გიორგი ხარიბეგაშვილი: სალომე ზურაბიშვილი დასავლური სპეცსამსახურების მიერ მართული აგენტი და ამჟამად დასუსტებული დასავლური ელიტების განსახიერებაა

    ,,3+3” ფორმატში მონაწილეობა არის აუცილებლობის ის მინიმუმი, რომელსაც საქართველო უნდა აკეთებდეს რეგიონულ ძალებთან თანამშრომლობის კონტექსტში”

    გიორგი ხარიბეგაშვილი

    სულ რამდენიმე დღე რჩება საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, პრეზიდენტად წოდებული ზურაბიშვილი კი პოზიციებს არ თმობს. ისედაც დაძაბული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვას 28-29 დეკემბერს ელოდება მიტინგებზე არმდგომი საზოგადოება და ფრთხილად ადევნებს თვალყურს ქუჩაში მიმდინარე პროცესებს.

    ზოგიერთმა პოლიტოლოგმა აქტიურად დაიწყო საუბარი, რომ საქართველოსთვის აუცილებელია “3+3” ფორმატში (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, თურქეთი, ირანი, რუსეთი) მონაწილეობა

    რას უნდა ველოდოთ დასავლეთიდან მართული .. ოპოზიციისგან და სად არის ჩვენი ქვეყნისთვის საშველი? _ ამ თემაზე გვესაუბრება ფილოსოფიის დოქტორი გიორგი ხარიბეგაშვილი:

    _ გასული საუკუნის 90-იან წლებში დატრიალებული ტრაგედია ძირითადად განპირობებული იყო ისეთი გეოპოლიტიკური ვითარებით, რომელიც შეუძლებელს ხდიდა პოსტსაბჭოთა ქვეყნების სუვერენულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებას. შესაბამისად, ის ძალები, რომლებმაც ლეგიტიმური ხელისუფლება დაამხეს, ასრულებდნენ კონკრეტულ დაკვეთას _ საქართველო ყოფილიყო დასავლეთზე დამოკიდებული და ისე დაეძაბათ რუსეთთან ურთიერთობა, რომ თანამშრომლობა შემდგომ ათწლეულებშიც კი შეუძლებელი გამხდარიყო.

    დღეს რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. სალომე ზურაბიშვილი არ არის დამოუკიდებელი მოთამაშე, ის დასავლური სპეცსამსახურების მიერ მართული აგენტი და ამჟამად დასუსტებული დასავლური ელიტების განსახიერებაა. მაიდნის მცდელობის წარუმატებლობა მეტყველებს არა ,,ქართული ოცნების” გენიალურ გეგმებზე, არამედ დასავლეთის მხრიდან გეგმის არარსებობაზე, მათი მეთოდების გაცვეთაზე. მიტინგების კარნავალად ქცევა ამის ლოგიკური შედეგია…

    _ რას მოიმოქმედებს ხელისუფლება? გჯერათ, რომ ,,ქართულ ოცნებასაქვს რესურსი, აღკვეთოს დაგეგმილი .. მაიდანი და მშვიდობით გავიდეს ფონს?

    _ ხელისუფლება ელოდება ვითარების ისე შემობრუნებას, რომ პროდასავლურ ძალებს აქ გარედან ლეგიტიმაციის დეფიციტი შეექმნას. ეს ტენდენცია აშკარაა, მაგრამ ცვლილების ტემპი შედარებით ნელია და ჯერ გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ხელისუფლება სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის თავიდან არიდებას. ხელისუფლებას, ვფიქრობ, აქვს იმის რესურსი, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ იმდენი რესურსიც არ აქვს, რომ ეს უმტკივნეულოდ და გარკვეული ფასის გარეშე გააკეთოს, მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა დასავლეთთან აშკარა დაპირისპირებაში რეალური მოკავშირე დიდი ქვეყანა არ გვყავს. გაუგებარია, რა გეგმა აქვს ,,ქართულ ოცნებასთუ დასავლეთი შეეცდება საბანკო სექტორის ჩამოშლას, ლარის გაუფასურებას, ემიგრანტების ევროპიდან გამოძევებას და ..

    _ დღეს ზოგიერთი პოლიტოლოგი საუბრობს, რომ საქართველო იძულებული იქნება, “3+3” ფორმატს შეუერთდეს. რა აიძულებს საქართველოს ამის გაკეთებას და სწორი იქნება თუ არა ეს ნაბიჯი არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში?

    _ “3+3” ფორმატში მონაწილეობა არის ის აუცილებელი მინიმუმი, რომელსაც საქართველო უნდა აკეთებდეს რეგიონულ ძალებთან თანამშრომლობის კონტექსტში. ადრე თუ გვიან საქართველოს ამის გაკეთება მოუწევს და ეს პრობლემაა, რადგან ერთია, როცა მოწვევას იღებ დროულად და შენი ქვეყნის ინტერესებს იცავ; მეორეა, როცა ობიექტური ვითარების გამო, იმის გამო, რომ სვლა არ დაგრჩა და შენმა “დაუძინებელმა მეგობრებმა” გადაგაგდეს, მიდიხარ ფორმატში, სადაც, ცხადია, უკვე დაბალი სტატუსით ისარგებლებ. ხელისუფლებას, ვფიქრობ, მაშველ რგოლად აქვს ჩინეთის იმედი, მაგრამ რთული წარმოსადგენია, გეოგრაფიულად ძალიან დაშორებული ჩინეთი როგორ უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას, როგორც ფინანსური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით. ჩემი აზრით, აზერბაიჯანს შეუძლია, ერთგვარი ზემოქმედება მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ ის დაუბრუნდეს რეგიონულ პოლიტიკას. ასევე, პრეზიდენტ ლუკაშენკოს აქვს რესურსი, რომ შუამავლის როლი შეასრულოს ქართულ-რუსული ურთიერთობების სრულფასოვნად აღდგენაში შემდგომი დაახლოებისთვის…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here