Home ახალი ამბები საქართველო გიორგი იუკურიძე: ევროკავშირის წევრობის სტატუსი არაფერში გვჭირდება

გიორგი იუკურიძე: ევროკავშირის წევრობის სტატუსი არაფერში გვჭირდება

“ამერიკის ელჩი გვეუბნება, 6 მილიარდი დაგახარჯეთო, მაგრამ არავინ ამბობს, ეს ფული სად წავიდა; ჩვენ ხომ საწარმოები არ აგვიშენებია, ცხოვრება არ გაუმჯობესებულა ამ ფულით”

გიორგი იუკურიძე

მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები ამერიკასთან, როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ევროკავშირთან, ეს არის ჩვენი მთავარი გეზი”, _ განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, ოფიციალურად გაიხსნა მრავალეროვნული სწავლება ღირსეული პარტნიორი 2022″.

სწავლებაში მონაწილე საქართველოს, აშშ-ის, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს საერთაშორისო წვრთნების დაწყება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას პარტნიორებთან თანამშრომლობასა და რეგიონში სტაბილური გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება…

ხელისუფლებამ გამოყო ოთხი ადამიანი სიმართლის სათქმელად და ეს სიმართლე იყო ის, რომ ამერიკა არ არის ჩვენი გულწრფელი პარტიორი და არც დასავლეთია ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი. მიუხედავად ამისა, საქართველოში გაიმართა სამხედრო სწავლება სახელწოდებით პარტნიორი 2022”. მართალია, აღნიშნულ ღონისძიებას, თავდაცვის მინისტრის ნაცვლად, მინისტრის მოადგილემ უმასპინძლა, მაგრამ ოთხეულის მიერ “სიმართლის თქმის” შემდეგ რა შეიცვალა, თუკი პრემიერისთვის უმნიშვნელოვანესი მაინც ამერიკასთან პარტნიორობაა და საქართველოში ამერიკელ-ევროპელი სამხედროები სწავლებას ისევ მართავენ?!

საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება გენერალ-მაიორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი იუკურიძე.

_ “ღირსეული პარტნიორი 2022” დაგეგმილი იყო და მის გადადებას სერიოზული მიზეზები სჭირდებოდა. ეს მიზეზები არ და ვერ მოიძებნა, მაგრამ, ალბათ, არც იყო საჭირო, რადგან ამ სწავლების შინაარსი ყველასთვის ცნობილია, ის უმნიშვნელოა და ზიანის მოტანა არავისთვის შეუძლია.

“სწავლება” საჭირო იყო იმისათვის, რომ ენახვებინათ ყველასთვის, რამდენი ადამიანია მზად სწავლებისთვის, სხვა ფუნქცია ამ სწავლებას არ ჰქონდა. ეს არ იყო ძალის დემონსტრაცია და არც რუსეთის გასაღიზიანებლად დაგეგმილი, ეს იყო უმნიშვნელო ღონისძიება, რომელიც მეზობელ ქვეყნებს საფრთხეს ვერ შეუქმნიდა.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სერიოზული სწავლებები ჩატარდა ამ პერიოდში შორეულ აღმოსავლეთსა და რუსეთში. მათშიც მონაწილეობდა უამრავი ქვეყანა: რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, პაკისტანი, აგრეთვე, შუა აზიის თითქმის ყველა სახელმწიფო, ლათინური ამერიკის წარმომადგენლები და ა.შ. მართალია, ჩვენ არ გვეხება შორეული აღმოსავლეთი, მაგრამ პარალელს იმიტომ ვავლებ, რომ ჩვენთან ჩატარებული ე.წ. სწავლება არაფერში გამოიყენება, არავის სჭირდება. სწორედ ამიტომ არ შეეგება სწავლების დაწყებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი. როგორც ჩანს, მას ჰქონდა სხვა საქმე და, გარდა ამისა, მასზე დაბალი თანამდებობის პირები ჩამოვიდნენ “სწავლებაზე” დასასწრებად. საქართველოს ტერიტორიაზე ამჯერად არ შემოსულა ისეთი სამხედრო შემადგენლობა, რომელიც დააზიანებს მეზობელ ქვეყნებს.

