საბჭოთა კავშირის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფონდ „საზოგადოებრივი აზრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რუსების უმრავლესობა (80%) საბჭოთა ეპოქას საკმაოდ კარგ დროდ მიიჩნევს.
მათ არ ეთანხმება მოქალაქეთა ხუთი პროცენტი, პასუხის გაცემა გაუჭირდა 15%-ს. სსრკ-ის, როგორც ეპოქის შესახებ, 18-დან 30 წლამდე ასაკის მაცხოვრებლებს შორის 64%-ს აქვს დადებითი აზრი, 31-დან 45 წლამდე რუსებს შორის – 79%, 46-დან 60 წლამდე – 88%, 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს შორის – 86%.
საბჭოთა კავშირის დაშლას ნანობს გამოკითხულთა 63%, არ ნანობს 22%, 15%-ს კი უჭირს კითხვაზე პასუხის გაცემა.
სსრკ-ის დაშლის გამო, უფრო ხშირად, სინანულს განიცდიან 60 წელზე უფროსი ასაკის რუსები – 85%, 46-დან 60 წლამდე ასაკის – 76%, 31-დან 45 წლამდე – 53%, 18-დან 30 წლამდე – 30%.
ყველაზე ხშირად (16%) საბჭოთა კავშირის ხსენებისას რუსები იხსენებენ ბავშვობასა და ახალგაზრდობას, 14%-ს აქვს კარგი მოგონებები და გრძნობები, 11% სსრკ-ს უკავშირებს მშვიდ, სტაბილურ ცხოვრებას, რვა პროცენტი გრძნობს სინანულს, ნოსტალგიას და აქვს საბჭოთა ეპოქაში დაბრუნების სურვილი, შვიდი იხსენებს კარგ ცხოვრებას, კეთილდღეობას, ექვსი – ხალხთა ერთიანობას და მეგობრობას, ხუთი – ადამიანებზე ზრუნვას, ოთხი – ხალხის სიკეთეს, იმდროინდელ პოლიტიკურ ლიდერებს და კომუნიზმს, სამი პროცენტი – სტაგნაციას და დეფიციტს, კიდევ სამი – დიდ ქვეყანას ძლიერი ეკონომიკით.
ფონდ “საზოგადოებრივი აზრის” ყოველკვირეული, სრულიად რუსეთის გამოკითხვა ჩატარდა 2022 წლის 16-18 დეკემბერს რუსეთის 53 შემადგენელ სუბიექტში, 104 დასახლებაში 1500 რესპონდენტს შორის. სტატისტიკური შეცდომა არ აღემატება 3,6%-ს.