეანეზე და მის რესურსებზე. ეს იქნება არქტიკისთვის ბრძოლა, რაც მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოსთვის.
შორეულ აღმოსავლეთში ჩინეთისა და ტაივანის ურთიერთობებია აღსანიშნავი. ეს ურთიერთობები თანასწორი არ არის, რადგან ტაივანი აღიარებული არ არის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.
მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ირანისა და რუსეთის თანამშრომლობა, როგორი იქნება ბრიჩსი _ განვითარდება თუ არა, დარჩება პლატფორმად თუ მიიღებს ორგანიზაციის სახეს.
ეს არის მოკლე მონახაზი იმ პროცესებისა, რომლებიც ამ წუთისთვის არის აქტუალური…
_ თქვენ მიერ ჩამოთვლილ აქტუალურ საკითხებში არ ჩანს საქართველო და კავკასია. ტრამპის ინაუგურაციას კი დიდი ამბით ველოდებით…
_ საქართველოს ხელისუფლება მთლიანად არის დამოკიდებული ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებზე. ტრამპი გადამრჩენად არის აღქმული. მისი იმედი ე.წ. ოპოზიციასაც აქვს, რადგან სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ტრამპს, რაც მნიშვნელოვანია. ტრამპი ტურისტებს არ ხვდება და არც ზურაბიშვილი იყო ტურისტი…
საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს “აუხტა”, რაც შესაძლოა, ძალიან ცუდად დასრულდეს, მაგრამ ამ ყველაფერში მთავარია, ჩვენი ქვეყნისთვის არ დასრულდეს ცუდად. ჩვენ არ გვინდა ომი რუსეთთან, მაგრამ მერწმუნეთ, არც ამერიკასთან გვსურს ომი.
_ შეიძლება, საქართველო გლობალურ პოლიტიკაში ყურადღების მიღმა დარჩეს?
_ მსოფლიოს ყურადღების მიღმა დარჩენა ხელს არ აძლევს საქართველოს, რადგან წუმპედ ვიქცევით. არ არის კარგი, ყველამ დაგვივიწყოს.
საქართველო, შესაძლოა, ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდეს, რადგან ბევრი ადამიანი გადის ქვეყნიდან, სიკვდილიანობა ჭარბობს შობადობას. ის ციფრები, რომლებსაც სტატისტიკა გვიჩვენებს, ჩვენი ეკონომიკისთვის არაფერს ნიშნავს.
საქართველოში საქმდებიან უცხოელები, ბევრი ქართველი უმუშევრობას უჩივის, დასაქმებულები კი ფერადკანიანები არიან. ეს ლიბერალური ნარკოპოლიტიკის ბრალი ხომ არ არის შემთხვევით? ამ ნარკოპოლიტიკის შემხედვარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, ძალიან ცუდი ვითარებაა…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი