Home ახალი ამბები საქართველო ევროპისკენ ღირსებით, მაგრამ რუსული საწვავით მოგვიწევს წასვლა

ევროპისკენ ღირსებით, მაგრამ რუსული საწვავით მოგვიწევს წასვლა

233

საგაზაფხულო სამუშაოები ნელ-ნელა ძალას  იკრებს  და, როგორც წესი, ასეთ დროს  საქართველოში საწვავი ძვირდება. ეს განსაკუთრებით დიზელზე ითქმის, რადგან მძიმე ტექნიკა სწორედ დიზელზე მუშაობს, თუმცა წელს გამონაკლისია – დიზელზე მოთხოვნის გაზრდის მიუხედავად,  ფასი იკლებს. თუ გახსოვთ, შარშან ამ დროს 1ლ დიზელი 4 ლარზე მეტი ღირდა, რაც ფერმერების უკმაყოფილებას იწვევდა და რამდენიმე აქციაც კი მოაწყვეს. იმხანად  ამ აქციების გამო პრემიერმა ბრიფინგიც გამართა, იმპორტიორებს მოუწოდა, – ყველაფერი იღონეთ ფასების დასარეგულირებლადო, მაგრამ  მათ არაფერი გააკეთეს. ახლა კი… საწვავის ფასმა, საშუალოდ, 1.30-1.40 ლარით დაიკლო და ხმას არავინ იღებს. მიზეზი კი მარტივია: თუ მანამდე რუსეთიდან საერთო მოხმარების საწვავის მხოლოდ 15% შემოდიოდა, ახლა 90 %-ზე მეტი შემოდის და ვარაუდობენ, რომ ორიოდე თვეში ეს მაჩვენებელი 100% იქნება.

რაოდენ პარადოქსულიც  უნდა იყოს, ევროპისკენ ღირსებით, მაგრამ რუსული საწვავით მოგვიწევს წასვლა. რატომ? აი, რას გვეუბნება ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი: „რუსული საწვავი დანარჩენებზე დაახლოებით 250-280 დოლარით იაფია, ამიტომ  სისულელეა, სხვა საწვავი  შემოვიტანოთ. ბუნებრივია, ყველა რუსულ ბაზარზე გადაერთო და მალე საწვავი  რეგიონში ყველაზე იაფი იქნება“.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ არ „გვიტყდება“, რუსულ საწვავს რომ ვხმარობთ, რუსულ პურს რომ ვჭამთ, დახლებზე რუსული პროდუქტი რომ მომრავლდა და მას ვეტანებით? ეს არ „ტეხავს“ ხო? და არც ის, რომ კანონი, რომელიც უნდა მიგვეღო, ამერიკულ-რუსული  იყო, მაგრამ მაინც რატომღაც მხოლოდ რუსული ვიძახეთ და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ უცხო ქვეყნის აგენტებმა თავი მშვიდად იგრძნონ? ცნობისათვის: ე.წ. კანონიერი ქურდების წინააღმდეგ მიღებული კანონი რუსეთმა, უკრაინამ და ბელორუსმა სწორედ  ჩვენგან გადაიწერეს და რაღაც არ გვახსენდება, რომელიმე ქვეყანაში აქციები გამართულიყო, –  ქართულ კანონმდებლობას რატომ იღებთო.  მოსახლეობამ ზუსტად იცოდა, რომ ეს კანონი მათთვის, მათი  შვილების უსაფრთხოებისთვისა და  მომავლისთვის კარგი იყო და მშვიდად შეხვდნენ. ასე ვიცოდით  ჩვენც, მაგრამ დასავლეთმა უზარმაზარი რესურსი გაიმეტა იმისთვის, რომ აქაური მეხუთე კოლონა არ მოშლოდა და მუდმივად ჰყოლოდა…

