6 დეკემბერს გამოქვეყნდა მოსწავლეთა საგანმანათლებლო მიღწევათა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) 2022 წლის კვლევის მონაცემები. მასში ნათქვამია, რომ 15 წლის ქართველი მოსწავლეების ცოდნა და უნარები მათემატიკაში, წაკითხულის გააზრებასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 2018 წელთან ( მანამდე PISA-ს კვლევა ამ წელს ჩატარდა) შედარებით არ გაუმჯობესებულა.
2022 წელს, 2018 წელთან შედარებით, მხოლოდ ერთი ქულით გაუმჯობესდა შედეგი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. მათემატიკასა და წაკითხულის გააზრებაში კი, შესაბამისად, 8 და 6 ქულით გაუარესდა. კვლევის შედეგების მიხედვით, მათემატიკის მე-2 საბაზო დონეს ქართველ მოსწავლეთა 34%-მა მიაღწია. ეს მონაცემი მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ ქვეყნების შედეგებს, რომლებიც მოსწავლეთა საგანმანათლებლო მიღწევათა შეფასების საერთაშორისო პროგრამის 2022 წლის შეფასებაში მონაწილეობდნენ. წაკითხულის გააზრებაში დაახლოებით 33%-მა მიაღწია კითხვის მე-2 ან უფრო მაღალ დონეს, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში _ დაახლოებით 35%-მა.
მე-2 დონე ნიშნავს, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან მარტივი სტრატეგიები პრობლემის გადასაჭრელად, შეუძლიათ ინფორმაციის მიღება ერთი ან მეტი წყაროდან, მარტივი ამოცანების გადაჭრა, შედეგების პირდაპირი ინტერპრეტაცია.
შეფასების საერთაშორისო პროგრამის 2022 წლის მონაცემებით, საქართველო წაკითხულის გააზრებაში 81 ქვეყანასა და ეკონომიკას შორის 67-ე ადგილზეა. კვლევის შედეგად ირკვევა, რომ 2018 წლის მონაცემებთან შედარებით საქართველოს შედეგები წაკითხულის გააზრებასა და მათემატიკაში შემცირდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი ოდნავ გაუმჯობესდა.
საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, რომლებშიც გოგონების შედეგები აღემატება ბიჭების მიღწევებს. საქართველოს მსგავსი მონაცემები აქვთ ბრუნეის, ჩრდილოეთ მაკედონიას, ფილიპინებს, მაროკოს, ალბანეთს, პალესტინას, მონღოლეთს, აზერბაიჯანს, დომინიკის რესპუბლიკას, ფინეთსა და კიდევ 6 სხვა ქვეყანას;
ამ მეტად მტკივნეულ საკითხზე გვესაუბრება პროზაიკოსი, გიორგი გახოკიძე (გიგო რიონელი):
_ სწავლა თაფლობის თვე ვერასდროს გახდება, რადგან სწავლით ტკბობის შედეგი მხოლოდ მაშინ დგება, როცა პირველ სარგებელს მოუტანს ადამიანი თავის ქვეყანას და შემდეგ საკუთარ თავს. ამით კმაყოფილება ისეთი მიუღებელი ხდება ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის, რომ ის სიცოცხლის ბოლომდე სწავლობს, რათა გაცილებით მეტი არგოს სხვას.
დღეს რა მოცემულობა გვაქვს?
მახსოვს, ქართველთა პირველი ნაკადი რომ გაემგზავრა აშშ-ში გაცვლითი პროგრამით ფოთიდან და არა მხოლოდ, დასავლეთის წამყვანი კოლეჯები, სკოლები თუ უნივერსიტეტები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, ჯერ კიდევ საბჭოური განათლების მქონე ბავშვების მიმართ. მათ ხოტბა-დიდებას ასხამდნენ და მადლობას უხდიდნენ ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს.
