Home ახალი ამბები საქართველო გოჩა ცოფურაშვილი: დასავლეთს სურდა, ისეთი კულტურები დაენერგა საქართველოში, ნაკლებად  მიბმული რომ ვყოფილიყავით...

გოჩა ცოფურაშვილი: დასავლეთს სურდა, ისეთი კულტურები დაენერგა საქართველოში, ნაკლებად  მიბმული რომ ვყოფილიყავით რუსეთთან

“რა აქვს საქართველოს გასაკეთებელი, არავისი საკარნახო არ არის. საქართველო მიბმულია რუსეთზე, განსაკუთრებით ხორბლის მოწოდებაში”

387

ბიოწარმოება, მწვანე მეურნეობა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი _ სწორედ ეს იყო ერთერთი იმ მრავალ მნიშვნელოვან საკითხთა შორის, რომელზეც 4 ივლისს სანქტპეტერბურგში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ქართულრუსული დიალოგის ფარგლებში გამართულ ფორუმზე ისაუბრეს.

სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების საკითხებზე საქართველოს  მხარეს წარმოადგენდა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი გოჩა ცოფურაშვილი, რომელიც “საქართველო და მსოფლიოს” თვითონ გააცნობს სიახლეებს, რომლებზეც პეტერბურგში ისაუბრეს.

_ დიდი ხანია, რაც სოფლის მეურნეობის საკითხებზე ვმუშაობ. ამ ყველაფერს მრავალმხრივი ცოდნა და ინფორმაცია სჭირდება. ფერმერიც ვიყავი, მას შემდეგ, რაც მაღალი თანამდებობები დავტოვე, ორ რაიონს ვხელმძღვანელობდი და ჩემი პირდაპირი მიმართულება სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარება იყო და არის.

სოფლის მეურნეობის დარგის მართვას გამოცდილება სჭირდება. ქვეყანას ცენტრიდანული პოლიტიკა თუ აქვს ძლიერი, ცენტრისკენულიც უნდა ჰქონდეს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამ მხრივ  სოფლის მეურნეობაა.

დღეს აქტუალურია ბიოწარმოება, მწვანე მეურნეობა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ამ მხრივ ბევრი რეგულაციაა მსოფლიოში, მაგრამ ჩვენ ამ მხრივ უამრავი რამ გვაქვს სასწავლი, გასაკეთებელი.

_ თქვენ პეტერბურგში გამართულ შეხვედრაზე ამ თემაზე ისაუბრეთ. საქართველოდან ნატურალური პროდუქტის გატანაზე, სამწუხაროდ, არავინ არასდროს დაინტერესებულა

_ საქართველოს მთავრობები ცდილობდნენ ღვინის ბიზნესის აღორძინებას, მის ექსპორტს. დღესაც უცხო ქვეყნებში ქართული ღვინის გასატანად დიდძალი ფული იხარჯება, მაგრამ ჩვენი ღვინო, ძირითადად, რუსეთში გადის. ქართული ღვინის ფასი იკლებს  იმ ფონზე, როდესაც ყველაფერი ძვირდება. ქართული ღვინო უნდა იყოს საშუალო ან მაღალი ხარისხის, სხვაგვარად არ შეიძლება.

პეტერბურგში ვისაუბრეთ ზემოაღნიშნულ საკითხზე და ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, რომ კოლეგებს, შესაბამის სტრუქტურებს მოვთხოვოთ, ქართული ღვინის ხარისხი არ გაუარესდეს.

რუსეთში შემოიღეს მწვანე სტანდარტი, რომელიც ჩვენთვისაც საინტერესოა. საქართველოში არ არის კარგად განვითარებული სტანდარტების დანერგვა, ამიტომ ჩვენთვის საინტერესოა მათი გამოცდილება. იქაც ბოლომდე არ არის შესწავლილი და განვითარებული, მაგრამ ცდილობენ შხამ-ქიმიკატების გამოყენების შემცირებას, ამკვიდრებენ ისეთ ტექნოლოგიურ სტანდარტებს, რომლებიც ქიმიკატების გამოყენებას ძალიან ამცირებს. მათ ჰქონდათ სახელმწოფო სტანდარტები _ “გოსტები”  _ ბავშვის საკვებისთვის, ახლა ცდილობენ, ეს “გოსტები”  ყველანაირ საკვებს ჰქონდეს. ასეთი რამ საქართველოსაც სჭირდება. ჩვენი სახელმწიფო სტანდარტების მიხედვითაც  საკვები  ეკოლოგიურად ისეთი სუფთა უნდა იყოს, როგორც ბავშვის საკვები.