ახლა, რაც შეეხება იმ ოთხ ადამიანს, რომლებიც “ქართულ ოცნებას” გამოეყვნენ “სიმართლის სათქმელად”… სიმართლის თქმა, რომ დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა ხარ, რომ პატივი უნდა გცენ, კარგია. აქამდე საქართველოს პატივს არავინ სცემდა, ამერიკის დღევანდელი ელჩი და აქამდე მოღვაწე ელჩები ბევრს ბედავდნენ. იყო ასეთი ელჩი _ იან კელი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა და საქმე ისე მიჰყავდა, როგორც მას სურდა. არადა, ის იყო იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომლის სასამართლო პროცესის გადაწყვეტილებაშიც ვერავინ ჩაერევა, განსაკუთრებით, სხვა ქვეყნის ელჩი. არ შეიძლება, ქვეყანაში სტუმრად იყო და მასპინძელი ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩაერიო.

უცხოტომელები თვლიდნენ, რომ საქართველო გაურკვეველი წარმოშობის ქვეყანაა და შეიძლება მის საშინაო საქმეებში ჩარევა…

ევროპარლამენტარი, რომელიც ვერ გეტყვის, საქართველო რუკაზე სად არის, მაგრამ გეუბნება, რომ სააკაშვილი და გვარამია უნდა გამოუშვა ციხიდან. მანამდე უკვე გამოაშვებინეს საპყრობილიდან უგულავა და მელია, რაც არასწორია და ძალიან სირცხვილია.

_ ევროპარლამენტი გვავალდებულებს 12-პუნქტიანი დავალების შესრულებას, რომელიც პროტესტს იწვევს საზოგადოებაში, მაგრამ ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებენ ამ დავალების შესასრულებლად. ამასთანავე, პრემიერის თქმით, მისი პირდაპირი მოვალეობაა ამერიკასთან პარტნიორობის გაღრმავება. ეს კი ეწინააღმდეგება უმრავლესობიდან “გამოყოფილი” ოთხეულის “სიმართლეს…”

_ ღარიბაშვილი სიმართლეს ამბობს. ის ვალდებულია, ურთიერთობა ჰქონდეს ყველა ქვეყანასთან. 12 პუნქტი აქვთ ჩამოთვლილი ევროპელებს, რომელთა შესრულებასაც ქართველი საზოგადოება არ დაუშვებს და ეს შეუსრულებელი დავალებაა. ეჭვი მეპარება, რომ ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს. 12 პუნქტში ერთ-ერთია დაპირისპირების შეწყვეტა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან ე.წ. ოპოზიცია, უკვე ყველაფრის წინააღმდეგია. ის ჯიბრში უდგას ხელისუფლებას და დესტრუქციულად მოქმედებს. ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაც, ასევე, არ არის თანახმა, რომ ურთიერთობები მოგვარდეს ქვეყანაში. ოპოზიცია არასამთავრობოების დასტურის გარეშე არაფერს გააკეთებს, რადგან დაფინანსება აღარ ექნება. მსოფლიოში არ მეგულება ჩვენსავით პატარა ქვეყანა, რომელშიც 1700 არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს, თანაც უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული. ბევრგან კონტროლდება მათი დაფინანსება, ზოგიერთ ქვეყანაში კი საერთოდ აკრძალეს არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა.

საქართველოში არ კონტროლდება არასამთარობოების ფინანსები. სანამ უცხო ქვეყნების მიერ დაფინანსებული ორგანიზაეციების მუშაობა არ აიკრძალება ამ ქვეყანაში, სანამ მათი ფინანსების მიმართულება არ გაკონტროლდება, საქართველო მუდმივად ბომბზე იჯდება.

ღარიბაშვილის მესმის, მას ვგულშემატკივრობ, რადგან გულღიად თქვა ყველაფერი. მან განაცხადა, რომ ციხიდან არავის გამოუშვებს, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეცვლის, როგორი წნეხიც უნდა იყოს… ჩვენი ქვეყნის პრემიერი დიდი გამოცდის წინაშე დგას…

საქართველოს მთავრობამ სიმართლის სათქმელად ვერ გამონახა გზა გარდა იმისა, რაც გააკეთა, ვგულისხმობ, იმ ოთხი ადამიანის გამოშვებას უმრავლესობიდან. მთავრობამ ვერ შეძლო, მოეძებნა გზა, “მეობა”, “იდენტობა”, “თავისუფლება” გამოეხატა და პრინციპულად დამდგარიყო… ამიტომ შეიქნა საჭირო იმ დეპუტატების გამოშვება “გარეთ”.