ხელისუფლებაში ნაცების მოსვლის შემდეგ რა მოხდა? განათლების სამინისტროში მიიყვანეს ალექსანდრე (კახა) ლომაია, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა, მაგრამ მანამდე უკვე დაწყებული ჰქონდათ საგანმანათლებლო სისტემის ჩამოშლის გეგმა. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა იყო საჭირო, რათა, ძველი დროიდან შემორჩენილი რაც გვქონდა, გამქრალიყო. და ლომაიამ დავალება შეასრულა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო დღემდე ე.წ. განვითარებადი ქვეყნების სიაშია. შესაბამისად, მისი საგანმანათლებლო სისტემა კოლონიური აფრიკული ქვეყნების მსგავსია, ამიტომ ჩვენ მიერ ნაკისრი ვალდებულება ინტეგრირებისა დასავლურ თუ ევროპულ ღირებულებებთან არ იძლევა მსხვილმასშტაბიან შესაძლებლობას, გავხდეთ საუკეთესო თუ არა, საშუალო აკადემიური მოსწრების ქვეყანა. ამის საშუალებას არავინ მოგვცემს.
_ რაღაც უნდა ვიღონოთ, ასეთი სამარცხვინო შედეგებით ხომ ქვეყანას მომავალი არ ექნება?
_ საგანმანათლებლო სისტემაში ძირეულ გარდაქმნასა და პროგრესს რომ მივაღწიოთ, პირველ რიგში, გაერომ უნდა მოგვიხსნას დამამცირებელი სტატუსი _ “განვითარებადი”. ელემენტარულია, ამ სტატუსის მქონენი ვერ ვიქნებით ცივილიზებული მსოფლიოს სრულფასოვანი წევრები. ამის შესახებ არავინ საუბრობს. შესაბამისად, საქართველოს აბარია ის საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც არგუნა ეგრეთ წოდებულმა საერთაშორისო “აღიარებამ”. აფერუმ, ჩვენს “სახელმწიფოებრივ აზროვნებას”! ამ შემთხვევაში ვგულისხმობ სახელმწიფო მოხელეებს, მოღვაწენი ჩვენ არ გვყავს. ქართველი საზოგადოების წევრების უმრავლესობა სახელმწიფო აზროვნებისგან შორს არის, ესეც ერთ-ერთი მტკიცებულებაა იმისა, რაც გვჭირს.
რა არის მიზეზი მოსწავლეთა საგანმანათლებლო მიღწევათა შეფასების საერთაშორისო პროგრამის კვლევის მონაცემების დაბალი შეფასების სიაში საქართველოს მოხვედრისა, ნაწილობრივ მოგახსენეთ, მაგრამ არის სხვა მიზეზებიც _ მძიმე სურათია თვით სკოლებსა თუ ოჯახებში. სკოლებს უფლებები ჩამოართვეს და ეს უფლებები სკრუპულოზურად მოახვიეს თავს ბავშვებს, ამიტომ უფლებრივად მაღლა მდგომი _ მოსწავლე ანუ შვილი, ეწინააღმდეგება როგორც მასწავლებელს, ისე მშობელს. რიგ შემთხვევაში მშობელი კბილების ღრჭენით მივარდება ხოლმე სკოლაში და არის გაწევ-გამოწევა. ხდება პირიქითაც, როცა პედაგოგი არ ასრულებს მასზე ჯერ კიდევ დარჩენილ უფლება-მოვალეობებს და ქაოსურად მიჰყავს საგაკვეთილო დღის წესრიგი… კიდევ ერთი მიზეზია მასწავლებელთა თვითნებობა და ბავშვებთან სადისკუსიო კამათში არასათანადო პოსტულატთა მტკიცება, რომელიც შეურაცხყოფს ბავშვის ღირსებას და ანელებს სწრაფვასა და ინტერესს საგნისადმი. ეს მიზანმიმართულად ხდება.