ოფიციალური მონაცემებით, ზამთრის კურორტებზე მხოლოდ რუსმა ტურისტებმა 700 მილიონ დოლარზე მეტი დატოვეს, ანუ 2 მილიარდამდე ლარი. ეს თანხა მთლიანად მოსახლეობაში დარჩა, იმ ადამიანებში, რომლებსაც მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროები და კვების ობიექტები აქვთ. რაღაც ვერ ვიხსენებთ, რომელიმეს პრეტენზია ჰქონოდა, – რუსები რატომ ხარჯავენ ფულს, ევროპელები და ამერიკელები გამოუშვითო. ეს იმიტომ, რომ ევროპისა და ამერიკის წილი ტურიზმის სექტორში ისე  მცირეა, რომ სათვალავში არავინ აგდებს. რუსი ტურისტები რომ არა, სეზონი, უბრალოდ, ჩავარდებოდა და მოგებას ვინ ჩივის, მოსახლეობა კრედიტების გადახდას ვერ მოახერხებდა. იკითხეთ ზამთრის კურორტებზე რამდენი უცხოელი და რამდენი რუსი ტურისტი ჰყავდათ და გეტყვიან, რომ შეფარდება 95:5-ზე იყო. იქნებ ვინმემ გაგვახსენოს ერთი ფაქტი მაინც, როცა ევროპა ან ამერიკა   დაეხმარა ქართულ ეკონომიკას ტურისტული სეზონის ჩავარდნისას და თავიანთ  მოსახლეობას მოუწოდა, – საქართველოში წადით, იქ დაისვენეთო; ან იქნებ ბერლინის ტურიზმის ფესტივალზე, სადაც წარმატებით წარმოვაჩინეთ ჩვენი ქვეყანა, რომელიმე ევროპულმა ტურისტულმა სააგენტომ ტურები დაგეგმა და არ ვიცით… გვითხარით, ნუ დაგვიმალავთ, მაგრამ სათქმელი  არაფერია, რადგან ევროპას საქართველო არ აინტერესებს, ამერიკას – მით უმეტეს.  ეს არის ის მწარე რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ და არ ვაპროტესტებთ.

„საქსტატის“ მიერ ამას წინათ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომ საქართველოში 13 ათასზე მეტი უძრავი ქონება გაიყიდა რუსეთის მოქალაქეებზე და ისინი ბიზნესის დაწყებას აპირებენო, არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ დასავლელი პარტნიორების  მწვავე რეაქცია მოჰყვა. ბატონებო, ვინმემ დაგიშალათ საქართველოში ჩამოსვლა, უძრავი ქონების შეძენა და ბიზნესის დაწყება? ვინმემ დაგჩაგრათ და უარი გითხრათ? მაგრამ საქმე ის არის, რომ თქვენ არ გაინტერესებთ აქ არც უძრავი,  არც მოძრავი ქონება და იქცევით პრინციპით: „ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს, არც სხვას აჭმევსო“. შესადარებლად  გეტყვით: შარშან მეგობარი ჩინურმა კომპანიამ დაასაქმა და ის ზამთრის კურორტებზე სნოუბორდის დაფებს აქირავებდა, ხელფასი კი 800 ლარი ჰქონდა. წელს ეს  პირი რუსებმა დაიქირავეს  სნოუბორდების გამქირავებლად და 2200 ლარს უხდიდნენ. სხვათა შორის, ამის გამო ქართველ და რუს დამსაქმებლებს შორის კონფლიქტი რამდენიმეჯერ მოხდა. ადგილობრივები აპროტესტებდნენ იმას, რომ რუსები ბევრს იხდიდნენ… და იხდიდნენ საქართველოს მოქალაქეებისთვის. რა გამოდის? რუსებმა ჩვენზე უკეთ იციან შრომის დაფასება და არ ენანებათ თანხის გადახდა შესრულებული სამუშაოსთვის.

როგორც წესი, გაზაფხულზე მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის ფასი იმატებს. ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის შემოტანა კვლავ შეუფერხებლად და, რაც მთავარია, ძველი ფასით მოხდება. რუსეთი ფასს უმატებს, მაგრამ  დიდია იმის შანსი, რომ მატება რამდენიმე ქვეყანაზე და მათ შორის საქართველოზე არ გავრცელდეს. როგორ გგონიათ, როგორ აღიქვამენ ამ ყველაფერს დასავლელი პარტნიორები? ისინი ბნელ ოთახში შავ კატას ეძებენ და ამბობენ, რომ რუსეთი ამას თავისი  ინტერესების გამო აკეთებს. კეთილი, დავიჯეროთ, რომ რუსეთი  იაფად იმიტომ გვაძლევს საწვავს, ხორბალსა და ფქვილს, რომ ინტერესი აქვთ. თქვენც ხომ გაქვთ საქართველოში ინტერესი?  ხომ ამბობთ, სტრატეგიული პარტნიორები ვართო? ჰოდა, შემოიტანეთ რუსეთზე იაფად საწვავი, პროდუქტიც და მერე ნახეთ, თუ ხმას ამოიღებს ვინმე,  მაგრამ,  როცა ტონა საწვავზე 250 დოლარიან სხვაობას გვთავაზობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ, საუკეთესო შემთხვევაში, თქვენი საწვავი ერთი ლარით უფრო ძვირად უნდა შევიძინოთ და რატომ, რისთვის? ფული აკლია ევროპულ სახელმწიფოებს და უნდა დავეხმაროთ?

