ეს წუთია, დამთავრდა ჯოჯოხეთური მატჩი (საქართველო-ესპანეთი), რომლისკენაც იყო მიპყრობილი მთელი ჩვენი ყურადღება. წავაგეთ, მაგრამ… მოვიგეთ. დავმარცხდით აწმყოში, მაგრამ გადავდგით სერიოზული ნაბიჯი საფეხბურთო მომავლისკენ. დავმარცხდით კონკრეტულ მატჩში, მაგრამ გავიმარჯვეთ საზოგადოდ, ვინაიდან შევქმენით საფუძველი დიდი საფეხბურთო პერსპექტივისა. რაც მთავარია, ვიხილეთ აღორძინებული ქართული ფეხბურთი. დავამარცხეთ პორტუგალიის ნაკრები, გავედით მერვედფინალში და დავმარცხდით ისეთ უძლიერეს გუნდთან, როგორიცაა ესპანეთის ნაკრები. თანაც არ დავმარცხდით მშრალი ანგარიშით და არ დავმარცხდით ძალიან დიდი, გამანადგურებელი ანგარიშით, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ინიციატივა მუდმივად მოწინააღმდეგის ხელში იყო. საერთო შედეგი ასეთია: საქართველომ აჩვენა ლამაზი, შემტევი და ვარსკვლავური ფეხბურთი; აჩვენა დებიუტანტისთვის საუკეთესო შედეგი; ევროპის მასშტაბით გააცნო თავი უზარმაზარ აუდიტორიას; მიიღო მდიდარი გამოცდილება. არ შეიძლება ამ საერთო შედეგით საქართველო კმაყოფილი არ იყოს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთში გვქონდა უზარმაზარი ჩავარდნა.
საბჭოთა პერიოდის ქართული საფეხბურთო სკოლის შემდეგ, რომელმაც მსოფლიო დონის მრავალი ვარსკვლავი გაზარდა, ქართულ ფეხბურთს არ გაუხარია, ვინაიდან მას აქეთ საქართველოსაც არ გაუხარია. პრობლემებით დამძიმებული ქვეყანა კი, რომელიც პოლიტიკაში, ეკონომიკაში, დიპლომატიაში, სოციალურ სფეროში წარმატებებს ვერ აღწევს, სპორტშიც ვერ იქნება მოწინავე და გამორჩეული. დღეს კი სპორტის მრავალ სახეობაში სასწაულებს ვახდენთ. სასწაული იყო ის წარმატება, რომელსაც ჯერ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისკენ სავალ გზაზე, შემდეგ კი უშუალოდ ჩემპიონატის მსვლელობისას მივაღწიეთ. ვინაიდან ფეხბურთის სპეციალისტი არ გახლავარ, ამ სფეროს სფეციფიკაზე დილეტანტური საუბრით თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ ფეხბურთთან საზოგადოების დამოკიდებულებაზე, ანუ ფეხბურთის სოციოლოგიაზე ორიოდე სიტყვის თქმა მომიწევს…
ქართველები მაქსიმალისტები რომ ვართ, საყოველთაოდ ცნობილი ამბავია. ხასიათის ეს თვისება, სისხლში, ხორცში, გენეტიკაში, ანუ ყველაფერში, სადაც კი შეიძლება იგი იყოს, გამჯდარი გვაქვს. აქედან გამომდინარე ამ თვისებას ვერ მოვიშორებთ, მაგრამ მისი ასე თუ ისე მართვა და რეგულირება უნდა შევძლოთ. ესპანეთთან შეხვედრამდე სამი მატჩი ვითამაშეთ, მათ შორის პირველი (თურქეთთან) წავაგეთ; მეორე (ჩეხეთთან) ფრედ დავამთავრეთ; მესამე (პორტუგალიასთან) მოვიგეთ. სულ ეს იყო, რასაც მივაღწიეთ. ერთხელ კიდევ გავიმეორებ, რომ შესანიშნავი შედეგი იყო, მაგრამ იმდენადაც არა, რომ ამ შედეგით ფინალში გასვლასა და, მით უფრო, ჩემპიონობაზე გვეოცნება და გველაპარაკა. ოცნებას ვერავის დაუშლი, მაგრამ მასაც აქვს დასაშვები პარამეტრები. რა ფინალი და რისი ჩემპიონობა?! ნუთუ არ გვესმის, რომ ეს ასე ადვილად მისაღწევი საქმე არ არის?! ევროპას ბევრი რამ შეიძლება დავუწუნოთ, მაგრამ ფეხბურთს ვერ დავუწუნებთ. სპორტის ეს სახეობა მათი მოგონილია და მათ მიერვე უმაღლეს დონეზე აყვანილი, ამიტომ ევროპის ჩემპიონატზე შევარდე და იმავე წელს ჩემპიონობაზე ან თუნდაც ფინალში გასვლაზე პრეტენზია განაცხადო, უხერხული და უპასუხისმგებლო განცხადებაა. მე საზოგადოებაზე ვსაუბრობ, თორემ გუნდის წევრებისგან ასეთი რამ არ გვსმენია. სხვათა შორის, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თქვა, რომ მიზნები მოკრძალებული იყო – ჩემპიონატზე გასვლა და გარკვეული გამოცდილების მიღება. ეტყობა, ჭკვიანი კაცი და ფეხბურთის კარგი სპეციალისტია. მან იცის, რას ნიშნავს ევროპული ფეხბურთი და, ისიც იცის, რამდენს გასწვდება საქართველოს დღევანდელი ნაკრები. ეს გუნდის დანარჩენ წევრებსაც ესმით, მაგრამ საზოგადოებაში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც აზროვნებაში დასანან სიმსუბუქეს ავლენენ და მიუტევებელი ზედაპირულობით გამოირჩევიან. პორტუგალიასთან თამაშში დამსახურებულ გამარჯვებას მივაღწიეთ, შემდეგ ვიზეიმეთ, სალუტები გავუშვით და თავს უფლება მივეცით, ემოციები დაგვეხარჯა. კარგი და პატიოსანი, მაგრამ ესპანეთთან მარცხის შემდეგაც თუკი იმავეს ვაკეთებთ – ვზეიმობთ, ქუჩებში დავრბივართ და სალუტებსაც ვუშვებთ, რა გამოდის, გამარჯვებასაც და დამარცხებასაც ერთნაირად ვეგებებით? ეს რას ნიშნავს – გამარჯვებას და დამარცხებას ერთმანეთისგან ვერ ვანსხვავებთ (სხვათა შორის, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ასე ვიქცევით. 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, მას შემდეგ, რაც საშინლად დამარცხებული და განადგურებული სააკაშვილი ცხინვალიდან გამოაგდეს, მან რუსთაველის პროსპექტზე ცეკვა-თამაში გამართა, სადაც საზოგადოების ერთი ნაწილი გამარჯვებას ზეიმობდა, დახოცილი ჩვენი ჯარისკაცები კი აგვისტოს მზისგულზე ეყარნენ, სანამ პატრიარქის ძალისხმევით მათი გადმოსვენების პროცესი დაიწყო)? ძნელი სათქმელია, ეს მხოლოდ სააკაშვილის ავანტიურისტული ბუნების გამოვლენა იყო თუ საზოგადოების ერთი ნაწილის ის უცნაურობა, რომელიც ნორმალურობის ანუ შერაცხადობის პარამეტრებში ვერ თავსდება.
