Home ახალი ამბები საქართველო ფრთხილად, ისრაელ!

ფრთხილად, ისრაელ!

მსოფლიო ომი თუ მსოფლიო ქაოსი?!

822
„ძია სემი და მისი მეგობრები“. ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა მაიკლ სპრინგმანმა, რომელიც მოღვაწეობდა გერმანიაში, ინდოეთსა და საუდის არაბეთში, სოციალურ ქსელ Twitter-ში გამოქვეყნებული პოლიტიკური კარიკატურით შოკში ჩააგდო თავისი გამომწერები. კარიკატურაზე გამოსახულია აშშ და ისრაელი, როგორც მეუღლეები; საუდის არაბეთი და კატარი – როგორც ბავშვები; ევროკავშირის ქვეყნები, როგორც მათი ძაღლები სადავეებით; უკრაინის დროშა კი ძაღლის განავლის გროვაზე ფრიალებს.

დედამიწის ზურგზე, ალბათ,  არც მოიძებნება მეორე ერი, რომელსაც ისტორიულად იმდენი ტანჯვაწამება ჰქონდეს გადატანილი, რამდენიც ებრაელებმა გადაიტანეს და დღემდე გადააქვთ. ათასწლეულების წინათ საკუთარი მიწაწყლიდან აყრილებმა, მონობის, დევნაშევიწროვების, მსოფლიოში მიმოფანტვისა და გენოციდის უსაშინლესი ეტაპები გამოიარეს. ჰოლოკოსტი კი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის წლებში ამ მრავალტანჯულმა ერმა გადაიტანა, მისი სისასტიკითა და არაადამიანურობით უპრეცედენტოა კაცობრიობის  ისტორიაში.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ებრაელ ხალხს ეღირსა საკუთარი სახელმწიფოს შექმნის ბედნიერება. 1948 წელს ისრაელის სახელმწიფო მის ისტორიულ ტერიტორიაზე გაერომ აღიარა, რაც დიდი იყო საბჭოთა კავშირისა და პირადად სტალინის დამსახურებაა. ამ მიმართულებით სტალინის ძალისხმევას დღემდე  სხვა მოტივით ხსნიან, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ მისი უმთავრესი მამოძრავებელი ამ საშინელი ხვედრის მქონე ხალხის მიმართ ტოლერანტობა იყო. ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ სტალინს არ გასჩენია. ევროპაში ჩასახულმა სამარცხვინო მოვლენამ, რომელიც ანტისემიტიზმის სახელით არის ცნობილი, შვა საპირისპირო განწყობა – ებრაელთა მიმართ საზოგადო ტოლერანტობა. ეს დამოკიდებულება  მსოფლიოს დღემდე შემორჩა, რომელსაც ისიც აძლიერებს, რომ ანტისემიტიზმის ნარჩენებიც არ არის ბოლომდე აღმოფხვრილი. ამ მოვლენასაც აქვს ახსნა, მაგრამ ეს ახსნა მის გამართლებად არავითარ შემთხვევაში არ გამოდგება. ახსნა კი იმაში მდგომარეობს, რომ მსოფლიო ჰეგემონისტური ორგანიზაციებისა თუ სახელმწიფოს (აშშ) სათავეში ძირითადად სწორედ ებრაული წარმოშობის ადამიანები დგანან. ყველაზე ძლიერი საფინანსო ორგანიზაციები და დიდი კაპიტალი ძირითადად ებრაული წარმოშობის ადამიანთა განკარგულებაშია. ეს  ებრაელთა მიმართ თავისებურ და გამორჩეულ დამოკიდებულებას იწვევს.  ყველაფერი ერთად აღებული კი მთელ მათ საქმიანობას გამადიდებელი შუშის ეფექტის ქვეშ აყენებს და საყოველთაო განსჯის საგნად აქცევს. ამიტომ ისრაელს, როგორც ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ომის წარმოების დროსაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს. ფაქტია, რომ ყოველგვარი ტერორისტული აქტი გაშმაგებას იწვევს, გაშმაგება – სიძულვილს, სიძულვილი კი სისასტიკეს ბადებს, რომელიც განხორციელებამდე ჯერ კიდევ თუ ლოგიკური ჩანს, განხორციელების დაწყებისთანავე ისეთივე მიუღებელ მოვლენად იქცევა, როგორიც მოწინააღმდეგე მხრიდან გამოვლენილი სისასტიკე იყო. დაუშვებელია, რომ სასჯელი დანაშაულს აღემატებოდეს. როგორი მძიმე და სასტიკიც უნდა იყოს დანაშაული, სასჯელში ჰუმანიზმი უნდა იკითხებოდეს, თუნდაც იმის გამო, რომ დანაშაული უსამართლობის სახელით ხორციელდება ყოველთვის, სასჯელი კი სამართლის აღსრულებაა.

მოგვიანებით შევეცდები ახსნას,  დასაწყისიდანვე რატომ მივეცი საუბარს ეს მიმართულება. ახლა კი საკითხს გლობალური პოლიტიკის კუთხიდან შევხედოთ, რაც აუცილებელია, ვინაიდან გლობალისტურ ეპოქაში გლობალური პოლიტიკა მოიცავს, ფარავს და წარმართავს ყველა სახის ლოკალურ თუ გლობალურ პოლიტიკურ პროცესს. დღევანდელ მსოფლიოში პროცესები ვერ განვითარდება ერთმანეთისგან მოწყვეტით და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული და გადაჯაჭვული. პატარა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება, ისევე, როგორც პატარა აფხაზეთისა და კიდევ უფრო პატარა ცხინვალის რეგიონისა, გლობალური მნიშვნელობის საკითხებია. მით უფრო, ომი ყარაბღში  ან ომი უკრაინასა და ახლო  აღმოსავლეთში. ერთი შეხედვით პატარა კონფლიქტებიც კი აღარ არის პატარა სახელმწიფოების საქმე. ნებისმიერი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო კონფლიქტი არა მხოლოდ ეთნიკურ და ტერიტორიულ, არამედ რელიგიურ და ცივილიზაციურ შინაარსსაც შეიცავს, რომელიც გარე სამყაროს ინტერესთა სფეროს გეომეტრიული პროგრესიით აფართოებს. გარდა ამისა, იგი გლობალური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, ამ გრძელი ჯაჭვის ერთი რგოლი, რომლის უკან, ნებისმიერ შემთხვევაში, ზესახელმწიფოთა ინტერესები იკვეთება. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი უდავოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, დიდი პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე იგი მაინც ერთი ფიგურაა. ფიგურა კი (როგორც ჭადრაკში, ასევე პოლიტიკაში) შესაძლებელია გაიწიროს უფრო მაღალი მიზნისთვის.

ჩვენ გვაქვს უკრაინის შესანიშნავი მაგალითი, რომელშიც ორი სახელმწიფოს ურთიერთობის საკითხი გლობალური დაპირისპირების ინსპირატორად მოგვევლინა. ახლო აღმოსავლეთშიც ისრაელსა და პალესტინას შორის ომი გლობალური ხასიათის დაპირისპირების წყაროდ ყალიბდება, კერძოდ, ისლამურ სამყაროსა და კოლექტიურ დასავლეთს შორის. რამდენიმე დღის წინათ თუ უკრაინის სახით რუსეთსა და კოლექტიურ დასავლეთს შორის დაპირისპირება გვქონდა, დღეს ამას მილიარდ-ნახევრიანი ისლამური სამყაროსა და მილიარდიან დასავლურ სამყაროს შორის წინააღმდეგობა ემატება, რომელმაც  სულ მალე შესაძლებელია, მასშტაბური ომის ხასიათი მიიღოს. აი აქ მინდა ებრაელ ხალხს, რომლის მიმართაც უდიდესი პატივისცემა და ტოლერანტული განწყობა გამაჩნია, ვკითხო: როგორ  ფიქრობთ, ამ მასშტაბის დაპირისპირებაში მსოფლიოში მიმოფანტული თხუთმეტ მილიონამდე ებრაელი ადამიანის ან ხუთმილიონიანი ისრაელის ბედს ვინმესთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება? ნუ გამიგებთ ისე, თითქოს ხალხების ბედი რიცხვებამდე და რაოდენობამდე დამყავდეს, არავითარ შემთხვევაში, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ რიცხვებთან ხუმრობა მიზანშეწონილი არ არის, ვინაიდან რაოდენობრივი ცვლილების თვისებრივში გადასვლა დიალექტიკის ერთ-ერთი ცენტრალური კანონია.

ეს საზოგადოდ. ახლა კი უფრო დეტალურად და კონკრეტულად:

მსოფლიოში მიდის უდიდესი მნიშვნელობის პროცესი. ესაა ერთპოლუსიანი მოწყობიდან მრავალპოლუსიანზე გადასვლის მტკივნეული პროცესი, რომელსაც აშშ მთელი არსებით ეწინააღმდეგება, ვინაიდან ეს პროცესი, პერსპექტივაში, არამხოლოდ მისი ჰეგემონიის, არამედ შეიძლება სახელმწიფოებრიობის დასასრულსაც ნიშნავდეს. ასეთ შემთხვევაში ამერიკელები საკუთარი ჰეგემონიის შესანარჩუნებლად, შესაძლებელია, გლობალური დაპირისპირების ინსპირირებისკენ შეგნებულადაც კი მიდიან, ვინაიდან უზარმაზარი საშინაო და საგარეო წინააღმდეგობათა არნახული გამწვავების ვითარებაში გადარჩენის სხვა გზას ვერ ხედავენ. სხვა ახსნა არ აქვს იმას, რასაც ისინი უკრაინაში აკეთებდნენ. ეს ზმნა წარსულ დროში იმიტომ  ჩავსვი, რომ ამერიკელებმა უკრაინა დიდი ხნის წინათ წააგეს. რუსეთთან (უკრაინაში) სხვისი ხელით ომი მათ იმ მასშტაბის საერთაშორისო ქაოსად ვერ აქციეს, რომელიც საკუთარი პრობლემების ჩამოწერისა და უკიდურესად გამწვავებულ წინააღმდეგობათა დაძლევის საშუალებას მისცემდათ, ამიტომ უკრაინაზე ხელი ჩაიქნიეს და უფრო დიდი ქაოსის შექმნა ჩაიფიქრეს, ვიდრე უკრაინის პროცესი ქმნიდა, რისთვისაც „ჰამასს” იმ საშინელი დანაშაულისკენ უბიძგეს, რომელიც მან ისრაელის წინააღმდეგ ჩაიდინა, შემდეგ კი, ისევე როგორც უკრაინას,  თანადგომა გამოუცხადეს ისრაელს, რითაც ჯინი საბოლოოდ ამოუშვეს ბოთლიდან. როგორც კი ისრაელის არმია ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან დაუნდობელ და მასობრივ შტევას დაიწყებს ღაზ სექტორზე, ამას რეგიონის მუსლმანური სახელმწიფოებისგან უმძიმესი რეაქცია მოჰყვება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ისრაელის მიერ სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში ირანი მზად არის, ჩაერიოს: ჩვენ შევატყობინეთ სიონისტურ წარმონაქმნს, რომ, ღაზ სექტორში მისი დანაშაულებრივი ქმედება დღესვე თუ არ შეწყდება, ხვალ გვიანი იქნება!”

ირანს  თავი რომ დავანებოთ, მკაცრი განცხადებით გამოვიდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან , რომელმაც საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ფეისალ ბენ ფარხანთან სატელეფონო საუბარში განაცხადა: ისრაელის ქმედება გავიდა თავდაცვის ჩარჩოებიდან. ისრაელმა ყურად უნდა იღოს საერთაშორისო საზოგადოებისა და გაეროს გენერალური მდივნის მოწოდება და შეწყვიტოს ღაზ სექტორის მოსახლეობის კოლექტიური დასჯა“.

მიუხედავად ამგვარი მოწოდებებისა, რომელიმე მხრიდან რამე დათმობაზე წასვლის იმედი, ალბათ, უსაფუძვლო იქნება თუნდაც ისტორიული პრაქტიკიდან გამომდინარე. ამის საილუსტრაციოდ გოლდა მეირის (ისრაელის პრემიერმინისტრი 1969-74 წ.წ.) გამონათქვამებიც იკმარებს, რომლებიც შეგაშინებთ ვითარების ტრაგიკულობითა და პალესტინელ ხალხთან საერთო ენის გამონახვის შეუძლებლობით:

* პალესტინელი არ არსებობს ასეთი ეროვნება. 1948 წლამდე ჩვენ ვიყავით პალესტინელები!”

* ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა მხოლოდ მაშინ დაისადგურებს, როდესაც არაბები საკუთარ შვილებს უფრო შეიყვარებენ, ვიდრე  ებრაელების შვილები სძულთ!”

* არაბებს არასოდეს ვაპატიებ იმას, რომ მათ აიძულეს ჩვენი შვილები, ისწავლონ, როგორ  უნდა ხოცონ ისინი!”

მართლაც შემზარავი შეუთავსებლობაა, მაგრამ რა მოაქვს ამ შეუთავსებლობას ან ერთი, ან მეორე ხალხისთვის და, ბოლოს და ბოლოს, რა შეიძლება ამან მსოფლიოსთვის მოიტანოს? სრული კატასტროფა!

ებრაელ ხალხს, „ჰამასის” ამ ვანდალურ გამოწვევაზე სანამ უსასტიკესი სამხედრო რეაქცია ექნებოდა,ორი მთავარი შეკითხვა უნდა დაესვა საკუთარი თავისთვის:

1. ამერიკელები, მიუხედავად იმისა, რომ ხმელთაშუა ზღვაში ორი ავიამზიდი გაგზავნეს, კრიტიკულ ვითარებაში ისევე ხომ არ მიატოვებენ ისრაელსაც, როგორც უკრაინა მიატოვეს?

2. ასეთ შემთხვევაში, ისრაელს ეყოფა ძალა, რომ მარტო გაუმკლავდეს, თუ შეიძლება ასე ითქვას, „ისლამურ ოკეანეს“,  სადაც თვითონ პაწაწინა კუნძულს წარმოადგენს?

არ ვიცი, ეს შეკითხვები დაისვა თუ არა (ალბათ, დაისვა); არც ის ვიცი, ამ შეკითხვებზე პასუხი გაცემულია თუ არა (ალბათ, გაცემულია), მაგრამ, ამის მიუხედავად, ყველაფერი საშინელი სიჩქარით მიექანება კატასტროფისკენ. დღეს ახლო აღმოსავლეთში გაცილებით უფრო ნოყიერი ნიადაგი იქმნება მსოფლიო დესტაბილიზაციისა და ქაოსისთვის, ვიდრე უკრაინაში. გასაგებია, რომ ამერიკელებს მსოფლიო ომზე მეტად მსოფლიო ქაოსი აძლევთ ხელს, მაგრამ გაუგებარია,  რა მექანიზმი აქვთ მათ მსოფლიო დესტაბილიზაციისა და ქაოსის მსოფლიო ომში გადაზრდის შესაჩერებლად? საერთოდ, რას ნიშნავს ეს ცეცხლთან თამაში? იმას ხომ არა, რომ ამერიკულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში საღი აზრი უკვე ჩამკვდარია და კბილებამდე შეიარაღებულ ამ უზარმაზარ სახელმწიფოში მხოლოდ პოლიტიკური ავანტურიზმისა და ომის პარტია დათარეშობს!

ამერიკელებმა უკრაინა რომ გაწირეს, ფაქტია, მაგრამ ნუთუ ისრაელსაც იმავე ხვედრს უმზადებენ? ეს ლოგიკური შეკითხვაა, ვინაიდან, რამდენი ავიამზიდიც უნდა ჩავიდეს ამერიკიდან ისრაელში და რა ატომური ბომბიც უნდა გაისროლონ ებრაელებმა ისლამური სამყაროს წინააღმდეგ, მტერთან მათი რაოდენობრივი თანაფარდობა მაინც კატასტროფულად შეუსაბამო დარჩება. ეს შეუსაბამობა ისრაელისთვის განსაკუთრებულად ტრაგიკულ სახეს იმ დროს მიიღებს, როდესაც ამერიკული ავიამზიდები, მიზეზთა გამო, გუდა-ნაბადს აიკრავენ და ხმელთაშუა ზღვის ნაპირებს კუდამოძუებული დატოვებენ. მიზეზებში, პირველ რიგში, იმას ვგულისხმობ, რომ დღეს ამერიკელებს აღარც ძალა შესწევთ და აღარც ჭკუა მოსდგამთ ძველებური. აი, ერთი მაგალითი, თუ როგორ მსჯელობდა ამერიკელი დიპლომატი, ვთქვათ, ნახევარი საუკუნის წინათ და როგორ მსჯელობს დღეს: გოლდა მეირმა ისრაელის პრემიერმინისტრის პოსტზე ყოფნისას აშშის სახელმწიფო მდივან ჰენრი კისინჯერს, როგორც ებრაელს, სთხოვა, ისრაელი ამერიკისთვის პირველ პრიორიტეტად ექცია, რის პასუხადაც კისინჯერმა მიწერა, რომ იგი პირველ რიგში აშშის მოქალაქეა, შემდეგ აშშის სახელმწიფო მდივანია და მხოლოდ ამის შემდეგ არის ებრაელი.  გოლდა მეირმა ენამოსწრებულად უპასუხა: ჩვენ, ისრაელში, მარჯვნიდან მარცხნივ ვკითხულობთ. ამჯერად  გოლდა მეირის გონებამახვილობაზე მეტად კისინჯერის პოზიცია გვაინტერესებს, რომელმაც იმ თავის დიპლომატიურ პასუხში ნამდვილი სახელმწიფოებრივი მიდგომა გამოავლინა. ამ მძიმე დღეებში ისრაელში ჩასულმა დღევანდელმა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კი, პირველი, რაც წამოაყრანტალა, ეს იყო: „მეც ებრაელი ვარ!“ ამერიკელთა იმედად დარჩენას ხეირი არავისთვის მოუტანია, ალბათ, ისრაელიც ვერ იქნება ამ წესიდან გამონაკლისი, ამიტომ ზედმეტი ამპარტავნება მათთვის საუკეთესო მოკავშირე ვერ იქნება. მით უმეტეს, რომ  წმინდა წიგნიც მათ ამის შესახებ კატეგორიულად აფრთხილებს: თუ ნათავარი წმიდაა, მაშცომიც; და თუ ფესვი წმიდაა, მაშრტოც. ხოლო თუ ზოგი რტო გადატყდა და შენ, ველური ზეთისხილი, მათ შორის დაემყენ და გახდი ფესვის ნოყიერების თანაზიარი, ნუ იამპარტავნებ რტოთა წინაშე, ხოლო თუ იამპარტავნებ, იცოდე, შენ კი არ გიკავია ფესვი, არამედ ფესვს უკავიხარ შენ“.

ამ ბიბლიური შეგონების პარალელურად, ისრაელის ხელისუფლებას მექსიკის პრეზიდენტ პორფირიო დიასის ( 1884-1911 წ.წ.)ფრთიან გამონათქვამსაც შევახსენებ: საბრალო მექსიკავ, რა შორს ხარ ღმერთისგან და რა ახლოს აშშთან!” მექსიკა ფიზიკურად არის ახლოს აშშ-თან, სულიერად კი ძალიან შორსაა. ისრაელი ფიზიკურად ძალიან შორსაა აშშ-ისგან, მაგრამ სულიერად არის სახიფათოდ ახლოს. ჰენრი კისინჯერს მიეწერება სიტყვები: ამერიკასთან მტრობა სახიფათოა, მეგობრობა კი ფატალური!” არა მგონია, რომ კისინჯერს ეს ეთქვა, მაგრამ, თუ არ უთქვამს, ვიღაცამ მასზე არანაკლებ ჭკვიანმა ხომ თქვა. ძლიერი ნათქვამია, რომლის გათვალისწინება არც ერთ სახელმწიფოს არ აწყენს, მათ შორის ისრაელსაც!

ვალერი კვარაცხელია                                                                                                        

1 COMMENT

  1. განვითარებულ სახელმწიფოთა წლიური სამხედრო ბიუჯეტი, ჯამში, ასტრონომიულ თანხას _ ორ ტრილიონ დოლარს აღწევს. ძნელი არ არის წარმოდგენა იმისა, რა კოლოსალური მასშტაბის იქნებოდა სიკეთე, რომელიც ამ თანხის ხალხთა მოსპობის არსენალის შექმნიდან ხალხთა კეთილდღეობის არსენალის შექმნაზე გადატანას მოჰყვებოდა, მაგრამ, სანამ დედამიწაზე კაპიტალიზმის სახით ბანდიტებისა და საერთაშორისო ყაჩაღების სისტემა მძვინვარებს, სანამ კაცობრიობა სამართლიანობის, სიკეთისა და სიყვარულის გზას არის აცდენილი, ამგვარ მიდგომებზე ოცნებაც კი შეუძლებელია. დღეს ახლო აღმოსავლეთში გაცილებით უფრო ნოყიერი ნიადაგი იქმნება მსოფლიო დესტაბილიზაციისა და ქაოსისთვის, ვიდრე უკრაინაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here