ე.წ. სახალხო დამცველის მაგალითზე ვიტყვი: ლომჯარიას დანიშვნა არავის უნდოდა, მაგრამ ამერიკის ელჩმა თავხედურად, ერთსაათიანი დისკუსიის შემდეგ მიაღებინა პარლამენტს ამ ქალის სახალხო დამცველის თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება.

მე გენშტაბის უფროსი ვიყავი და ჩემს მაგალითზე გეტყვით, რაც ხდებოდა. 6 თვის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი გენშტაბს. მყავდა მრჩეველი _ დიდი გამოცდილების მქონე ინგლისელი კაცი, რომელიც მხოლოდ მაშინ მოდიოდა ჩემთან, როდესაც შევატყობინებდი მისი დასწრების აუცილებლობას, მოკრძალებით იქცეოდა. წავიდა ინგლისელი გენერალი და ჩამოვიდა ამერიკელი, რომელიც ორკაციან თათბირსაც კი ესწრებოდა. ვეუბნებოდი: თუ შენი ყოფნა საჭირო იქნება, დაგიძახებ-მეთქი. როდესაც ორ ადამიანს ვხვდებოდი, პირობითად, თუნდაც დასატუქსად, მისი მოსვლა არ იყო საჭირო, მაგრამ სულ ჩემთან იჯდა. პრემიერიც ამ მდგომარეობაშია და მას სხვაგვარად არ ძალუძს. ის შეზღუდულია მოქმედებებში, პრობლემებსაც უქმნიან, მაგრამ ჯერჯერობით უმკლავდება. ამ წლის ბოლოს ვნახავთ ყველანი, გაუძლებს თუ არა ჩვენი ხელისუფლება წნეხს…

_ თქვით, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება გაუჭირდება. საერთოდ, გვჭირდება თუ არა ევროკავშირის სტატუსი ქართველებს? საით მივდივართ, რა გვინდა? ამაზე არავინ საუბრობს. არავინ საუბრობს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიაზე…

_ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არაფერში გვჭირდება, ეს შემოგდებული თემაა. ორ ქვეყანას, რომლებიც საქართველოზე გაცილებით უკან იდგნენ მონაცემებით, მისცეს ეს “სტატუსი”… ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არც ფულს იძლევა, არ წარმატებას. თურქეთს შეხედეთ, არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ არც ერთ ქვეყანას არ ჩამოუვარდება, მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფოა…

_ ქვეყნის განვითარების სტრატეგია ვერც ერთმა მთავრობამ ვერ შეიმუშავა, ჩვენი ქვეყანა ვერ ვითარდება, რაც ძალიან სამწუხაროა… რა არის მიზეზი იმისა, რომ სახელმწიფოებრივი აზროვნება არ აქვს ხელისუფლებებს?

_ მიზეზი იმისა, რომ ქვეყნის განვითარების სტრატეგია არ გვაქვს, არის უცხო ქვეყნების თავხედური ჩარევა საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკაში. აფხაზეთის ომში უკვე იყო უცხო ქვეყნების ინტერესების გავლენა _ ამერიკის, ინგლისის, რუსეთის თუ სხვა, ამიტომაც დავმარცხდით. საქართველო სულ ცდილობდა, ერთდროულად ორ სკამზე დამჯდარიყო, მაგრამ ეს არ გამოდიოდა…

საქართველოს მთავრობები ფულს და დაპირებებს ეხარბებიან. ნატოში მიღებას გვპირდებიან, ვიცით, ეს არ მოხდება, მაგრამ მაინც ველოდებით. ამერიკის ელჩი გვეუბნება, 6 მილიარდი დაგახარჯეთო, მაგრამ არავინ ამბობს, ეს ფული სად წავიდა, ჩვენ ხომ საწარმოები არ აგვიშენებია, ცხოვრება არ გაუმჯობესებულა ამ ფულით. აი, ასეთი უთავბოლობაა მიზეზი იმისა, რომ არც სტრატეგია გაგვაჩნია და არც ეკონომიკა…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here