ყოველგვარი შელამაზების გარეშე ვთქვათ ის, რასაც არც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ და არც ოპოზიციის: ქართული ეკონომიკა სწორედ რუსულ ფულსა და ამ ქვეყნიდან შემოტანილ იაფ პროდუქციაზე დგას. რუსი ტურისტების მიერ დახარჯული ასობით მილიონი დოლარი ასრულებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციის როლს და სწორედ ამის დამსახურებაა, ეროვნული ვალუტის სიმყარეც და ისიც, რომ მთავარი საკვები პროდუქტი არ გვიძვირდება. არადა, რუსულ ბაზარს რომ ჩავეხსნათ, რასაც ასე კატეგორიულად გვთხოვენ დასავლელი პარტნიორები, გაძვირებული პროდუქტის გარდა, ხელში  შეგვრჩება ჩამოშლილი ეკონომიკა. ელემენტარულად, მხოლოდ 3 თვეში დახარჯულ 700 მილიონ დოლარს ევროპელები და მითუმეტეს ამერიკელები ვერსაიდან  მოიტანენ, მხოლოდ არასამთავრობოებს დააფინანსებენ და სესხად მოგვცემენ 100 მილიონამდე თანხას, რომელიც მერე წლების განმავლობაში უნდა ვიხადოთ და ისედაც უზარმაზარ საგარეო ვალს კიდევ დავამატოთ. უკიდურეს გაჭირვებას აუცილებლად მოჰყვება სოციალური აფეთქება და დასავლეთსაც ამის იმედი აქვს. მიხეილ სააკაშვილმაც კი, რომელსაც დასავლელი პარტნიორებისგან ყველაფრი ნებადართული  ჰქონდა, რუსული ბაზარი ვერ ჩახსნა; სამაგიეროდ გააუქმა ერგნეთის ბაზრობა, სადაც ქართველ და ოს მოსახლეობას ურთიერთობის შესაძლებლობა ჰქონდა, მიმოსვლა უფრო მარტივი იყო, მან კი დასავლეთის მითითებით ეს უკანასკნელი ხაზიც ჩაჭრა და შემდეგ… შემდეგ 2008 წელი დადგა და, რაც გააკეთა სააკაშვილმა, ყველამ ვიცით. რატომღაც გვგონია, რომ ერგნეთის ბაზრობა და ის ურთიერთობები რომ არ მოშლილიყო, პროვოკაციაზე არ წამოეგებოდა ადგილობრივი მოსახლეობა – არც ქართველები, არც ოსები და, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ იყო ერგნეთის გაუქმება საჭირო.

ჰოდა, ახლა, როცა რუსული პროდუქცია ჭარბად შემოდის საქართველოში და ეს ყველაფერი როგორც ეკონომიკას, ისე ფასებს დაეტყო, ეგებ დრო არის, დასავლეთს რომ არ ეწყინოს და ოპოზიციაც ჩუმად იყოს, მხოლოდ სავაჭრო მიმართულებით დაიგეგმოს რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრა, გაღრმავდეს ურთიერთობები და ვინ იცის,  გაისად მხოლოდ ფურცელზე კი არა, მართლა გვქონდეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და რიგითმა ადამიანებმაც ცოტა ამოისუნთქონ. სხვაგვარად მუდმივად იმის შიშში ვიქნებით, ვიღაცამ რაღაც არ გააძვიროს და ამის გამო საქართველოში არც ფასები  გაიქცეს, არც ეროვნული ვალუტა.

ბესო ბარბაქაძე                                                                                                                         

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here