ჩვენ გვაქვს ციტრუსი, ვაშლი, ატამი, თხილი და მთავარი _ ყურძენი, ღვინო. თუ ჩვენ ავამაღლებთ ეკოლოგიურად სუფთა სტანდარტს, უკეთ გავყიდით ჩვენს პროდუქტებს, რომლებიც განთქმულია თავისი უნიკალური გემოთი, ამიტომ პეტერბურგში ვისაუბრეთ მწვანე ეტალონის დანერგვაზე. იქ მთელი სისტემა მუშაობს და ნერგავს ამ სტანდარტს; აქ კი, შესაძლოა, მხოლოდ რომელიღაც ერთ ორგანიზაციას მივაბათ ყველაფერი. საქართველოში ბიომიმართულებაზე გერმანული კომპანიის შვილობილი კომპანია მუშაობს, ისინი მოითხოვენ ბიოპროდუქტს.

პეტერბურგში ვისაუბრეთ ქართულ ღვინოზე. ჩვენ წლების განმავლობაში ბაზარი ვერ გავაფართოვეთ – სულ რუსეთში გაგვაქვს ღვინო და ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ღვინო, რომელიც გაგვაქვს ბაზარზე, უნდა იყოს მაღალი ხარისხის ან საშუალო ხარისხის მაინც. აუცილებელია, პროდუქტს ჰქონდეს წარწერა, რომლითაც მომხმარებელი შეძლებს კარგისა და ფალსიფიცირებული ღვინის განსხვავებას. ფალსიფიკაცია ფასს ამცირებს, შესაბამისად, ქართველ გლეხსაც ვაიძულებთ, ფასი დააგდოს ყურძენზე.

რუსეთი ბევრ სეგმენტში მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდა საქართველოსთვის. სოფლის მეურნეობის კუთხით რუსეთი აქტიურად არის ჩართული საქართველოში ბიზნესის წარმოებაში, ამ ქვეყნიდან ბევრი ინვესტორი შემოვიდა ბოლო ათი წლის განმავლობაში.

_ რატომ უნდა ვენდოთ რუსეთს, რუს ინვესტორებს? თავის დროზე ვაზი გვაჩეხინეს .. პარტნიორმა ქვეყნებმა, გაგვაჩეხინეს ჩაის პლანტაციები, გვეუბნებოდნენ, _ ყურძნის ღვინოს კივის ღვინო ჯობიაო

_ დასავლეთს სურდა, ისეთი კულტურები დაენერგა საქართველოში, ნაკლებად ვყოფილიყავით მიბმული რუსეთზე. ევროპას ჩვენი ჩაი არ სჭირდება,  ისეც ბევრი აქვს. ჩვენი ჩაი სჭირდებოდა რუსეთს. საქართველოში არაჩვეულებრივი ჩაი მოდიოდა. მიწაზე, სადაც ჩაი ამოძირკვეს და თხილი ან სხვა რამ დარგეს, არაფერმა გაიხარა, სოკო გაჩნდა. ციტრუსსაც ასე დაემართა, გაგვინადგურეს შაქრის წარმოება.

ხუთი რამ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი სასურსათო უსაფრთხოებისთვის: შაქარი, მარცვლეული, ხორცი, სხვადასხვა ცხიმი და რძის პროდუქტები. მეცხოველეობაშიც კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს.

_ ამ მიმართულებების აღორძინებაში რუსეთი დაგვეხმარება?