აღსანიშნავია შეფასებით ახალ სისტემაზე გადასვლაც, როცა მოსწავლეებს დავალებებს აღარ აძლევენ და, გამომდინარე აქედან, შეფასებებიც არ გაკეთდება. ასევე, აღსანიშნავია სკოლებისთვის სრული დამოუკიდებლობის მიცემა.
მიჩნდება შეკითხვა: ყოველივე აქედან გამომდინარე, რა “მოხელე–ჩიქვანია” განათლების სამინისტრო და რა საჭიროა ის? თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, განათლების სამინისტრო ხდება ჩვეულებრივი კანტორა, რომლის პრეროგატივად მხოლოდ საბიუჯეტო თანხების განაწილება რჩება სასწავლო დაწესებულებებისთვის. სხვა მხრივ, მისი ფუნქცია ნულის ტოლია. ასეც არის _ ჩვენი განათლების სამინისტრო, დიდი ხანია, კანტორაა! აბსოლუტურად დემორალიზებულნი არიან, როგორც ერთ დროს სანიმუშო მასწავლებლები, ასევე – მოსწავლე-სტუდენტობა. მასწავლებლისა და მოსწავლის თანასწორობამ წარმოქმნა უდიერი დამოკიდებულებები და ღირებულებათა აღრევა. ყბადაღებული “21-ე საუკუნეას” ღირებულებითი სიმაღლეების შედეგად დაეცა ქართული ფასეულობები, იდენტობა, რწმენა, სახელმწიფოებრიობის განცდა და ა.შ. რჩება მთავარი ფასეულობის მოშლა ადამიანში _ რწმენის.
რწმენა _ ეს ის ღირებულებაა, რომელიც გაყალიბებს პიროვნებად, გხდის დამოკიდებულს ფასეულობებზე, რომლებითაც ხდება პიროვნების და არა ქვეშევრდომის იდენტიფიკაცია.
დღეს ყველა ქვეშევრდომი ვართ. გასაკვირი არ არის, თუ რომელიღაც უცხო ორგანიზაცია რომელიმე პოზიციაზე გვამყოფებს, გასაკვირი და სავალალოა ის, რა დავმართეთ საკუთარ განათლებას და სადამდე დაეშვა ადამიანი, როგორც ღირებულება.
ჩემთვის ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქით მოქმედი ორგანიზაციის მონაცემები არაფრისმთქმელია. ეს გლობალისტებისთვის განკუთვნილი სტატისტიკური მონაცემებია. ჩემთვის პრიორიტეტია მათ გარეშე არსებული სტატისტიკა და, ამ მხრივ, ნამდვილად არაფერი გვაქვს სახარბიელო.
განვითარებულ ქვეყნებს ეს პრობლემა არ უდგათ. იცით, რატომ? მათი პრიორიტეტი თავიდანვე იყო განათლება და განათლებაში ჩადებული დიდძალი რესურსი, როგორც ადამიანური, ასევე მატერიალური, ხოლო ჩვენ ბიუჯეტსაც კი, სად, როგორ გადავანაწილოთ თანხები, გვიდგენს უცხოელი და ამის შემდეგ როგორ უნდა განვსაზღვროთ, რა ვუშველოთ განათლებას საქართველოში?!
მძიმეა ხვედრი ჩვენი ქვეყნისა და ბრმაა საზოგადოება, რომელიც ამ ყველაფერს გაღმა ნაპირიდან უმზერს. ვაგლახ, რომ ასეა…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი
მიზანმიმართულად ( აჩლუნგებენ ) ქართველებს!
შვილიშვილები სწავლობენ დაწყებითებში და
გაოგნებული ვარ, მოთხრობა თუ ლექსი ძალიან
უაზროა . არც სასვენი ნიშანი თუ ასე შემდეგ.
ყველაფერი წაგვართვეს.
ეს თუ არ გამოსწორდა ნამდვილი
ბოლო ჟამია! თუმცა უკვე ძან დაგვიანებული!!!