ერთ მომენტსაც მინდა შევეხო: საფეხბურთო აღტყინება, რომელიც დასაშვების საზღვრებს სცდება და ძალიან ახლოს დგას ფანატიზმთან. გასაგებია, მაგრამ ნუთუ ეს ყოველგვარი გონიერებისა და ზომიერების დაკარგვას უნდა ნიშნავდეს? რა გვიყვარს ჩვენ – ფეხბურთი თუ მხოლოდ საქართველოს ნაკრები? მხოლოდ ქართული ფეხბურთის სიყვარული და ყველა დანარჩენის სიძულვილი, რომლითაც გაჟღენთილია მთელი ატმოსფერო, რა არის თუ არა, ქართული ნაციონალიზმის გამოვლენა, რაც შემაშფოთებელია. როგორ შეიძლება ფეხბურთის მოყვარულმა და გულშემატკივარმა ადამიანმა იმწამსვე დაკარგოს პატივისცემა (არაფერს ვამბობ სიყვარულზე) ფეხბურთის ისეთი გიგანტის მიმართ, როგორიც არის კრიშტიანუ რონალდო, როგორც კი იგი ჩვენს გუნდთან დაპირისპირებული აღმოჩნდება? ერთმა მატჩმა ისე როგორ უნდა აგიბნიოს თავგზა, რომ ეს საფეხბურთო ლეგენდა მოიძულო და სოციალურ ქსელებში ისე ლანძღო და ათრიო ტალახში, როგორც ამას ფანატიზმით თუ ნაციონალიზმით შეპყრობილი ქართველები აკეთებდნენ?! ამას ფეხბურთის სიყვარულს ვერ დავარქმევთ, ეს ნაციონალ-შოვინიზმი და ფაშიზმია! მე მახსოვს ერთ-ერთ მატჩში, რომელშიც დიეგო მარადონამ რაღაც სასწაული ჩაიდინა, მოწინააღმდეგე გუნდმა, რომელსაც მან ულამაზესი გოლი გაუტანა, იგი ტაშით დააჯილდოვა. ეს არის ფეხბურთისა და საფეხბურთო ვირტუოზობის პატივისცემა და სიყვარული, რომელიც გავიწყებს შენი და სხვისი გუნდის ფილოსოფიას და გაზიარებს ფეხბურთის ფილოსოფიას. სამწუხაროდ, ეს მომენტი ჩვენი „აქილევსის ქუსლი” გამოდგა, რაც დასანანია.
ბორის პაიჭაძის, მიხეილ მესხის, მურთაზ ხურცილავას, დავით ყიფიანის (ყველას ვინ მოსთვლის) ქვეყანაში შესაძლებელია ფეხბურთი ხელახლა გახდეს შესასწავლი, მაგრამ ფეხბურთისადმი სწორი დამოკიდებულება საზოგადოებრივ მეხსიერებაში უნდა იყოს შემონახული. ჩვენს ერს სპორტის (განსაკუთრებით ფეხბურთის) მიმართ დამოკიდებულების მაღალი სტანდარტი მოეთხოვება. ეს სტანდარტი აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ, ვინაიდან ეჭვგარეშეა, რომ ახალი ვარსკვლავებიც გვყავს, ახალი გუნდიც და ახალი მწვრთნელიც, რომლებმაც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე აშკარა და უტყუარი სიგნალიც მოგვცეს და იმედიც ჩაგვისახეს იმისა, რომ ქართული საფეხბურთო სკოლა კვლავ გაბრწყინდება და ახალ მწვერვალებსაც დაიპყრობს, როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს მასშტაბით.
ასე რომ, ესპანეთთან დამარცხებამ გამარჯვების რწმენა შეგვძინა, რადგან ეს იყო გამარჯვება მარცხის ფონზე. გამარჯვებები კი, რომლებიც გველის, იმედია, მაყურებლებსა და გულშემატკივრებსაც დახვეწს, გააკეთილშობილებს და იმ სიმაღლეზე აიყვანს, რომელიც საქართველოს საფეხბურთო ისტორიას ეკადრება.
ვალერი კვარაცხელია