_ პროცესების თანამონაწილე ვარ. თავის დროზე მოვითხოვე დონორთა საკოორდინაციო საბჭოს შექმნა, რომელიც მიზნებსა და ამოცანებს დაექვემდებარებოდა. მინდოდა, ფული უმიზნოდ არ გაფანტულიყო, მაგრამ პერსონა ნონ გრატად გამომაცხადეს. გავიდა წლები და ხელშესახები არაფერი გვაქვს, არავინ ითხოვს იმის დადგენას, სად წავიდა ფული, რა გაკეთდა. 100 მილიონზე მეტია დახარჯული კოოპერატივებში, რომლებიც  რეალურად აღარ არსებობს. ცვლიან კანონებს, რათა როგორმე დაარეგულირონ ქაოსი. ამ ყველაფერში დამნაშავე ის დონორები არიან, რომლებიც ფულს გვაძლევენ.

გერმანია და საფრანგეთი არასოდეს მოგვცემს ღია კონკურენციის საშუალებას. ევროპა, ერთი შეხედვით, მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ, როგორც კი უკრაინელ ფერმერებს დახმარება დასჭირდათ, ყველა გზა ჩაუკეტეს. ყველა ქვეყანა თავის ინტერესებს იცავს, მაგრამ საქართველოს არ აქვს დაცვის მექანიზმი, არც იმ ფულს ვხარჯავთ ეფექტიანად, რომელსაც გვაძლევენ ამა თუ იმ საქმისთვის.

რა აქვს საქართველოს გასაკეთებელი, არავის საკარნახო არ არის. საქართველო მიბმულია რუსეთზე, განსაკუთრებით ხორბლის მოწოდებაში. ზემოთ ხუთი მნიშვნელოვანი პროდუქტი რომ ჩამოვთვალე, მათგან უმნიშვნელოვანესია ხორბალი. არ იგრძნობა, რომ ე.წ. პარტნიორებს სურთ ჩვენი დახმარება. რუსეთის ხორბალს საქართველო ემბარგოს ვერ გამოუცხადებს, ასე რომ, საქართველოსა და რუსეთს ყიდვა-გაყიდვის საქმეში ერთმანეთი სჭირდებათ, ამიტომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე ორივე ქვეყანამ ერთად უნდა იზრუნოს.

_ თუ პროცესებში საქართველოს მთავრობა არ ჩაერთვება, რეალურია იმ ყველაფრის განხორციელება, რაზეც საუბრობთ?

_ სახელმწიფოს ხელშეწყობა და მხარდაჭერა ყველა მიმართულებას სჭირდება. საქართველოში ბიოსერთიფიცირება ძალიან მარტივად ხერხდება გერმანიიდან, ქვეყნიდან, რომელთანაც არ გვაქვს ვაჭრობა, მხოლოდ შემოგვაქვს მათი საქონელი, სურსათი, რაც უმნიშვნელოა რუსეთიდან შემოსულ პროდუქტთან შედარებით. საქართველოს რუსეთთან აქვს სავაჭრო პარტნიორული ურთიერთობა, ამიტომ ეს საკითხი მოსაგვარებელია.

მნიშვნელოვანია ხარისხზე ორიენტაცია. განვითარება სჭირდება სტრუქტურულ სისტემას, ტექნოლოგიებს, ინოვაციებს, კლიმატის სწორად გამოყენებას და ა.შ.

რუსებთან გვაქვს კონსულტაციები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ჩვენი პარტნიორი რუსეთია და, რაც კარგი საქმე გაკეთდება მათთან ერთად, ქვეყანას წაადგება. რუსეთს ვაწვდით ჩვენს პროდუქტს. იმას, რასაც იქ ვყიდით, სხვაგან ვერ გავყიდით.

საქართველოს განვითარება რომ სდომებოდათ ვიღაცებს, აქ ყველაფერი უკვე ძალიან კარგად უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ არის. საქართველო ნედლეულის ბაზაა ყველასთვის, აქედან ყველაფერი ნედლეულის სახით გადის, ღვინის გარდა, ამიტომ, თუ ჩვენ ვერაფერს შევქმნით, განწირულები ვართ ქვეყნის დაცლისთვის, ჩვენ მხოლოდ ტერიტორიად ვიქცევით. ტერიტორიას კი თვითონ მიხედავენ, ცარიელ ადგილს არ დატოვებენ, მაგრამ ეს საქართველო აღარ იქნება, ამიტომ ყველამ უნდა ვიზრუნოთ საქართველოზე მორგებულ ეკონომიკურ მოდელზე.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here