ამა წლის 3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა თავისი ქვეყნიდან საქართველოს ელჩი გამოაძევა.
“ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეეწყვიტა ეს შეურაცხყოფა და შეთანხმებულიყო სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას. ჩვენმა პარტნიორებმა, უკრაინასთან კოორდინაციით, ასევე შემოგვთავაზეს გადარჩენის სხვადასხვა ვარიანტი. დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, გამოიძახოს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა თბილისში კონსულტაციების გასამართავად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს საჭირო მკურნალობისთვის. და მე მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მოაგვარონ ეს ვითარება, არ უგულებელყონ და გადაარჩინონ ეს ადამიანი. ევროპაში არც ერთ მთავრობას არ აქვს სიკვდილით დასჯის უფლება, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება”, _ დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელ “ტვიტერში”.
ამ შეურაცხმყოფელი ფაქტის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა, მაგრამ საქართველოს მთავრობას უკრაინის მხარისთვის ოფიციალური და შესაბამისი პასუხი არ გაუცია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი კი 5 ივლისს მედიისთვის მიცემულ კომენტარში ასე გამოეხმაურა უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას: „მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ“.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები განაგრძობენ საქართველოს შეურაცხყოფას. ამჯერად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის შემდეგ საქართველოს მიხედავს, რომ ,,ჯერ სამხედრო კონფლიქტზე საუბარი არ არის, მაგრამ გარკვეული პოლიტიკური ცვლილებები აუცილებლად იქნება”.
რა აქვს გასაკეთებელი საქართველოს მთავრობას, რა იქნებოდა ყველაზე სწორი ნაბიჯი, რომელიც სწრაფად უნდა გადაედგა?
გვესაუბრება “ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე:
_ დიპლომატიაში არსებობს სიმეტრიული და ასიმეტრიული ქმედებები, პასუხები… დიპლომატიაში სიმეტრიულია პასუხი, როდესაც ერთი სახელმწიფო მეორეს შესაბამისად პასუხობს არამეგობრული ქმედებისთვის. ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ იყო აუცილებელი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნიდან გაეძევებინა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, გათავხედებული კასიანოვი. ეს იქნებოდა სწორი და ყველასთვის გასაგები ქმედება. ყველამ კარგად ვიცით, როგორ შეურაცხყოფს საქართველოს ზელენსკის ხელისუფლება უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან…
აუცილებლად უნდა შეწყდეს უკრაინული ჟივილ–ხივილი. არ შეიძლება, რომ ჩვენი დედაქალაქის მერი სხდომებს მართავდეს უკრაინული დროშის ფონზე. სამთავრობო შეხვედრებისას ქართულ–უკრაინული დროშები ერთმანეთშია გადახლართული, ეს ჩვენი საზოგადოების კლინიკური დიაგნოზია _ ჩვენ ავადმყოფი საზოგადოება ვართ.
_ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კულება იმუქრება, როდესაც უკრაინას გავათავისუფლებთ, საქართველოსაც მივხედავთო…
_ დიახ, მიხედავენ. საქართველოს ბედი და საქმე უკრაინის დონის ქვეყნის გასარჩევი გახდება. აქ ევროკავშირის ქვეყნებიდანაც აღარავინ ჩამოვა, მაგრამ საქართველოს მთავრობა მაინც დაემორჩილება მათ, ჩვენი მთავრობა დაემორჩილება რუსეთსაც, მაგრამ “ევროპული კურსის” ძახილი მაინც არ შეწყდება. მოკლედ, ჩვენ სრულად დავემორჩილებით ყველას.
საქართველოს მთავრობა მორჩილია. მონები რომ არ იყვნენ, უკრაინა დამნაშავე სააკაშვილის გამო ამდენს ვერ გაგვიბედავდა.
_ პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი გამუდმებით ამბობს, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ვერავინ გაბედავს ჩვენს საქმეში ჩარევას…
_ ჩვენი ქვეყნის პრემიერი ტელეეკრანებზე ტიპობს, თავს გვაწონებს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ხმას ვერ იღებს. ღარიბაშვილი ხმას ვერ იღებს ევროპაში. ამერიკელები და ბრიტანელები რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და გვითხრეს, სანქციები დაიცავითო, ფეხქვეშ გავეგეთ და ვუმტკიცეთ, _ ყველა საერთაშორისო სანქციას ვიცავთ-თქო… თვალთმაქცობაა ყველაფერი, ყველა ერთმანეთზე უარესია ამ მთავრობაში.
არ შეიძლება უკრაინას ჩვენი ელჩის გამოძევება შევარჩინოთ. თვითონ თუ ერთი კაცი გამოაძევეს, ჩვენ ხუთი უნდა გაგვეძევებინა. ეს იქნებოდა სიმეტრიული და ადეკვატური პასუხი.
_ როგორ ფიქრობთ, ასე ჩაივლის ეს ამბავი და პასუხს არ გაცემენ უკრაინის ხელისუფლებას?
_ შესაბამისი პასუხი მყისვე უნდა გაეცათ, მაგრამ ვხედავთ, რომ აქამდე არაფერი მოუმოქმედებიათ. მეტიც: ისევ იმეორებენ, რომ უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. ეს მონის ფსიქოლოგიაა. თავსლაფი დაგვასხეს და ჩვენ ისევ ვიმეორებთ, რომ უკრაინელები მეგობრები არიან, ისევ დროშებს ვაფრილებთ, ვითომ არაფერი მომხდარა და ამხელა დიპლომატიური სკანდალი უსიტყვოდ გაატარეს. ამა თუ იმ ქვეყანასთან ცალმხივი მეგობრობა დიპლომატიური ნონსენსია. ასე რომ, ამ სახელმწიფოსგან არაფერი გამოვა, საქართველო შეუმდგარი ქვეყანაა.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი