აღმოსავლეთ უკრაინის მცხოვრებნი რუსულ სამყაროს ელოდებიან, _ განაცხადა კიევის კონტროლს დაქვემდებარებული დონეცკის ოლქის ნაწილის გუბერნატორმა პავლე კირილენკომ დონბასის ქალაქების სკოლებსა და სახლებში უკრაინული სამხედროების დისლოკაციის კომენტირებისას, _ წერს vz.ru.
ადგილობრივებმა ფრანგ ჟურნალისტებს უამბეს დონბასის ქალაქების სკოლებსა და საცხოვრებელ სახლებში უკრაინელი სამხედროების დისლოკაციის შესახებ. “ადგილობრივ მცხოვრებლებს ეჭვი არ ეპარებათ, რატომ იბომბება მათი რაიონები _ ისინი ამბობენ, რომ უკრაინელი სამხედროები თავს აფარებენ მიტოვებულ სახლებსა და სკოლებს”, _ ნათქვამია Agence France-Press-ის სტატიაში, რომელიც ვებპორტალმა MშN-მა გამოაქვეყნა.
“კრამატორსკში 70 წლის პენსიონერი ხარატი სიგარეტს ეწეოდა 23-ე სკოლასთან, რომელშიც მშვიდობიანობის პერიოდში 500 ბავშვი სწავლობდა და რომელიც ქალაქში მეორე სკოლა იყო, რომელიც ნანგრევებად იქცა”, _ ნათქვამია სტატიაში. პენსიონერმა ფრანგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “რუსები უმიზნებენ უკრაინელ ჯარისკაცებს”. “მე არ ვიცი, იყვნენ თუ არა ისინი შენობაში დარტყმის მომენტში, მაგრამ ჩვენ რეგულარულად ვხედავდით, რომ ისინი მოდიოდნენ და მიდიოდნენ”, _ თქვა პენსიონერმა და დასძინა, რომ “ამ რაიონში ბევრი ადამიანია, რომლებსაც სურთ, ინფორმაცია მიაწოდონ რუსებს”.
როგორც მასალაშია აღნიშნული, ანალოგიური განცხადებით გამოვიდა ნატალია, 23-ე სკოლის სამი მოსწავლის დედა. მან დაასახელა ადგილობრივების ჯგუფი Telegram-ის მესენჯერში, აქ გამოქვეყნებული კომენტარები ეჭვს არ ტოვებს იმის შესახებ, “ვინ არის პრორუსი და ვინ არა”.
“საიდან იცის მოწინააღმდეგემ, სად არიან განლაგებული უკრაინელი სამხედროები?” _ დასვა კითხვა დონეცკის ოლქის გუბერნატორმა პავლე კირილენკომ. “ბევრი ადამიანი ელოდება რუსულ სამყაროს”, _ ასე უპასუხა კირილენკომ თავის კითხვას. გავრცელებული ინფორმაციით, იმ ქალაქების მცხოვრებნი, რომლებშიც რუსები ჭარბობენ, რუსულ არმიას ელოდებიან.
გიორგი გაჩეჩილაძე